Netgazeti Blogs | უკანასკნელი გემი უკანასკნელი გემი – Netgazeti Blogs

უკანასკნელი გემი

ბროდვეიზე უკვე თვეზე მეტია “ნეილ საიმონ თეატრში” “პულიცერისა” და “ტონის” მფლობელი ამერიკელი დრამატურგის – ბრაიან იორკეისა და ოსკაროსანი ფილმების ასევე ამერიკელი სცენარისტის – ჯონ ლოგანის მუსიკალური შოუ “უკანასკნელი გემი” (რეჟისორი – ჯო მანტელო)  ლამის ყოველდღე გადის. დადგმის მიმართ ნიუ იორკელებისა და ქალაქის სტუმრების ყურადღება იმანაც გამოიწვია, რომ The  Last Ship–ის მუსიკა და სიმღერების ტექსტი 16 “გრემის” მფლობელ სტინგს ეკუთვნის.

ამ შოუში სტინგი არა მხოლოდ მუსიკის ავტორად, არამედ სცენაზე ჯეკი უაიტის როლის შემსრულებლადაც მოგვევლინა. სტინგისთვის ეს არაა პირველი სამსახიობო როლი და არც პირველი “საუნდთრეკი”. თუმცა მისი მონაწილეობა უფრო მეტად განპირობებული იყო შოუს პოპულარობის მიზნით. მან “უკნასკნელ გემში” მხოლოდ  2014 წლის 9 დეკემბრიდან 2015 წლის 24 იანვრამდე მიიღო მონაწილება. მანამდე კი ჯეკი უაიტის როლს ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი, მსახიობი და მომღერალი ჯიმი ნეილი ასრულებდა.

2011 წელს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი  მიუზიკლზე “უკანასკნელი გემი” მუშაობს, რომელიც მაყურებელმა პირველად ჩიკაგოში Bank of America Theatre-ში იხილა (2014, ივნისი). შოუ 33 დღე მიმდინარეობდა და 15 მილიონი დოლარი  დაჯდა. The Last Ship-ის შექმნის იდეა სტინგს ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ გაუჩნდა, როცა გადაწყვიტა დაეწერა მიუზიკლი, რომელიც თავის ბავშვობასა და დაბადების ადგილს დაუკავშირდებოდა. 2013–ის სექტემბერში გამოვიდა სტინგის XI ალბომი ამავე სახელწოდებით The Last Ship. თუმცა ბროდვეის სცენაზე მუსიკა არა მხოლოდ ამ ალბომიდან აჟღერდა, არამედ სტინგის ადრინდელი რეპერტუარიდანაც – Islands of Souls, All This Time, When We Dance, Ghost Story, რომლებიც  მაშინვე იწვევდა ნოსტალგიურ განცდებს, რადგანაც პირადად ჩემთვის ისინი წინა საუკუნესთან, დაუბრუნებელ დროსთან ასოცირდება… სცენარის ერთ–ერთი ავტორი ბრაიან იორკი ჯერ კიდევ შოუს რეჟისურამდე აანონსებდა, რომ “სტინგი მუსიკას დიდი თეატრისთვის წერდა. ის, რასაც სტინგი ქმნის, არის მუსიკის თეატრიც. ეს არაა მხოლოდ  თეატრში გადმოტანილი პოპმუსიკა”.

გორდონ მეთიუ თომას სამერი (სტინგი) ინგლისის ჩრდილოეთში მდებარე პატარა გემთსამშენებლო ქალაქ უოლსენდში დაიბადა. მას ისიც ახსოვს, რომ, როცა ძალიან პატარა იყო, მის ქალაქში, სადაც ცნობადი სახეები არასოდეს ჩამოდიოდნენ, ერთხელაც გემის წყალში ჩაშვების ცერემონიას დედოფლის დედა ესტუმრა; ახსოვს ის, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა იგი მანქანიდან შეამჩნია, ხელი დაუქნია, პატარამ კი გამალებით დაიწყო ბრიტანული დროშის ფრიალი და, როგორც სტინგი ამბობს, მან ზუსტად მაშინ გადაწვიტა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა არა ქუჩაში ანდა გემბანზე მდგარიყო, არამედ ისეთ მანქანში ჩამჯდარიყო, როგორშიც  ბრიტანეთის სიმბოლოები ისხდნენ… “როლს–როისში”. “ეს ქალაქი ჩემი იდენტობის ნაწილია. ადგილი, სადაც გავიზარდე და მე ვამაყობ ამით,” – ამბობს სტინგი.

“უკანასკნელი გემი”  1980–იანებში ბრიტანული გემთმშენებელი ქარხნის მუშების რუტინაზე მოგვითხორბს; კერძოდ, მთავარი გმირის – გიდეონ ფლეტჩერის (მაიკლ ესპერი) ცხოვრებაზე, რომელიც წლების წინ სამოგზაუროდ  წავიდა, თავისი შეყვარებული დატოვა, 15 წლის შემდეგ კი უძღები შვილივით ისევ თავის პატარა ქალაქს დაუბრუნდა, რომელიც სრული ეკონომიკური დეპრესიით მოცული დახვდა. ლიბრეტოში კონკრეტული დრო არაა მითითებული, თუმცა ადვილად მისახვედრია პოსტინდუსტრიული ინგლისის მოტივები… დაბრუნებულ „უძღებ შვილს“ სამშობლოში დახვდა შვილი, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა;. ქალი, რომელიც ფლეტჩერს ისევ უყვარდა, მაგრამ იგი სხვაზე აპირებდა გათხოვებას (სასიყვარულო სამკუთხედი); მამა, რომელიც გარდაეცვალა და რომელსაც უნდოდა, რომ შვილს ამ გემთშენებლობაზე ემუშავა… გარეთ “რკინის ლედის” ეპოქაა, რომლის დროსაც  გემთმშენებელ ქარხანას დახურვა ემუქრება. ჰოდა, მუშები გადაწყვეტენ თავად ააშენონ “უკანასკნელი გემი”, თუმცა სცენარში არ ჩანს, თუ საითკენ აიღებს გეზს ეს ქმნილება მას შემდეგ, როცა მის ბაქანზე ყველა ის შეიკრიბება, ვინც მას აშენებდა… სტინგის პოპმუსიკამ, რომელიც მეზღვაურების გუნდის სიმღერებსა და ალა – კელტურ მუსიკაში გარდაიქმნა, პროვინციული უელსენდის  მუსიკალური დრამატიზაცია შეძლო. გემი კი მიდის, მაგრამ უკომპასოდ… ეს არც ნოეს კიდობანია, არც მეშახტეების გაფიცვის ფონზე მიმდინარე ბილი ელიოტის თავგადასავალი, არამედ – უბრალო, სევდიანი ისტორიაა ადამიანებზე, ქალაქზე, ნოსტალგიაზე, დამსხვრეულ იმედებსა და სიყვარულზე.

                                                                            ***

 

რამდენიმე კითხვით “უკანაკსნელი გემის”  ერთ–ერთ მსახიობსა და მომღერალს,  The Last Ship – ში Mrs. Dees -ის როლის შემსრულებელ  შაუნა ჰამიქს მივმართე: 

 

ეს ჩემი დებიუტი იყო ბროდვეიზე. ყოველთვის ვოცნებობდი ბროდვეიზე მეთამაშა.  ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსის – სტინგის მუსიკაზე დაწერილ მიუზიკლში თამაშს კი ვერც ვიოცნებებდი. კასტინგი 2013 წლის ოქტომბერში გავიარე. პირველ სატელეფონო ზარსა და ჩემს როლზე მუშაობის დაწყებას შორის მხოლოდ ხუთდღიანი შუალედი იყო. ეს იყო ყველაზე მოკლე პერიოდი, რაც კი რომელიმე როლის მიღებისთვის დამჭირვებია.

 

როგორი იყო მსახიობ სტინგთან მუშაობა?

 

მთელი გუნდი გასაოცარი იყო. ჯო მანტელო – რეჟიროსი, სტივენ ჰოგეტი – ქორეოგრაფი, ჯონ ლოგანი – მწერალი, ბობ მათესი – ორკესტრირება/ არანჟირება და, რასაკვირველია, თავად სტინგი. სტინგი იყო კეთილმოსურნე და,  ასე ვთქვათ,  ოთახში  ყველაზე ძლიერი მშვიდი ძალა. ყველა ვმუშაობდით იმისთვის, რომ მისი ორიგინალური მუსიკა ძალიან კარგად გაჟღერებულიყო. ეს იყო მთლიანად სტინგის მუსიკა და ამავე დროს წმინდა მუსიკალური თეატრი. მე მიყვარს შოუს მუსიკა.

 

თქვენი ეპიზოდური როლის მიუხედავად, თქვენი პარტიაც გქონდათ…

 

სტინგმა სპეციალურად ჩემთვის, მას შემდეგ, რაც როლზე ამიყვანეს, სიმღერა “მისის დისის აბობოქრება” დაწერა. ეს ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემმა უსაყვარლესმა მუსიკოსმა სპეციალურად ჩემთვის სიმღერა დაწერა. ეს ჩემთვის, ცხადია, უდიდესი პატივია. შოუ ყველა მომენტი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. გული დამწყდა, რომ იგი დასრულდა. არადა, არ მინდოდა დასრულებულიყო. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. მხოლოდ – დრომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშშ ია მერკვილაძე. ნიუ იორკი. აშშ