თუმცა უკვე დროა ამას მივეჩვიო და მივეჩვიე კიდეც. ნიუ იორკელების ჩაცმის კულტურა, რომელიც ზოგიერთს დიდ უკულტურობად შეიძლება მოეჩვენოს, ამ ქალაქის პროზაც და პოეზიაცაა. რადგანაც მთელი სულითა და გულით მივესალმები სამოსის სრულ თავისუფლებას, ჩემი “მოსამართლე თვალი” კი დიდი ხანია გამღიზიანებელზე აღარ რეაგირებს, რადგანაც იცის, რომ ამ ქალაქში არაფერი გამაკვირვებს ანდა აღმაშფოთებს: ძალიან მომწონს ნიუ იორკელების ჩაცმის თავისუფალი, ინდივიდუალური, “სხვების აზრი ფეხებზემკიდია” სტილი და, ისედაც, როგორც აქ ამბობენ, Wo Cares ( ანდა უორჰოლისეული “So What” ) რა გაცვია ან რა არ გაცვია, ან გაცვია კი რამე? აქ ქუჩაში არასოდეს ხმამაღლა არ შეიცხადებენ, რადგანაც, ჯერ ეს ერთი – ტანსაცმლის გამო “ვაიმე, დედა!”–ს წამოძახება ძალიან ცუდ ტონად ითვლება, მეორეც – ერთის ვულგარულობა მეორესთვის დახვეწილობის წარმოჩენის მეტაფიზიკურ სტრატეგიად მიიჩნევა. რასაკვირველია, ათასგვარ გლამურულ, არაყვითელ და მოყვითალო ჟურნალ–ტელეგადაცემებს ამისთვის დრო არ ენანებათ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს არავის ადარდებს და ქუჩაში არც არავინ გამოგაყოლებს თავის სხარტ თუ ზანტ მზერას, ძალიანაც რომ უნდოდეს. უბრალოდ, უტაქტობაა და ამიტომ. “მაკნატუნაზე” დაფლეთილ ჯინსებსა და Aeropostale-ის მაისურში ჩაცმულებიც მინახავს და “თავად იგორზე” შავი თაგუნიას ფორმაშიც გამოწყობილიც. ვგულისმობ არა შავ კაბას, არამედ თაგვის ყურების მსგავს გიპიურის თავსაბურავს ძალიან ელეგანტური შავი კაბის დანამატად. თუმცა საინტერესოა, ასეთი ქუდი უქმნიდა თუ არა პრობლემას უკანა რიგში მსხდომს, მაგრამ რადგანაც ჩემ წინ “მიკი მაუსის” ყურები არ ამოიზვირთა, სპექტაკლს მშვიდად ვუყურე და, როგორც ჩანს, არც არავის უბრძანებია ამ ქალისთვის თავსაბურავის მოხდა, ამიტომ დაინტერესება არც მიცდია. Who Cars ვის რა აცვია, მათ შორის ოპერაში. აგერ ამას წინათ ნიუ იორკის ფილარმონიის კონეცრეტზე ბამბის მაისურებსა და ჯინსებში გამოწყობილ სტინგსა და მის ცოლს მოვკარი თვალი.
ნიუ იორკის ქუჩებში ნიუ იორკელები არც გაშტერდებიან და არც ვერბალურად გამოხატავენ “ვინაა ეს გიჟი” ისე, თითქოს გაცოცხლებულ მკვდარს გადაეყარნენ. ითვლება, რომ თუ ვინმეს სამოსი გაკვირვებს, ეს გაკვირვებულის პრობლემაა და არა – მისი “ვიზავის”. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ იმ ადგილებს, რომელიც თავისთავად შესაბამის ჩაცმულობას, მკაცრ დრეს კოდს ანდა სპეცფორმას გულისხმობს. მაგალითად, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, პოლიცია ანდა ვაშინგტონში თეთრი სახლი. სამსახურს გარეთ, თუგინდ ადამ–ევას ფორმაში გივლია, თუგინდ – სკაფანდრში. აკი მანჰეტენზე ტიტველი ქალები და კაცები დასეირნობენ კიდეც, მამაკაცი – კოვბოი, ქალი– ფარშევანგი. მინახავს ასაკოვანი ქალებიც, წინ, მკერდზე გიტარააფარებულები, “ტოპლესს”, რომლებიც ნიუ იორკის პაპანაქება სიცხეში ხალხმრავალ ქუჩებში მშვიდად ამერიკის დროშიანი ქუდებით დაიარებიან, თავისთვის ღიღინებენ, ხელს გიტარას ჩამოჰკრავენ, მაღაზიის ვიტრინებთან ჩერდებიან, ერთმანეთს გადასძახებენ. როგორც წესი, ეს შოუა საფასურით ან საფასურის გარეშე. ფარშევნაგისკუდიან ქალთან და შიშველ კოვბოისთან ფოტოს გადაღება ფასიანია. შოუმენ/შოუვუმენები ფულს არავის სთხოვენ, მაგრამ წესი წესია, ისეთივე დაუწერელი, როგორც რესტორანში ან ტაქსში “თიპის” დატოვება.
ასეთ ხალხმრავალ ადგილას დედიშობილა სეირნობა სრულიად უსაფრთხოა, რადგანაც “ნუდისტების” ახლო–მახლო ყოველთვის პოლიციელების ადეკვატური რაოდენობა ტრიალებს, რომლებსაც თვალი ფხიზლად უჭირავთ “უტანსაცმლო პროვოკატორების” უსაფრთხოების დაცვის მიზნით – უპირველესად სამსახურეობრივი ინტერესის გამო, ვიდრე “უნახავობის” გამო. უბრალოდ, იმისთვის, რომ ვინმემ რაიმე უხამსობა არ აკადროთ. შიშველი სხეული მსოფლიო დედაქალაქის ცენტრში, თაიმს სკვერზე, სადაც დრო ჩერდება, ყველაზე მომგენიანი ბიზნესიცაა და ერთგვარი “დენდიზმიც”, თვითკმარ სხეულს გარშემომყოფთა აზრი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად აინტერესებს კი არა, საერთოდ არ აინტერესებს და თანაც სულაც არაა ორიგინალური, რადგანაც რა უნდა იყოს შიშველ სხეულზე უფრო მეტად ტრივიალური და არაეგზოტიკური?
მაგრამ მაინც. არის “ცხოვრებისეული მომენტები”, როცა თვალები გიფართოვდება, ოღონდ ცივილიზებულად, უკომენტაროდ, შენთვის. აი, მაგალითად, გაზაფხულის ოდნავ ცივ მარტის თვეში, ნიუ იორკის მტვერსა და ბუღში, მაღალ–მაღალი აფრო–ამერიკელი მამაკაცი, რომელიც შორიდანვე შევნიშნე, დგას და იაფფასიანი მაღაზიის Conway წინ გამოფენილი დიდი ზომის მაისურებს გულმოდგინედ ათვალიერებს. კაცი თეთრ შარვალ–კოსტუმში, პისეცის უზარმაზარ მხრებიან ქურქში, თავზე – ასეთივე ცილინდრის ფორმის ქუდი, თეთრი ხელთათმანები, თეთრი, ქათქათა “ოქსფორდები” და რალფ ლაურენის Polo-ს თეთრი დიდი ტყავის ჩანთა. ამგვარი ფუფუნება – სითეთრე თვალში ისეთი საცემია, რომ უნებლიეთ ტვინში კალკულატორი გერთვება და მექანიკურად ანგარიშობ, თუ რა ღირს მისი ტანსაცმელი. “ჩემი კალკულატორით” 22 ათას დოლარამდე შევაფასე. ოკ, 18 ათასი. თან ფიქრობ, მაიამი ბიჩი მაინც იყოს, ანდა ფლორიდა, სადაც თავისი ქონების გამომზეურება უყვართ. კეთილი, შევჩერდეთ საშუალო თანხაზე – 20 ათასზე. თან გარშემო მაინც მიმოვიხიდე, ალბათ, რაიმე ფილმს იღებენ –მეთქი. არაფერი მაგდაგვარი. არადა შეუძლებელია, 20-ათასიანი ტანსაცმელი გეცვას და ისეთი მაღაზიის საქონელი დემონსტრატიულად ათვალიერო, რომლითაც 100 დოლარად ან ნაკლებად საზამთროდ სრულად გამოეწყობი. ეს კაცი, მგონი, სხვა გამვლელებშიც იწვევს წამიერ მიშტერებას. მაგრამ ამას არავინ იმჩნევს. ყველა ჩემსავით თავებს ატრიალებს, ფილმის სცენარი ჰგონიათ. თუმცა საქმე უფრო მარტივადაა. ეს მანჰეტენზე აღმოჩენლი თეთრქურქიანი თვითდაჯერებული ჟულიენ სორელია (სტენდალის “წითელი და შავი”), რომელიც თავის დენდიზმს ყოველ ხელსაყრელ მომენტში ხაზს უსვამდა. მაგალითად, ცხენის უნაგირიდან გადმოვარდნის დროსაც კი. ერთგვარი სნობიზმიცაა და არცაა სნობიზმი – გააკეთო იმის საპირისპირო, რასაც შენგან მოელიან. ანდა იყო კემპი – ზღვრულად თვითირონიული, განმანძილებული საკუთარი იმიჯისგან და თითქოსდა საიდუმლოებით მოცული.
იმ დღეს ნიუ იორკში მზე ძლივს ანათებდა და თუ ანათებდა, რაღაცნაირად ცივად. საშინელი სუსხიანი ქარი უბერავდა და თავების გაყინვას ვინ ჩივის, ქარი სააზროვნო ორგანოს წართმევასაც აპირებდა. ვზივარ მეტროს ვაგონში და ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ ამ ულტრასუსხში თბილი მატარებლიდან მიწის ზემოთ ამოსვლა მომიწევს. 66–ე ქუჩაზე სახელდახელოდ შექმნილ პავილიონებში და ლინკოლნ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკონცერტო დარბაზებსა და ჰოლებში Mercedes-Benz Fashion Week იხსნება. სპეციალური ფორმის შევსებისა და მცირედი თანხის გადახდით აკრედიტაცია მზადაა. ჰოდა, ზუსტად ჩემ წინ ზის მაღალი, გამხდარი მამაკაცი, ღია ყავისფერ, საკმაოდ თხელი ტილოს შარვალ –კოსტუმში, შიშველ/უწინდო წვივებით ანუ ისეთი სიგრძის შარვლით, რომ ლამის მთელი წვივი უჩანს, აბრეშუმის თეთრ პერანგში, ჰალსტუხით და თავზე უზარმაზარი, მაღალსართულიანი ყურებპარტყუნა ქუდით. ასეთ ქუდებს, მაგრამ განა ასეთ დიდს, რომელიც ფილმებში რუსის ჯარისკაცებს ეხურათ, მახსოვს, “ციგეიკის უშანკებს” უწოდებდნენ. ზის, ქუდს არ იხდის და, ისევე როგორც მგზავრთა 90 პროცენტი, თავის აიფონს ჩაჰკირკიტებს. ამ შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს არა ის, რომ ასე აცვია, არამედ ის, რომ გარეთ –10 გრადუსია და ასეთ ტანსაცმელში ამ სიცივეში 10 ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. არც პალტო აქვს და არც კაშნე. მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან თბილი ქუდი. ეს, ალბათ, რაღაც ფსიქოლოგური ტრენინგის წარმატებით დაუფლების შედეგია – აიძულო შენი მგრძნობელობა იყოს იმაზე დაბლა, რაც საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს. ზოგადად კი ყოველთვის მაკვირვებდა ნიუ იორკული მაღაზიების “სულსწრაფობა”, როცა ყველაზე თოვლიან–ქარბუქიან ამინდში, გაგანია იანვარში, როცა ადამიანები ისე იფუთებიან, რომ თვალებიც არ უჩანთ, ხოლო მზის სათვალეებს იმისთვის იკეთებენ, რომ თვალები ქარბუქმა და ქარისგან ატეხილმა მტვერმა არ დაუზიანოთ, ნიუ იორკის მაღაზიები მანეკენებზე ტანსაცმლის შეცვლას იწყებენ, მათ ვიტრინებში აშიშვლებენ და გაგანია ზაფხულის სეზონის საპლიაჟო, სრულიად გამჭირვალე სარაფნებსა და ჩითის ყვავილებიან შორტებს აცმევენ. მათ დანახვაზე კი პირადად მე უფრო მეტად შეფუთვა–ჩაფუთვა მინდება ხოლმე.
ჰოდა, ამოვედი 66 -ე ქუჩაზე ისე, რომ ჩემ წინ მჯდომმა მამაკაცმა გზა გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფეშენ შოუზე” უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. “მერსედეს ბენცსს” თავისი ძირითადი პავილიონი ნიუ იორკ სითი ბალეტის გაგრძელებაზე დაუმონტაჟებია. მასთან კუთხეს მეტროპოლიტენ ოპერა ქმნის, რომლის ფასადზე ბოროდინის “თავად იგორის” (მღერის ანიტა რაჭველიშვილი) ბანერი ხმაურიანად ფრიალებს, მეტოპერის მარჯვნივ, სიღრმეში ნიუ იორკის პერფორმანს არტის საჯარო ბიბლიოთეკაა, სადაც ძალიან საინტერესო გამოფენები, მათ შორის “ქალბატონებო და ბატონებო, The Beatles!” მიმდინარეობს, კიდევ მარჯვნივ, ნიუ იორკის ფილარმონიის მაღალ პოსტერზე მისი მთავარი დირიჟორი ალან გილბერტი გვიღიმის. ცენტრალურ კიბეებთან, სადაც შადრევანია, რომელიც ამ ყინვაში უწყლოდ დგას, ხალხი შეკრებილა და ზოგი სიცივისგან გალურჯებულ შიშველფეხება, მაღალქუსლიანებზე ამხედრებულ, დიდ ქურქებში შემოსილ მოდელებს უღებს (ვერც ერთი ვერ ვიცანი და თანაც ჩემი ცოდნა ჯორჯ მაიკლის კლიპის “თავისუფლება” (1990) აქტორ მოდელებს დიდად ვერ გასცდა), ზოგი სიცივისგან ერთ ადგილზე მოხტუნავე, კვირეულის მომსახურე პერსონალის მიერ დარიგებულ ბუკლეტებს, ჟურნალებსა და გაზეთებს ქარის გამო ვერ ხსნის; უფრო მეტი კი უცნაურად ჩაცმულ ადამიანს მისდევს, რომლის ფოტოაპარატით გადაღება ხელთათმანებიანი ხელებით ძლივს მოვასწარი. შავ, ნაოჭიან ქვედაწელში, უცნაური ვარცხნილობითა და ყვითელი შეღებილი თმებით, სახეზე საღებავებიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში პატარა პლაკატი “Fuck Fashen” ეჭირა. მან კიბეები უცებ ჩაირბინა და ჩქარი ნაბიჯებითა და შეძახილებით “Fuck Fashen!” ბალანჩინის ქუჩისკენ გასწია. ფოტოგრაფებს უმალ დაავიწყდათ მოდის ტაძრის “Pussy Riot” და ვიღაც სხვას მივარდნენ.
მოდის კვირეულმა, რომელსაც ავტომანქანების მსხვილი კომპანია Mercedes-Benz (და არა მარტო ის, არამედ DHL, NYTimes, American Express, Samsung Galaxy და სხვა მსხვილი კომპანიები) აფინანსებს და რომელიც ნიუ იორკის მთავარ კულტურულ მექაში – კლასიკური თუ თანამედროვე ხელოვნების საპრეზენტაციო დაბრაზების გვერდით (არა მარტო პრესტიჟული ადგილის ამორჩევის გამო) გაიმართა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტანსაცმლის მხატვრულ – პრაქტიკულ ბოჰემურობას, მის დროსა და სივრცეში მეტაფორულობას და ზოგადად სამოსელის უფლებებს, თანამედრივე ლიბერალიზმს, მათ შორის გენდერული სტერეოტიპების არცნობას და ეკლექტურობას: როცა, მაგალითად, პოდიუმზე მამაკაცებს ქვედაწელები აცვიათ (ჟან პოლ გოტიე, მარკ ჯეიკობსი, დოლჩე & გაბანა, ანდერსონი და ა.შ. სულ უფრო მეტი დიზაინერის კოლექციაში ჩნდება მამაკაცის კაბა და ქვედაწელი), მიხარია იმის წარმოადგენა, რომ ადრე თუ გვიან ქვედაწელი აუცილებლად დამკვიდრდება მამრობითი სქესის (არ ვგულისმობ ტრანსგენდერებს ანდა ანდროგინიის ფენომენს) არაშოტლანდიურ გარდერობშიც და მის გაპოპულარულებას იმდენივე დრო არ დასჭირდება, რამდენიც – ქალთათვის შარვლის ტარების უფლების მოპოვებას. მით უმეტეს, როცა ევროპას საუკუნების წინ მამაკაცების წვივების გამოჩენისა და მაქმანებიანი პერანგების ტარების ეპოქა ახსოვს. ანდა ანტიკურ ეპოქაში ტოგო და ტუნიკა არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცის ფეხებისადმი და ზოგადად მამაკაცის სხეულის ფორმებისადმი დამოკიდებულება კულტურაში და ყოველდღიურ ყოფაში გენდერული სტერეოტიპების სიმყარის ერთ–ერთი მოქმედი ტესტია. ბოდიბილდინგი არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც არ და ვერ უნდა იყოს მამაკაცის სხეულებრივი კანონის განმსაზღვრელი. მამაკაცის ქვედაწელები, კაბები და ის, რასაც პროგრესული დიზაინერები შემოგვთავაზებენ, ვფიქრობ, კიდევ ერთ ყავარჯენს გამოაცლის მაჩოიზმის მითოლოგემებს და ეს არ გახდება, ასე ვთქვათ, პოსტმოდრენიზმის ჰიპერტექსტი ანდა ვინმეს მიერ დამკვიდრებული “ვიზუალური სიამოვნების” კანონი, არამედ – ძალიან ჩვეულებრივი მოხმარების ატრიბუტი, რომელიც თანასწორობის დამკვიდრების ერთ–ერთი კარგი ხელშემწყობიც გახდება. ვისაც რა უნდა, იმას ჩაიცვამს “ელეგანტური ცხოვრების ტრაქტატების” (ბალზაკის ნაწარმოები) დარღვევის თუ არდარღვევის სრული უფლებით.
მოცემულ განრიგში, სადაც აღნიშნული იყო, თუ ლინკოლნ ცენტრის რომელ პავლიონში რომელი დიზაინერის ნამუშევრების ჩვენება იყო, დიზაინერთა სიის მხოლოდ ოცდაათი პროცენტი მეცნო. დანარჩენები – ახლები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ყველა დიზაინერის შოუს მონახულება, მაინც შევეცადე სრულიად უცნობი ხელოვანების ნამუშევრების წარდგენას დავსწრებოდი. თანაც, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით. კოლექციის ჩვენებისთვის მუსიკალური მეგზურის შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმ დღეებში კლასიკა, ჯაზი და ელექტრონული მუსიკა კოლექციასთან სრულ ჰარმონიაში იყო. მაგრამ აი, მაიკლ კორსი, ცნობილი ნიუ იორკელი დიზაინერის ჩვენების დროს ათ სხვა უცნობისას შევწირავდი. თავად მაცვია მაიკლ კორსის გრძელი ქურთუკი. იაფი, ძალიან მსუბუქი (300 გრამი, შეიძლება ნაკლებიც), თუ ძალიან მოინდომებ, ორი მტევნით მუჭშიც მოიქცევ. სამოსს ახლავს პატარა ტომსიკა, რომელშიც შეგიძლია პალტო მოათავსო. არ იკუჭება და, რაც მთავარია, თუ სადმე მიდიხარ (გალერეა, თეატრი და ა.შ.) არ გჭირდება გარდერობში მისი ჩაბარება. ამ ტექნოლოგიით სხვა კომპანიებიც კერავენ და ზამთარში ეს კომპაქტური ქურთუკები ლამის მთელს ამერიკას აცვია. დაკუჭავ და ჩანთაში ჩაკუჭავ. და რაც ყველაზე მთავარია: საოცრად თბილი და წყალგაუმტარია. ამ ჯერზე კორსის კოლექცია იყო ძალიან პრაქტიკული – თბილი ტანსაცმელი, ყოველდღიური კაბები, შარვლები, ნაქსოვი ბლუზები, ქურთუკები, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ზუსტად ის ტანსაცმელი, რაც ბუტიკებში კი არა, არამედ მსხვილი რეტეილერების დარბაზებში იყიდება და რასაც ისეთი ფასები არ აწერია, რამაც სამუდამოდ შეიძლება დაგაფრთხოს, ისევე როგორც, მაგალითად, ორიგინალი შანელის პროდუქციის ფასებმა.
მასე მერე, რაც კორსის პალტო საშუალო ზომის ჩანთაში ადვილად ჩამეტია, დრო დადგა სხვა დიზაინერების (რომელთა დიდი ნაწილი ნიუ იორკელია) შოუზე დასწრების. ძალიან მომეწონა ნანეტ ლეპორე – იასამნისფერისა და შავის ძალიან ზომიერი შეხამება, იასამნისფერი ფეხსაცმელები, შავი კაბა და იასამნისფერი ჩანთა. ზანგ ტოი – მწვანისა და შავის მხატვრული თანაფარდობით, თუნდაც ასე – შავი კაბა და მწვანე თმები (მგონი, პარიკი). ანა სუი – აზიური ნაქარგები ზედებსა და შარვლებზე, ქალები 1920 – იანი წლების დროინდელი თმის ვარცხნილობით, ხელოვნური ბეწვეულის დიდი ქურთუკებითა და მამაკაცები “პიჟამოს” ნახატებიანი შარვალ–კოსტუმით; ჰიპების, ვიქტორიანული დროის ნაერთი და ენდი უორჰოლის სტილის ელემენტებით. პამელა როლანდის შავი და ვერცხლისფერად აელვარებული დეტალებით გაწყობილი შარვალ–კოსტუმი და კაბები, რომელიც კლასიკური კაბის სტილში ჯდება – უკან დიდი შლეიფებით. ეს ისეთი კაბებია, ქალს ოსკარის ნომინანტების/გამარჯვებულის დასახელებისას სცენაზე ჩასაცმელად რომ გამოადგება. რიკარდო სეკოს კოლექცია მამაკაცებისთვის – კოჭებს ზევით შარვლები, უწინდო ფეხსაცმელები. მოდის ცნობილი სახლი Cutecircuit (ორი ლონდონელი დიზაინერის, ფრანჩესკა როზელასა და რაიან გენზის ტანდემი), რომელიც იყენებს ე.წ. “საზრიან ტექსტილს” ანუ მასალას, რომელზეც მიკროელექტონიკა მონტაჟდება. უფრო მარტივად რომ ვთქვა, იგი ანათებს, ბრჭყვიალებს, ელვარებს. პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია ამგვარი კოსტუმის ტარება, რომლის სახელო ისევე ციმციმებს, როგორც ღამით თაიმს სკვერის რომელიმე ცათამბჯენზე კოკა – კოლას რეკლამა. თუმცაღა კემპის ეპოქაში სრულიად დასაშვები იქნებოდა შანელის პატარა შავ კაბაზე “ქიუტსიკრუიტის” მოციმციმე მოსაცმელი. ტანსაცმელი–სარეკლამო ტაბლო. ერთი შეხედვით, ეს “აუტანელი სიმახინჯეა”. მეორე მხრივ, მოდის ტოლერანტობას საზღვარი არა აქვს და ერთ მშვენიერ დღეს ამასაც აიტანს. ოღონდ, ბრენდისადმი ერთგულების ანდა ძველისა და ახლის კოლაბორაცოინიზმის ნიშნად, ალბათ, შანელის ლოგოს, გადაკვეთილ რკალებს ააციმციმებენ. ბიბუ მონაპატრა – ვიწრო შავი ქვედაკაბები და ბოლეროს მსგავსი მოსაცმელები ძალიან დიდი საყელოებით, ტანსაცმლის ჭრილების კვადრატურითა და სამკუთხედოვანებით; ლი სანგ ბონგის წითელისა და შავის მკაცრი შეხამება, ყოველგვარი ხულიგნობების გარეშე; კაუფმანფრანკოს (დიზაინერების კენ კაუფმანისა და ისააკ ფრანკოს ტანდემი) ნამუშევრები მხოლოდ ერთი შეხედვითაა ძალიან მარტივი, მაგრამ თუ ახლოს დააკვირდები, ამ სისადავის უკან ძალიან ბევრი რთული და შეუმჩნეველი დეტალია. თეთრი და შავი მოელვარე გრძელი კაბები, შორიდან მკერდის ქვეშ, უბრალოდ, ხორცისფერი წვრილი ჰორიზანტალური ხაზი რომ გგონია და ახლოდან, მოკლე “ტოპი” რომაა, მერე შიშველი სხეულის ხაზი და მერე წელს ზემოთ ამოწეული ძალიან მაღალი ქვედაბოლო. რიჩარდ ჩაის თეთრი პერანგები თეთრ ქვედაბოლოებზე და თეთრი კოლგოტები ჰორიზონტალური წითელი ხაზებით; თეთრი, შავი და წითელის იდეალური შეხამება. ჯოანა მასტროიანი კი ლამის მთელი მსოფლიოსთვისაა ცხობილი, რადგანაც მის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ლამის ყველა გლამურული და არც ისე გლამურული ჟურნალების ყდებზე შეხვდებით. მბზინავ თეთრ ატლასზე მწვანე დიდი ფოთლები და ორნამენტები, შავი კაბა, წინ ღრმა სამკუთხა დეკოლტეთი, ქვედაწელზე ასევე დიდი განაჭერით და ხელებზე შავი კაპრონის უზარმზარი მაქმანებით, საოცრად ლამაზი ვიწრო და ფაშფაშა კაბებით. იაპონელი ჰანაკო მაედას საფირმო სახელია ADEAM. მისი ნიუ იორკული დებიუტი 2013 –ში შედგა და დიდი წარმატება ხვდა წილად იაპონური და ამერიკული მოტივების თანაცხოვრებით ნობელიანტი იასუნარი კავაბატას “თოვლის ქვეყნის” შთაგონებით – ვარდისფრის, თეთრის, ნაცრისფრის, შავის შეხამება და ფარჩის ყვავილები. მეთიუ მირანოს მკაცრი სტილი დიდი რკინის ელვებით. ბედლი მიშკა (დიზაინერების, მარკ ბედლისა და ჯეიმს მიშკას ტანდემი) წითელი ხალიჩის დიზაინერად მიიჩნევა – მკაცრი სულუეტის კაბები, ოღონდ ათასგვარი ორნამენტებით გაფორმებული. კაროლინა ჰერერა – ზურგგაშიშვლებული გრძელი კაბებით და ბრჭყვიალა, დიდთვლიანი ქამრებით. ჩემი ფავორიტი კი დონა კარანია თავისი მყარი სტილით – შავი ფერის ფანტასმოგორიული კოსტუმები ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში და ელექტრონული მუსიკის თანხლებით ძალიან ეფექტური იყო. წითელი, ნაცრისფერი, შავი პალტოები, რომელიც შორიდან კაბები გგონია. მეორე ფავორიტი რალფ ლარენის ყოველდღიური სიმშვიდე, ყოველგვარი სტილისტური თავხედობის გარეშე, ძალიან დახვეწილი და მინიმალისტური საღამოს კაბები. ჩვენების ბოლოს კი თავად 75 წლის რალფ ლარენი შავ როლინგში, შავ შარვალში, როლინგის ზემოდან მოჭერილ შავ ვერცხლისფერ რკალებიან ქამარში და შავ “ტრაქტორიან” ბოტებში წითელი თასმებით, როგორც ამ თავშეკავებული კოლექციის ბოლოს “ეიფორიის” ოდნავ შესამჩნევი არტეფაქტი. ძალიან შთამბეჭდავი იყო ტომი ჰილფიგერის საზამთრო კოლექცია, როცა მოდელები ხელოვნური თოვლით გარშემორტყმულ საცალფეხო, ხით მოპირკეთებულ ბილიკზე, ნაძვისხეებიან და პატარა ქოხიან დეკორაციებში მიმოდიოდნენ – სათხილამური განწყობა, კუბოკრული ტანსაცმელი, სპორტული ჩანთები, ნაქსოვი ქუდები, პლედებისგან შეკერილი კაბები და სარაფნები.
მაგრამ მოდის კვირეულის ყველაზე “უგემოვნო” და ძალიან ხალისიანი მსახიობი დიზაინერი ბეტსი ჯონსონი გახლდათ: ელექტრონული ყვითელი, ნეილონის ვარდისფერი და შავი ტყავის შემცვლელი მასალა; ბრჭყვიალა ცისარტყელას ფერები; მკვეთრად, თვალის მომჭრელად აპრიალებული ყვითელი ფეხსაცმელები, მაღალყელიანი გამაშები ჰორიზანონტალური ხაზებით, ღია ლურჯი “ბლიოსტეკბიანი” კაბა და უსახელო, ხელოვნური ბეწვის იასამნისფერი მოსაცმელი, დიდ ოქროსფერ ჯაჭვზე დიდი წითელი კულონი –წითელი შუშის თვალი. ამ, ერთი შეხედვით ბროუნის ნაწილაკებივით უწესრიგო ფერებს ეჩვევი და ტკბები კიდეც. და თან ხვდები, რომ ჭყეტელობის ასეთ აფეთქებაშიც კი ერთი ფერის ფეხსაცმელსა და ჩანთას ერთგვარი წესრიგი შეაქვს. ერთგან მის მოდელს ყვითელი ჩანთა უვარდება და აღარ იღებს, მეორეჯერ მაღალ, ატლასის ცისფერჩექმებიანს ფეხი უსრიალდება და… არ ვარდება. 72 წლის ბეტსის ხალისიანი გოგონას რეპუტაციაც აქვს და სერიოზული დიზაინერისაც. წარმოდგენის დასასრულს თავად ბეტსი გამოდის ორი მამაკაცის თანხლებით, რომლებიც შავი ავტომატებიდან ცისფერი ფერის ალს უშვებენ. მერე ბეტსი შპაგატში ჯდება და კიდევ ვიღაც ოფიციალურ ბიძებს (იმ კოლეჯის დირექტორი და, ასე ვთქვათ, სასწავლო ნაწილი, რომელიც სტუდენტებმა ჯონსონის დიზაინერის ტანსაცმელი წარადგინეს), რომლებიც “ფეშენ ინდუსტიას” წარმოდგენენ, ასევე აიძულებს შპაგატში ჩაჯდნენ. მას რაღაც ჯილდოს აძლევენ. თავად იგი ლეოპარდის თათებიან პლატფორმა – ფეხსაცმელებში და იასამნისფერ წინდებშია, ვერტიკალურ ზოლებიან რეიტუზებში და შავ მაისურში, რომელსაც Betsey’s Hot აწერია.
მას მერე, რაც 1943 წელს ნიუ იორკში მოდის კვირეული პირველად ჩატარდა, მისი ძირითარი მიზანი გახლდათ პარიზული “ფეშენ შოუების” (რომელთა გამართვა მეორე მსოფლიო ომის გამო პრობლემა გახდა) ჩანაცვლება, გადაფარვაც კი, და მოდის სამყაროს ყურადღების აშშ–ისკენ მიპყრობა. ჰოდა, იმ წელს ჟურნალი Vogue, რომელიც, როგორც წესი, ფრანგული მოდის რუპორი იყო, ამერიკულზე გადაერთო. დღეს, როცა ეკონომიკური რეცესიის გამო წარმოქმნილი პრობლემები ყველა ქვეყანას მეტნაკლებად შეეხო, მათ შორის ამერიკასაც, ახალგაზრდა დიზაინერებისთვის გზის გაკვალვა საკმაოდ გართულდა. თუმცაღა ინტერნეტი და დიზაინერების ვებსაიტები, ათასგვარი ვებმაღაზიები თუ “უნივერსალური” amazon.com, ebay.com და overstoke. com მოდის ინდუსტრიის აქტიორებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სამოქმედო საშუალება გახდა. ძვირადღირებული ბუტიკის თუ Macy’s –ში ნაწარმის გატანის მაგივრად, საკმარისია ინეტში/სოციალურ მედიაში პროდუქციის გაპიარება. მაგალითად, ამ წლის ჩვენებაზეც ასე იყო. “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულმა ხელი შეუწყო ახალბედა დიზაინერების გამოვლინებას, მერე კი მექანიზმი ირთვება და მოქმედებას საინტერნეტო რესურსები იწყებენ. პარიზის, ლონდონის, მილანის მოდის კვირეულების რიგში ნიუ იორკის ტანსაცმლის შოუმ თვისი სტაბილური ადგილი დიდი ხანია დაიკავა, მათ შორის სრულიად უცნობი დიზაინერების გაცნობითაც.
მოდის ამ ყველაზე პრესტიჟულ შოეუბს, ბუნებრივია, თავიანთი სცენარისტები, არბიტრები, მენეჯერები ჰყავთ და, რასაკვირველია, ისინი სხვადასხვა გემოვნების ადამიანები არიან. მაგრამ, როგორც ჩანს, დიზაინერებთან ერთად ეს ადამიანები ორ პრინციპულ საკითხში სრულიად თანხმდებიან. ერთი არის მოდელების (კაცის/ქალის) მარმარილოს, ბერძნული სკულპტურებივით გაქვავებული სახეები და მეორე – ქალი მოდელების “საკონცენტრაციო ბანაკის” წონის სტანდარტი, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება.
გამიგია, რომ ცეკვის სახელმძღავნელოები მოცეკვავეებს ასწავლიან, ცეკვის დროს ჰქონდეთ პირდაპირი მზერა, აწეული ნიკაპი და ნახევრად ღიმილიანი, ოღონდ დამუწული პირი. ურიგო არ იქნებოდა, მოდელებს პოდიუმზე ამდაგვარი რამ აეთვისებინათ, რადგანაც ასეთი ცივი და მსოფლიოზე გაბრაზებული მზერა სულიად არ უხდება, მაგალითად, ცნობილ ტელევასრკვლავს კენდელ ჯენერს, რომელსაც მარკ ჯეიკობსის ყავისფერი გამჭვირვალე ზედა ეცვა, მკერდი სრულად უჩანდა და თავისი მკაცრი სახითა და ჩონჩხისმაგვარი სიგამხდრით უფრო მეტად სცენას თანამედროვე ტრაგედიად გადააქცევდა, ვიდრე ხელოვნების კარნავალად. ამას ემატება ისიც, რომ მუსიკა, რომლის ფონზე მოდელები მარშირებენ, მათ სახეებთან სრულიად არაკონგრუენტულია. ავიღოთ თუნდაც წამდაუწუმ პოდიუმზე ძალიან მაღალი ქუსლების გამო ძირს დაცემული მოდელები, რომლებიც მაშინვე წამოხტებიან ხოლმე, მაგრამ სახეზე ისევ ისეთი მკაცრი, შეუვალი ნიღაბი აქვთ აფარებული, როგორც მშვიდობიანად მიმოსვლის დროს. ეს წაქცევებიც, ჟულიენ სორელის ცხენიდან ჩამოვარდნის არ იყოს, პოდიუმის საბრენდო კოდად გადაიქცა, ისევე როგორც საჯაროდ, წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდელი ჯენიფერ ლაურენსის დაცემები/წაბორძიკებები. მოდელების წონის შენარჩუნების ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ფასი, საბედნიეროდ, სულ უფრო და უფრო მეტ კომპანიასა და ფემინისტურ ორგანიზაციებს აწუხებს. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზეც არაერთი დაცემა იყო. ბუნებრივია, მხოლოდ ქალი მოდელების. მამაკაცებს არ სჭირდებათ ასეთ მწამებლურ დიეტაზე ჯდომა და მაღალ ქუსლებზე 24 საათი სიარული. რთულია დაიცვა ბალანსი ლამის ნახევარმეტრიან ქუსლებზე, როცა ბოლო ერთი–ორი თვის განმავლობაში დღეში ერთი ცალი ფორთოხლის გარდა არაფერი გიჭამია.
***
ლინკოლნ ცენტრის გარეთ, ქუჩაში კი ისევ სტილების სრული ქაოსი – დენდიდან განგსტერულ სტილამდე, მაღალი ესთეტიკა და კიჩი, რომელიც თანაბრად ნაწილდება კაბარეს მოცეკვავეების სტილში ჩაცმულობიდან კლასიკური ბრიტანელი ჯანტლმენის სამოსამდე და ამ თავისუფლებას ისე ირგებს ყველა, როგორც ენდი უორჰოლის კოკა – კოლას – “ყველაზე კარგი ამ ქვეყანაში ისაა, რომ ამერიკამ საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, სადაც ყველაზე მდიდარი მომხმარებლები ძირითადად იმავე საგნებს ყიდულობენ, როგორსაც – ძალიან ღარიბნი. თქვენ უყურებთ ტელევიზორს, ხედავთ კოკა – კოლას და თქვენ იცით, რომ მას პრეზიდენტი სვამს, ლიზ ტეილორიც და თქვენც სვამთ. და კოკა არის კოკა და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გაქვთ, თქვენ მაინც იმაზე უკეთესი კოკა არ გექნებათ, ვიდრე კუთხეში მიყუჟულ ბომჟს. ყველა კოკა იგივეა და ყველა კოკა კარგია. ლიზ ტეილორმა იცის ეს, პრეზიდენტმა, ბომჟმა და თქვენ იცით ეს”. უორჰოლმა, ფაქტობრივად, იგივე თქვა პლასტიკური ოპერაციების შესახებაც, რომელიც უკვე დაბალი შემოსავლის ადამიანებსაც ძალუძთ. სილიკონი მდიდრისთვის იგივე შემადგენლობის და ფასისაა, რაც სილიკონი – წელიწადში 21 ათასზე ნაკლები შემოსავლის მქონესთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახელმწიფო კვების ბარათებს აძლევს. იმ საგნების/ცნებების რიცხვში, რომლებიც ათანაბრებენ, ზეუტილიტარისტულსა და ზეესთეტიკურს ერთ რიგში აყენებენ, უპირველესად ტანსაცმელი დგას. შანელის რეპლიკისადმი, რომელიც ბრენდზე ათასჯერ ნაკლები ღირს, ისეთივე ჩვეულებირვი დამოკიდებულებაა, როგორც ორიგინალისადმი; ის კი არა, ადამიანები სპეციალურად ხაზს უსვამენ, რომ ეს ჩინური პატენტია (არა იმიტომ, რომ თავიანთი შემოსავლები დამალონ), რადგანაც სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გამოხატვს დროის სულს, რომელშიც სოციალური სტატუსომანია ანაქრონიზმია ანდა არსებობს, მაგრამ მისდამი დამოკიდებულება იცვლება – გნებავთ, რეფლექსიით/რეალურად, გნებავთ – პოზით/ მანერულობის ხათრით. ეს ცვლილება კი კემპის სრული წესებით მიმდინარეობს – გროტესკი, გაზვიადება, თეატრალურობა, ხელოვნურობის კულტი, თვითპაროდია და პაროდია თვითპაროდიაზე. ნიუ იორკი კი კემპური მგრძნობელობის ქალაქია, სადაც გემოვნება დიდი ამპლიტუდით მერყეობს და სადაც არაა საჭირო მდიდარ ბუტიკებში “შეღწევა”, რათა დაბალი სოციალური სტატუსის მქონეებმა გაიგონ, რა სიახლეებია ზედა ეშელონების მოდაში. ამისთვის საკმარისია ინტრენეტის ფული გქონდეს და 300-დოლარიანი ანდა უფრო იაფი ლეპტოპი. თანამედროვე ტექნოლოგია მოდის სიახლეების შესახებ წამში ავრცელებს ინფომაციას იმ ფონზე, როცა უკვე შეუძლებელი ხდება მოდის ხასიათის წამიეროი ცვლილებისთვის თვალის მიდევნება. ალბათ, ამიტომაც იყო წლევანდელი მოდის კვირეული ასეთი, წინა საუკუნის 30-იანების, 60–70 -იანების და ამ ათასწლეულის 2000-იანების ნაზავი. სტილებისა და დროის ასეთი აღრევით იგი თითქოს უკვე აღარ ემორჩილება განვითარების შიდა ლოგიკას.
დღეს სალვადორ დალის სტილისა და მანერების კემპისტები რომც გვყავდეს, დიდად ვერც შევამჩნვეთ, რადგანაც ეს სტილიც დიდი ხანია უკვე არახალია. სწორედ ნიუ იორკში შეიძლება გადაიქცეს სერიოზული სტილი – თვითირონიის თანამედროვე მეინსტრიმად, რაც ყველაზე კარგად (ვგულისხმობ გარეგნულ იერსახეს) ისევ და ისევ სწორედ ტანსაცმელში გამოიხატება. მასკულტურამ გაათანაბრა ელიტისა და ჯინსების დეტროიტელი მუშების გემოვნება. Conway– ში ნაყიდ ათდოლარიან ქურთუკში გამოწყობილმა ადამიანმა ძვირიან რესტორნში, მაგალითად, Le Bernardin-ში შეიძლება ისადილოს და 1970 წლის ფრანგული ღვინის Henri Jayer Richebourg Grand Cru–ს (დაძველების მიხედვით ბოთლი ღირს ორ–სამი ათასიდან ათი ათასამდე და შეიძლება, მეტიც) ერთი ბოთლი შეიძლება ვერა, მაგრამ შეუძლია საკრედიტო ბარათით თუ ნაღდი ფულით თავს უფლება მისცეს 500 ან მეტ დოლარიანი ღვინის 1 ჭიქა დააგემოვნოს. ენდი უორჰოლის არ იყოს, აღარ არსებობს “ცუდი გემოვნების კარგი გემოვნება” და, ალბათ, არც “კარგი გემოვნების ცუდი გემოვნება”. არაა გამორიცხული, შანელის პატარა შავ კაბაზე შანელის რკალების ნაცვლად მართლაც კოკა – კოლას წერტილები აკიაფდეს. “წითელი ხაზები” გადაკვეთილია და რჩება ერთი რამ: სტილების, გემოვნებათა, ელეგანტურობისა და ანტიელეგანტურობის ამპლიტუდის ერთობლიობის თითქმის ისეთივე ვინიგრეტი, რომელსაც სიუზან ზონტაგი კემპის დასახასიათებლად იყენებდა:
“პრერაფაელიტების მხატვრობა
ტიფანის ნათურები
არ– ნუვოს სტილი
ბალეტი “გედის ტბა”
აუბრი ბირდსლის ნახატები
XX საკუნის 20 –იანი წლების ქალთა ტანსაცმელი (ბუმბულის ბოა, ფოჩიანი მძივებიანი კაბები)
რიხარდ შტრაუსის ოპერები
მარლენ დიტრიხი ფილმში “ეშმაკი – ეს ქალია”
ბეტ დევისი ფილმში “ყველაფერი ევას შესახებ”
როკ მომღერალი ჯონი მიტჩელი.”
და ჩემგან დავამატებდი – ალექსანდრე მაკქუინის ფეხსაცმელები.