კარს მოგვადგა შემოდგომა… და საპარლამენტო არჩევნები. 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ უკვე სამი ხელისუფალი გამოიცვალა მეოთხე (არაფორმალურ) მმართველს უძლებს და სულ მალე ახალ პარლამენტს აირჩევს.
ჯერ წინა ხელისუფალთა დადებითი და უარყოფითი მხარეები გავიხსენოთ.
გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის მთავარი დამსახურება სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება. ზოგადად, დამოუკიდებლობის საკითხის აქტუალიზება და ეროვნული მოძრაობაც დიდწილად გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული. ამავე დროს “მრგვალი მაგიდის’’ თითქმის ერთწლიანი მმართველობა უპასუხისმგებლო გამონათქვამებით, ეთნიკური და სხვა სახის შუღლის გაღვივებითაც გამოირჩეოდა. იმდროინდელი ხელისუფლების ეს სისუსტე რუსეთმა კარგად გამოიყენა და ცეცხლზე ნავთი დაასხა.
შევარდნაძე ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ქვეყნის მეტ-ნაკლებად სტაბილიზება და საერთაშორისო პროექტები (ტრასეკა, აბრეშუმის გზა, ბაქო-ჯეიხანი) შევარდნაძის მმართველობის დადებით მხარეებად მიიჩნევა. ‘’წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც’’ იმ დროს დაიწყო. თუმცა შევარდნაძის მმართველობა ასევე კორუფციის აყვავებას, ნეპოტიზმს, სახელმწიფო მმართველობის სრულ მოშლას, ფისკალურ კრიზისსა და სხვა უბედურებებსაც უკავშირდება.
სააკაშვილის მმართველობის დროს კორუფცია მინიმუმამდე შემცირდა. ჩამოყალიბდა ძლიერი სახელისუფლებო აპარატი. შეიქმნა ეფექტური სახელმწიფო უწყებები და სერვისები. ეკონომიკის გაორმაგება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები – ასევე ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობას უკავშირდება. სასიკეთო ცვლილების მიუხედავად სააკაშვილის მმართველობის დროს ძველი მავნებლური ტრადიციები არ შეწყვეტილა. კანონის უზენაესობაზე ლაპარაკი ისევ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ადამიანთა გარკვეული წრე ისევ კანონზე მაღლა იდგა. იმ წლებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულები და გადაცდომები სწორედ ასეთი პრივილეგირებული ჯგუფების არსებობის შედეგია. სააკაშვილის მმართველობის პირობებში არ შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ადამიანმა ქვეყნის ძირეული მოდერნიზება ვერ და არ მოახდინა. ყბადაღებული 9-წლიანი მმართველობის მთავარი მინუსი სწორედ ეს არის.
ივანიშვილის არაფორმალურ ხელისუფლებას მკაფიოდ გამოკვეთილი დადებითი და უარყოფითი მხარეები უბრალოდ არ აქვს. “ქართული ოცნების’’ ოთხი წელი ისტორიაში ალბათ დიდ გაუგებრობად და ადგილის ტკეპნის ხანად შევა.
განსხვავებული ტალანტებისა და ტემპერამენტის მიუხედავად ქართული სახელმწიფოს ოთხივე მმართველს ერთი საერთო თვისება აკავშირებთ – თითოეული მათგანი ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენას აპირებდა. კონკრეტული გადაცდომები, დანაშაულები თუ ზოგადად ხელისუფლებასთან დაკავშირებული უსამართლობა სათავეს სწორედ აქედან იღებს. სახელმწიფო ინსტიტუტების შეგნებულად არშექმნის მიზეზიც ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის სურვილითაა განპირობებული.
სასამართლო, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სტატისტიკის სამსახური, ცესკო, ეროვნული ბანკი, შეწყალების კომისია, მარეგულირებელი კომისიები, ანტიმონოპოლიური სამსახური. ამ და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელისუფლება აყალიბებს, ბიუჯეტიდან აფინანსებს, მაგრამ არ მართავს. სახელმწიფო ინსტიტუტები სახელისუფლებო თუ სხვადასხვა ძალის ცენტრებისა და ე.წ. საზოგადოებრივი აზრის გავლენისგან თანაბრად თავისუფალი უნდა იყოს.
მიუკერძოებელი და ნეიტრალური ინსტიტუტების შექმნა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ყველაზე პრობლემური რა თქმა უნდა დღესაც სასამართლო და პროკურატურაა. ეს ინსტიტუტები დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქციას ვერ ასრულებენ. მეტნაკლები დოზით პრობლემა ყველა დანარჩენ ინსტიტუციაშიც გვაქვს. არასამართლიანი თამაშის წესები, პრივილეგირებული ჯგუფების არსებობა, უთანასწორობა, სოციალური პრობლემები და ა.შ. დიდწილად სახელმწიფო ინსტიტუტების არქონის ბრალია.
‘’ქართულმა ოცნებამ’’ სხვა დაპირებებთან ერთად სახელმწიფო ინსიტუტების შექმნის დაპირებაც არ შეასრულა. ოთხი წელიწადი დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის საკმარისი დროა მაგრამ ეს წლები დამოკიდებული მოსამართლეების კულტივირებაში დაიხარჯა.
მმართველი კლანები პრივილეგირებულ მდგომარეობას სწორედ ინსტიტუტების არქონის პირობებში ინარჩუნებენ. გაბერილ სახელმწიფო აპარატს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, პრემიებს, დანამატებს, ნეპოტიზმს, კორუფციას, კანონის დაუსჯელად დარღვევის პრივილეგიას და ა.შ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებ.
სსრკ-დან გადმოყოლილი კლანური სისტემა ისევ ძალაშია. პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფები, პროფესიონალი ‘’გამპრავებელები’’, პროპაგანდისტები კულტურის და სახელოვნებო სფეროდან, მომღერლები, არტისტები და ჟურნალისტები – ელიტური კლანების შემადგენელი რგოლებია. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა ამ ხალხის ინტერესებში არ შედის. კლანური ცნობიერების და სისტემის პირობებში მომავლის ხედვის ჰორიზონტი ხელისუფლებაში მოსვლით და სახელწიფო ბიუჯეტის შინაურებზე გადანაწილებით შემოიფარგლება.
ცივილიზაციური ჩამორჩენის და გარე გამოწვევების მიუხედავად ქართული სახელმწიფო მსოფლიო რუკაზე დღემდე არსებობს. დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება განვითარების ლოგიკას თავისთავად გკარნახობს. სხვანაირად სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებ. ოთხი წლის წინ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ხელისუფლებები პერიოდულად უნდა შევცვალოთ. ყველა დაინახავს რომ, პრივილეგიები დროებითია და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანები მეტ წინდახედულებას გამოიჩენენ. ამ გზით სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობამდეც მივალთ.
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. თუ სოციოლოგიურ გამოკითხვებს დავუჯერებთ დიდი უმრავლესობით გამარჯვების შანსი არც ერთ პარტიას არ აქვს. ასეთი შედეგი შესაძლებელია ქვეყნის განვითარების შანსად იქცეს. მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა ზოგადი თამაშის წესებზე შეთანხმებას თავისთავად გულისხმობს. ერთი ადამიანის თუ ერთი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა ისევ გაურვეველი ვადით გადაიდება. კოალიციური მთავრობა ამ ინსტიტუტების გაჩენის შანსს იძლევა.