ლავროვი, სახაროვი და გაეროს დისკრედიტაცია

„უბრალოდ სირცხვილი ამ სახელმწიფოს (ძერჟავას), რომელიც ცდილობს ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციად წარმოადგინოს თავი! უბრალოდ სირცხვილი, ნამდვილი სირცხვილი!” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მას მერე, რაც აშშ–მა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დელეგაციის ათზე მეტ მაღალჩინოსან წევრსა და თარჯიმანს ვიზები არ მისცა. თუმცა ცოტა ხნით ადრე ლავროვმა ვაშინგტონს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მას ნიუ იორკში ჩამოსვლის უფლება მისცეს.

ცხადია, სერგეი ლავროვი გაეროსთვის “პერსონა გრატაა”, რადგანაც ბირთვულიარაღიანი რუსეთი უშიშრობის საბჭოს წევრია (არადა ლამის ყოველი გამომსვლელი, უშიშროების საბჭოს წევრების გარდა, გაეროს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობდა) და დანარჩენ მუდმივ წევრებსა და ანტიტერორისტული შეთანხმების ხელმომწერებს, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გაეროს გენმდივანს, ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს უნდა შეხვედროდა, ხოლო ორგანიზატორის რანგში მსოფლიოში ადამიანის უფლებებზე, ჟურნალისტებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა, როგორც ამ საკითხების „მთავარ და სასიქადულო მზრუნველს” (ლავროვის გაეროში გამოსვლიდან გამომდინარე ეს ქვეყანა „პრობლემების გამოჩენილი გადამწყვეტია“), ასევე, აფრიკის თანამეგობრობის/კავშირის ქვეყნების შეხვედრაც უნდა წაეყვანა.

ყრილობა ეძღვნებოდა აფრიკაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. თითქმის საუკუნის წინ დაფუძნებული „ერთა ლიგა“ (ახლანდელი გაერო) მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მთელ პლანეტაზე მშვიდობის მხარდასაჭერად შეიქმნა. არადა ამ ტრიბუნაზე მშვიდობის მტრედის იმიჯით ისეთი ქვეყნის ლიდერები გამოდიან, რომელთა ოფიციალური პოლიტიკა კონფლიქტის გაღვივება, მეზობლების ტერიტორიების დაპყრობა და წესრიგის დამყარების ბესლანური მოდელია. აფრიკაში, ალბათ, ჯერ არ უგემიათ არც ჩაი პოლონიუმით, არც სუნამო „ნოვიჩოკით” და არც ბავშვებიანი სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდება. ვიზებზე უარის გამო ლავროვი ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას დაიმუქრა, რომ აშშ–ს “სიურპრიზებს მოუწყობს”, ხოლო “გოსდუმის” ერთ–ერთი კომიტეტის წარმომადგენელმა თეთრი სახლის თავხედობის საპასუხოდ ამერიკული მწვანე ბარათის ლატარეის გათამაშების აკრძალვა მოითხოვა.

ლავროვის პრესკონფერენცია. ია მერკვილაძის ფოტო

სერგეი ლავროვმა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მაიკ პომპეოსთან საუბრისას მას ვიზების ამბავი შესჩივლა და მერე განაცხადა, კოლეგამ მითხრა, მე არაფერ შუაში ვარო; დაამატა, რომ დარწმუნებულია არც ტრამპა იცოდა საქმეთა ვითარება და დაიმუქრა – ამიერიდან ასეთი შეხვედრებისთვის მზადებისას ჩვენ წინასწარ გავარკვევთ საელჩოები “გოსდეპიდან” ხომ არ ღებულობენ ამგვარ მითითებებსო.

ამერიკული საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ლავროვმა ისაუბრა კორეის ნახევარკუნძულზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე, ავღანეთზე, სირიაზე, ირანზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე, ახლო აღმოსავლეთსა და New START–ზე (სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება). ოკუპირებული საქართველო, რომლის პრეზიდენტმა გაეროდან მსოფლიოს აუწყა, რომ შარშან ქვეყანამ 1,5 მილიონ რუს ტურისტს უმასპინძლა, განსახილველ თემებში ვერ მოხვდა და რომ არა ნიუ იორკში მოქმედი რუსული ტელევიზიის RTVI– ის ჟურნალისტი, არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ლავროვის საუბრის ხსენება იქნებოდა.

ლავროვის პრესკონფერენციას ორი ქართული მედიის (ტელეკომპანია “იმედი” და “ნეტგაზეთი”) წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა რუსეთის საგარეო უწყების მედიასამსუხური მარია ზახაროვას სახით, მათ მუდმივად აწეულ ხელებს ჯიუტად „ვერ“ ამჩნევდა, არადა სხვებს ერთზე მეტი შეკითხვის დასმის უფლება მიეცათ, მათ შორის, არაფრისმთქმელის. მაგალითად, რუსი ჟურნალისტის კითხვაზე ეწეოდა თუ არა სიგარეტს ახლა/უწინ ლავროვი და ამის გამო გაეროში დააჯარიმეს/აჯარიმებდნენ თუ არა. ამაზე მან უპასუხა, რომ ეს ზღაპრებია და „ჩვენ ყოველთვის უპირობოდ ვხელმძღვანელობთ გაეროს შტაბ–ბინის შინაგანაწესითო”.

ლავროვთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეომ  ტვირტერით გვამცნო: “არის სფეროები, რომელშიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები დაძაბულია და წინსვლისთვის კონსტრუქციული გზების ძიება აუცილებელია. ადრე ჩვენ შეგვეძლო ერთად მუშაობა და სამომავლოდაც შეგვიძლია”. კონკრეტულად რა სფეროები და „ადრე“ რომელ დროს გულისხმობდა, მას არ დაუკონკრეტებია. ალბათ, არა ობამას დროინდელ “პერეგრუზკის” ხანას, რომელმაც სრული კრახი განიცადა და რომელიც ლავროვმა არ დაიზარა და ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა.

ლავროვისა და თამბაქოს მოხმარების თობაზე კითხვის ავტორს, რუს ტელეჟურნალისტ ტანია ლუკიანოვას ეკუთვნის კითხვა საქართველოსა და რუსეთს შორის, უკრაინასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

მინისტრმა უკრაინის ხსენებას თავი აარიდა, საქართველოზე კი ამგვარად ისაუბრა:

„რაც შეეხება საქართველოს: ჩვენი გადაწყვეტილება შეწყვეტილიყო ავიაფრენები მიღებულ იქნა ოპოზიციონერების აღმაშფოთებელი გამოხდომის საპასუხოდ, რომლებმაც საპარლამენტაშორისო მართლმადიდებელი ასამბლეის სხდომა ჩაშალეს. ეს იყო მომზადებული პროვოკაცია და მათ დეპუტატებზე იძალადეს. მაშინ როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ვიფიქრეთ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა მანამ, სანამ სიტუაცია ნორმალიზდება და როცა საქართველოს ხელმძღვანელობა გააცნობიერებს, რომ ასეთი ექსცესები უნდა აღკვეთოს.

გუშინწინ თუ გუშინ, ერთი სიტყვით, როცა აქ ვიყავი, შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც იგი მთხოვდა. მერე მე წავიკითხე მისი განვრცობილი კომენტარები და, ჩემი აზრით, კომენტარებმა უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე – თავად შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად იგი დაინტერესდა ამ მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობით. მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ საქართველოსთან დავის ხელოვნური მიზეზი არასდროს გვიძებნია და თუ საქართველოს მთავრობა ნორმალური ურთიერთობების მიმართულებით რუსეთთან თავისი პოზიციის პასუხისმგებლობით დაწინაურებას შეძლებს და ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა დარაზმვასაც, ჩემი აზრით, ამჯერად თბილისის რეჟიმთან საბრძოლველად წინა პრეზიდენტი ცდილობს, მაშინ ჩვენ… მე პირადად, ამ მიმოსვლას აღვადგენდი. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ის კომენტარები, რომელსაც თავად ქართველები აკეთებენ, რასაკვირველია, ჩემში ღიმილსა და განცვიფრებას იწვევს.”

რეალურად კი ძალიან მწარე ღიმილს/განცვიფრებას ის იწვევს, რომ რუსეთი გაეროს ტრიბუნიდან ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე მაჰათმა განდისა და ვაცლავ ჰაველის მანტიის მორგებით საუბრობს, მაგრამ არავინაა გარშემო (არც ჟურნალისტებს შორის მოიძებნა), რომ დემაგოგიური “სფიჩები” კითხვის სახით მაინც გააპროტესტოს.

გაეროს ფორმატში ყოველ წელს პუტინისა და მისდაგვარებისთვის პროტოკოლურ/პოლიტიკური, ე.წ. დიპლომატიური რევერანსები სამწუხარო სტატისტიკას ჩრდილავს. ესაა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მშიდობისმყოფელების დაღუპვის ტრაგიკული ისტორიები. გენასამბლეის დარბაზის გარეთ, კორიდორებში თუ ეზოში დაღუპული ცისფერჩაფხუტიანებისადმი პატივის მისაგები ფოტოები, დაფები და ბანერებია გამოკრული, დარბაზის შიგნით კი პატივისცემით მიესალმებიან იმათ, ვისი ძალადობრივი პოლიტიკით, რიტორიკითა და  ქმდებით ეს ადამიანები ცოცხალთა სიაში აღარ არიან. გაეროს ტრიბუნიდან დევნილების, ლტოლვილებისა და პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელა რიცხზე “წუწუნებენ” ისინი, ვისი პოლიტიკის დამსახურებითაც ადამიანები თავიანთ სახლებს ტოვებენ.  გაეროს შტაბ –ბინის ეზოს კუთხეში,  ინგლისურენოვანი ვიკიპედიის თანახმად საბჭოთა / რუსი სკულპტორის ზურაბ წერეთლის შავი ფერის მონუმენტი “ბოროტსა სძლია კეთილმან”, რომელიც 1990-ში “ცივი ომის”დასასრულის სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული, კაფკა–ორუელური რეალისტური არტეფაქტია. გაერო დიდი ხანია ჯერდაუწერელი ანტიუტოპიის ტერიტორიად გადაიქცა.

დაღუპული მშვიდობისმყოფელების მემორიალი. გაერო. ია მერკვილაძის ფოტო

გაერო. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია გაეროსთან. ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკის ბრუკლინის  ჰაკერული ცენტრებით განთქმული რაიონი ბრაიტონი  ცნობილია პროპუტინისტური განწყობებითა და რუსულ დღესასწაულებზე იმპერიული სიმბოლიკით – “გეორგიევსკის ლენტოჩკებით” სეირნობით. აქ საბჭოთა კავშირი დიდი ხნის წინ აღდგა. ლავროვის გამოსვლის დღეს, როცა იგი დასავლეთის მედიების “ფეიკ ნიუსებს” აპროტესტებდა, გაეროს შტაბ–ბინის მიმდებარე ტერიტირიაზე სამი უზარმაზარი და ხმაურიანი საპროტესტო აქცია იმართებოდა – ინდოელების, ირანელებისა და ჩინელების, მაგრამ არა – რუსების. გაეროს მწვანე მარმარილოსფონიან ტრიბუნასთან კი აგვისტოს ომის ავტორი, არაერთი სისხლისმღვრელი კონფლიქტის გამჩაღებლი საუბრობდა “დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე”, “ბერლინის კედლის დაშლის მნიშვნელობაზე” და ნატოს მზაკვრულ ჩანაფიქრებზე. ფაქტობრივად, მისი სიტყვა “ცივი ომის” საუკეთესო ტრადიციებით იყო დაწერილი, სადაც „კეთილშობილ რუსეთს” „ვერაგი დასავლეთი” უპირისპირდება.

აქცია გაეროსთან. ია მერკვილაძის ფოტო

გენასამბლეაზე გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ლავროვი გახლდათ გაეროში აფრიკული თანამეგობრობის/კავშირის ყრილობის ორგიზატორ/წამყვანი, ხოლო  აფრიკისადმი მისი “ემპათიური” სიტყვები ამ კონტინენტზე გავლენის გაძლიერების სურვილის აშკარა დადასტურებაა. აქ მან, “ცხადია”, აფრიკული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობა აღნიშნა და ისიც გავიგეთ, რომ თურმე არსებობს რუსეთის მიერ ინიცირებული გაეროს რეზოლუცია აფრიკის დეკოლონიზაციის შესახებ… რვა წლის წინ ლიბიაში სამხედრო ინტერვენციით აღშფოთებულმა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს აფრიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, აფრიკაში მშვიდობისმყოფელების კონტიგენტს, გაეროს რეზოლუციებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების პრიმატზე ისაუბრა. თუმცა “დაავიწყდა” ეხსენებია ლიბიაში მებრძოლი 300– მდე  რუსი დაქირავებული  სამხედრო, რომელთა შორის დაღუპულებიცაა და მათ დრო და დრო რუსეთში მოასვენებენ. ლავროვმა ისიც თქვა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა აკადემიაში სპეციალური პროგრამაა გაეროს რუსი მშვიდობისმყოფელების მოსამზადებლად და რომ სექტემბერში ქალი პოლიციელების საწვრთნელი კურსები დაიწყო. სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – ინსტრუქტორი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ჯარს ეხმარება, რუსეთმა სამხედრო შეიარაღების ორი პარტია კი ამ ქვეყანას უკვე გადასცა და დაამატა, რომ ჯარის გაძლიერება უსაფრთხობის გაძლიერებას ნიშნავსო. რუსეთი აფრიკელებისთვის სტიპენდიებს გასცემს, ხოლო პუტინის ინიციატივით ოქტომბერში სოჭში დიდი აფრიკული კონფერენცია იგეგმებაო.

გაერო. ია მერკვილაძის ფოტო

გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა რამდენჯერმე აშშ–ის პოლიტიკა საერთაშორისო სამართლზე შეტევის მაგალითად ახსენა: უსაფრთხოების მსოფლიო არქიტექტურის ნგრევა ნატოს დააბრალა და გააჟღერა პუტინის ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შემცველი შეთავაზება. მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში “თანასწორი კოლექტიური სამუშაოს” მაგივრად ქმნიან „არალეგიტიმურ დახურულ ფორმატებს“:

„მიდგომები, რომელიც შეთანხმებულია რჩეულების ასეთ ვიწრო წრეში, მერე გამოცხადებულია საერთაშორისო შეთანხმებებად. ამას კი ახლავს საერთაშორისო ორგანიზაციების სამდივნოების პრივატიზირების მცდელობები და მათი გამოყენება უნივერსალური მექანიზმების გვერდის ავლით თავიანთი არაკონსენსური იდეების დასაწინაურებლად. უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მეშვეობით მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება მოხერხდა, პლანეტაზე კონფლიქტები და მტრობა არ იკლებს და ჩნდება ახალი გამოწვევები. ამის მიზეზი არის “ცივ ომში” საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებული ქვეყნების არსურვილი სხვა დანარჩენი სახელმწიფოების ინტერესები გაითვალისწინონ“ – განაცხადა ლავროვმა.

ამ ბოლო წინადადებით სსრკ – ის სამართალმემკვიდრემ, ფაქტობრივად, “მცირე ერები”, “ახალი დემოკრატიები” საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა, პრინციპით, “გაღმა მოედავე, გამოღმა შეგრჩებაო” და ანდრეი სახაროვის ნობელიანტური ტიტულიცა და სიტყვებიც ისე გამოიყენა, რომ არ გაწითლებულა: “დაქსასულობა სამყაროს დაღუპვით ემუქრებაო” – უთქვამს სახაროვს.

“სწორედ გაერთიანებაში ხედავდნენ გაეროს მამა–დამფუძნებლები გაეროს დანიშნულებას და მოდით, ვიყოთ ღირსეულნი მათი მემკვიდრეობისა და ხსოვნისო,” – დასასრულს განაცხადა ლავროვმა და დარბაზის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.

მონობისა და მონებით ვაჭრობის მემორიალი გაეროს ეზოში. ია მერკვილაძის ფოტო

__________________

მთავარ ფოტოზე: სერგეი ლავროვი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი