ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” – ფილმის ჩვენება და აქცია ნიუ იორკში ოკუპაციის წინააღმდეგ

“მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” – ფილმის ჩვენება და აქცია ნიუ იორკში ოკუპაციის წინააღმდეგ

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

“მეშინია” –  ეუბნება ხურვალეთელი ვალია დეიდა მავთულხლართს იქეთ მდგომ ქმარს, დათა პაპას და ხელს უწვდის, რომ ამ დიდ რგოლებად დაგრეხილ რკინის ღობეზე როგორმე გადავიდეს  და “თავის” ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. “ნუ გეშინია, მე შენზე მეტად მეშინია” – პასუხობს კაცი. ფილმის დასაწყისში ევროკავშირის წარმომადგენელი დათა პაპას რუსულ ენაზე ეცნობა – “ევროპარლამენტის წევრი”, ხელს ართმევს რკინის მავთულხართებს შორის, დიპლომატის შარვალ–კოსტუმი კი ლითონის წვეტებს ედება… ვერც დათა პაპა და ვერც მისი შვილიშვილი მახო  გადაურჩნენ გატაცებას. ვალია დეიდა ავადაა, ფეხზე დგომა უჭირს. წლების წინ მისი შვილიშვილი მშობლემა მიატოვეს და მახო ბაბუა-ბებიამ გაზარდეს. მახოს დიდ ქალაქში უნდა გადასვლა, მოსკოვში წასვლაზეც ფიქრობს, მაგრამ თავისიანებს ვერ ტოვებს. ვალია და დათა კი სიმწრით აშენებული სახლის მიტოვებას არც კი განიხილავენ. ექიმები მავთულხლართზე ვერ გადმოდიან და ამიტომ ვალია დეიდასთვის დიაგნოზის დასმა და წამლების გამოწერაც უკანონო საზღვრის “თანდასწრებით”, ბუნებაში ხდება.

 

კადრი თომა ჩაგელიშვილის ფილმიდან

კადრი თომა ჩაგელიშვილის ფილმიდან

სამხედრო ფერის ქურთუკებში ქმარსა და შვილიშვილს წითელყვავილებიან ხალათში “გამოწობილი” ვალია დეიდა საზღვარს აქეთ უჭირავთ, ექიმი კი ანამნეზს საზღავრს იქეთ კრებს. სახლისკენ წასულ კაცებს კი ექიმი მიაძახებს “ფრთხილად დაიჭირეთ,  გულის უკმარისობა არ დაემართოსო” … ასე ცხოვრობენ ხურვალეთელები – მავთულხლართების აქეთ-იქით: ერთად სადილობენ, შესანდობარს ამბობენ, ცეკვავენ, საკვებ პროდუქტს ცვლიან, შეყვარებულზე და რუს სამხედრობზე საუბრობენ, რკინის ღობეს თივის ზვინს ადებენ… ასე ცვლის გაზაფხული ზამთარს… წელი-წელს. არაფერი იცვლება. ამ და კიდევ ძალიან ბევრი სევდიანი და სასოწარკვეთის მომგვრელი კადრითაა სავსე თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი “მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” (2016). ფილმი ზღვრული უსუსურობის განცდით სრულდება. თეთრ ჯიპებში მსხდომმა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა შეასრულეს თავიანთი ფუნქცია, ჩამოვიდნენ ადგილზე, ხურვალეთში, მიმოიხედეს და წავიდნენ. ამას ფილმის დასასრულის მაუწყებელი ავტორთა ვინეობის ტიტრებიც ემთხვევა… აქედან ყველა მიდის – დიპლომატი,  ჟურნალისტი, თარჯიმანი,  რეჟისორი.  ვალია დეიდა, დათა პაპა და მახო კი რჩებიან….

7 აგვისტოს ნიუ იორკის წვიმიან საღამოს, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ თომა ჩაგელიშვილის ამ ფილმის ჩვენებითა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენით საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავი აღნიშნა.

ფოტოგამოფენა ნიუ იორკში. ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტოკოლექცია მოამზადა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა და ორგანიზაცია „ქართლოსმა“. ფოტოკოლაჟშია დაღუპული გმირები, დაბომბილი სახლები,  ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ სოფლების ტერიტორიულ მიკუთვნებულობა…

აქცია ნიუ იორკში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

ამ ღონისძიების პარალელურად მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, “კოლუმბუს სირკალზე” ქართველი ემიგრანტები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებდნენ.

8 აგვისტოს კი გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილეს.

ფოტო: ია მერკვილაძე

“მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველო–რუსეთის ომთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება არ იგეგმებოდა, გაეროს უმაღლესი ორგანოს – უშიშროების საბჭოს ფარგლებში ამ თემის განხილვა გახლდათ გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წლის შემდეგ პრობლემა არაა მივიწყებული და გადაწყვეტას მოითხოვს”, – აღნიშნა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ. 

2008 წლის ომის საკიხთან დაკავშირებით ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ – ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა და აშშ-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. წელს ბელგია, რომელიც აგვისტოში  ევროკავშირის ქვეყნების კოორდინატორია, ევროკავშირის “ბრიფერი” (ერთობლივი განცხადების სპიკერი) ქვეყანაა. მისმა წარმომადგენელმა კერენ ვან ვლიებერგემ ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, ბორდერიზაციის დაუშვებლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, დევნილების დაბრუნებისა და იმ სამართლებრივი მექნიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და რომელსაც რუსეთი განა მხოლოდ არ ასრულებს, არამედ  პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორონგის მისიას – ერთადერთ საერთაშორისო სტრუქტურას, რომელსაც  2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მიხედვით  კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვების უფლება აქვს, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ.

შარშან ამდაგვარი განცხადება გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დმიტრი პოლიანსკი

უშიშროების საბჭოს სხდომას მოჰყვა სოციალურ მედიაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებები და, ცხადია, რუსეთის რეაქციაც.

რუსეთი, როგორც წესი, “მიჩვეულია” გაეროს დასავლელი წევრი ქვეყნებისგან ამგვარი ტექსტების მოსმენას. ასე იყო რამდენიმე წლის წინათაც, როცა  რუსეთი თავად იყო უშიშროების საბჭოს თავჯდომარე და თავისი ქმედებების კრიტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ისმენდა.