უბრალო ადამიანებში ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და იცვლება და პრაქტიკულად “ძაღლი შხამიანია”–ზე დადის. ხალხს ჰგონია რომ ბეწვის ჩაყლაპვა ლამის სიკვდილს იწვევს.
არადა, ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს…. ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხზე განვითარებულ სამყაროში და არა მხოლოდ აზრი, პრაქტიკაც კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამდენი ადამიანია ევროპასა და ამერიკაში, ჩრდილოელ “ძმებს” რომ თავი დავანებოთ, რომლებიც ძაღლებთან და კატებთან ერთად იზრდება ჩვილობის ასაკიდან და ცოცხალი და ჯანმრთელი რჩება. ამერიკელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ადამიანი ნაკლებად განწყობილია ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემებისადმი თუკი იგი ცხოველის სიახლოვეს იზრდება. ის კი არა მრავალი გამოკვლევა კეთდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხოველის ყოლა გულის ოპერაციის და სხვა მძიმე მდგომარეობის შემდეგ, აორმაგებს და ასამმაგებს გადარჩენის შანსებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგრამ თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ცდებიან და ძაღლი და კატა მართლაც არაა საშიში ადამიანისათვის, მითუმეტეს ორსულის და ჩვილის ჯანმრთელობისათვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოსატანია სააშკარაოზე. მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ცხოველების სახლიდან გაშვების მოწოდება ერთ–ერთი მიზეზია საქართველოში და განსაკუთრებით კი მის ქალაქებში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფისა. დიახ ტერმინები ჰუმანიზმი და ჰუმანიტარული კატასტროფა ცხოველების მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ და მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამიტომ მეტად საინტერესო იქნება ვეტერინარის მოსაზრებები ექიმის მოსაზრებების საპირისპიროდ. მივმართე ჩვენს ვეტერინარებს პროფესიული პასუხისათვის. და პასუხიც მივიღე:
აი, რას ფიქრობს ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომლითაც ექიმები აშინებენ მომავალ დედებს და მშობლებს.” ძაღლის გაშვება ბინიდან, როდესაც პატარას ელით ან უკვე გყავთ, საკმაოდ ხშირი რეკომენდაციაა ექიმების მხრიდან, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, -ბუნებრივია ასეთი რამ სიკეთის მომტანი არ არის და შედეგიც არანაირია. მედიცინის მუშაკთა მეტი ნაწილი, ამჯერად საუბარია თერაპევტებზე, გინეკოლოგებზე, პედიატრებზე და ა.შ. არც კი ერკვევიან პარაზიტოლოგიაში. არ იციან რა არის ანთროპოზოონოზური დაავადებები, არ იციან დაავადებების გავრცელების მექანიზმები, ანალოგიურად დიდი დელეტანტობით გამოირჩევიან რაბიოლოგიაში, რაც ძალიან საწყენია და არაფრის მომცემი. ექიმებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ცხოველის ბეწვი არ იწვევს ალერგიას-რაც ალერგოლოგების ტესტირების შედეგად უნდა დადგინდეს, არ არის საშიში! ბეწვი და ცხოველი მთლიანად, თუ ცხოველს, პატრონი სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს აძლევს, არ არის საშიში! თუ ცხოველი დაყავთ ვეტერინართან, რომელიც უტარებს გეგმიურ ვაქცინაციებს ცოფზე , და სხვადასხვა დაავადებებზე, არც ცხოველი და არც მისი ბეწვი არ არის საშიში! ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ექიმებმა და თავისი სუბიექტური აზრი თავისთვის შეინახონ! ცხოველი ცოცხალი არსებაა და მასაც უნდა სიყვარული ადამიანებისგან, მასაც უნდა ალერსი და დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში, ეს ყველამ უნდა შევისისხლხორცოთ.”
ვეტერინარ პროფესორ აკაკი რუაძის აზრი ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომელზეც ექიმები ხშირად ლაპარაკობენ. “თუ ძაღლი გყავთ ბინაში, მას მოვლა სჭირდება. ბეწვი არის იგივე თმა, რომელიც არავითარ დაავადებას არ იწვევს, თუ ძაღლს უტარდება ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება. ერთადერთი მიზეზი (ძაღლის ბინაში ყოლის ეჭვქვეშ დაყენბისა) შეიძლება იყოს ალერგია ბეწვზე, და არც ეს არის გადაულახავი პრობლემა. ძაღლი სათამაშო არაა. ის ოჯახის წევრია, რომელსაც დიდი სიხარულის შემოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. პ.ს. რა თქმა უნდა იგივე ეხება კატებსაც.” – ვეტერინარი აკაკი რუაძე.
თუ ალერგიულები არ ვართ, რაც ახალი დროის უბედურებას წარმოადგენს, სხვანაირად ჩვენი ორგანიზმი შეგუებულია ძაღლსაც და კატასაც. სხვა საქმეა, თუკი ჩვენი ორგანიზმი არაა შეგუებული 1 პარაზიტს, რომლის გადადების საშიშროება მცირე ალბათობით არსებობს ცხოველისაგან ( და არა მარტო ცხოველისაგან. მაგალითად ბაღჩეულის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან არსებობს იგივე პარაზიტების გადადების ალბათობა, რომელსაც ყველა უგულვებელყოფს რადგან იგი კუჭს – ყველა დროის ბომონას, ეხება?) და სულ რამოდენიმე მსუბუქი ზომის მიღებით მისი პრევენცია შესაძლებელია.
რამოდენიმე მასპინძლიანი პარაზიტი – ექინოკოკი, ცხოველს ემართება მხოლოდ დაავადებული ხორცის და ძვლის მოხმარებისას უმი სახით. თერმული დამუშავება პარაზიტს კლავს. ამიტომ მეგობრებო, ნუ აჭმევთ უმ, თერმულად დაუმუშავებელ ხორცს და ძვალს თქვენს მეგობრებს და მას ექინოკოკი არ დაემართება. დასავლეთში, სადაც ცხოველებს კვებავენ ძირითადად მშრალი საკვებით, ფაქტიურად ექინოკოკით დაავადების შემთხვევები არ არსებობს. მეორე მიზეზი ექინოკოკის დამარცხებისა ხორცის ხარისხის შემოწმებაა, მაგრამ ამ დონემდე ჩვენ ვერ მივალთ უახლოეს ხანებში და ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ხორცი დიდხანს იქნება ბაზარზე. ანუ ექინოკოკი მხოლოდ ჩვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება შეხვდეს ცხოველს და ისევ ჩვენი დაუდევრობის გამო შეიძლება გადმოგვედოს ჩვენ.გარდა ამისა სრულად პრობლემის გადასაჭრელად ჩაუტარეთ ცხოველს დეჰელმიტიზაცია დროულად (ანუ თავის დროზე დაალევინეთ აზინოკსი, დრონტალი ზიპირანი და სხვა ანტი–პარაზიტული საშუალებები, რომლებიც მრავლადაა ზოომაღაზიებში) და ექინოკოკის ძაღლისგან და კატისგან გადადების საფრთხე 0–მდე დადის. დამატებით, ჭამის წინ ხელის დაბანის ჩვევა კიდევ უფრო ამცირებს ინფექციების გადადების და დასნებოვნების შანსებს.
ჩემთვის გაუგებრია, რატომ არ კრძალავენ ექიმები მაგალითად მწვანილის უმად ჭამას (გარეცხვა ბოლომდე არ გამორიცხავს კვერცხის დარჩენას ფოთოლზე ან ღეროებზე) და ცხოველს კი იოლად წირავენ სიკვდილისა და ტანჯვისათვის.
სუფთა, უპარაზიტო ბეწვი, ორგანიზმში მოხვედრისას სრულიად უპრობლემოდ გამოდის გარეთ ბუნებრივი გზებით ( ან ბრონქები ამოაგდებენ სითხესთან ერთად ზევით, ან ნაწლავების გზით გაივლის ორგანიზმს ისე როგორც ჩვენი და ჩვენი ახლობლების თმები რომელთა ჩაყლაპვის მრავალი გზა არსებობს). ის ისეთივე უვნებელია, როგორც კარგად დაბანლი ადამიანის თმა. დაუბანელი ტურტლიანი ადამიანის თმა შესაძლოა უფრო საშიშიც იყოს.
კიდევ ერთს ვიტყოდი, ძაღლის ასეთი ზიზღი ჩვენს ირანულ და ახლო–აღმოსავლურ კონტაქტებს და კულტურულ კავშირებს უნდა დავაბრალოთ. აბუ ჰურეირას ჰადისების და მალიქის სკოლის საუკეთესო ტრადიციები სწორედ ძაღლების შხამიან მონსტრებად, ანგელოზების მტრებად, სულიწმინდის გამაქრობლებად და ავადმყოფობის გამავრცელებლად წარმოდგენას ემსახურება.
და ბოლოს, 30 000 წელია, სულ მცირე, რაც ადამიანმა მოიშინაურა ძაღლი. ბევრი მეცნიერი ჰომო საპიენსის ჰომო ნეანდერტალელთან უპირატესობას ნადირობისას საპიენსის ეფექტურობით ხსნის, რასაც ძირითადად ძაღლთან ერთად ნადირობა განაპირობებდა. პალეოლითის ძაღლები ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ გადარჩენისთვის. ასეთი მომაკვდინებელი როგორ იქნება ცხოველი, რომელიც მინიმუმ 30000 წელი ჩვენს გვერდითაა? ხომ არსებობს ბიოლოგიური ადაპტაცია, ევოლუციის კანონები და შეგუებულობა გარემოსთან? როგორ შეიძლება ასე შესისხლხორცებული არსების სუფთა ბეწვი მომაკვდინებელი იყოს და მისი ნერწვი გველის შხამად გაუტოლდეს ლამის? ის კი არადა ჰომინიდების 2 მილიონი წლის წინანდელ საცხოვრებლებში რაღაც საეჭვოდ ბევრი კანის ეტრუსკუსი ანუ ძაღლის წინაპარია… დიდი შანსია, რომ ძაღლი 2 მილიონი წლის წინათაც კი დაჰყვებოდა ადამიანს. და ისმის კითხვა: ვისი შთამომავალი ჰგონია მედიცინის მუშაკებს, (თუ რაღათქმაუნდა მალიქის სკოლის წარმომადგენლები არ არიან) ადამიანი… მარსელების?