ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

ბარტონისა და ელფმანის ‘მაკაბრისტიკა’

21.09.2015 | 1256 | ია მერკვილაძე
ბარტონისა და ელფმანის ‘მაკაბრისტიკა’

საუბარია კომპოზიტორ დენიელ (დენი) ელფმანზე, რომელსაც ცნობილ კინორეჟისორთან ოცდაათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და რომელსაც მუსიკა ბარტონის მხოლოდ ორი ფილმისთვის არ დაუწერია. ყველა დანარჩენი კინომუსიკალური “ცეკვა სიკვდილთან” ელფმანისაა: “ბეტმენიდან” და “პატარძალი – გვამიდან” დაწყებული ვიდრე “ჩარლი და შოკოლადის ქარხნითა” და “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” დამთავრებული.

ტიმ ბარტონის “მთელი ამალა” ექვსი წლის წინათ ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვიხილე. მარტო მისი ნახატები – არა. გამოფენის პირველ დღეებში MoMA-ს დარბაზებში შემთხვევით ბარტონის საყვარელ იმიჯპერსონებს  – ჯონი დეპსა და  ტიმის იმდროინდელ შეყვარებულს, მსახიობ ჰელენა კარტერსაც გადაეყრებოდით. ოღონდ არა ინფერნალურ მაკიაჟ–კოსტუმებში გამოწყობილებს, როგორც ისინი რეჟისორის ერთი ფილმიდან მეორეში მოგზაურობენ, არამედ სააქაოს ბინადართა სამოსში. 

 

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბურბანკში (რომელსაც “მსოფლიოს მედიის დედაქალაქს” უწოდებენ) დაბადებულმა ტიმმა არაერთხელ ასახა თავისი მშობლიური, “შავი ფანტაზიის” ქალაქის კონტურები, მაგალითად, ფილმში “მაკრატლისხელება ედუარდი”. ბარტონზე ხუთი წლით უფროსი დენი ელფმანიც კალიფორნიელია (ოღონდ ნახევრად), რომელიც ჯერ მთელს თავისუფალ დროს კინოთეატრებში ატარებდა, მერე საფრანგეთსა და აფრიკაში (აქ იგი ლამის მალარიას შეეწირა) ახალი რიტმებისა და მელოდიების შესასრუტად გაემგზავრა, მერე სამშობლოში დაბრუნებისას  როკბენდში მღეროდა და სიმღერებს თხზავდა, მერე ძმის მიერ გადაღებულ ფილმში ეშმას როლი ითამაშა, მერე კი ტიმ ბარტონი აღმოაჩინა.

 

დენიელ ელფმანი
დენიელ ელფმანი

1985 წელს ტიმ ბარტონმა და კომედიურმა მსახიობმა პოლ რუბენსმა დენი ელფმანი  კარნავალური ფილმისთვის “ფი–უიის დიდი თავგადასავალი” კინომუსიკის დასაწერად მიიწვიეს. რადგანაც ელფმანს არასრული სამუსიკო განათლება ჰქონდა, შეეშინდა,  რომ  ამ საქმეს თავს ჯეროვნად ვერ გაართმევდა, თუმცაღა მას მისი ძველი ბენდის გიტარისტი ძალიან დაეხმარა და ელფმანისეული კინომუსიკის ექსპერიმენტიც შედგა. ამ ფილმზე მუშაობისას ელფმანი ცდილობდა ნინო როტასა და ბერნარდ ჰერმანის სამუსიკო განწყობისთვის მიებაძა. რაველის, პროკოფიევის, გლასის, ბარტოკის, ჰარისონის, კორნგოლდის, ტამკინისა და უაქსმენის მუსიკის გავლენის ქვეშ მყოფი ელფმანისთვის მის მიერ შეთხზული  მელოდიების ორკესტრირების მოსმენა ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მოგვიანებით დენის სმენის გაუარესება დაეწყო, რაც არა მარტო მემკვიდრეობითობის, არამედ – გამუდმებით მუსიკის ძალიან ხმამაღლა მოსმენის ბრალიც იყოო, თუმცაღა “ლინკოლნ ცენტრის” “ევერი ფიშერ ჰოლში” გამართულ კონცერტზე, რომელსაც “დენი ელფმანის მუსიკა ტიმ ბარტონის ფილმებიდან” (დირიჟორი ჯონ მაუსერი, მოწვეული ვიოლინო სენდი კამერონი) ერქვა, მის ნამღერს (ნამღერი ძალიან რბილად ნათქვამია თუ გავითვალისწინებთ მის მუსიკალურ “სიგიჟეს”) არც შემსრულებლის ხმის დეტონაცია და არც ორკესტრთან დისჰარმონიულობა ეტყობოდა.

 

ფაქტია, რომ  ტიმ ბარტონის შავბნელი სიუჟეტების ალაპარაკება და მიღმისეული სამყაროს განსაკუთრებული “ჩაბნელება”  შეუძლებელი იქნებოდა დენი ელფმანის მუსიკის გარეშე, რომელიც ზუსტად გრძნობდა რეჟისორის განწყობის ნიუანსებს. ამიტომაც უწოდებენ კრიტიკოსები ბარტონისა და ელფმანის ტანდემს კინოს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე წარმატებულ კავშირს. ელფმანი მთელი ცხოვრება კინოს გარშემო ტრიალებდა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მუსიკის წერა დაიწყო, იგი კინოსამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა.  დასავლეთ აფრიკაში მოგზაურობისას თვრამეტი წლის დენიმ ხელში ვიოლინო პირველად აიღო, ხოლო ცხრამეტი წლის ასაკში შეუერთდა მის ძმას, რიჩარდს, რომელმაც ავანგარდული მუსიკალური კაბარეს დასი “ოინგო – ბოინგოს მისტიკური ღამეები” შექმნა. დენიმ მუსიკის წერა როგორც თვითნასწავლმა ხელოვანმა დაიწყო, მანამდე კი 1930 –იანი წლების ჯაზ ბენდების მუსიკა მოიძია და ნოტების ხელით გადაწერა დაიწყო. რვა წლის შემდეგ მან საკუთარი როკ ბენდი ჩამოაყალიბა და მასთან ერთად ორი დეკადის განამვლობაში ალბომებს გამოსცემდა. 

 

პატარაობისას დენი, როგორც დღეს იტყოდნენ, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ამავე დროს ხშირად “ჯოჯოხეთურ” ფილმებს უყურებდა და მუსიკისადმი არანაირ ინტერესს იჩენდა; თავის პროფესიულ მომავალს კი მეცნიერებას უკავშირებდა, კერძოდ კი –  რადიოლოგიურ ბიოლოგიას. როცა დრო დადგა, მან მუსიკას ყურადღება მიაქცია და ეს მუსიკა იყო  კინომუსიკა. კოლეჯში ელფმანმა იმ კლასიკოსების მოსმენა დაიწყო, რომლებიც შემდგომ მისი კომპოზიციების ინსპირატორები გახდნენ. კინოსადმი ელფმანის ინტერესი განსაკუთრებით ალფრედ ჰიჩკოკისა და კომპოზიტორ ბერნარ ჰერმანის პროფესიულმა კავშირმა გააღვივა, თუმცა აქვე დენისა და მისი ძმის კოლაბორაციაცაა აღანიშნავი, განსაკუთრებით საკულტო  კომედიურ ფილმში “აკრძალული ზონა” (1980). მაგრამ ელფმანი თავის თავს კომპოზიტორად 1985 წლამდე არ აღიქვამდა, იმ დრომდე, ვიდრე მას ერთი უცნობი, მასავით არაორდინალური “მისტიკოსი”  პერსონა არ შეეხმიანა, რომელიც ისევე იყო  ცნობილი ამერიკელი მწერლის, ვიზუალური ეფექტების შემქმნელისა და ანიმატორის რეი ჰარიჰაუზენის შემოქმედებით მონუსხული, როგორც  ელფმანი. 

 

დენი ელფმანმა ცნობილი მულტსერიალისთვის “სიმფსონები” მუსიკა, ფაქტობრივად, ერთ ამოსუნთქვაზე დაწერა – ნახევარ საათში.  “ბეტმენი” კი იყო საკმაოდ  რთული პროექტი, რომელშიც ელფმანმა სიმფონიური მუსიკა გამოიყენა,  ეფექტი კი სენსაციური აღმოჩნდა. თუმაც ბარტონი მოგვიანებით აწუწუნდა, რომ “ბეტმენზე” მუშაობა იმდენად დაძაბული და გამომფიტავი იყო, რომ ლამის ფსიქიკური პრობლემა აიკიდა და გარდა ამისა ბარტონს თუ არ ჩავთვლით, არავის უნდოდა ელფმანი ამ ფილმის კომპოზიტორად ეხილა. კინოკომპანია Warner Bros–ი, რომელიც “ღამურას” კინოიდეის განხორციელებაში ათ მილიონ დოლარზე მეტს დებდა, “ბეტმენის” საუნდტრეკად ჯექსონის, მადონასა და პრინცის პოპსიმღერების მისადაგებას აპირებდა, რაზეც ტიმ ბარტონის მტკიცე უარი მიიღო. 

 

1997 წელს  დენი ელფმანი  ორი ფილმისთვის – “კეთილი ნების ნადირობა” (რეჟისორი გას ვან სენტი, 1997) და “კაცები შავებში” (რეჟისორი ბარი სონენფილდი, 1997) ოსკარზე იყო ნომინირებული. მოგვინებით კი მან ტიმ ბარტონთან თანამშრომლობის პირველი ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა ფილმისთვის “დიდი თევზი” (2003); ხუთი წლის შემდეგ კი ვან სენტის ფილმისთვის “მილკი”.  უცნაურია, რომ დღემდე არც ტიმ ბარტონსა და არც დენი ელფმანს ოსკარი არ აუღიათ. ელფმანი ამას იმით ხსნის, რომ კინოაკადემიაში გულზე დიდად არ ეხატებათ ბარტონისეული ჟანრი თავისი მუსიკითურთ და რომ კომპოზიტორები ყველაზე შურიანი ხალხია, რომლებიც წარმატებულ “ვიღაც” როკ ჯგუფელს ზემოდან უყურებენ.  ელფმანი ხუმრობდა: “პრიზი დენი ელფმანის საუკეთესო საუნდტრეკითვის რომ არსებოდეს, კინოაკადემია მაინც იპოვიდა მიზეზს, რომ “ოსკარი” ჩემთვის არ მოეცაო”.

 

“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” (2010) გახდა კინოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სურათი, რომლის შექმნისას რეჟისორმა არაერთი ტექნიკური ინოვაცია გამოიყენა, მათ შორის,  ე.წ. მწვანე ეკრანის დანადგარი, რომელმაც კურდღლის სოროში მომხდარი ახალი თაობის კომპიუტერულ ვერსიად გადააქცია. ელფმანის “კონტროლირებადი ქაოსი”, ალბათ, ზუსტად ისეთი აურა იყო, როგორიც ლუის კეროლს თავისი გმირისთვის წარმოედგინა. ბარტონი ამბობდა, რომ ის და ელფმანი მუსიკაზე არც კი საუბრობენ, რადგანაც  მათი გემოვნება იმდენად იდენტურია, რომ ხმამღლა მსჯელობა სრულიად ზედმეტიაო. თუმცა რეალურად ეს ასე სულაც არ იყო. “არასოდეს მიიწვიეო როკერი საუნდტრეკის ჩასაწერად” აფრთხილებდა ელფმანი ბარტონს, რადგანაც ეგონა, რომ ამოცანას თავს ვერ გაართმევდა და მისი კინოკომპოზიტორად ძალით ტრანსფორმაცია დიდი შეცდომა იქნებოდა. წლების მერე კი თქვა: “არასოდეს არ მიფიქრია “ო, ეს ტიმს მოეწონება”. ტიმში არაფერია უფრო მუდმივი, ვიდრე მისი არაპროგნოზირებადობა. იგი ისეთივე ნევროტიკია, როგორიც მე”.

 

დენი ელფმანი არაერთი ფილმის ტიტრებში მხოლოდ კომპოზიტორად არაა დაფიქსირებული, არამედ როგორც სიმღერების შემსრულებელი და ფილმის გმირების გამხმოვანებელიც. იგი “ევერი ფიშერ ჰოლში” თავის მაკაბრისტულ მელოდიებს ცეკვით არა, მაგრამ სხეულის ენის მაქსიმალური გამოყენებით გვიმღეროდა. მანამდე კი მღეროდა, მაგალითად, სევდიან ფილმში “კოშმარი შობის წინა ღამეს” (1993), ნამდვილ თოჯინურ მიუზიკლში, ერთგვარი გოთურ შედევრში, შავი–ნაცრისფერი ფერების ფონზე ჰელოუინის ქალაქში მოხეტიალე მონსტრებზე, ბოროტებად გადაქცეულ სიკეთესა და ბედნიერებაზე. ამ ანიმაციის ნახვა მუსიკის გამოც ღირს. არადა კინოკომპანიების ბოსები “კოშმარს” თაროზე შემოდებას უპირებდნენ, რადგანაც ზედმეტად პირქუშად და ბავშვებისთვის დამთრგუნველად მოეჩვენათ. ეს ტრიუმფალური წარმატების მქონე ფილმი ბარტონისა და ელფმანის სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდა. არადა “კოშმარი შობის წინა ღამეს” ოსკარის ნომინანტებს შორის აღმოჩნდა, ელფმანი კი – “ოქროს გლობუსის”. დენის “გრემის ჯილდო”  მხოლოდ ერთხელ ერგო, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრიზზე თერთმეტჯერ იყო ნომინირებული. სამაგიეროდ Broadcast Music, Inc –ის (1939) მიერ ოცდაოთხჯერ იყო ნომინირებული და ამდენჯერვე – გამარჯვებული.

 

რატომღაც მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჰოლივუდის Infant Terrible–ები – ბარტონი და ელფმანი –  თავად გახდებიან ანიმაციური ფილმის გმირები, ისეთივე სამყაროთაშორისულ – ნაღვლიანის, როგორიც დენის მუსიკაა ფილმისთვის “შავი სილამაზე” (რეჟისორი კაროლაინ ტომფსონი, 1994). აკი ამბობდა კიდეც ელფმანი, რომ ერთადერთი რეალური რამ, რაც მას მართლა უყვარს, ეს არის სევდიანი მუსიკა. “მე მიყვარს ისეთი მუსიკის წერა, რომელიც ისტორიას მოგვითხრობს. ღმერთო ჩემო, ნუთუ ამისთვის ფულსაც მიხდიან?! ეს ხომ ზედმეტად მხიარული რამაა იმისთვის, რომ მას სამსახური ერქვას!”

 

producer Tim Burton and composer Danny Elfman of the movie THE NIGHTMARE BEFORE CHRISTMAS. All rights reserved. HOLIDAY SNEAKS
producer Tim Burton and composer Danny Elfman of the movie THE NIGHTMARE BEFORE CHRISTMAS. All rights reserved. HOLIDAY SNEAKS