ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნიუ იორკი ორ ბორბალზე და ქართველი „ბაიკ ანგელოზი“

ნიუ იორკი ორ ბორბალზე და  ქართველი „ბაიკ ანგელოზი“

მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინათ, 2013-ის გაზაფხულის მიწურულს, ჩელსიში ერთ–ერთი გალერეიდან გამოსულს კოხტად ჩამწკრივებული, ერთნაირი, ცისფერი ველოსიპედების რიგი დამხვდა. როცა შევდიოდი, თითქოს არ იდგა, არ შემინიშნავს… მერე კი უცებ გაჩნდა. მაშინ, პოსტპოსტმოდრენისტული გამოფენიდან შთაბეჭდილებაგამოყოლილს ესეც ინსტალაცია მეგონა, ოღონდ – ქუჩის. დიდი ვაშლის ქალაქი ხელოვნების ასეთ მოულოდნელ არტეფაქტებს გაჩვევს და დროთა განმავლობაში ამას გაგებით ეკიდები. მეორე დღეს ველოსიპედების “გამოფენა” ზედ უოლ სთრითზე, დიდ ხართან, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის შესასვლელთან “გამართულიყო”. მას მერე შვიდი წელი გავიდა და “სითი ბაიკი” (ქალაქის ველოსიპედი) ნიუ იორკის სატრანსპორტო დიზაინის ისეთივე განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც მეტრო, ყვითელი ტაქსი და შავი ჯიპი საქარე მინაზე  წარწერით  UBER. ნიუ იორკში ურბანული ველოსიპედების მცირე, საშუალო თუ დიდ ჯგუფს შეხვდებით პარკებთან და უნივერსიტეტებთან, სავაჭრო ცენტრებთან და რესტორნებთან, გალერეებთან და სარეკლამო ელექტროტაბლოებთან…

2008 წელს ნიუ იორკის ქალაქის სატრანსპორტო დეპარტამენტმა ქალაქის მერიას ნიუ იორკში ველოსიპედით საზიარო სარგებლობის სერვისის პროექტი შესთავაზა. იდეა მოიწონეს და ველოსიპედების სადგურების გახსნა 2011–ისთვის დაიგეგმა. მაგრამ სხვადასხვა ტექნიკურმა პრობლემამ და ქალაქს თავსდამტყდარმა დამანგრეველმა ქარბორბალა “სენდიმ” ნიუ იორკელებს ველოსიპედით საზიაროდ გადაადგილების საშუალება ორი წლით გადაუვადა. 2013 წლის მაისში კი მანჰეტენზე, ბრუკლინში, ქუინსსა და ასევე ჯერსი სითიში (ნიუ ჯერსის შტატის ქალაქი, რომელსაც ნიუ იორკი მეტროთი უკავშირდება) ქუჩების სრულფასოვანი ბინადრები, კერძო ბიზნესის პროდუქტები – ადვილად მოსავლელი სიმპათიური ორბორბლიანები, “სისტემას დაქვემდებარებული”, გაქურდვისგან დაცული, ჯანმრთელობისთვის უებარი, ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლებად ავარიულ/საცობშემქმნელი, ბრიტანულ იუმორნარევი (ჯერომ კ. ჯერომის “სამი კაცი ბორბლებზე” (1900), ყველაზე იაფი, სწრაფი სატრანსპორტო საშუალება გაჩნდა.

ნიუ იორკი ადრე ისედაც მეგობრობდა ველოსიპედთან არა მარტო სპორტსმენების, მოყვარულების „ბაიკებით“, ველოსიპედების სკულპტურებითა და საბავშვო სათამაშო ტერიტორეობით, არამედ შეკვეთილი საკვების (პიცა, ჩინური კერძები და ა.შ.) სახლში მიტანის ველოსერვისითაც. ის კი არა, წელს ზაფხულში ნიუ იორკში “ველოსიპედის ფილმის ფესტივალზეც” (2001) გახლდით, რომელზეც წარმოდგენილი იყო არა მარტო ფილმები ველოსიპედებზე (მათ შორის, ანიმაციური), მათ შემქმნელებზე და ფანებზე, არამედ გამოფენილი იყო ველოსიპედების ატრიბუტიკაც, ტანსაცმელი, აქსესუარები და, რაც მთავარია, ძვირი, საშუალო და იაფიანი “ბაიკები”. გავიცანი იტალიური ასწლოვანი ველოკომპანიის  Colombus Tubing and Cinelli მფლობელი ანტონიო კოლომბო, რომელიც ველოსიპედების ტექნიკურ მახასიათებლებზე ისე საუბრობდა, თითქოს დეტექტიურ ამბავს ყვებოდა. ამგვარი კინოფეტსივალი ნიუ იორკის გარდა ტარდება ფლორენციაში, სტამბულსა და მეხიკოში და წარმოადგენს არა მარტი “ბაიკკინოს”  წარმოჩინების შანსს, არამედ თანამოაზრეების დიდ ფორუმსაც.

ანტონიო კოლომბო, ველოკომპანიის – Colombus Tubing and Cinelli მფლობელი. “ველოსიპედის კინოფესტივალი –2019 ” ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

და კიდევ… რაც პირადად ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო და ყურიც ამიტომ მქონდა გაფაციცებული… გაჟღერდებოდა თუ არა Queen-ის პოლიტიკური Bicycle Race. გაჟღერდა, თან ფინალურ აკორდად. თუმცა ველოსიპედების თემაზე ფრედი მერკურიზე ადრეც უმღერიათ და მას მერეც. მაგალითად,  ტომ ვეიტსს, დებორა ჰარის, Pink Floyd–ს, Nazareth–ს, Red Hot Chili Peppers –ს, ჩვენებურ ქეთი მელუას და კიდევ ბევრს. ძველი ფილმებიდან კი პირველი რაც სიტყვა “ველოსიპედზე” მახსენდება ვიტორიო დე სიკას ნეორეალისტური “ველოსიპედის გამტაცებლები” (1948) და ჯონ ბედჰემის სპორტული დრამა “ამერიკელი მფრინავებია” (1985).

კადრი ფილმიდან “ველოსიპედების გამტაცებლები”.

ველოსიპედი არაა მხოლოდ “გადაადგილების საშუალება”. იგი ეპოქის პოლიტიკურ –  სოციალურ –ეკონომიკური ტრიგერ/სიმპტომიცაა, რომელმაც დიდი ხნის წინათ არა მხოლოდ ავტომობილ/თვითვმფინავების შექმნას მისცა ბიძგი, არამედ ფემინიზმის მხარდამჭერადაც გადაიქცა. ველოსპედების გადამკიდე, ქალებმა შემბოჭველ კორსეტებზე უარი თქვეს და შარვლები მოირგეს (1890–იანები). გარდა ამისა, მაგალითად, აშშ–ში XIX საუკუნეში ველოსიპედისტები ერთიანდებოდნენ, გზების გაუმჯობესებას ითხოვდნენ და თავის მიზანს აღწევდნენ კიდეც.

სუფრაჟისტები

ნიუ იორკის სატრანსპორტო ზღვრული გადატვირთულობა არახალი ამბავია. ის კი არა, მანჰეტენის ქუჩებში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ადამიანები ტროტუარებზე ვერ ეტევიან, სამანქანო ნაწილზე გადადიან და ეს, ცხადია, არა მარტო “ნიუ იორკ თაიმსმა” შენიშნა, არამედ – ქალაქის პოლიციამაც. ნიუ იორკმა იზრუნა იმაზე, თუ როგორ აერიდებინა თავი სატრანპორტო კოლაფსისთვის და, როგორც ჩანს, გამოუვიდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაჩენილმა სერვისმა კონკურენცია გაუწია ველოსიპედების გაყიდვისა და გამქირავებელ კომპანიებს, თუმცა ამგვარი რამ ბაზარზე ყოველი ახალი პროდუქტისა თუ სერვისის გამოჩენის თანმდევი მოვლენაა და ამიტომ ქალაქმა იგი მშვიდად მოინელა.

ცხადია, როცა ვსაუბრობთ ყველაზე სწრაფ გადაადგილების საშუალებაზე, უნდა დავურთოთ დათქმა – “გააჩნია საიდან–სად”, რადგანაც, მაგალითად, თუ “სითი ბაიკით” მანჰეტენზე მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ბრუკლინში მდებარე “ნიუ იორკის აკვარიუმისკენ” აიღებთ გეზს (ეს დაახლოებით 45 კმ–ია), ცხადია, დროისა და ენერგიის ეკონომია არ გამოგივათ.

2013 წელს ქალაქში „სითი ბაიკის“ 332 სადგური ფუნქციონირებდა, რომელიც 6 000 იდენტური ველოსიპედით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო წლის ბოლოს 100 000-მდე ხელმომწერი ანუ მუდმივი მომხმარებელი გაჩნდა, რომელთაგან უმეტესობა პროგრამის გაშვების პირველ სამ თვეს დარეგისტრირდა. „სითი ბაიკმა“ თავისი სვლა წარმატებული დებიუტით დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ამ სერვისის გამოყენებით ნიუ იორკელებმა და სტუმრებმა ქალაქის ფარგლებში 50 მილიონი კილომეტრი გაიარეს. 2013-ის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს კი, 43 ათასი გამგზავრება, ანუ წლის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა.

2017 წელს ნიუ იორკში სადგურებისა და ველოსიპედების რაოდენობა გაორმაგდა. სტატისტიკა გვამცნობს, რომ ყოველ წელს „სითი ბაიკს“ დაახლოებით 130 000 ახალი ოფიციალური მომხმარებელი ანუ გამომწერი ჰყავს, დღეში კი საშუალოდ 48 000-ზე მეტი მგზავრობა ფიქსირდება ანუ წელიწადში – თითქმის 50 მილიონი მგზავრობა. ცხადია, ველოსიპედების სადგურები ინფრასტრუქტურის არსებობასაც გულისხმობს – საპარკინგე ადგილებს, სამოძრაო ზოლებს, კიოსკებს, განათების სისტემებს, სათვალთვალო კამერებს, ელექტრონული გადახდის სისტემას და ა.შ.

ნიუ იორკი, „სითი ბაიკები“. ია მერკვილაძის ფოტო

ამ პერსპექტიული, საჭირო და საინტერესო პროექტის განმახორციელებლად შეირჩა ადრე პორტლენდში (ორეგონის შტატი), ამჟამად კი ნიუ იორკში ბაზირებული კომპანია Motivate (2010),  რომელიც 2014-ში “მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიათა” ნუსხაშიც მოხვდა. წელს „სითი ბაიკი“ ნიუ იორკის  სადგურებზე კიდევ 40 000 ველოსიპედის დამატებას გეგმავს, რაც მეგაპოლისში ველოსიპედების საზიარო სერვისზე მზარდ მოხმარებასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე მოთხოვნას მოიაზრებს. არსებობს სამწუხარო სტატისტიკაც, 2019 – ში ნიუ იორკში რვა ადამიანი ველოსიპედის მართვისას ავარიით დაიღუპა. ველოსიპედის მძღოლს, ისევე როგორც – ავტომობილისას, საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა სჭირდება, თუმცა ავტომობილის მფლობელთაგან განსხვავებით მას გამოცდების ჩაბარება არ ევალება.

აჩიკო მამისაშვილი ერთადერთი ჩემი ნაცნობი ქართველია, რომელიც „სითი ბაიკს“, ფაქტობრივად, ყოველ დღე, სისტემატურად იყენებს. იგი ოთხი თვეა, რაც ამ სერვისის მომხმარებელია, დეტალებში კარგად ერკვევა და ამასობაში “ბაიკ ანგელოზიც” კი გახდა.

  • ცნობილია, რომ ნიუ იორკელების გარდა, „სითი ბაიკი“ ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„სითი ბაიკის“ ერთჯერადი და რამდენიმედღიანი საშვი უფრო ტურისტებზეა გათვლილი, ვიდრე – ნიუ იორკელებზე. ველოსიპედი კარგ ამინდში ქალაქის დასათვალიერებლად  მართლაც ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა. თანხა დროით იზომება და არა მანძილით. ერთი 30-წუთიანი მგზავრობა 3 $ ღირს, ერთდღიანი ულიმიტო 30– წუთიანი საშვი – 12 $, სამდღიანი – 24 $, ერთწლიანი ულიმიტო, 45 წუთიანი წევრობა კი – 169 $. 24 საათის განმავლობაში “სითი ბაიკის” გამოყენება შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლია, ოღონდ 45 წუთის შემდეგ ნებისმიერ სადგურზე უნდა დააყენო და თუ გინდა მაშინვე ისევ აიღო. თუ გადაამეტებ, ცხადია, რაღაც თანხის გადახდა დამატებით მოგიწევს. ულიმიტოდ მეტროთი მგზავრობა თვეში დაახლოებით 140 $ ღირს. თან გამოყენებიდან თითქმის 20 წუთის განმავლობაში მეტროს იმავე ბარათს ვერ გამოიყენებ. ველოსიპედით მგზავრობის არჩევით კი წელიწადში  დაახლოებით 1 500 $-ს დაზოგავ, ხოლო თუ ტაქსის მომხმარებელი ხარ, ცხადია – გაცილებით მეტს. ამავე დროს შეგიძლია მეგობარსაც დაეხმარო და ამით მას საგრძნობი თანხა “აჩუქო”.

აჩიკო მამისაშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

  • ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში ბოძზე “მიბმული” საკუთარი ველოსიპედები 15 წუთის შემდეგ არ დახვდათ…

„სითი ბაიკის“ ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ველოსიპედს არ კარგავ. სამწუხაროდ, ნიუ იორკი არაა ქალაქი, სადაც შენს ნივთს (თუნდაც საიმედოდ მიბმულს) თუ გარეთ დატოვებ, იგი ისევ იქ დაგხვდება. „სითი ბაიკი“ კი, ადამიანის, ასე ვთქვათ, საპასპორტო მონაცემებზეა მიბმული და დაზიანების თუ დაკარგვის შემთხვევაში ჯარიმა 1 200 დოლარია. ჯერჯერობით „სითი ბაიკის“ ნაკლი ისაა, რომ ზოგჯერ საპარკინგე ადგილი ახლომახლო არაა, ანდა უახლოეს სადგურზე შეიძლება ველოსიპედი არ დაგხვდეს. საბედნიეროდ, ამას შენს ტელეფონში წინასწარ ხედავ და, როგორც წესი, სხვა სადგურებიც არც ისე შორსაა. „სითი ბაიკის“ აპლიკაცია “ბაიკ ანგელოზობასაც” გთავაზობს. ანუ, თუ აიღებ ველოსიპედს გადატვირთული ანდა არც ისე გადატვირთული სადგურიდან და დააყენებ შედარებით ცარიელ სადგურზე, ქულებს გამოიმუშავებ და ამგვარად შეგიძლია მეგობარს უფასო დღეები აჩუქო, ანუ მას ველოსიპედის უფასოდ დაქირავების საშუალება მისცე, შენი წლიური წევრობა კი უფასოდ გააგრძელო. ერთ-ერთი ასეთი ანგელოზი მეც გახლავართ. თუმცა არსებობს “ნეიტრალური” სადგურებიც, სადაც არანაირი ქულები არ გემატება. ზოგადად თავად სისტემა განსაზღვრავს სადგურის აქტუალურობას მისი ადგილმდებარეობის, გადატვირთულობისა და სხვა პარამეტრების მიხედვით და სწორედ ეს სისტემა გითვლის ქულებს. ერთი ქულა გემატება თუ ველოსიპედს სავსე სადგურიდან აიყვან და ცარიელზე დააყენებ. ზოგჯერ ზოგიერთი სადგურიდან აღებისთვის ან დაყენებისთვის ანუ ერთი სამოძრაო აქტივობისთვის შეიძლება ოთხი ქულაც კი  “გამოიმუშაო”.

  • თუ ტელეფონი ბატარეა დაგიჯდა ეს იმას ნიშნავს, რომ სადგურს ვერ იპოვი? მეტროს რუკის მსგავსი “სითი ბაიკის” ნაბეჭდი რუკა რომ არსებობდეს, ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, არა?

ალბათ, არსებობს ქაღალდის რუკაც, თუმცა თავადაც შეგიძლია იგი ამობეჭდო. პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ გარკვეული სადგურები არ ფუნქციონირებს, რემონტდება ან სხვა პრობლემაა და, ცხადია, ნაბეჭდი რუკა ამას ვერ გამცნობს, რადგანაც თითქმის ყოველდღიურად ახალ სადგურებს, ზოლებს ამატებენ და ამიტომ უახლოესი ინფორმაციის მოცემა  მხოლოდ აპლიკაციას შეუძლია.  როგორც ავტომობილში საწვავს ასხამ მანამ, სანამ დაიძვრები, შენი ტელეფონიც სათადარიგოდ უნდა დატენო. თუ ფიზიკური გასაღები (ასეთებიც არის) არ გაქვს, ტელეფონის (რომელშიც „სითი ბაიკის“ აპლიკაცია გაქვს) გარეშე ველოსიპედს ვერ აიღებ. ყოველი აღებისას ახალი კოდი გჭირდება, რომელსაც  მოცემულ სადგურზე „სითი ბაიკის“ აპლიკაცია დაწკაპებისას გაძლევს. სადგურზე დაყენებისთვის კი ტელეფონის აპლიკაცია არ გჭირდება.  თუ იცი სად მიდიხარ, დასაყენებელ სადგურს წინასწარ ირჩევ, აპლიკაცია კი ყველაზე მოსახერხებელ მარშრუტს თავად გთავაზობს. ველოსიპედის სადგურზე დაყენება კი ძალიან მარტივი პროცესია. სადგურზე სპეციალური დასადგომებია, რომელზეც ველოსიპედს შეაყენებ. თუ მწვანე შუქი აინთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ველოსიპედი ჩაიკეტა. წითელი შუქი კი იმის ნიშანია, რომ სწორად ვერ დააყენე.

  • ველოსიპედისთვის ნიუ იორკი თავისი მანქანებით, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობით რამდენად უსაფრთხოა? 

თუ ფრთხილად ხარ, მოძრაობის წესების დაცვით მოძრაობ, ძალიანაც უსაფრთხოა. ველოსიპედის მოძრაობის წესები თითქმის იგივეა, რაც – ავტომობილის; ველოსიპედის ზოლებში მოძრაობა კი – ყველაზე უსაფრთხო. ავტობანზე კი უფრო სარისკოა. ველოსიპედის ტარება არასრულწლოვნებს 16 წელს ზემოთ შეუძლიათ, ოღონდ მათთვის ჩაფხუტის ტარება სავალდებულოა. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი გამოცდილებით, ქალაქში ველოსიპედისტებისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს ფეხით მოსიარულეები ქმნიან. ერთ-ერთი ნაკლი რაც ნიუ იორკს აქვს, არის გაუმართავი გზები, რაც არა მარტო ფიზიკურ დისკომფორტს, ველოსიპედით მოსარგებლეებს სერიზულ საფრთხესაც უქმნის. მოკირწყლულ ქუჩაზე “ბაიკით” სიარული სასიამოვნო არაა. უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალაქში გზების ასეთი მდგომარეობა უცნაური და სამარცხვინოა, ასევე – მეტროსიც. თუმცა ამერიკაში ბევრი რამაა ძალიან უცნაური…

ფოტო: citibikenyc.com

  • ქალაქში „სითი ბაიკით“ მოსარგებლე რა ასაკის ხალხს ხვდებით?

ყველაზე მეტად ველოსიპედებზე დაახლოებით ჩემი ასაკის, 30 წლის ხალხს ვხედავ. თუმცა აქ ველოსიპედზე ყველა ასაკის (20, 30, 40, 50 და ზემოთ), ყველა სოციალური ფენისა და გენდერის ადამიანს ნახავთ, მათ შორის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაც. ზოგი ველოსიპედს გარემოს დაცვის მიზნით ატარებს, ზოგი – ფულის დაზოგვის მიზნით, ზოგი – სიამოვნებისთვის, ზოგი – სავარჯიშოდ, ზოგი კი – სისწრაფისა და მოხერხებულობისთვის, პირადად მე – ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზის გამო. ზოგჯერ ამინდი ქმნის პრობლემას, მაგრამ არა უშავს, თუ კვირაში ერთხელ–ორჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იმგზავრებ. საბოლოო ჯამში  „სითი ბაიკის“ სერვისით ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველას, ვისაც შეუძლია, მოვუწოდებ ველოსიპედებზე გადმოსხდნენ. განსაკუთრებით იმათ, ვინც სპორტულ დარბაზებში პედლებს ერთ ადგილზე ატრიალებენ. ველოსიპედი თქვენი ჯანმრთელობისთვისაც, გარემოსთვისაც და კიდევ ბევრი რამისთვის, მათ შორის, ჯიბისთვისაც, უკეთესია, ვიდრე ავტომობილი და სპორტული დანადგარი.

  • ველოსიპედით მგზავრობისთვის ზამთარი, აშკარად, პრობლემურია, არა?

ძნელია იმის თქმა, ზამთარი უფრო რთულია თუ ზაფხული. ზაფხულში გცხელა და ენერგიულად თუ ატარებ ველოსიპედს, უფრო მეტად გიჭირს. ზამთარში გცივა, მაგრამ პედლების ტრიალი ცოტა გათბობს. ჯერ არ მქონია თოვლიან გზებზე მოძრაობის გამოცდილება, თუმცა ქალაქის მერია სამანქანო გზაზე თოვლს ოპერატიულად წმენდს და სადაც ავტომობილი ჩვეულებრივად მოძრაობს, იქ – ველოსიპედიც. ცხადია, აქ დიდთოვლობას არ ვგულისხმობ. თუ გადაყირავდი (როგორც ერთხელ მე მომივიდა, როცა ჩემს ზოლში გამოსულ, ამანათებით დატვირთულ ურიკას შევეჯახე), თბილად ჩაცმული უფრო რბილად დაეცემი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. გზაზე ძალიან ყურადღებით უნდა იყო და ტელეფონში არ უნდა იყურო. საუკეთესო დრო ველოსიპედისთვის კი გაზაფხული და შემოდგომაა. სხვათა შორის, ამ ზამთარს სადგურებზე ელექტროველოსიპედების დამატებაც იგეგმება, რომელიც ძირითადად ხიდებზე გადასვლისთვისაა გათვლილი. მათი ყოველი მოხმარებაც ფასიანი იქნება, თუმცა მანჰეტენის გარეთ მცხოვრებლებისთვის მგზავრობის შედარებით იაფ საფასურს  აწესებენ.

  • „სითი ბაიკი“ ნიუ იორკელობის განცდასთან კავშირშია?

„სითი ბაიკმა“ უფრო მეტად ნიუ იორკელი გამხადა. F-ზე დაწყებული ერთი სიტყვის ხმარებასაც მოვუმატე. ველოსიპედით მოძრაობის წესების გაცნობისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა, რომ ფეხით მოსიარულეებს უყვირო. ეს ველოსიპედებს სახელურებთანაც კი აწერია. ოღონდ დაკონკრეტებული არაა, თუ რა უნდა უყვირო. ჰოდა, ხან რა წამომეყვირება ხოლმე და ხან – რა, ზოგჯერ ქართულადაც, განსაკუთრებით როცა ტელეფონში თავჩარგული ფეხითმავლები უცებ გამოხტებიან ხოლმე. თავისთავად შემეგინება ხოლმე, რაც არ მომწონს. ერთი-ორჯერ დამსახურებულად მეც შემამკეს ეპითეტებით, როცა მოძრაობის წესები დავარღვიე.  მაგრამ შეგიძლია გაექცე ასეთ სტრესულ ადგილებს, ჩახვიდე სანაპიროზე და  ქვედა მანჰეტენს შემოუარო, საათზე ნაკლებში გაისეირნო მდინარე ჰადსონის, ატლანტიკ ოკეანისა და აღმოსავლეთ მდინარის სანაპიროებზე; დატკბე ჯერსი სითის, ბრუკლინისა და მანჰეტენის ჰორიზონტებით. დღისითაც და ღამითაც ამგვარი გასეირნება ძალიან ლამაზი, სასიამოვნო და მედიტაციურია. „სითი ბაიკის“ მოხმარებისას ჩემთვის ქალაქის ახალი ქუჩები და ადგილები აღმოვაჩინე, სადაც ველოსიპედის გარეშე, ალბათ, ვერ  მოვხვდებოდი. კიდევ ის აღმოვაჩინე, რომ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ალაგს, თაიმ სკვერზე გავლა ველოსიპედით უფრო ადვილია, ვიდრე – ფეხით ან მანქანით. დიახ, ველოსიპედმა უფრო შემაყვარა ნიუ იორკი თავისი ლამაზი და მახინჯი მხარეებით და უფრო მეტად მომინდა, რომ ეს ქალაქი უკეთესი გახდეს.

  • ყურსასმენებით სიარული, ალბათ, აკრძალულია…

კი, აკრძალულია თუ ორივე ყურში ყურსასმენები გაქვთ. ერთით დაშვებულია, მაგრამ მაინც, უსაფრთხო გადაადგილებისთვის უყურსასმენოდ მგზავრობა ჯობს. მაგრამ ღიღინი აკრძალული არაა. ჰოდა, ყველანაირ მუსიკას რაც თავში მიტრიალებს ხოლმე, ოპერიდან დაწყებული ჰიპ-ჰოპით დამთავრებული, ვღიღინებ…