შენიშვნები თბილისში ცხოველების მოვლა პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესზე

რამდენადაც ცხოველთა დამცველ საზოგადებაში გახდა ცნობილი, 2015 წლის 2 მარტს ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაეცა განხილვისათვის ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის კანონპროექტი. 

კანონპროექტი მისი შექმნის პროცესში არ ყოფილა განხილული ფართოდ საზოგადოებაში და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას ვინაიდან იგი ეხება ყველას ვისაც დღეს ჰყავს ცხოველი ან მომავალში ეყოლება იგი.

დოკუმენტი დაწერილია ცხოველთა მეპატრონეების და ცხოველთა პოპულაციების კონტროლის მიზნით და მასში აღწერილია მხოლოდ ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. არსად  წერია რაიმე ცხოველთა მეპატრონეებისა და მიმკედლებლების უფლებების შესახებ, არც მუნიციპალიტეტის ვალდებულებების შესახებ. ფაქტიურად ცხოველთა მეპატრონეები განიხილებიან ცალმხრივად, როგორც პრობლემა და არა როგორც სიკეთე. ასევე ცხოველებიც განიხილებიან როგორც პრობლემა და არა როგორც რაიმე პოზიტიური ფასეულობის მატარებლები. ამიტომ, აუცილებელია დოკუმენტის პესპექტივის შეცვლა, მისი გაობიექტურება და მართვის არა ხისტი და უაპელაციო ფორმის დაგეგმვა არამედ კოოპერაცია და კეთილგანწყობა. ეს დოკუმენტი შეიცავს საკმაოდ შემაშფოთებელ ინტონაციებს და ფრაზებს და აუცილებელია მისი გადახედვა. ასევე, აუცილებელია მისი განხილვის პროცესში ჩართვა ცხოველთა მეპატრონეებისა და დაინტერესებული მხარეებისა. ვითხოვ, მის მასშტაბურ განხილვას სტეიკჰოლდერების ფართო წრეებში და მის მიმართვას ცხოველთა და ადამიანთა კეთილდღეობაზე და არა ცხოველების და მათი პატრონების სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველ ელემენტებად დასახვაზე.

ეს დოკუმენტი ჯერ არ არის დამტკიცებული და გამოქვეყნებული მაგრამ სწორედ ახლაა დრო მის მიმართ პრეტენზიების წაყენებისა. ამიტომ მე თავს უფლებას მივცემ და დავწერ შენიშვნებს იმ საეჭვო პუნქტებზე რაც მე მამცნეს სხვა ცხოველთა დამცველებმა.

 

დოკუმენტი მოიცავს ცხოველების ცხოველის პატრონის მოვალეობებს მხოლოდ და არა მუნიციპალიტეტის მოვალეობებს ან ცხოველთა პატრონების  უფლებებს რაც ნებისმიერ იურიდიულ დოკუმენტს აქცევს არასრულყოფილად და არასრულფასოვნად. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია.


დოკუმენტში გაუკვეველი მიზნით მოყვანილია  ჩამონათვალი იმ საპატიო შემთხვევებისა როცა ადამიანი ოფიციალურად გამოცხადდება მოვლა–პატრონობის უუნაროდ. აქ ვკითხულობთ:

ი) ცხოველის სათანადო მოვლა–პატრონობის შეუძლებლობა – შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის პატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის პატრონის საცხოვრებელი პირობბის მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარულ–ჰიგიენური პირობებით ცხოველისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება;


გარდა იმისა, რომ ამ აბზაცის მიზანი სრულიად ბუნდოვანია და გაუგებარია, შემაშფოთებელია თვით მისი შინაარსი და განსაკუთრებით, ჩამონათვალში სოციალურად დაუცველის სტატუსის ხილვა. ყველამ კარგად იცის და ყველას მოეხსენება რომ სოციალურად დაუცველობა არ წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს ცხოველის მოვლისათვის და შესაბამისად ამოსაღებია ამ ჩამონათვლიდან. ეს ჩამონათვალი შეიცავს ადამიანის უფლებების შელახვის ელფერს და შესაბამისად არის დანაშაულებრივი. თუ მიზანი მიზანშეწონილი არაა მაშინ მთლიანად აბზაცია ზედმეტი.


აქვე ვკითხულობთ საოცარ მოთხოვნას:

  1. ძაღლის პატრონი ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ან აღნიშვნა ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიაზე.

                                  

ანუ იქნებ ამიხსნას ვინმემ, სწორად გავიგე რომ ბინის კარებზე უნდა დავკიდოთ წარწერები „ფრთხილად ძაღლია“? აქ თითქმის ზედმეტია კომენტარი… მოდის ასოციაციები ბართლომეს ღამესი, ებრაელთა ამოსაცნობი ვარსკვლევებისა მესამე რეიხის დროს…ამოსაღებია!


დოკუმენტი  განსაკუთრებით პრობლემური ხდება როცა საქმე ცხოველის ავადობასა და სიკვდილზე მიდგება. დოკუმენტში ვკითხულობთ:

  1. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყონებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც თავის მხრივ, ადამიანისა და ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობსათვის საშიში ამ წესის დანართი N4–ში მითითებული დაავადებების დადგენის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს:


ა) ამ წესის პირობებით ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/უტილიზაცია/კრემირება;


შენიშვნა: როგორ შეიძლება დაავალდებულო ვინმე ავადმყოფობის შემთხვევაში (გინდ ადამიანის, გინდ ცხოველის), რომ მიმართოს დაწესებულებებს. ეს არის არა ვალდებულება არამედ უფლება და ამ ორის აღრევა სერიოზულ პრობლემებს შექმნის. გაუგებარია, რატომ, არ უნდა სცადოს პატრონმა ცხოველის მკურნალობა იმ დაავადებებზე რომელთა ჩამონათვალიც მოყვანილია თქვენს დოკუმენტში?

გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ტერმინი უტილიზაცია? ანრომელ კრემირებაზეა ლაპარაკი, როცა არ არსებობს კრემატორიუმი? არსებობს ერთადერთი ორმო – ბეკერის ორმო სადაც სავარაუდოდ ,დოკუმენტის შემდგენებს სურთ ყველა ცხოველის ჩაყრა. ეს წინადადება არც თუ ისე ზნეობრივად გამოიყურება. ეს პუნქტი ამოსაღებია.

20. ცხოველის კვლევის მკურნალობის ევთანაზიისა და დამარხვა უტილიზაცია კრემირების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის პატრონი.


აქ ნათქვამია, რომ თურმე მას შემდეგ რაც ცხოველი ავად გახდება და სავალდებულო წესით შევატყობინებთ შესაბამის ორგანოს, ისინი ფასიანი სერვისით დაგვიძინებენ და ჩაგვიგდებენ ცხოველს ბეიკერის ორმოში. ეს არის კიდევ ერთი სრულიად გაუგებარი და სავარაუდოდ არცთუ ისე ზნეობრივი წინადადება ამ ტექსტში. ეს პუნქტი ამოსაღებია და პოზიტიური აზრი სხვა ფორმითააჩამოსაყალიბებელი.


კიდევ უფრო მძიმე ინფორმაციას ვკითხულობთ შემდგომ პუნქტში:

11. ცხოველის გვამის დამარხვა, უტილიზაცია და კრემირება დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში.


არც ერთ ქვეყანაში არ განიხილება უსახური, ამაზრზენი ბეიკერის ორმო, როგორც ოჯახის ცხოველების დამარხვის ერთადერთი საშუალება.   საზღვარგარეთ არც კრემაცია განიხილება მიწისთვის ცხოველის მიბარების სავალდებულო ფორმად. კი ვართ მიმბაძველები, მაგრამ ვერ გავიგე ვის ვბაძავთ? კონკრეტულად რომელ მონსტრ სახელმწიფოს, რომელიც ოჯახიდან იტაცებს ცხოველების გვამებს და საფასურის ნაცვლად წვავს ან საერთო ღია ორმოში აგდებს დასალპობად? მსგავს ცინიზმს იყენებდნენ აიათოლას დროს ისლამისტი ექსტრემისტები წინააღმდეგობის მოძრაობის დისიდენტების დახვრეტისას… ასევე მსმენია რომ საბჭოთა კავშირში ტყვიის საფასურს ახდევინებდნენ დახვრეტილი დამნაშავის ოჯახს. ეს პუნქტი ამოსაღებია!


26. ცხოველის პატრონი ვალდებულია საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში,სათანადო ზომების მისაღებად დაუყონებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.ესეც გაუგებარია.. არ მოვა რეგისტრაციაზე მომავალ წელს და გაიგებთ რომ მოკვდა ძაღლი. ასეთი ჟანდარმული დამოკიდებულება სრულებით უადგილოა. ეს პუნქტი ამოსაღებია და პოზიტიური აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა ფორმითაა ჩამოსაყალიბებელი.

ასევე დოკუმენტში ვკითხულობთ:


6. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულების ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებსი შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.


ეს უნდა იყოს პატრონის უფლება და არა ვალდებულება. მეგობრებო, თავშესაფრები მოსახლეობას სთავაზობენ კეთილდღეობის სერვისს და არასადამსჯელო „ვახტიორულ“ საქმიანობას. ეს პუნქტი გადასახედია და სხვა ფორმითაა დასაწერი. გასაგებია რომ ცხოველი უნდა აღრიცხვაზე დადგეს ახალ საცხოვრებელ ადგილზე მაგრამ მკაცრი ვადების დაწესება უადგილოა.


ასევე პრობლემურია მიდგომა ცხოველის გამრავლების მიმართ. მაგალითად:

8. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული მეტისის (ნარევი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა (სტერილიზაცია/კასტრაცია) ქირურგიული ან სხვა ცხოველისათვის უვნებელი საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.


აქ გაწერილი უნდა იყოს თუ რა იგულისხმება „სხვა ცხოველისთვის უვნებელ საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ მეთოდში“.  კეროძოდ იზოლაცია, საბმელით გასეირნება, კონტრაცეფცია… დააზუსტეთ. ასევე გაუგებარია, რატომ ვტოვებთ სურათიდან ჯიშიან ძაღლებს? 


გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში სადაც სტერილიზაციით მოკვდინებული ცხოველების რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა სავალდებულო არ უნდა იყოს. არამედ უნდა დარეგულირდეს გამრავლება თვითონ.ანუ ნაყარის რეგისტრაცია და ასე შემდეგ. რაც პრინციპში დოკუმენტში დაიმზირება: 


“7. ცხოველის პატრონივალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულებისინფორმირება, საკუთრებაში ( მფლობელობაში) არსებული ცხოველის ნაყარის და მისიგასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა) თითოეული ფაქტის შესახებ. ნაყარისშემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნებისუზრუნველსაყოფად.” ამ პუნტქს ვეთანხმები.


დოკუმენტში ვკითხულობთ:

12.ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისათვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან საჭდით (ბირკით) ან ყელსაბამით.


აქ ცდებით ბატონებო, ცხოველის პატრონი კი არა, სწორედ რეგისტრაციის ორგანო არის ვალდებული გადასახადის სანაცვლოდ (რომელიც უნდა იყოს მინიმალური მაქსიმუმ 10 ლარამდე) მისცეს ბირკა ცხოველის პატრონს სადაც ამოტვიფრული იქნება იდენტიფიკაციის ნომერი მონაცემთა ბაზიდან (სწორედ ასე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში). ხოლო ტატუირება და მიკროჩიპირება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ყოველ შემთხვევაში, ვინც ამას არ გააკეთებს ის არ იქნება უზრუნველყოფილი დაკარგული ცხოველის მუნიციპალიტეტის მიერ ამოცნობის მომსახურებით. ეს პუნქტი სხვაგვარადაა დასაწერი!


შემდგომ:

17. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს სეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვ ის დროის, ადგილის გარემოებებისშესახებ და სხვა).


ისევ და ისევ… რა ვალდებულებაზეა ლაპარაკი? ეს არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. მოქმედების სქემა ასეთი უნდა იყოს: მუნიციპალიტეტი, როცა აღმოაჩენს ცხოველს და დაადგენს მის პატრონს უნდა დაუკავშირდეს პატრონს და მოსთხოვოს ძაღლის წაყვანა. გარდა ამისა, სწორედ მუნიციპალური თავშესაფარია ვალდებული, ყველა ნაპოვნი ცხოველის შესახებ განათავსოს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომ საშუალებებში. თუ პატრონი უარს იტყვის ცხოველის წაყვანაზე, მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს პუნქტი სხვაგვარადაა დასაწერი!

 

დოკუმენტი ასევე განიხილავს თუ როდის უნდა გამოყენებულ იქნას ევთანაზია ცხოველის მიმართ.


კერძოდ ევთანაზია გამოიყენება:

ი) იმ ცხოველების მიმართ, რომელთაც ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად,ვერ დაუდგინდათ პატრონი ან ვერ მოიძებნა მათი ჩუქების თუ მიკედლების მსურველი,თავშესაფარს არ გააჩნია ცხოველების სტერილიზაცია–კასტრაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა (ამოწურულია ოპერაციების ჩატარების და პოსტოპერაციული სივრცისრესურსი), თავშესაფარში ცხოველის დატოვების ფაქტი უარყოფითად აისახება თავშესაფრის გამტარობაზე, მისი დატვირთვის და სანიტარულ–ვეტერინარულ მდგომარეობაზე, ხოლო სტერილიზაცია–კასტრაციის გარეშე ცხოველის დაბრუნება ბინადრობის პირვანდელ არეალში ვერ უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციების მართვა–კონტროლის და ამ წესის სხვა მიზნებს.


აქ ლაპარაკია რომ თუ თავშესაფარს დაუდგა გამტარობის პრობლემა და ასევე ამოწურული აქვს სტერილიზაცია–კასტრაციის რესურსი, ჯანმრთელი ცხოველი უნდა მოიკლას. ეს ძალიან სამწუხარო და მიუღებელი აზრია, რადგან დღესდღეისობით თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი არის ერთადერთი , ხოლო ცხოველი – უამრავი, რაც უცილობლად მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველის მოკვდინების ეს პუნქტი ძალიან ხშირად იქნება გამოყენებული.  ამიტომ ეს პუნქტი ამოსაღებია!


და

ბ) იმ ცხოველთა რაოდენობის რეგულაციის მიზნით, რომლებშიც არ არის სტერილიზაცია კასტრაციის მათ შორის ბიოსტერილიზაციის მეთოდების გამოყენების საშუალება.


ამ წინადადებით ნათქვამია, რომ ცხოველების ევთანაზია მოხდება ყველა სიტუაციაში, სადაც არ არის სტერილიზაცია–კასტრაციის შესაძლებლობა. მაშასადამე, მსგავსი მიდგომა მთლიანად ათავისუფლებს თბილისის გარეთ დანარჩენ საქართველოში ძაღლმკვლელებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, გაუგებარია, რას ნიშნავს ბიოსტერილიზაცია? ეს პუნქტი ამოსაღებია და პოზიტიური აზრი სხვა ფორმითაა ჩამოსაყალიბებელი.


დოკუმენტი ეხება ცხოველთა პოპულაციის მენეჯმენტსაც. აქ შეგვიძლია ვიხილოთ აბზაცი:


3. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე დოკუმენტურად დადგინდება, რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და წარმოშობს მომეტებულ რისკებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ზომები, რომლებიც შეამცირებენ უპატრონო ცხოველების რაოდენობას, მოქმედი კანონდმებლობის საფუძველზე.


თუ სწორად გავიგე, ფაქტიურად ნათქვამია, რომ თუ ცხოველების რიცხვი გადააჭარბებს რაღაც რიცხვს ფაქტიურად შესაძლებელია ცხოველების სიცოცხლის მოსპობის გამოყენება.  ეს პუნქტი ამოსაღებია!

ზოგადად ვიტყოდი, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა უნდა მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს და დაისახოს მიზნად ყველა მოქალაქის კეთილდღეობა გონივრულ ფარგლებში. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მონიტორინგის სამსახური ძალაუფლების პოზიციაში დგება, ავალდებულებს მოქალაქეებს, ხოლო თავის ვალდებულებებს არ აცხადებს და არ სახავს სიტუაციას მომსახურების ჭრილში. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ დოკუმენტის პერსპექტივა და განწყობა  შესაცვლელია და აქედან გამომდინარე გადასახედია როგორც ზემოთ ხსენებული ასევე სხვა პუნქტებიც. ცხოველთა აღრიცხვიანობას, რეგისტრაციას და გამრავლების შეზღუდვას ვეთანხმები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მიმკედლებლების, მეტისების პატრონების და ცხოველების დაზიანების ხარჯზე.

თანამედროვე მსოფლიოს და ცხოველთა დაცვას მიგნებული აქვს ცხოველთა იაფი და სწრაფი სტერილიზაცია კასტრაციის მეთოდებისათვის. ეს მეთოდები ცნობილია ქართველი ცხოველთა დამცველებისათვის. აშშ–სა და ინდოეთში 10000–ობით ცხოველებს უკეთებენ ინექციით კასტრაციას და სტერილიზაციას. მდედრების სტერილიზაცია იმუნოსტერილიზაციის მეთოდით შექცევადია 2–3 წლის შემდეგ ხოლო მამრების ფაქტიურად შეუქცევადია კალციუმქლორიდის სპირტ–ხსნარით რისი განხორციელებაც 1 ძაღლზე სულ 5 წუთიან პროცედურას წარმოადგენს. შეუქცევადი ქირურგიული ოპერაციები ძვირი სიამოვნებაა და ღარიბ ქვეყნებში პრობლემის ნელ და თანდათანობით გადაჭრას გვთავაზობს, ხოლო თუ მას შევახამებთ ზემოთხსენებულ მეთოდებთან საუბარი რესურსების უკმარისობაზე, მიკედლების არეალში დაბრუნების შეუძლებლობაზე და გამოუვალ მდგომარეობაზე ფაქტიურად უადგილო გახდებოდა.  მოგვეცით უფლება ჩავერთოთ მსგავსი პროექტების შემუშავების პროცესში და დამერწმუნეთ, არ იარსებებს უკმაყოფილო დაინტერესებული მხარე გარდა იმ მხარეებისა ვისაც არაკეთილსინდისიერი მოტივები ამოძრავებთ.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოდან ქუჩაში მცხოვრები რამდენიმე ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. 25.03.2015; ფოტო: თბილისის მერია
თბილისში, ნუცუბიძის პლატოდან ქუჩაში მცხოვრები რამდენიმე ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. 25.03.2015; ფოტო: თბილისის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა ბუხსიანიძე