საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრაგამ მთავარი ისტორიული არჩევანი უკრაინამ უკვე გააკეთა – ეს ქვეყანა რუსეთის ექსლუზიური გავლენის სფეროდან სამუდამოდ გამოვიდა და უკან – იმპერიაში აღარასოდეს დაბრუნდება. 2013 წელს კიევის მაიდანზე დაღუპულმა ‘’ზეციურმა ასეულმა’’ საკუთარი სიცოცხლის ფასად ევრაზიულ კავშირად წოდებული განახლებული რუსული იმპერიის შექმნის გეგმებს საბედისწერო დარტყმა მიაყენა.
მაგრამ უკრაინაში სისხლი დღესაც იღვრება და იმპერიის ბოლო გაბრძოლებებს ხალხი ისევ ეწირება. უკრაინის აღმოსავლეთის ორ რეგიონში რუსი სეპარატისტები შეიარაღებულ აჯანყებებს აწყობენ. ექსპერტების აზრით არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების რამდენიმე გზა არსებობს: პირველი – ახლადარჩეული პრეზიდენტი მეამბოხეებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვას შეეცდება(რასაც ნაკლებად მოსალოდნელია შედეგი მოჰყვეს), მეორე – ხელისუფლება ანტიტერორისტულ ოპერაციაში მეტ ძალას გამოიყენებს- სეპარატისტების შეიარაღებულ გამაგრებებს არტილერიის და ავიაციის მეშვეობით გაანადგურებს და მათ მიერ დაკავებულ შენობებს ძალით გაათავისუფლებს.
მეორე გეგმის შესრულება შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ამ რეგიონებში მცხოვრები უიარაღო, მაგრამ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის შემორიგებაშია. არსებობს მესამე გზაც: რუსეთთან საზღვრის გადაკეტვა, ამბოხებული ქალაქების ალყაში მოქცევა და დალოდება. სეპარატისტების მიერ გამოცხადებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მეთაურები იმდენად ოდიოზური და დაბალი ინტელექტის ადამიანები არიან, რომ ცოტა ხანში იქაური რუსულენოვანი მოსახლეობა თავადვე აუჯანყდება. სეპარატისტების მეთაურებში ირიცხებიან: რუსეთში ძებნილი კრიმინალები, ფინანსური პირამიდების მომწყობი აფერისტები, შავრაზმელი ფაშისტები, ათასგვარი ავანტიურისტები და თვითგამოცხადებული დონეცკის პრეზიდენტი, რომელიც ‘’პრეზიდენტობამდე’’ სანტა კლაუსად მუშაობდა და ახალი წლის ღონისძიებებზე დონეცკელ ბავშვებს კარგი ქცევისთვის საჩუქრებს პირდებოდა. ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანები დიდი თამაშის შემთხვევითი პერსონაჟები არიან. რუსეთის სპეცსამსახურებს წინა პლანზე ასეთი შერეკილები განგებ გამოჰყავთ. იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ეს აჯანყება ნამდვილად ადგილობრივ მცხოვრებთა თვითშემოქმედებაა. მათ უკან კი ჭკვიანი ადამიანები დგანან და პროცესებს მართავენ.
სეპარატისტების’’ლიდერებს’’ რუსული სპეცსამსახურები თანდათანობით უკან აჩოჩებენ და წინ პროცესების რეალური წარმმართველები გამოდიან. ამის პირველი ნიშანი უკვე გამოჩნდა – ცნობილი რუსი პოლიტტექნოლოგი და იმპერიალისტი გვარად ბოროდაი დონეცკის პრემიერ მინისტრად დანიშნეს. სხვა იდეოლოგები-დუგინი, ლიმონოვი და ასე შემდეგ მოვლენებს რუსეთიდან აკვირდებიან, იქაურ რუსებს აქეზებენ და თავს აღმოსავლეთ უკრაინის მომავალ მმართველ ბელადებად ხედავენ. მომავალი ხელისუფლების ამოცანა სწორედ დუგინის და ლიმონოვის მსგავსი ადამიანების უკრაინაში არდაშვება უნდა იყოს, რომ მათ დონეცკსა და ლუგანსკში ფსევდო სახელმწიფო ‘’ნოვოროსია’’ არ შექმნან.
შარშანდელი ზამთარი და წლევანდელი გაზაფხული მართლაც ისტორიული მოვლენების დრო იყო. პოსტ-იმპერიული თუ პოსტ-საბჭოთა სივრცე ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. მოსკოვმა დაინახა, რომ მის ზოგი ერთ ყოფილ კოლონიებში მცხოვრები ხალხები ეთნოსის მდგომარეობიდან გამოვიდნენ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაციებად ყალიბდებიან. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ ისინი მეორადი რუსები კი არა თვითკმარი ნაციაა. პუტინის გათვლები არ გამართლდა და ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის მოსახლეობა ისეთივე უკრაინული და პატრიოტი გამოდგა, როგორც ლვოვი, ლუცკი, ივანო-ფრანკოვი, რივნო, ტერნოპოლი და რაც მთავარია კიევი. დღემდე რუსეთი თვლიდა, რომ უკრაინულობა მხოლოდ უკრაინის დასავლეთის რამდენიმე რეგიონს-გალიციად წოდებულ მხარეს ახასიათებს. ალბათ პუტინისთვის დიდი სიურპრიზი იყო, რომ თურმე მთელი უკრაინა (ორი რეგიონის გარდა. სადაც უკრაინელი პატრიოტები ასევე ცხოვრობენ) ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, გრუშევსკის, ჰეტმანთა, თავისუფალი ზაპოროჟიელი კაზაკებისა და სხვა წინაპართა ერთგულია.
იმპერიები სამხედრო ძალით და ტერიტორიული ექსპანსიით იქმნება. მაგრამ იმპერია, რომ შენარჩუნდეს ცენტრს, იმპერიულ ერს, მეტროპოლიას პერიფერიასთან-კოლონიებთან შედარებით ცივილიზაციური უპირატესობა უნდა ჰქონდეს. რაკიღა რუსეთის იმპერია არსებობდა და 200 წლის განმავლობაში ჩვენც ამ იმპერიის ნაწილი ვიყავით უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული ელიტა ქართულს, უკრაინულს, სომხურს თუ უზბეკურს სჯობდა. უფრო მეტი იცოდა, უფრო მაღალორგანიზებული, საზრისებით აღჭურვილი და მარტივად რომ ვთვათ უფრო ჭკვიანი იყო. სხვანაირად ჩვენ რუსეთის ორგანული ნაწილი ვერ გავხდებოდით და ქართული ელიტა იმპერატორის თუ გენერალური მდივნის კარზე სიამოვნებით არ იმსახურებდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ბალტიისპირელები რუსეთის თუ სსრკ-ს ორგანულ ნაწილად არასოდეს ითვლებოდნენ, თუმცა კი იმპერიის ნაწილი იყვნენ. და ეს იმიტომ, რომ პოლიტიკური კულტურით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებით და ცივილიზაციურად რუსებზე ყოველთვის წინ იყვნენ.
უკაინელებმა აჩვენეს, რომ ისინი, როგორც ერი ცივილიზაციური კრიტერიუმებით რუსებს არაფრით ჩამოუვარდებიან და ბევრად უსწრებენ კიდეც. ქვეყნისთვის ეკონომიკა და პოლიტიკა მხოლოდ საშუალებაა და ფორმაა. შინაარსი კულტურა და ცივილიზაციაა. როდესაც რუსული იმპერიული ელიტა ქართული ნაციის არსებობას აღმოაჩენს, ნაციის რომელსაც სამყაროზე და საკუთარ მომავალზე მისგან განსხვავებული ხედვა აქვს ჩვენს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის. ქართული სახელმწიფოს არსებობას შეეგუება და თავისუფლების წართმევაზე ხელს აიღებს. რა დიდი ძალაც არ უნდა გიპირისპირდებოდეს, თუ თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ნაცია ხარ ვერაფერი დაგამარცხებს. თავისუფლება შინაგანი-იმანენტური მდგომარეობაა და გარე ძალებისგან მანიპულირებას არ ექვემდებარება. იმპერიის არსი კი სწორედ მეტროპოლიის მიერ პერიფერიული ეთნოსების მანიპულირებაში მდგომარეობს. უკრაინელზე რუსეთში გავრცელებული სტერეოტიპი -‘’ხახოლი’,’ რომელიც სალას ჭამს, სურჟიკის დიალექტზე საუბრობს და ხალხურ მელოდიას ღიღინებს – დაიმსხვრა. ქართველის შესახებ რუსეთში დამკვიდრებული სტერეოტიპი-ჭკუამხიარული სამხრეთელი, მემწვადე, მეფანდურე, პათეტიკური თამადა, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ტრაბახა ტიპი – ასევე უნდა დაინგრეს. სამწუხაროდ, ჩვენი ელიტის დიდი ნაწილი- ინტელიგენცია, სამღვდელოება თუ პოლიტიკური კლასი დღემდე ქართველის ამ კარიკატურულ ხატსახის შენარჩუნებაზე მუშაობს და ამით დამპყრობლის მადას აღვიძებს. თუ სახელმწიფოსა და თავისუფლების შენარჩუნება გვინდა ეს იმპერიის მიერ კონსტრუირებული ქართველის ტიპი უნდა გაქრეს და მისი ადგილი თავისუფალმა მოქალაქემ დაიკავოს.