ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“მალატის” ნიუ იორკული შოუ

“მალატის” ნიუ იორკული შოუ

წელს, ზამთრის მიწურულს, ნიუ იორკში, მანჰეტენზე გაიხსნა ქართველი დიზაინერების მაღაზია “მალატი”, რომელმაც ამჯერად ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩელსის ცნობილ სასტუმრო Dream Hotel Downtown – ის ტერასაზე თავისი კოლექცია წარადგინა. ჩვენებაში თორმეტი ქართველი დიზაინერი და სტუდია მონაწილეობდა:  სალომე ღვინიაშვილი, ნინო ბაბუხადია, ვასკა ტაბატაძე, ელოში, ლალო, გვანცა ჯანაშია, აკა ნანიტაშვილი, ნათია ხუციშვილი, Natia Cuff, 711, Dalood, U.G.L.Y STUDIO.

“ამ დიზაინერებმა “მალატისთვის” კაფსულა – კოლექციები ექსკლუზიურად შექმნეს. რადგანაც ჩვენს გუნდს ამგვარი ღონისძიებების მოწყობაში გამოცდილება არ ჰქონდა, რასაკვირველია, ორგანიზება არც ისე მარტივი იყო, მითუმეტეს ისეთი მასშტაბის ქალაქში, როგორიც ნიუ იორკია. საქართველოდან “მეწარმეობის განვითარების სააგენტო” დაგვეხმარა და მას მადლობას ვუხდით. ადგილის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგანაც შემოთავაზება დეფილეს გასამართავად პირველად სწორედ Dream Hotel Downtown –იდან მივიღეთ და მაშინვე დავთანხმდით. ეს ადგილი ნიუ იორკის ერთ–ერთი ძალიან პოპულარული ადგილია. “ოცნების სასტუმროს” მოდის ინდუსტიის ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებით კი მოდის კვირეულის ფარგლებში.

მას მერე, რაც თებერვალში “მალატის” პრეზენტაცია გაიმართა,  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა იდეამ თავისი კონცეფციით გაამართლა. “მალატს”  თავისი ერთგული მომხმარებელი უკვე ჰყავს. ჩვენი მაღაზია საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. ვგეგმავთ გავფართოვდეთ და მომავალში სახელი სხვა შტატებშიც დავიმკვიდროთ, როგორც სიყვარულით შექმნილმა მაღაზიამ  (“მალატ” ხომ სვანურად “მიყვარხარს” ნიშნავს), სადაც ყოველთვის შესაძლებელი იქნება მოდური, განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქციის შეძენა. დიდი დაინტერესებაა მოდის ბლოგერებისგან და სხვა ცნობილი ადამიანების Personal Shopper -ებისგან.  დაგვემატა სხვა ქართველი დიზაინერებიც, რამაც “მალატი” კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა,” – ამბობს “მალატის” ერთ–ერთი დამფუძნებელი ანი ფურცელაძე.

14470814_10210604178928609_69806328_n 14502003_10210604177208566_1760867135_n