მესმის, გაგიჭირდებათ ამის გახსენება, მაგრამ სამაგიეროდ მე მახსოვს როგორ გვპირდებოდა რევოლუციით მოსული პრეზიდენტი, ჩვენ ყველანი მეტროთი ვიმგზავრებთ, რათა ხალხთან სიახლოვე არ დავკარგოთო. საზღვარგარეთაც ეკონომ-კლასით ვიფრენთ თქვენთან ერთადო… მაგრამ ამის მერე ის არც მეტროში შემხვედრია და მითუმეტეს – არც თვითმფრინავში.
2003 წლისთვის თბილისში ავტობუსები აღარ დადიოდნენ, სამარშრუტო „ხაზები“ მხოლოდ მიკროავტობუსებს ეკავათ. გავიდა ხანი და დედაქალაქში ჰოლანდიური ყვითელი ავტობუსები ჩამოიყვანეს. მაშინ სკოლას ვამთავრებდი და მახსოვს როგორი კულტურული შოკი მივიღე, როცა დავინახე, რომ მხრჩოლავი „პაზიკის“ ნაცვლად, სკოლასთან ახალი, კომფორტული, ლამაზი ავტობუსი გაჩერდა, ისეთი, აქამდე მხოლოდ უცხოურ ფილმებში რომ მენახა. ერთი წლის შემდეგ კი ეს ავტობუსებიც მოინჯღრა. აღმოჩნდა, რომ მეორადები შეუძენიათ. და სწორედ აქედან იწყება ის ბაკქანალია, რასაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ეწოდება.
მგზავრობდე თბილისის მიკროავტობუსით, ნიშნავს იღებდე მონაწილეობას „ეტრუსკულ ორგიაში“. 14 წლის წინ დედა მეუბნება, რომ ბიძაშენმა „მარშუტკის ხაზი“ იყიდა და ალბათ მალე ვალებიდანაც ამოვლენო. თავიდან დავიბენი, ვერ მივხვდი, როგორ შეეძლო ადამიანს ეყიდა „ხაზი“. მერე ამიხსნეს, რომ შენ შეგეძლო გეყიდა „მარშუტკის ხაზი“, მერე კი ადამიანი ვინც თავის მიკროავტობუსს შენს მიერ დაუფლებულ ქუჩებზე გაატარებდა, ყოველდღიურ ქირას გადაგიხდიდა. 2003 წელს ერს გაუჩნდა პრეტენზია, რომ ჰქონოდათ სახელმწიფო, დემოკრატიული მთავრობით. მოაწყვეს რევოლუცია, მაგრამ შემდგომი 8 წელი კვლავ ვინმე „ჯემალიეს“ და „გეორგევიჩის“ სამარშრუტო “ხაზით” მგზავრობდნენ. მიკროავტობუსში სკამებს მეტად და მეტად აახლოვებდნენ, რათა 18 კაციანი მანქანით 34-36 ადამიანს ემგზავრა. ბოლოს კი ვინ, თუ არა ქალაქის მერი, გამოჩნდა ახალი ყვითელი „მარშუტკით“ ხელში და „დედაქალაქელებს“ დაგვპირდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ეს გაუსაძლისი სამგზავრო პირობები რადიკალურად შეიცვლებოდა. ისინი ჩამოიყვანდნენ ახალ მიკროავტობუსებს, რომლებშიც იქნებოდა სითბოც, სიგრილეც, რბილი სკამებიც, ფეხზეც აღარავინ დადგებოდა და 50 თეთრიანი ტარიფიც შენარჩუნდებოდა. რა მოხდა სინამდვილეში?!
პირველ რიგში მგზავრობის საფასური გახდა 80 თეთრი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალაქში ისევ ძველი, მორყეული ტრანსპორტი მოძრაობდა. ჩამოიყვანეს უფრო ნაკლები მანქანა ვიდრე იყო და რა მივიღეთ შედეგად: 60%-ით გაძვირებული სამგზავრო ტარიფი, უფრო მეტი ფეხზე მდგომი ადამიანი და კვლავ უკონდიციონერობა.
ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სიბრიყვე ჩაიდინეს და მძღოლებს სამ ადამიანზე მეტის ფეხზე დაყენება აუკრძალეს, ეს იმ ფონზე როცა ახალი სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა შეამცირეს. ეს მხოლოდ ერთ დილას მოხდა. გაჩერებებზე ხალხის ტევა აღარ იყო. განრისხებულმა „თბილისის მიკროავტობუსის“ საინფორმაციო სამსახურს დავურეკე და ვკითხე:
– დედაქალაქში, სამწუხაროდ კვლავ იგივე რაოდენობის ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც გუშინ ცხოვრობდა ამ დროს. თუ მიკროავტობუსების რაოდენობა არ გაზარდეთ, და საზოგადოების დაახლოებით 35-40%-ს ფეხზე დგომის საშუალება არ მიეცით, ეს ხალხი ქალაქში როგორ გადავაადგილდეთ? სამსახურში რითი წავიდეთ?!
– იცით ბატონო, ცოტა ადრე უნდა ადგეთ…
ბატონო მერო, ბატონო პრემიერო, როცა თქვენ ჩემთან კავშირს წყვეტთ და ასე მეპყრობით, მე თქვენ აღარასდროს აგირჩევთ. სასხვათაშორისო ამბავია, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ თქვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ჩემთან ერთად მგზავრობს და ყოველ დილით გიხსენებენ, ვერ გეტყვით რომ დადებითად. მინდა გკითხოთ, ოდესმე თუ გიმგზავრიათ გაყინული პირუტყვის სადისტრიბუციო სატვირთო მანქანით? რატომღაც რომ დადებითი პასუხი გამცეთ… თბილისელები კი ყოველდღე მსგავსი ავტობუსებით ვმგზავრობთ. იდეაში ყვითელი ავტობუსები, ზოგი შავ, ზოგი იასამნისფერ, ზოგი წითელ და კიდევ ათასფერ კონტეინერებად არის ქცეული. ფანჯრებზე აკრული სარეკლამო პლაკატებიდან გარეთ ვერაფერს დაინახავ და ჯანმრთელი მხედველობის ადამიანსაც კი ასტიგმატიზმის საფრთხე დაგემუქრება. რბილ სკამზე, კონდიციონერზე და ჰაერზე, იქ ოცნებაც კი შეუძლებელია.
კანონი უზენაესია და მე თქვენგან მის შესრულებას მოვითხოვ. არ შეიძლება კანონი სანახევროდ შესრულდეს. ჩვენ მას ან ვემორჩილებით, ან – არა! პატრული გაჩერებისათვის აკრძალულ ზონებში „მარშუტკებს“ გაჩერებას, ხან უკრძალავს, ხან – არა. ეს ხომ ანომალიაა? შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ცალ ხელში სიგარეტით, მიკროავტობუსს თბილისის ქუჩებში 120-კმ/სთ სიჩქარით მართავდეს და თან მე, უკანასკნელ მგზავრს მეკითხებოდეს – თუ აქვე ჩადიხარ ბარემ მოვტრიალდები, ბოლომდე აღარ წავალო?
გინახავთ ერთმანეთში აზელილი გვამები? მე ის ბოლო 6 წელიწადშ 4-ჯერ ვნახე. ოთხივეჯერ მგზავრებით სავსე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსი გახლდათ. ეს კი ის თემაა, რომელსაც საერთოდ არავინ აქცევს ყურადღებას. ტარიფები აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარია. როგორ შეიძლება ბათუმამდე მგზავრობა, თბილისიდანაც და ზუგდიდიდანაც ერთი და იგივე ღირდეს?
ბატონო პრემიერო, გინახავთ ტურისტებს როგორ ეპყრობიან მძღოლები? წელს მე და ჩემი მეუღლე კარვით ვმოგზაურობდით საქართველოში. ყველას უცხოელები ვეგონეთ და იქ სადაც მგზავრობა 2 ლარი ღირდა, ჩვენთვის 5 ლარი ხდებოდა მანამ, სანამ ქართულ ენაზე არ შევუბღვერდი. მათ არავინ აკონტროლებს და შედეგი სახეზეა, ამის დანახვას კი დაბურული მანქანებიდან გადმოსვლა და ხალხთან ერთად მგზავრობა სჭირდება. ამას ვიცი, რომ არავინ გააკეთებთ და იქნებ თქვენი მრჩევლის 432-ე ასისტენტმა მაინც მოგაწვდინოთ ხმა, და გითხრათ, რომ ჩვენთან კავშირი თქვენთვისაც სასარგებლოა.