შემოდგომის მიწურულს ნიუ იორკში მდებარე Valerie Goodman Gallery -მ ქართველი ინტერიერის დიზაინერის თინათინ კილაბერიძის ნამუშევრები – მაგიდები და სკამები წარადგინა, ასევე განათებები და კედლის ქაღალდის ნიმუშები, რომელიც თინათინ კილაბერიძის შვილის, დიზაინერ ნინა ლაინის ნამუშევრების მიხედვითაა შექმნილი. ნიუ იორკში, ამავე გალერეაში 2013 წელს გამართულ პირველ ჩვენებაზე მნახველმა დიზაინერის მიერ შექმნილი კონსოლი, სკამი, ყავისა და პენტაგონის ფორმის სასადილო მაგიდა იხილა. სამი წლის წინათ ამ არტსივრცის დამფუძნებელი ვალერი გუდმანი თინათინის შემოქმედებით დაინტერესდა და ქართველი დიზაინერი თავის გალერეაში მიიწვია. გალერეის მფლობელმა პირველი ნახვისთანავე აღნიშნა, რომ “თინათინის ნაუშევრები სუფთა, განსაკუთრებული და საზრიანია”, რომ მისი სტილი შთაგონებულია დასავლური და აღმოსავლური დიზაინით, რომელსაც შეიძლება “ქართული ესთეტიკაც” დაერქვას.
თბილისის უნივერსიტეტის დასავლური ენებისა და ლიტერატურის, მერე კი სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თინათინ კილაბერიძე ამერიკელზე დაქორწინების შემდეგ 1990 წელს აშშ–ში გაემგზავრა. დიზაინით ქართველი შემოქმედის დაინტერესება შემთხვევითი არ იყო – ავეჯის დიზაინი მისი ბაბუის ჰობი იყო. პროფესიით მშენებელმა ნიკოლოზ კილაბერიძემ ეს საქმიანობა გერმანიაში 1914-1924 წლებში ყოფნისას შეისწავლა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მისი გატაცება შვილების ჰობიც გახდა.
ქართველი არტისტის კომპანია “თინათინ კილაბერიძე” უკვე ოცდახუთი წელი აშშ–ში ფუნქციონირებს. ბოლო წლებია დროის მეტ ნაწილს ხელოვანი ინგლისში ატარებს, სადაც მისი შვილი სწავლობს. თინათინ კილაბერიძე კერძო სახლების გარდა, საჯარო სივრცეების დიზაინზეც მუშაობს. ამის მაგალითებია: კონექტიკუტის ქალაქ უილტონის საჯარო ბიბლიოთეკა და ამავე ქალაქის ეკლესიის (Saint Matthew’s Episcopal Church ) არქიტექტურა და ინტერიერი.
“დიზაინი ფუფუნება არაა, არამედ ფუნქციაა, პრაქტიკული მოხმარების აუცილებლობა. აქ საკითხი იმაშია, რამდენად ხელმისაწვდომია იგი ყველასთვის. დიზაინი კომფორტის მოწყობა არაა, არამედ აუცილებლობა, ფუნქცია. ეს არის რეალობა, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. იგი ისევე პოპულარულია საქართველოში, როგორც ევროპასა და აშშ–ში” – მიყვება თინათინი.
თინათინ კილაბერიძე აღნიშნავს, რომ მისი ინტერესი და გატაცებაც მარტივი არქიტექტურული/გეომეტრიული ფორმები და ბუნებრივი მასალაა.
“მიყვარს მასალად ხის გამოყენება, რომელსაც მის ბუნებრივ ფერსა და ხასიათს ვუნარჩუნებ. ვცდილობ ხის სილამაზე მარტივი ფორმებით ვაჩვენო. უხეშად რომ ვთქვა, არ მიყვარს მასალის “წვალება” და ამიტომ ჩემი ხელწერა მარტივია. შესანიშნავია, როცა შეგიძლია სწორი ფორმა მოძებნო ანდა ისეთი, რომელიც ნებისმიერ ბუნებრივ თუ ტექნიკურ მასალას მთლიანობას შეუნარჩუნებს. ჩემი მიდგომა ასეთია – სიმართლე და ბალანსი. ავეჯის დიზაინი ბავშვობიდან მიტაცებდა და კარგად ვიცნობდი ამ ხელობას, პროცესს. ცხადია, ბევრი რამ აშშ–ში ვისწავლე” – ამბობს იგი.
როგორ იწყებთ პროექტის განხორციელებას?
ჯერ ვხატავ და მერე ხელოსანთან ერთად განვიხილავ. ხელოსანი პროტოტიპს ამზადებს და შესწორებების მერე, როცა ვრწმუნდები, რომ ფორმა ჩანაფიქრს შეესაბამება, შეკვეთა ხორცშესხმულია. ნივთის იდეიდან ვიდრე მის დასრულებამდე ზოგჯერ ერთი თვე გადის, ზოგჯერ კი – ერთი წელი. ცხადია, გააჩნია სამუშაო მასალას.
როგორია თქვენი გეგმები?
ზამთარში ორ პროექტს დავამთავრებ – საცხოვრებელი სახლების დიზაინს ნიუ იორკში – ბროდვეიზე და ვერმონტის ქალაქ ნორვიჩში. გაზაფხულზე “ვალერი გუდმანის გელერეისთვის” ორი სავარძლის დიზაინის დასრულებას ვგეგმავ და მას სავარაუდოდ ხესა და ლითონში შესრულებლ განათებას დავურთავ. ასევე ერთ პროექტზე ვმუშაობ ქალაქ ბათუმში, კერძო ბინისთვის, რომელიც ასევე გაზაფხულისთვის დასრულდება.