საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარტია “ევროპული საქართველო” დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას გემ “ვალდეკ-რუსოს” სახელი ეწოდოს.
საფრანგეთის ფლოტის ესკადრა, ჯავშნოსან კრეისერ “ვალდეკ რუსოს” მეთაურობით, 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დასაპყრობად შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის პოზიციებს ზღვიდან ბომბავდა. შედეგად, ქართულმა ჯარმა 28 თებერვალს, თბილისის დაცემის შემდეგ, გაგრა კონტრშეტევით აიღო. 1921 წლის 11 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის შემოჭრისას, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გადაწყევტილება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა არისტიდ ბრიანმა მიიღო.
“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ გემი “ვალდეკ-რუსო” იმსახურებს, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს.
“დღეს ჩვენ გვსურს, გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან წაშლილი ერთი კონკრეტული ეპიზოდი – ამ ომში საფრანგეთის ფლოტის მონაწილეობა საქართველოს მხარეს. გვსურს, შევთავაზოთ საკრებულოს, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ფრანგული ჯავშნოსანი კრეისერის სახელი, რომელიც აფხაზეთში შემოჭრილ წითელ არმიას ბომბავდა ზღვიდან, რამაც საშუალება მისცა საქართველოს ჯარს, რომ გაგრა აეღო კონტრშეტევით 28 თებერვალს, როდესაც თბილისი უკვე დაცემული იყო. ეს არის საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი მათ შორის იმიტომაც, რომ გვახსენებს, რომ ევროპის ცივილიზებული ერები იდგნენ საქართველოს გვერდით და ვფიქრობთ, რომ ეს ეპიზოდი და ეს გემი “ვალდეკ-რუსო” იმსახურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დღესვე “ევროპული საქართველო” გამოვიდა ინიციატივით, გმირ კურსანტ შალვა ერისთავს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” თინათინ ნიბლოშვილი “ევროპულ საქართველოს” სთავაზობს, ინიციატივით კომისიას ოფიციალურად მიმართოს.
“თბილისის საკრებულო ინტენსიურად მუშაობს საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით და ერთი წლის წინ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე 15 ქუჩას, რომელთა სახელებიც სხვადასხვა ფორმით ასოცირებული იყო საბჭოთა ოკუპაციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი პირების სახელები ეწოდა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოფიციალურად შემოდის სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სახელზე, კომისიის ფარგლებში განიხილება და შემდეგ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ვერც კომისიის თავმჯდომარე. საკითხი განიხილება კომისიურ რეჟიმში, შემდეგ- უკვე საკრებულოს სხდომაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ოფიციალურად უნდა მოგვმართონ”, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.