არ ვიცი, ქრისტიანობის გაქართულება ზუსტად როდის დაიწყო, მაგრამ აქტიურად რომ გრძელდება, აშკარაა. როცა მრევლს „ქართლის ცხოვრებაში დაცულ ისტორიას“ ვახსენებთ, უნდა გაგვახსენდეს მტკივნეული ფაქტი, რომ რაც ქართლის ცხოვრებაშია დაცული, ყველაფერი ისტორია არაა. ეს პირველ რიგში ამ პატარა ამბავს ეხება, თუ როგორ მოესმა მცხეთელ ქალს ქრისტეს სამსჭვალზე უროს დარტყმის ხმა იერუსალიმიდან და მისი ვნებების თანაზიარი მიიცვალა და გახდა „მისთვის პირველი მარტვილობის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში.“
ორი შეკითხვა მებადება.
პირველი, საინტერესოა, რა პასუხი ექნება საპატრიარქოს, ოფიციალურად რომ დაუსვას ვინმემ შეკითხვა, სერიოზულად აღიქვამს თუ არა ამ „ისტორიას“ და რამდენადაა დარწმუნებული მის ფაქტობრივ სიზუსტეში.
მეორე და მთავარი. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა სჯერა და რა არა საპატრიარქოს ოფიციოზს, უფრო მნიშვნელოვანია, რითი კვებავს ის მრევლს. იმ პირობებში, როდესაც პატრიარქს არაოფიციალური პრიმატი აქვს არა მარტო სარწმუნოებრივ საკითხებში, დიდი შანსია, რომ მილიონობით ქართველი მორწმუნე ამ მონათხრობს, რომელიც ლეგენდის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, სრული სერიოზულობით აღიქვამდეს ფაქტად. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდ მრევლთან მიმართებაში.
ყურადღებას იქცევს მოყვანილი ციტატა: „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი“. „მეფობა ჰურიათა“ დასრულდა. ღვთის რჩეულმა ერმა ვერ შეიშნო რჩეულობა და მოკლა მხსნელი. ახლა სხვა ერი გახდა რჩეული. საინტერესოა, ვინ?
ქართულ ქრისტიანობას შოვინიზმის სუნი უდის, როგორც ჩანს ოდითგანვე. ამ საქმეში მეზობლებს ვგავართ.
მზის გალაქტიკა
ეს ფრაზა, რომელიც Sci-Fi ფილმის სათაურს ჰგავს, რეალურად იყო ნახსენები ეპისტოლეში. შემდეგში, სასურველი იქნება, ასტროფიზიკოსთან თუ არა, სკოლის ასტრონომიის მასწავლებელთან მაინც გაიაროს კონსულტაცია იმან, ვინც ამ ეპისტოლეს ტექსტის შედგენაში ან რედაქტირებაში მონაწილეობს, ან „ვიკიპედიაში“ მაინც ჩაიხედოს. ისევ და ისევ პატრიარქის არაოფიციალური პრიმატიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი ფიქრობს რომ მზის გალაქტიკა – ასეთი რამ ბუნებაში არსებობს.
ეპისტოლეს შემდეგ ნაწილში განათლებაზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული. საინტერესოა, განათლების რა სტანდარტს მიესწრაფვის საპატრიარქო? თუ მათ ჰგონიათ, რომ გამოთქმა „მზის გალაქტიკა“ განათლებული ადამიანის ლექსიკონში უნდა შედიოდეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაოდენ მაღალ სტანდარტებზეა საუბარი.
მთლიანი აბზაცის გეოცენტრისტულ პათოსზე ყურადღებას არ გავამახვილებ, 2016 წელია და სირცხვილია.
გარდამავალი ასაკი
მომავალ თაობაზე ზრუნვის ნებისმიერი ინიციატივა გულით მისასალმებელია, თუმცა საპატრიარქოს ბალანსზე მყოფი სკოლების მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა რომ მახსენდება, ეს მისალმება მთლად გულიანი აღარ გამომდის. გარდა ამისა, ახალგაზრდების რელიგიურ-ფსევდოპატრიოტული ინდოქტრინაცია, რომელიც გარდაუვალია ასეთი ტიპის არსებულ თუ მომავალში დაარსებად დაწესებულებებში, გრძელვადიან პერიოდში გაცილებით სერიოზული პრობლემა გახდება. თუ მართლაც დაარსდება რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულება, იგი აუცილებლად სეკულარულ პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული.
არის კიდევ სხვა, ჩვენი საზოგადოების ფარული ჭრილობა. “გარდამავალ ასაკში” მყოფი თვითმკვლელების მოზრდილი ნაწილი არატრადიციული ორიენტაციის ან აზროვნებისაა, რომელთაც ეკლესიის წარმომადგენელთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი წაქეზებით ჩაგრავენ. შესაბამისი სტატისტიკა, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელზეც მე ხელი მიმიწვდებოდა, არ არსებობს, მაგრამ არა მგონია დიდად სადაო იყოს ის, რომ LGBT მოზარდები ყველაზე უფრო მოწყვლადი და სუიციდისკენ მიდრეკილი კატეგორიაა, რომელიც საპატრიარქოსთვის არ არსებობს, ან შესაძლოა, „ბუნდოვანი აზროვნების“ კატეგორიაში გადის (კიდევ ერთი ბუნდოვანი ფრაზა ამ ეპისტოლედან).
„პური ჩვენი (?) არსობისა“
რამდენადაც მახსოვს, ეკონომიკა არასოდეს რჩებოდა საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეების თემატიკის გარეთ.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული საპატრიარქოსეული იდეების გაკრიტიკებას სულაც არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა რამდენიმე ჩემი იდეა დავამატო:
- შეწყდეს საპატრიარქოს სუბსიდირება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით და სწორედ ეს თანხა გამოეყოს რეგიონებს;
- შეწყდეს მიწების და უძრავი ქონების ჩუქება საპატრიარქოსთვის და მოხდეს მათი გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის;
- დაიბეგროს საპატრიარქოს სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობა;
- ნუ გაუწევს საპატრიარქო არაპროპორციულ კონკურენციას ქართველ გლეხებს და მეწარმეებს მონასტრებში დამზადებული, დაუბეგრავი, „მადლიანი“ პროდუქციით.
იქნებ ორსავ თუ არა, ამ სოფელში მაინც გავიხაროთ.