ზუსტად აღარ მახსოვს როდის გავიცანი. უბრალოდ მახსოვს, რომ ყველა ღონისძიებაზე ნიუ იორკში, სადაც ქართულად საუბრობდნენ და რომელიც საქართველოს პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა, მეტადრე კი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ყველაზე ერთგული და მუდმივი მსმენელია. ცხოვრებაში არ შემხვედრია ქართველი და არც უცხოელი, რომელსაც საქართველოს შესახებ არსებული ინგლისურენოვანი წიგნებისა და ალბომების ასეთი მრავალფეროვანი და იშვიათი კოლექცია ჰქონდეს და მას თავისი მომცრო ბინის კედლების მესამედს უთმობდეს. უფრო სწორედ, – მთელს ოთახს, სადაც ეს უნიკალური კოლექცია თაროებზე მყუდროდაა განლაგებული.
ამ ოთახს “თამარის ოთახი” დაარქვა. ცხოვრობს სტუდენტურ–მუსიკალურ უბანში, ნიუ იორკის უნივერსიტეტისა და ჯაზ – კლუბების “არეაში”. უფრო სწორედ, იქ ცხოვრობენ საქართველოსა და კავკასიაზე იშვიათი ტექსტები, ალბომები, ქართული სუვენირები და მათი “მენტორი”, პიტერ სკინერი. ქართული ღვინო მისი საყვარელი სასმელია. შევეცადე გამომეცნო რომელი უყვარს. მგონი, გამოვიცანი… ვერ გამოვიცანი თაროზე მოკალათებული ყანწის წარმომავლობა. ქართული მეგონა. არაო, ეს აფრიკული “კარგი იღბლის ყანწიაო”, ისე, ქართულს ნამდვილად ჰგავსო, თამადა ყანწიაო.
დილის ორი საათი იყო, როცა საუბარი დავასრულეთ. უფრო სწორედ, იძულებული ვიყავით გავჩუმებულიყავით. ჩემი აუდიოჩამწერი, ტელეფონიცა და ფოტოაპარატიც ჩვენი საუბრის რვა საათს ინახავს. როგორ მოვახერხეთ ეს ამბავი, არ ვიცი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ თემა ერთადერთი იყო – ქვეყანა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ პიტერ სკინერმა შემთხვევით აღმოაჩინა და მას მერე მისი მუზაცაა და თავის ტკივილიც. ახლაც საქართველოშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა თემაზე “მოლაპარაკება ვრცელ ინგლისურენოვან თარგმანებსა და ბეჭდვის ინიციატივებზე”. ვიცოდი, რომ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებდა, რადგანაც ყოველთვის წუხს ქართული ტექსტების არასათანადო სიხშირით თარგმანსა და იმაზე, რომ მსოფლიო საქართველოს ისტორიასა და კულტურას ჯეროვნად არ იცნობს. წელს მისი წიგნები საქართველოს განყოფილებაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც იქნება წარდგენილი.
ბრიტანული წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსი, მწერალი, მეცნიერი, რედაქტორი და ქართველოლოგი პიტერ სკინერი ერთი ხუთასგვერდიანი წიგნის ავტორია (რომლის ეპოლოგ–პროლოგი კარგად მახსოვს) და ორის – გამომცემელ – რედაქტორი. პირველი (149 ფერადი და შევ–თეთრი ილუსტრაციითა და ოცი დეტალიზირებული რუკით) – “”საქართველო – მიწა კავკასიონის ქვემოთ. თხრობითი ისტორია” მცირედი ტირაჟით – სულ ხუთასი ცალი – 2014 წელს დაიბეჭდა. მეორე წიგნი არის IXX საუკუნის ბელგიელი მოგზაურის კარლა სირენას ჩანახატები საქართველოზე “მოგზაურობა კავკასიაში შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ 1875–1881”, მესამე კი სამხედრო ისტორიკოსის არნოლდ ზისერმანის “ოცდახუთი წელი კავკასიაში – 1842–1867”.
“საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ევრაზიის ისტორიის გერი: სასწაულებრივად მაღალი მთების ზოლი, ალპური მინდვრები, მწვანე მცენარეები და სუბტროპიკული სანაპირო ძალიან მცირედაა ცნობილი” – ასე იწყებს პიტერ სკინერი “თხრობითი ისტორიის” შესავალს, რომელსაც ამთავრებს ილია ჭავჭავაძისეული “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?” ორ ენაზე – ქართული აკადნუსხურითა და ინგლისურად. წიგნში მიმოფანტულია ქართული ხუროთმოძღვრების, ანბანის ნიმუშები, ციხე–სიმაგრეების, ტაძრების ილუსტრაციები, ისტორიული ფიგურების პორტრეტები – ფოტოები და დოკუმენტები, მათ შორის, „გეორგიევსკის ტრაქტატი“.
“მე ამ წიგნს პატივისცემით ვუძღვნი ჩემ მეგობრებს და მეგობრების საშუალებით ქართველ ერს იმ იმედით, რომ ხარვეზებს მაპატიებს” – წერს პიტერ სკინერი.
“საქართველო – მიწა კავკასიონის ქვემოთ. თხრობითი ისტორია” ექვსი ნაწილისგან შედგება: ანტიკური საქართველო და ქრისტიანობის დამკვიდრება; არაბების შემოსევები და საქართველოს ოქროს ხანა; ჯალალედინი, ხანები და საქართველოს აღორძინება; საქართველოს დაყოფა და ერეკლე მეორე; საქართველოს დაპყრობა 1801–1845 წლებში და საქართველოს წინააღმდეგობა; 1918–1921 დამოუკიდებელი საქართველო 1918–1921 და საბჭოთა ოკუპაცია. წიგნის ბოლო გვერდზე ბერიას ფოტოა, მის ქვეშ კი წარწერა – “ბერიას მსხვერპლთა სრული რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი” და ამ ფუნდამენტური ტექსტის ფინალური სიტყვები: “1989 –ში– თითქმის 70 წლის შემდეგ – თავისუფლება ხელახლა დაიბადა.1991 წლის 9 აპრილს სასტიკი ხოცვა–ჟლეტის ორი წლის თავზე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და გმირული ერი ისევ აღსდგა”.
უნიკალურია “მოგზაურობა კავკასიაში” თავისი 33 სრული და ნახევარ გვერდზე განთავსებული 97 ფოტოთი, უფრო სწორედ – ილუსტრაციებით: – ქუთაისის და ბედიას ტაძრის ხედიდან დაწყებული ვიდრე სიღნაღის ქუჩებისა და გორის რესტორნით დამთავრებული. ამ ილუსტრაციებით შესაძლებელია არა მარტო სახლების ინტერიერისა და ილორის ეკლესიის საგანძურის დათვალიერება, არამედ გლეხებისა და თავადების ჩაცმულობისა და ყოფა–ცხოვრების გაცნობაც. ავტორი ერთ–ერთი პირველი ქალი მოგზაურია, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი კერიერა გურია–გორი–ბორჯომი–ახალციხის–კახეთის მონახულებით დაიწყო და რომლის ჩანაწერებს 1880 – 84 წლებში ფრანგული ჟურნალი Le Tour du Monde აქვეყნებდა.
პიტერ სკინერი საქართველოში ყოფნისას ბევრს მოგზაურობს და, ცხადია, მისი თვალი და ყური ამჩნევს სოციალურ–პოლიტიკურ რყევებსაც, დაუგებელ გზებსაც და ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნის პრობლემატიკასაც. იგი დიდ ბრიტანეთში 1938 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სამეფო საზღვაო ფლოტში იმსახურა და ოფიცერი გახდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა და მერე ნიუ იორკში გადავიდა მის პოლონელ ცოლთან ერთად, რომელიც მან ვარშავა – მოსკოვის ღამის ექსპრესში გაიცნო. ნიუ იორკში იგი ასწავლიდა კერძო სკოლასა და გაეროში, მოგვიანებით კომპიუტერულ ინდუსტირიაში გადაინაცვლა. ამჟამად, ძირითადად მუშაობს აკადემიური მასალების რედაქტორად და წიგნების რეცენზენტად. სკინერი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა -“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი”, რომელიც 9/11 ტრაგედიის შემდეგ მალევე გამოვიდა, რვა ენაზე ითარგმნა და მისი მესამე გამოცემაც მზადდება.
საუბარი, ცხადია, მისი თავგადასავლით დავიწყეთ.
– ერთხელაც ზაფხულში მეგობრები სამოგზაუროდ ბრიტანეთიდან კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში წავედით. წელიწადის ეს დრო იმიტომ ავირჩიეთ, რომ სხვა სეზონზე ეს ადვილი არ იქნებოდა. კანადაში სავიზო რეჟიმი გავიარეთ, ნიუ იორკმა კი იმიტომ მიგვიღო, რომ კანადაში მუშაობის უფლება გვქონდა. ვმუშაობდი ტრანს–კანადურ ავტობანზე, ვცხოვრობდი შენობაში, რომელიც “ნაციონალური პარკთან” ახლოს იყო და იქ შავი დათვები დასეირნობდნენ. ჩემი სამუშაო ასეთი იყო: ორმოები უნდა გამეთხარა და დინამიტები ჩამელაგებინა, რისი საშუალებითაც მთებს ვაფეთქებდით; კლდეში ვაკეთებდით “თაროებს”, რომელზეც გზა გაგვყავდა. იმდენად რთული სამუშაო იყო, რომ ბევრ მუშასა და აღჭურვილობას მოითხოვდა. მუშახელი კი ძირითადად ახალი ემიგრანტები იყვნენ: უნგრელები, პოლონელები. ასეთი დაახლოებით ოცი კომპანია იყო – ზოგი ამერიკული, ზოგიც ბრიტანული და კანადური, რომელიც გზის სხვადასხვა მონაკვეთს აგებდა. თითოეულ კომპანიას ორი კილომეტრის სიგრძის გზა უნდა ჩაებარებინა.
მეორე ხანგრძლივი დასვენება – მოგზაურობა კი ყირიმში მქონდა. მერე ჩემ ოქსფორდელ მეგობართან ერთად (ჩვენ ერთად საზღვაო ფლოტშიც ვმსახურობდით), ბერლინში, ვარშავასა და მოსკოვში, მერე კი ყირიმში წავედით და გავჩერდით იქ, სადაც პუშკინი ცხოვრობდა. მერე წავედი ოქსფორდში, სადაც ჩემი ხარისხიც მივიღე.
- ნიუ იორკში სად მუშაობდით?
ნიუ იორკში ჟურნალში Time Life – ში ვმუშაობდი, ასევე ღამის სატელევიზიო შოუში. ტელეგადაცემა Life Quiz Game – ში მონაწილეობა მივიღე და ორჯერ ფულიც მოვიგე. სოლიდური თანხა იყო და ამ ფულით წავედი სან – ფრანცისკოში, სადაც ერთი წელი დავყავი. ეს ამბები 1961–62 წლებში ხდებოდა. შემდეგ წავედი ჰოლანდიაში პოლონელ გოგონასთან, მონიკასთან ერთად, რომელსაც ყირიმში შევხვდი. მანამდე მას ვეპატიჟებოდი, რომ ამერიკაში ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, საბჭოთა კავშირისა და ცივი ომის გამო. მერე ბრიტანეთში დავბრუნდი. ამ დროს მონიკამ ორკვირიანი ვიზა მიიღო და ლონდონში ჩამოვიდა. შევთავაზე გვექორწინა. უკან პოლონეთში რომ დაბრუნებულიყო, იმის საშიშროება იყო, უკან აღარ გამოეშვათ. ჰოდა, დავქორწინდით. ერთი წელი ლონდონში დავყავით და იმ პერიოდიდან ჩემი ნამდვილი ცხოვრებაც დაიწყო. ამერიკაში ერთად დავბრუნდით, მონიკა მასწავლებელი გახდა, კერძო სკოლაში ისტორიას ხუთი წელი ასწავლიდა. მეც კერძო სკოლაში ვმუშაობდი და ვიყავი “აშშ–ის სტუდენტთა ეროვნული ასოციაციის ბანაკის” წარმომადგენელი. ყოველ წელს ევროპაში მიწევდა მოგზაურობა. “სტუდენტთა ასოციაციის” მიზანი იყო ამერიკელ სტუდენტებს საზღვარგარეთ ფესვები გაედგათ, მივემგზავრებოდით კოპენჰაგენში, ბერლინში, ვარშავაში, პრაღაში; ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ამერიკელ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მოენახულებინათ, უფრო მეტი გაეგოთ ევროპელების კულტურაზე.
ვიმოგზაურე ბუდაპეშტში, სტამბულში, ათენში, სადაც სამი თვე გავჩერდი. ამგვარად სამჯერ ვიმოგზაურე და მერე სამსახური შევიცვალე და დავიწყე მუშაობა კომპიუტერულ კომპანიაში, სადაც ვწერდი პროექტებსა და კონტრაქტებს. სამწლიანი კონტრაქტი მქონდა დიდ კომპანიაში, რომელიც სხვა, კიდევ უფრო დიდ კომპანიებს ემსახურებოდა. იქ ათი წელი ვიმუშავე და ისევ შევიცვალე სამსახური. გადავედი საქველმოქმედო სამედიცინო ცენტრში, რომელიც პაციენტებისთვის უფასო იყო, ტარდებოდა კვლევა და ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის. აქაც ათი წელი გავატარე და 60-ის ვიყავი, როცა ეს სამსახური დავტოვე. მერე დავიწყე მუშაობა რედაქტორად იტალიურ კომპანიაში, სადაც თარგმნიდნენ გერმანულად, ფრანგულად, რუსულად. ეს წიგნები იყო კულტურის შესახებ. ჩემი მოვალეობა ტექსტების რედაქტირება იყო. ვხედავდი, რომ ინგლისურად ცუდი ნათარგმნები იყო, აი, ისეთი წიგნების მაღაზიაში, მითუმეტეს Barnes and Noble – ის თაროებზე ნამდვილად ვერ გამოდებდი.
- საქართველო როგორ აღმოაჩინეთ?
ვკითხულობდი რაღაცას, სადაც დარიალზე, ყაზბეგზე იყო საუბარი (ეს იყო მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”), ჰოდა, ძალიან დავინტერესდი თქვენი ქვეყნით. წავედი ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მომეძიებინა. საჯაროში იყო ასეთი განყოფილება, სახელად “სლავიკ ოთახი”. 1990 -იანებში რემონტის გამოც და რუსული იმპერიის არსებობის გამოც, ქართული წიგნები ისევ რუსულ განყოფილებაში ჰქონდათ. არადა ქართული არაა სლავური ენა. პირველი ქართული წიგნი, რომელიც მოვითხოვე ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა ბიჭმა მომიტანა და მკითხა – რად გინდათ ეს წიგნიო. მე ვუპასუხე, რომ მინდა საქართველოს შესახებ მეტი ვიცოდე – მეთქი. ეს ახალგაზრდა იყო ვახტანგ კიზირია, ქართველი, რომელიც ჩემ ინტერესს გულისყურით მოეკიდა. მოგვიანებით კი საქართველოში სწორედ მისმა ახლობლებმა მიმასპინძლეს.
- მას მერე, ალბათ, ხშირად სტუმრობდით “სლავიკ ოთახს”…
ასეა, ბევრჯერ მივედი ქართული წიგნების გამოსატანად. ბევრი წავიკითხე, მაგრამ ვხედავდი, რომ არც ერთი წიგნი საქართველოს ისტორიას სრულყოფილად არ აღწერდა. მაგალითად, ერთი წიგნი საქართველოს ისტორიას იწყებდა “დავითიანით”, “ამირანიანით”…
- საქართველოს ახალ თუ უახლეს ისტორიაზე ინფორმაცია არ იყო?
წიგნი მთავრდება იმ ამბის თხრობით, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველო დატოვა. 1917 წელს რუსეთის იმპერიამ “დაანება თავი” საქართველოს, მაგრამ 1921 წელს რუსეთმა იგი უკან “დაიბრუნა” და ეს ხუთასგვერდიანი წიგნი ასე დამთავრდა. მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს შესახებ ბევრი წიგნი წავიკითხე და ჩემი წიგნიც გამოვეცი, სადაც ტექსტი თარიღების ქრონოლოგიით დავალაგე. ერთი სიტყვით, წაკითხვადი წიგნია. ესაა რაც შევძელი. აშშ–ში წიგნი “საქართველო – მიწა კავკასიის ქვემოთ” თითქმის სულ გაიყიდა; თბილისში რამდენიმე გაიყიდა რუსთაველზე მდებარე წიგნების მაღაზიაში; ლონდონშიც. დღეისათვის ამ წიგნის შოვნა ძალიან რთულია. მერე მეორე წიგნზეც დავიწყე მუშაობა, ოღონდ გამომცემლის ამპლუაში.
- “მოგზაურობა კავკასიაში შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ 1875–1881″ საოცარი ტექსტია, საუკუნისწინანდელი ფოტოდოკუმენტალისტიკით…
მოგზაურმა კარლა სირენამ ორი წელი საქართველოში იცხოვრა და აფხაზეთიც მოიარა. 1880 – იანებში რთული იყო წიგნისთვის ფოტოს დაბეჭდვა. არ იყო იმ პერიოდში ამის ტექნიკა, არადა წიგნში ასზე მეტი ხარისხიანი, ეთნოგრაფიული ფოტოა. ერთი ჟურნალი ამ ქალბატონის სურათებს ბეჭდავდა, თუმცაღა, დაბეჭდვის პროცესი ხანგრძლივი იყო.
მესამე წიგნი, რომლის გამომცემელიც ვარ, ერთი გერმანელი დიდგვაროვანი ახალგაზრდა მამაკაცის, არნოლდ ზისერმანის საქართველოში მოგზაურობაა, იგი რუსეთის სახელმწიფო სამსახურში იყო. მან კარგად შეისწავლა ქართული, თათრული, ხოლო თავისი განათლებით ვორონცოვიც გააკვირვა, რომელსაც უკითხავს – ვინაა ეს ახალგაზრდა, ასეთები მეტი გვჭირდებაო. ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ეს გერმანელი ახალგაზრდა ისეთ დიდ ხალხს ხვდებოდა, როგორებიც იყვნენ: ჩოლოყაშვილი, ჭილაევი, ბევატოვი, რიაძინსკი, შვარცი, ბარათინსკი. დიდებული ახალგაზრდა იყო, რომელიც ჯარში ერთგვარ “სახალხო დამცველადაც” მსახურობდა. ვორონცოვმა შეძლო ეს კაცი საქართველოში გადმოეყვანა და დაეტოვებინა ჯარში, რაც იმ დროისთვის ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. ზისერმანი იყო წამყვანი ეთნოგრაფი, რომელმაც დაწერა შესანიშნავი ნაშრომები დუშეთსა და ფშავზე. იგი იყო პირველი, ვინც დაწვრილებით ისაუბრა კავკასიაზე. იმ დროისთვის მისი ესეიები იბეჭდებოდა რუსულ გაზეთებშიც, სადაც იგი მოგვითხრობდა საქართველოზე, მის რელიგიაზე. ზისერმანმა სიბერეში ეს ყველაფერი შეკრიბა და წიგნად გამოსცა. სხვათა შორის, ეს წიგნი ყვება რუს ექიმზე – ვინმე ნოკოლაი ივანეს ძე დორგოვზე, რომელიც ჯერ კიდევ 1847 წელს ამპუტაციის ოპერაციებს აკეთებდა.
- რომელ ორ ავტორს მირჩევდით, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო?
აუცილებლად გირჩევდით ოდეტა კუონის წიგნს “ოქროს მიწა”. იგი იყო ნახევრად ფრანგი, ნახევრად – თურქი მოგზაური ქალი და საქართველო შესანიშნავად აქვს აღწერილი. კომუნისტი იყო და სულ შარში ეხვეოდა. ბრიტანელებმა ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, მერე გემზე დასვეს და ოდესაში გაუშვეს. მისი მეგობარი იმ დროს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ჩიჩერინი, რომელმაც იგი მატარებელში ჩასვა და საქართველოში გაუშვა. ოდეტამ საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი “თავადი ტარიელი”. ეს წიგნი აიკრძალა და მას დღესაც ვერსად ნახავთ გაყიდვაში, იგი მხოლოდ ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ინახება. მე მისი ასლი მაქვს. მესამე წიგნია ელან ვედლერის 1934 წელს გამოშვებული “უცნაური სანაპირო”, რომელშიც საქართველოს ისტორიაა მოთხრობილი და ნახსენები არიან ეკატერინე ჭავჭავაძე, სამეგრელოს დადიანები.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენი მეფეები ასწრებდნენ ქვეყნის ჯეროვნად მართვასაც და წიგნების წერასაც?
საქართველო არის განსაკუთრებული, შესანიშნავი ქვეყანა თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის ყველა ქართველი მეფე, მაგალითად, ერეკლე II და გიორგი XII წიგნებს წერდნენ. მათ იცოდნენ რა იყო კანონი. ეს იყო მეფეთა იშვიათი დინასტიები, რომელთა მსგავსს ვერ ნახავდით საფრანგეთში, გერმანიაში. ყველა ქართველმა მეფემ წერა–კითხვა იცოდა. და თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ იგი იყო “ფრაგმენტირებული” ქვეყანა, სადაც არსებობდა ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი. ჰოდა, მეფეები ფიქრობდნენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა “მესინჯერების” საშუალებით იყო შესაძლებელი და ურთიერთობა სწორედ მიწერ – მოწერით უნდა შეენარჩუნებინათ. იმ დროისთვის ვახტანგ მეფემდე საქართველოს საგამომცემლო ისტორია არ ჰქონდა. დანტე ალიგიერი ევროპული ლიტერატურის მამა იყო, მაგრამ საქართველოს დამწერლობა იწყება უფრო ადრე, ვიდრე დანტე გაჩნდებოდა. დიდ კლასიკოს სწავლულს მაურის ბოურას ასეთი რამ აქვს ნათქვამი – მე არაფერი ვიცი საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მაგრამ ახლა ყველაფერი ვიცი, რადგანაც “ვეფხისტყაოსანი” წავიკითხეო.
არც ისე დიდი ხნის წინათ, თუ იშვიათ გამონაკლის არ ჩავთვლით, არც ერთი ქართული წიგნი იყო ნათარგმნი, ხოლო რაც არსებობდა, ეს იყო დონალდ რეიფილდის მიერ ინგლისურად თარგმნილი აკაკი წერეთლის “ჩემი ბავშვობა”. 1990 წელს რეიფილდმა დაწერა შესანიშნავი წიგნი “ქართული ლიტერატურა”. ბევრს უყვარს სხვა ქვეყნების დეტალურად შესწავლა, ვგულისხმობ, არა მხოლოდ კულტურას, რელიგიას, ზოგადად საგანმანათლებლო საგნებს, არამედ უფრო დეტალიზირებულ ისტორიებს. ადამიანებს უყვართ სოფლის სახლების, ბუნების, ტყეების თვალიერება, სხვა კულტურის ნიუნსებში ჩაღრმავება.
- როგორ გგონიათ, რატომ არ გვიცნობენ სათანადოდ, თუნდაც ისე, როგორც თქვენ თვლით, რომ უნდა გვიცნობდნენ?
ამის ორი უბრალო მიზეზი არსებობს. ერთი – საქართველოს ადგილმდებარეობა: ევროპის აღმოსავლეთით, აქაა თურქეთი, აზერბაიჯანი, სამხრეთ რუსეთი, ჩრდილოეთ სირია… თუ რუკას დახედავთ, საქართველო ძნელად მისაგნებია. აბა, შეადარეთ აშშ–ის შტატებს, მაგალითად, ალიასკას.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ამისთვის საკმარისი ფული არ არის. მაგალითად, საქართველოს საელჩო ლონდონში, რომელიც მდებარეობს ძველ ისტორიულ შენობაში, ბინის სტილის ტერიტორიაზეა და პატარაა. ქართველებს უნდა შეგეძლოთ იქირავოთ დამატებითი ფართი, სადაც ჩატარდება ქართული ღონისძიებები, მოიწვევთ არტისტებს, უცხოელებს ქართულ სამზარეულოს გააცნობთ, ან ქართული კინოს საღამოებს მოაწყობთ. ქართული საელჩოს ახლოს მდებარეობს ეკლესია, რომლის ქვედა სართულის დაქირავება ღონისძიებებისთვისაა შესაძლებელი. მახსოვს, როცა ლონდონში საქართველოს საელჩოში ჩემი წიგნის პრეზენტაციას ვაკეთებდი, ძალიან ცოტა ქართველი მოვიდა, არადა ლონდონის უნივერსიტეტში არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობს. მახსოვს ერთი დიდი ქვეყნის კონსულიც, რომელმაც ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე ექვსი წიგნი იყიდა. მერე მითხრა, რომ მეორე წიგნის გამოცემისას მისთვის ასევე ექვსი შემენახა, მაგრამ მას მერე არც კი გამოჩენილა. ქართველებს უყვართ დასვენება, სკამზე მიყუდება, კარგი ცხოვრება და კეთილი ხალხი.
ნიუ იორკში მეორე ავენიუზე არის სომხური ტაძარი, არის სომხური სკოლა, არის სომხური გამომცემლობა, რომელიც სომხურ და სპარსულ წიგნებს ინგლისურად თარგმნის. სომხებმა იციან როგორ მიაწვნენ საქმეს. ქართველების შემთხვევაში, ალბათ, მთავარია ფინანსური მხარის პრობლემა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი ცნობადობის მიღწევა სხვა ხერხებითაცაა შესაძლებელი.
- ამბობენ, რომ ქართველები ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხალხიაო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ისტორიულად ქართველი თუ არ ომობდა, მაშინ სახლში, ოჯახთან იყო და ბევრს შრომობდა, ამიტომ საარსებო საშუალებას ადვილად შოულობდა. მდიდრებს ჰყავდათ კანონიერად დაქირავებული გლეხები, რომლებიც თავადებთან ცხოვრობდნენ ან შვილებს უზრდიდნენ და, ასე ვთქვათ, ცხოვრების გამარტივებული პირობები ჰქონდათ.
- საფრანგეთში ასე არ იყო?
არა, საფრანგეთში სხვა სახის მომსახურება და რეგულაციები იყო. ისეთივე, როგორიც – რომში.
ალბათ, ნახეთ პოლ დევლინის ფილმი “გაუნათებელი სინათლე” (Power Trip). ეს ის პერიოდია, როცა “რუსები წავიდნენ” და საქართველოში შუქი გაქრა. არქეოლოგიის პროფესორი ამბობს, მე მაქვს კომპიუტერი, მოდემი, პრინტერი, მაგრამ ვერ ვიყენებო და ამიტომ მას გენერატორის შეძენაზე უნდა ეზრუნა. არადა უშუქობის დროს სახელმწიფოს გენერატორები უნდა დაერიგებინა სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის. ეს მათ არ გააკეთეს, რასაც, მაგალითად, ამერიკელები აუცილებლად გააკეთებდნენ.
- ავადსახსენებელ წლებში საჯარო ბიბლიოთეკა გაყინული იყო, სკამები სადღაც გაქრა და ბიბლიოთეკარები გვთავაზობდნენ მაგიდაზე შემოვმსხდარიყავით ან სკამი სახლიდან მოგვეტანა. სველი წერტილები უკიდურეს სამარცხვინო მდგომარეობაში იყო, თანამშრომლები იფიცებოდნენ, მაგრამ – უშედეგოდ. არადა ბიბლიოთეკის დირექტორი პარლამენტარი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბიბლიოთეკას არც ისე ცუდი დაფინანსება ჰქონდა.
მახსოვს, რომ მაგ ბიბლიოთეკაში 2007, 2008, 2010–ში ვიყავი და იგი კარგ მდგომარეობაში დამხვდა. სკამებიც იყო, მაგიდებიც, სავარძლებიც. თუმცა ფურცელი დამჭირდა, რაღაცის დაწერა მინდოდა და არ ჰქონდათ. მაგრამ გვერდით მაგიდაზე ედოთ დაბეჭდილი ძველი ფურცლები, რომლის გამოყენებაც შემეძლო. ერთი ავიღე და ვნახე, რომ ზედ ძველი წლით დათარიღებული სახელფასო რაოდენობა ეწერა. ვხედავ – 18 000 ლარი… ვუთხარი კიდეც დირექტორს, ოჰო, 18 000 ლარი… ნამდვილად კარგია, ყოჩაღ – მეთქი.
- თუ გინდა ქვეყნის პროგრესზე წარმოდგენა გქონდეს, მის ბიბლიოთეკას უნდა ესტუმრო.
გერმანიაში გერმანელებმა გააკეთეს “გეტი ოთახის” (The Getty Research Institute -ის ბიბლიოთეკა) მოდერნიზება: შეიტანეს წიგნები, მათ შორის, თანამედროვე გერმანული წიგნები, 2007 წელს შუა საუკუნეების ბიბლიოთეკაში იყო “მოდერნ ოთახი”, ქუჩის ხელმარჯვნივ კი “ალექსანდრე დიუმას ინსტიტუტი”. ამით ფრანგები და გერმანელები ამბობდნენ – ეს არის საფრანგეთი. უნდოდათ, რომ ყველას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას სცოდნოდა, თუ რაა მათი ქვეყანა. საქართველო, სამწუხაროდ, არ არის ამისთვის მზად.
- ალბათ, იმიტომ, რომ ქვეყანა იმდენად კორუმპირებულია, არავინ ფიქრობს, რომ გლობალიზაციის პირობებში ამგვარი დიდი პროექტები სასიცოცხლოდ აუცილებელია. მედიას არ უჭირს გაიგოს, თუ როგორ ხარჯავს ჩინოვნიკი ფულს რესტორან–სასტუმროში, მაგრამ, “კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე” – სად და როგორ, თითქმის გაუკონტროლებელი რამაა.
მახსოვს 2007–ში თბილისში ოპერას დავესწარი, მეორე დღეს კი უკვე ნიუ იორკში ვბრუნდებოდი. დარბაზში კარგ ადგილზე ვიჯექი, ასე 25 წლის სიმპათიური ქართველი ქალი შემოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. ისე აღმოჩნდა, რომ ერთი ზედმეტი ბილეთი მქონდა და მას შევთავაზე. გაუხარდა, მადლობა გადამიხადა. ოპერის შემდეგ შარდენზე გავიარეთ და პატარა კაფეში დავსხედით. ვილაპარაკეთ, გავიცანით ერთმანეთი. გოგონა სამუსიკო ინსტიტუტში სწავლობდა, ქუთაისიდან იყო წარმოშობით, თბილისში ბიძასთან ცხოვრობდა. მომიყვა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში უხდებოდა სწავლა, არა ინსტრუმენტი, ლექტორები ნახევარ განაკვეთზე გადავიდნენ უფულობის გამო, რადგანაც იძულებული იყვნენ სხვა სამსახური მოეძიებიათ. გოგონამ მითხრა, რომ საქართველო ცუდი ქვეყანაა საცხოვრებლად, რომ მას ექვსი წელი სექსი არ ჰქონია. საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი, გოგონა რომელიც შვილიშვილად მერგებოდა, სექსზე ჩემთან ასე თამამად საუბრობდა. მერე სტუმრად მეგობრის სახლშიც წავიყვანე და ემეილები გავცვალეთ. 2007–2008 – ში კვლავ ვიმოგზაურე საქართველოში, მესტიაში მივდიოდი, გზად ქუთაისში გავჩერდი და იმ ჩემ მეგობარ გოგონას კვლავ შევხვდი, რომელმაც საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილი მიმითითა.
- საუბარში თქვენ ხშირად ამბობთ, რომ გიკვირთ, გიკვირთ…
ჰო, მიკვირს, მაგალითად, ის, რომ არც ერთ სწავლულს თუ ამერიკიდან თუ ბრიტანეთიდან არ უთარგმნია და არაფერი გამოუქვეყნებია ფიროსმანზე, გუდიაშვილზე. ეს ხომ საცოდაობაა! ეს მიკვირს… საქართველოს კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოს დიდი ქართველი მხატვრების ისტორია წარუდგინოს, ბევრ წიგნს ნახავთ ფიროსმანზე რუსულად… სანამ საქართველოში არ ჩავედი, ფიროსმანის შესახებ არაფერი ვიცოდი.
- თქვენ სახლშია ის განძი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ეს არის განძი, რომელიც მოხუცებული ბაბუა–ბებიის ძველ ავეჯს ჰგავს. წიგნის კითხვის კულტურა შეიცვალა, დღევანდელი ახალგაზრდა მკითხველები როკ – ვარსკვლავებს, ფანტასტიკას კითხულობენ.
- ვერ დაგეთანხმებით. სტუდენტებს, ვისაც სიღრმისეულად აინტერესებს ამა თუ იმ საგნის ისტორია, ეს წიგნები სჭირდებათ.
პროფესორი დღევანდელ სტუდენტებს აძლევს ბიბლიოთეკაში უკვე მოძიებულ მასალას, რომელიც ამობეჭდილია დაახლოებით 46 – დან 68 ფურცლამდე. მერე სტუდენტები ამის ასლებს აკეთებენ. მაგალითად, წიგნივით კითხულობენ თემას “ქალის სახე შექსპირში” ანუ კითხულობენ იმას, რასაც პროფესორი ითხოვს და არა – მთლიან ნაწარმოებს.
როცა სტუდენტებს დავალებას ვაძლევ, წიგნები ხშირად მხოლოდ ორი საათით შეუძლიათ იქირაონ; არის ბიბლიოთეკაში ოთახები, სადაც სტუდენტები სხედან და კითხულობენ ან აკეთებენ ამონაწერს იმ წიგნებიდან, რომელთა სახლში წაღება აკრძალულია. რა თქმა უნდა, ეს ყველა წიგნთან დაკავშირებით არ ხდება, უმეტესად, მაღალ მოთხოვნად წიგნებზეა საუბარი.
- ეს, როგორც ჩანს, ბიბლიოთეკებში არასწორი მენეჯმენტის ბრალია. წიგნის მისაწვდომობის გამარტივებული მეთოდით სტუდენტი დროს უფრო ეფექტიანად არ გამოიყენებს?
ვფიქრობ, რომ პრობლემას ვიწროდ უყურებენ და კონცენტრაციას ახდენენ იმ წიგნებზე, რომელიც მოთხოვნადია. მაგალითად, თუ სწავლობ და გჭირდება ნევროლოგიის წიგნები, რომელიც შეიძლება ოცი სხვადასხვა იყოს, ამის ინტერნეტით მოძიებაც ადვილია, მაგრამ თუ XIV საუკუნის სპარსულ სისიყვარულო პოეზიაზე გინდა მასალის მოძიება, ეს შეიძლება შეუძლებელი გახდეს. თითქმის წარმოუდგენელიც. უმეტესწილად, ბიბლიოთეკები წიგნებს ერთმანეთისგან თხოულობენ, მაგრამ XIV საუკუნის წიგნს რაც შეეხება, ალბათ, იტყვიან, ეს არასდროს გვქონია, არც დაგვჭირვებიაო.
ნიუპორტში მდებარე Redwood Library and Athenæum ამერიკის ყველაზე ძველი კერძო ბიბლიოთეკაა. მაინტერესებდა რამოდენიმე ტექსტი, მათ შორის, XVI საუკუნის მოდერნისტი მწერლის ჯიროლამო კარდანოს “ჩემი ცხოვრების წიგნი”. ამ ადამიანს საშინელი ცხოვრება ჰქონდა და სწორედ ეს წიგნი ვნახე ამ ბიბლიოთეკაში. მეორე წიგნიც მოვძებნე და ბოლოს ბიბლიოთეკარმა მთხოვა, თუ შეიძლებოდა, რომ დირექტორს შევხვედროდი. გამიკვირდა, დირექტორს რატომ – მეთქი? ბიბლიოთეკარმა ამიხსნა, რომ ეს წიგნები ბოლო ორმოცი წელი ისე ინახებოდა, რომ არავის მოუთხოვია, ჰოდა, დირექტორს სწორედ ამიტომ უნდოდა ჩემთან შეხვედრა, რათა გავეცანი.
- არაა გასაკვირი, რადგანაც ციფრულ ხანას თავისი პირობები მოაქვს. წიგნის ფურცელი “ქინდლებმა” და სხვა ინოვაციებმა ჩაანაცვლა…
სამი ფაქტორი დღევანდელობაში, რაც უნდა გავითვალისწინოთ: ესაა ტელევიზია, სმარტფონები და დრო, რომელიც წიგნის კითხვისთვის არ გვრჩება. ასევე ბინის ქირა და ზოგადად ბინის საფასური. სახლში ბიბლიოთეკას სჭირდება ადგილი, ეს ხარჯი კი იმდენად დიდია და თან ადამიანი იმდენად ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს, არავის აქვს იმის საშუალება, რომ წიგნები თან ატაროს. არადა მე მიყვარს კოლექციონირება. ჩემმა დეიდა ჯეინმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა, შემომთავაზა, რომ რაც მომწონდა მისი ავეჯიდან, წამეღო. ადგილის სიმცირის გამო ეს ვერ შევძელი, არადა ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი ჰქონდა.
- თქვენი წიგნების კოლექცია ძალიან ძვირფასია. იქნებ წიგნები კერძო ბიბლიოთეკისთვის გადაგეცათ? ვიცი, რომ გაწუხებთ ეს თემა…
ერთ–ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ბიძას გადავეცი ჩემი წიგნი პირადად სააკაშვილისთვის და ერთი – საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის. არც მადლობის და არც მოწონების წერილი არ მიმიღია.
- ახლა ასწავლით სადმე? თქვენ ხომ ამდენ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ, რომელიც შეგიძლიათ ახალგაზრდებს გაუზიაროთ.
არა, ახლა მხოლოდ ჩემ თავს ვასწავლი… არადა ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს იმის საშუალება, რომ ასწავლო. უბრალოდ, ეს მოხალისის სამსახური იქნება. დღეს რთულია იყო მასწავლებელი, სტუდენტთან ურთიერთობა ნერვიულობა და სტრესია. მე მყავს მეგობარი, რომელმაც სადოქტორო კოლუმბიის უნივერსიტეტში დაიცვა და მერე “ნიუ სქულში” ასწავლიდა. უნივერსიტეტმა უთხრა, რომ 600 დოლარს ათი ლექციისთვის გადაუხდიდა თუ იპოვიდა ათ სტუდენტს, რომელთაგან თითო 60 დოლარს გადაიხდიდა, რომ ლექტორის ხელფასი შეგროვებულიყო. მას ერთ კვირაში ერთი საათიანი ლექცია უნდა წაეკითხა სტეიტენ აილენდში, ერთი საათი კვირაში – ალბანიში და ერთი საათი კვირაში – ნიუ იორკში. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ სემესტრში. ეს ნამდვილად არაა სახარბიელო შემოთავაზება. ასევე შესანიშნავი ქართველი პროფესიონალები, რომლებიც კოლუმბიაში ასწავლიდნენ, მინიმალური ანაზღაურება ჰქონდათ. მაგალითად, მე რომ სტუდენტს გავაცნო საქართველო, მჭირდება ფურცლები, წიგნები, ტექნიკური აპარატურა, ქართული კერძები უნდა დავაგემოვნებინო და გამოდის, რომ ხელფასიდან არაფერი დამრჩება.
- ჩვენი ქვეყანა თითქოს არც ცდილობს, რომ რომელიმე დარგი მაინც იყოს პრიორიტეტული. მესმის იყო რთული პერიოდები, მაგრამ პრობლემებს რატომღაც ბოლო არ უჩანს …
ცხადია, ცვლილებები რთული რამაა. რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მხოლოდ ახლა დაიწყო ახალი სისხლის ამოძრავება. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის ომის შემდეგ ამერიკული NDEA – ის (National Defence Education Act) მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა. არადა ამგვარი პროექტები განათლების ფართომასშტაბიან აღქმაზეა ორიენტირებული. მოდით ვასწავლოთ სკოლებში სპარსული, ჩინური, აზერბაიჯანული, ქართული. და თუ ვიცით ენა და შეგვიძლია ვასწავლოთ, მოდით ვასწავლოთ!