გია მარიამიძის ბლოგი |

ახალი შუასაუკუნეები

16.11.2013 | 1119 | გია მარიამიძე
ახალი შუასაუკუნეები

მოგვიანებით ტერმინის შინაარსი გაფართოვდა  და  დღევანდელობაში რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღსანიშნავად გამოიყენება.

საქართველოში მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის და თეოკრატიის საფრთხეზე  ხშირად საუბრობენ. საზოგადოების ნაწილი ფუნდამენტალიზმს უფრთხის, ნაწილს საფრთხე გადაჭარბებული ეჩვენება. ბევრი კი პირიქით ფუნდამენტალიზმის დამყარებას მიესალმება. მათთვის ‘’მართლმადიდებლური სახელმწიფო’’  სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა ამ სიტყვების პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში დამდგარი კატასტროფული შედეგები ნაკლებდ წარმოუდგენიათ. ვერ ხვდებიან, რომ  ფუნდამენტალიზმის გაძლიერება მათსავე სასიცოცხლო ინტერესებს დააზიანებს.

სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში თანასწორობა საყოველთაო ფასეულობად ვერ იქცა. სეგრეგაციის, დისკრიმინაციის  ზოგადად უთანასწორობის ბოროტებაზე შეგონებები  ჯერჯერობით გულს ბევრს ვერ უჩუყებს. ამის მიზეზი ის არის, რომ კოლექტიური ნიშნით ჩაგვრა მათ უშუალოდ  არ შეხებიათ. სოციალური და კანონის წინაშე უთანასწორობა ასევე ჩაგვრის ფორმებია, თუმცა ამ შემთხვევებში ადამიანის უფლებები ინდივიდუალური და არა კოლექტიური ნიშნით ირღვევა.  უმრავლესობას დღესდღეობით სწორედ ამგვარი უსამართლობა აღელვებს. რასობრივი, ეთნიკური, კონფესიური, სექსუალური ორიენტაციის გამო დაჩაგრულთა უფლებები ნაკლებად აღელვებთ, რადგან ჰგონიათ რომ ამგვარი დისკრიმინაცია მათ უშუალოდ არ შეეხებათ. მაგრამ ეს დროის საქმეა.

აქსიომაა, რომ  საზოგადოების ერთი მცირე ჯგუფისთვის არალეგიტიმურად უფლებების ჩამორთმევა ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და უთანასწორობა სხვა ჯგუფებზეც ვრცელდება.  უსამართლობის მსხვერპლი ყოველი მოქალაქე გახდება გარდა პრივილეგირებული მცირერიცხოვანი ფენებისა. ამ ეტაპზე უფლებრივი ზიანი მეტწილად რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს ადგებათ. მუსლიმებს სამლოცველოებში შეკრებას უშლიან და მინარეთის დადგმას უკრძალავენ. ჰომოსექსუალებს ნებისმიერ საზოგადო აქტივობის უფლებას ართმევენ.

რამდენიმე დღის წინ  საპატრიარქომ  ორგანიზაცია ‘’იდენტობას’’ უსახლკაროთა თავშესაფარის გახსნა აუკრძალა. აკრძალვის საბაბად ბავშვების მავნე ზეგავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე მოიმიზეზეს. თუმცა  საპატრიარქოს პრეს –მდივანმა ბოტკოველმა კარგად იცოდა, რომ თავშესაფარი უსახლკარო ოჯახებისთვის და არა ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული. მიქაელ ბოტკოველს ურჩევნია ეს ადამიანები ქუჩაში გაიყინონ და საპატრიარქოს პოლიტიკურ თამაშებს შეეწირონ. თამაში კი სწორედ პოლიტიკურია და ძალაუფლების მოპოვებას ემსახურება. საპატრიარქოს ადამიანის ბედი ოდნავ მაინც რომ ადარდებდეს  ‘’ოდენტობას’’ თავშესაფარში თავისი წარმომადგენლის მივლინებას შესთავაზებდა. საპატრიარქოს შეეძლო თავშესაფარში გაემწესებინა რომელიმე სასულიერო პირი და უმწეო ადამიანებისთვის სულიერი დახმარება გაეწია. ადამიანებსაც ეშველებოდათ და მიქაელ ბოტკოველის პარანოიდალური შიშების საბაბიც გაქრებოდა. მაგრამ ბატონ ბოტკოველს სინამვილეში არც უმწეოთა და არც მათი ბავშვების ბედი არ ადარდებს. ეს ხალხი მას სულ ფეხებზე კიდია. საპატრიარქო ‘’იდენტობის’’ და ზოგადად სექსუალური უმცირესობის ადამიანურმა-ჰუმანურმა საქციელმა შეაშფოთა. შეშფოთდნენ არ დანგრეულიყო ის მითები, რომელთაც  დიდი ხანია თვითონვე  ქმნიან. მითი იმაზე, რომ ჰომოსექსუალები ყველა ცუდი თვისების მატარებელი ადამიანები არიან და ‘’ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ მეტი არაფერი აინტერესებთ. შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ,  რომ ეს მითები არ დაინგრეს. ამისთვის  რამოდენიმე ათეული უსახლკარო ადამიანის ქუჩაში გაყინვა მათთვის პრობლემა არ არის. თვითონ მიქაელ ბოტკოველი კი ამ ზამთარს  სითბოსა და ფუფუნებაში გაატარებს. გაჭირვებულ და უმწეო ადამიანებს კი საპატრიარქოს წინ არსებული სკვერიდანაც გაყრის რომ  სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან გადაშლილი  ხედი არ დაურღვიონ.  

საქართველოში  ‘’ახალი შუასაუკუნეების’’  მოწყობა  თანამედროვე ფეოდალების (სასულიერო და საერო) ინტერესებშია. ამ ფეოდალურ ფენებს მტრის ხატი ჰაერივით სჭირდებათ. თუ სხვა და სხვა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია ხელოვნურად არ შენარჩუნდა, თუ ყოველი ადამიანი თანასწორუფლებიანი გახდა ეს ფეოდალები პრივილეგიებს და ფულს დაკარგავენ. ფეოდალები სექსუალური უმცირესობების საჯარო სივრცეში გამოჩენას, მათი სახელის დადებითი კონტექსტით გაჟღერებას  საწყისშივე აღკვეთენ. შეეცდებიან  საზოგადოებაში ისინი საერთოდ არ ჩანდნენ და რეალური ადამიანების ადგილი ფეოდალ ბოტკოველისავე გამოგონილ მითებს ეკავოს. ბოტკოველისავე  ლოგიკით არ უნდა არსებობდნენ ჰომოსექსუალი არტისტები, სპორტსმენები, მეცნიერები, რადგან ისინი საჯარო პირები არიან და საკუთარი არსებობით ‘’ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას’’ გასწევენ. მაგრამ სამყაროს თავისი კანონები აქვს და ჰომოსექსუალი არტისტები, სპორტსმენები და მეცნიერები მაინც ირსებებენ. ‘’ახალი შუასაუკუნეების’’ წესებით მოწყობილ საზოგადოებაში ამ ადამიანებმა თავისი სექსუალური ორიენტაცია მუდმივად უნდა მალონ და მოიტყუონ. სხვაობა ბოტკოველის ჭკუით მოწყობილ და ნორმალურ საზოგადოებებს შორის სექსუალური უმცირესობების არსებობა–არარსებობაში კი არა ფარისევლობის ქონასა და არქონაშია.

უბედურება იმაშია, რომ ხალხის დიდ  ნაწილს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობებისთვის უფლებების შეზღუდვა მოსწონს და მათ ჩაგვრას უსამართლობად არ მიიჩნევს. თუმცა ადრე თუ გვიან კოლექტიური ნიშნით უფლებების შეზღუდვას თავის თავზე თითქმის ყველა გამოსცდის.

ცოტა ხნის წინ სვეტიცხოველში ე. წ. უფლისწული მოინათლა. მონარქიის აღდგენის პროექტს საპატრიარქო სერიოზულად უდგება და გეგმაზომიერად ანხორციელებს. ეს პროცესი ევროპული კონსტიტუციური მონარქიის აღდგენად საღდება და ცივილური ტერმინებით იფუთება. სინამდვილეში ამ ყველაფერს ევროპულ კონსტიტუციურ მონარქიასთან საერთო არაფერი აქვს და სუფთად რუსული პროექტია. ამ საკითხზე უამრავი რამის თქმა შეიძლება. ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩვენებური მონარქიზმის ევროპულისგან განსხვავების საჩვენებლად ერთ მაგალითს მოვიტან. კითხვა ჩნდება: ეს ე. წ.  ‘’სამეფო ოჯხი’’  მარგანტულ ქორწინებას ( სამეფო წარმომავლობისა და არადიდგვაროვან ადამიანს შორის შეუღლებას) შესაძლებლად თუ მიიჩნებს ? რა თქმა უნდა არა.  სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა და ე.წ. რიგით ადამიანებს შორის ქორწინება ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია. თუ მოახერხეს და მონარქიის აღდგენა მაინც შემოგვტენეს ეს  ადამიანები ‘’მდაბიოსთან’’ დაქორწინებას არ ‘’იკადრებენ’’ .. შეხედეთ ამ ‘’სამეფო კარზე’’ მოფუსფუსე თვითნაკეთი ორდენებით მკერდმოფენილი ტიპების სახეებს და ყველაფერი გასაგები გახდება. მათ სახეებზე კომპლექსების, ავადმყოფური ეგოს და სხვებზე უპირატესობის განცდის გარდა არაფერი შეიმჩნევა. Facebook-ში ამ წრის ადამიანების მიერ სხვების მიმართ ხშირად დაკომენტარებულ  სიტყვა ‘’უჯიშოებზე’’  რომ არაფერი ვთქვათ.

მონარქიის აღდგენის მცდელობა, ელიტური კლანები და კასტები, უმცირესობათა დისკრიმინაცია, რელიგიის იდეოლოგიად ქცევა, საზრისების მონოპოლია, ცენზურის დაწესების მცდელობა – ეს და სხვა მოვლენები საქართველოში ახალი შუასაუკუნეების დადგომას მიგვანიშნებს. თუ ეს გეგმები და ზრახვები განხორციელდა საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცევა და რუსეთის მფლობელობაში აღმოჩნდება. ასეთ საქართველოში კი 3 % ელიტური ფენის გარდა ყოველი ადამიანი უუფლებო და დისკრიმინირებული იქნება.