ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა – მეორე ნაწილი

თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა – მეორე ნაწილი

“თქვენ ხართ სახლთა რიგები!

თქვენ ხართ გამჭოლფანჯრებიანი ფასადები!

თქვენ ხართ სახურავები!

თქვენ ხართ აივნები და შესასვლელები!

თქვენ ხართ ქვაფენილები და რკინის მცველები!

თქვენ ხართ ფანჯრები,

რომლის გამჭვირვალე გარსებს რამდენი რამის გამოხატვა შეუძლია!

თქვენ ხართ კარები და აღმავალი საფეხურები!

თქვენ ხართ თაღები!

თქვენ ხართ დაუსრულებული ტროტუარების ნაცრისფერი ქვები!

თქვენ ხართ მოსიარულე გზაჯვარედინები!” *…

ვაშინგტონ სკვერიდან მობრუნებულს “თაფლი და ძმარი”აღარ დამხვდა… სამაგიეროდ მტრედები ჯგუფურად და ცალ–ცალკე თითქოს ერთ წრეზე დაბნეულები დაეხეტებოდნენ და დაყრილ პურს კენკავდნენ, მაჰათმა განდის ძეგლთან შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ეხუტებოდა, ხოლო გადაბრუნებული ვედროს ინსტრუმენტალისტი ჯოხებს პლასტმასის ზედაპირზე რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გამაყრუებლად ურტყამდა, თითქოს დაჭრილ გაზაფხულს მიძინების საშუალებას არ აძლევდა.

ია მერკვილაძის ფოტო

გავხედე იუნიონ სკვერიდან თაიმს სკვერისკენ მიმავალ გზას… ბროდვეის გასწვრივ, ზებრებით დასერილი წვრილი გზა სრულიად ცარიელი იყო და ეს სიცარიელე წინ ფართოვდებოდა. წვიმა ნელ-ნელა ილეოდა… ჩემ საყვარელ მაღაზიასთან გავჩერდი, იქ გამოკრულ განცხადებას ფოტო (რომელიც სელფი გამოვიდა, რადგანაც მინაში ჩრდილად მეც გამოვჩნდი) გადავუღე და ზევით ავიხედე. საშუალო, მაღალსართულიან შენობებსა თუ ცათამბჯენებს შორის ჩახატული, ოდნავ გაცისფერებული, ღრუბლიანი ცა ისეთი შორი და ახლოც იყო და მე ისეთ ციცქნა, უმწეო, ავტომატურად მოვიბუზე და სასოწარკვეთილად სახლში მომინდა. ჩემ სახლში, ჩემებთან, საქართველოში, შვილთან, დედასთან, ძმასთან… ძნელია პარალელურად ორ კონტინენტზე, ორ ქვეყანაში, ერთდროულად ორ მისამართზე ცხოვრება. ვისაც ეს გამოუცდია, გამიგებს. აი, ჯერ უცხო ქალაქში, დასახლებაში შენი სახლისა და ეზოს, ქუჩის მსგავსებას ზებუნებრივი სიჯიუტით რომ ეძებ და ეს დღე–ღამის რუტინად გადაქცევა… მერე იღლები და ამ ყველაფერს უბრალოდ ფოტოს, ვიდეოს ამახსოვრებინებ და მერე… ვეღარც ამჩნევ. განა არ, ვერ. რადგან წლებთან ერთად აღმოაჩენ, რომ თვალსაც თავისი ნერვული სისტემის ლიმიტები ჰქონია.

უბრალოდ, წარმოვიდგინე, როგორია ჩემი მშობლიური ქალაქის ხელოვნური ვაკუუმი და მაშინვე დავხურე ეს წარმოსახვითი ფოტოალბომი. ექოდ ჩემი სახლის ეზოს მწვანე რკინის ჭიშკრის ყრუ მიჯახუნების ხმა ისე ცხადად გავიგონე, ალაგ–ალაგ გამოჭყეტილი მუქი ყავისფერი ჟანგის წერტილებიც დავინახე და ლამის ფანჯარაში გავიხედე, ნეტა ვინ მოვიდა-მეთქი.. თუმცა მაშინვე ჩემ თავს შევძახე – აქ და ამჟამად! ია, სად წახვედი? აქ და ამჟამად!

თავიდან გაბრაზება ძალიან მწველი იყო. ყოველდღე ასამდე კი არა, ათი ათასამდე დათვლაც არ მშველოდა. მაგრამ ეს იმდენი ენერგიის წამრთმევია, იმდენად გამომფიტავია, რომ თავს იცავ და ბლოკავ… ახლა, 15 წლის შემდეგ უბრალოდ, პერსონალური რეალობის ორგანული ნაწილი ხდება და ხანდახან ხატებსა და სიტყვებზე მიბმული მეხსიერების განათებებით გახსენებს თავს… მაგალითად, მაღაზიაში, ბავშვის ხის საწოლისა და თეთრეულის, აფუმფულებული კნუტებიან– ლეკვებიანი ბალიშისპირის დანახვაზე ამერიკაში წამოსვლის ღამე მახსენდება.. როცა მუცელზე მწოლიარე, გემრიელად მფშვინავი, მარცხენა ლოყამიჭეჭყილ, ხუჭუჭა თმებდაყრილ შვილს, რომელსაც იმ ღამეს ორი წელი უსრულდება, ვერ კოცნი, რადგანაც გაეღვიძება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ფეხს ვერსად გაადგამ… თან როცა ჯოჯოხეთის, ანუ არაფრის გრძნობის დღე გქონდა და ბავშვი თითქოს გრძნობდა განშორებას, იმდენად უჩვეულოდ გაღიზიანებული, ატირებული იყო…

იმ ზაფხულის დილას, ორ საათზე, თბილისის აეროპორტისკენ გზა ისეთივე ცარიელი იყო, როგორიც ახლა ნიუ იორკის ქუჩებია… მანქანაში მდუმარედ ვიჯექით. დედამ ვერ გამაცილა. ბავშვთან დარჩა. კარგად მახსოვს, რადიოში ძალიან დაბალ ხმაზე თითქოს სპეციალურად ჩემი გულის გასახეთქად, სადისტურად U2-ს კომპოზიცია “ერთი” ჟღერდა, ხოლო დიჯეი უაზროდ იცინოდა. მას მერე ამ ჯგუფს ვერ ვუსმენ. სახლიდან შორს მიმავალი გზა… მერე თანდათან გაუცხოებისა და მარტოობის გრძნობა შენი ისეთივე ჩვეულებრივი ნაწილი ხდება, როგორიც დილისთვის – მზის ამოსვლა… ეს არაა თარგმანში დაკარგულობა, ეს გაქრობის, არად ყოფნის განცდაა. ამ ტრანსფორმაციის დღესა და საათის დაფიქსირებაც კი შეგიძლია, მაგრამ არა უინიონ სკვერის იმ გიგანტური საათის სიზუსტით, რადგანაც ტვინის გაციფრების თემა უკვე სრულიად სხვა პროზის – ანტიუტოპიის “სარტყლებად” დაყოფის ჟანრიდანაა.

ღრმად ჩავისუნთქე–ამოვისუნთქე. ყურადღება ნიუ იორკის უიტმენისეულ ადამიან – სახლებზე, ადამიან – თაღებზე, ადამიან – გზაჯვარედინებზე გადავიტანე. ასე სჯობს და იმიტომ. არა, სიტყვები “ასე სჯობს” არაზუსტია. უფრო, აი, ეს – „სხვაგვარად არ შეიძლება“.

ტელეფონით ფოტოების გადაღებას ლამის “უბერის” გამოძახება ვარჩიე. კორონობას ტრასპორტის ეს საშუალება გამართულად არ მუშაობს, ამ ვირუსით მძღოლებიც დასნებოვდნენ.

შადრევნებიანი, ძეგლებიანი და ხრაშუნა ხრეშიანი სკვერების სიცარიელე სულ სხვაა, ვიდრე გრძელი, უკაცრიელი ასფალტის კილომეტრები, ამ დაღვრემილ ცათამბჯენებს შორის ხეტიალი და დაკეტილი ოფის–მაღაზიების თვალიერება იმის იმედად, რომ სააფთიაქო ქსელის რომელიმე მაღაზია ღია იქნება, პირბადის საყიდლად კი იმის განცდით შეხვალ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენი რეალობის ეს “სასიცოცხლო” ატრიბუტი არ ექნებათ… ისიც ვიფიქრე, ხმამაღლა რომ წავიმღერო რამე? აქ ექო როგორია ნეტა?… მაგალითად, ნიუ იორკელი ბილი ჯოელის New York State of Mind–დან ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა. მიხვდით ხომ, რომელი? სხვათა შორის, ნიუ იორკის გუბერნატორმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომ ამა წლის 18 ივლისს ბილი ჯოელის დღედ აღვნიშნავთ. რა, არაა ღირსი თუ რა? ბოლოს და ბოლოს მუსიკოსი ექვსი “გრემის” მფლობელი და “როკ ენ როლის დიდების დარბაზის” წევრია. თუ არ გჯერათ, აი ასლიც, ჩიქორთული კალიგრაფიით.

წვიმამ ამასობაში სულ გადაიღო და ჰაერში სველი ასფალტის სუნი დატრიალდა. ამანაც გამაჩერა. რომ ეწვიმა, #დარჩისახლში პოლისის მორჩილების ამბავში სახლში დასაბრუნებლად თავსხმას მოვიმიზეზებდი. ჰო, ცოტა შემეშინდასავით სულ მარტო ამხელა ქალაქში ბორიალი, მაგრამ იმ იმედით, რომ სადმე მშენებლობის მუშა ანდა საკვებისთვის სახლიდან გამოსული ვინმე დამემგზავრებოდა გზას გავუდექი. თავისთავად წამომიტივტივდა უოლ უიტმენის ეს სიტყვები ლექსიდან “ბალახის ფოთლები”. კი, უოლტ, ამ შენობების ქვები და კიბეები ადამიანებად გადაიქცნენ… ამერიკის ყველაზე ცნობილი პოეტი და ჟურნალისტი, ეს ტრანსცენდენტი, ნიუ იორკის შტატელი იყო და, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინათ, როცა სამოქალაქო ომის დროს საავადმყოფოში ცეცხლსასროლით დაჭრილებს უვლიდა, ახლაც, ალბათ, ისევ “სამედიცინო პუნქტებს” მიაშურებდა. მაგრამ ახლა სამედიცინო განათლების გარეშე, არავინ გაიკარებდა. ტყვია ხილული რამაა, ეს ვირუსი კი – ცხრა გრამზე გაცილებით მსუბუქი და უჩინარი. დავდივართ ბრმებივით, მდუმარენი, პირაკრულები, დამფრთხალები, საკუთარი გულის ბაგა–ბუგის სმენით, დაორთქლილი მზისა თუ საკითხავი სათვალეებით.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ჭაღარა, გრძელწვერა უიტმენი ახლა ჩემთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში რომ დასეირნობდეს, ალბათ, ტომ უაიტსის კოჟრიანი ხმით “ოუ, მაი გად!”–ის წამოძახილის მაგივრად, “კაპიტანო, ჩემო კაპიტანოს” წაილუღლუღებდა, აიფონით ხელში ქალაქის შენობების გარინდებასა და მაღაზიების მინებზე გაკრულ განცხადებებს ახლოდან და შორიდან გადაუღებდა და თავის ბლოგზე ანდა ფეისბუკ/ინსტრაგრამზე განათავსებდა. ამ მინებზე თითქმის ერთნაირი ტექსტი ეწერა – “ბოდიშს გიხდით, კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით დახურული ვართ”. ღიმილნარევი ნაღვლიანია ეს წარწერები პარფიუმერიისა და Victoria Secret -ის მსგავსთა ვიტრინებზე. ვარდისფერი, შავკოპლებიან საცვლებში გამოწყობილი უხორცო მანეკენების წინ  „აფარებული“ კორონა–ფურცლების რიგი.

ია მერკვილაძის ფოტო

რომელიღაც არტ თუ დასუფთავების მაღაზიიდან ოდრი ჰეპბერნი (ძალიან იშვიათად მერლინ მონროც) თეთრ, ქათქათა და მოვარდისფრო ბალიშებითა და ასეთივე ჭურჭლითაა გარშემორტყმული, თავის ჩვეულ პატარა, შავ კაბაში და მუნდშტუკით ხელში. მშვენიერი მომენტია ახლა გქონდეს “საუზმე ტიფანისთან”, მდიდარ კაცებზე მონადირე ოდრისთან, მასზე შეყვარებულ მწერალთან (მსახიობი ჯონ პეპარდი), უიტმენთან და კიდევ ვიღაცებთან (ჩემი პერსონალი სია გრძელია) ერთად, მაგალითად, ნიუ იორკის რომელიღაც პატარა მწვანე სკვერში.

ალბათ, ნიკალას სამოვარის, „სტოლისა“ და ჩაის ნატვრა გამახსენდა. ახლა ეს დიდი ქალაქი ისეთია, რომ ნებისმიერ ალუზიას გონებიდან აგაცლის, მიისაკუთრებს და საავტორო უფლებების დარღვევას არც გააპროტესტებ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პოლიცია თავზე დაგადგება და როგორი დაშაქრული ხმითაც არ უნდა უმღეროთ “მთვარის მდინარე”, სენტიმენტებს მაინც ვერ აღუძრავ. თავად ქალაქის პოლიციელები დაავადნენ (ქალაქში Covid-19 –ით 5 000 პოლიციელია დავადებული, 50 – გარდაცვლილი). ახალი კორონავირუსი სერიული მკვლელი გახდა. პოლიცია კი “ქუჩაში საუზმისას” განა იმიტომ დაგადგება თავზე, რომ ქუჩებში როგორც პრეკორონალურ პერიოდში, რუტინულად პატრულირებს. არა, ვინმე, მაგალითად, ფანჯარა–ადამიანი ან კამერა–ადამიანი გადაგიღებს და სადაც ჯერ არს, იქ გააგზავნის. აგერ ბრუკლინში პროფესიასა და ანაზღაურებას მონატრებულმა დალაქმა მაგიდა და სკამი ქუჩაში დადგა და ხალხს თმების შეჭრა შესთავაზა. ნიუ ჯერსიში კი თმის სტილისტმა საპარაკმახერო თავის “ვენში” გახსნა. ჰოდა, ვიღაცეებმა ვიდეო გადაუღეს და ისევ იქ გააგზავნეს, სადაც – წინამ გააგზავნა. სახელმწიფომ ამ ადამიანების ბიზნეს–ესთეტური ამბიციები მაშინვე მოაშთო. თმების შეჭრა სოციალური დისტანცირების წესს არღვევს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის… ფოტო/ვიდეო დოკუმენტით დამტკიცებული კანონდაუმორჩილებლობა ისჯება, დაუფიქსირებული – არ…

ია მერკვილაძის ფოტო

ჰო, ჩემ საყვარელ მაღაზიას Fishs Eddy (1986) ჰქვია. ასე ეწოდება ნიუ იორკის შტატის პატარა სოფელს. “ფიშს ედი” – ში თიხის, ფაიფურის, ლითონის ათასნაირი ჭურჭელი, დანა–ჩანგალი იყიდება. იგი ცნობილია თავისი დემონსტრაციულად გაცხადებული ლიბერალური ღირებულებებითა და უმცირესობათა დაცვით. ეს პასტორალური სიმშვიდის ტერიტორიაა – ხის იატაკი ჭრაჭუნებს, კედელზე ჩემთვის უცნობი ადამიანების დიდი, მასიური ხის ჩარჩოში ჩასმული პორტრეტებია, ძირითადად გრანდ-დამები დეკოლტეში და სმოკინგში გაჯგიმული დიდულვაშებიანი კაცები. ზოგიერთი ვიცანი: ლინკოლნი თავის გრძელი შავი „საკვამურით“; მომღიმარი ობამა, რომლის ცნობილი ღიმილი სტომატოლოგის ოფისის სარეკლამო პოსტერს ჰგავს და უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ გინზბურგის დაღლილ–გატანჯული, მაგრამ მკაცრი მზერა. ტილოსგან შეკერილი გადასაფარებლები ხელით შეხებისა და დაჭმუჭვნის სურვილს ბადებს, თითქოს ტილოს ეს ნაჭრები ამერიკის ისტორიის ლაბირინთებს გაგრძნობინებს; მუდმივად მომღიმარი პერსონალი ტილოს გრძელ წინსაფრებშია, რომელსაც წინ “ჭადრაკის” ჩარჩოში ჩასმული Fishs Eddy აწერია…. აქ სველი ხის სუნია და მუსიკაც სულ ჟღერს. რამდენჯერაც ვესტუმრე, იმდენჯერ გავიფიქრე, რომ ქანთრი მუსიკოსების ჯონი ქეშის I Walk the Line ანდა ახლახანს კორონათი გარდაცვლილი კენი როჯერის Twenty Years Ago უნდა შემეგებოს – მეთქი. მაგრამ სულ ეს “ცხვირმოუხოცავი” ბილი აილიში და ედ შირანი ტრიალებენ. ფასიანი რადიოდან ბუნების ამ ჰარმონიას სხვა ვიღაცებიც ამელოდიურებენ, მაგრამ ვერ ვცნობ.

თეფშებზე, ლამბაქებზე, ლუდის კათხებზე, ამერიკის პრეზიდენტების, ლიტერატურული თუ კინოს გმირების გამოსახულებებია. ტრამპისა და ჰილარის გიგანტური ჩაის ჭიქებიცაა, სადაც არასოცდისტანცირებულად ხუთი ზრდასრული ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. აგერ ტრამპის პორტრეტები ტუალეტის ქაღალდზე… ხის ინკრუსტრირება სოფლის ძველი სახლების სტილის დიზაინითაა და ძალაუნებურად ჩემი ბავშვობის მოგონებებს აღძრავს. სოფლის ძველი, ხის სახლები, სახურავქვეშ ხის ჩუქურთმებით… სახლები, სადაც კარი არასდროს იკეტება… ჯერ კრამიტის, მერე კი თუნუქის სახურავზე წვიმის რიტმული იავნანა.

მოგონებებში ჩაძირვისას ხშირად თივის ზვინისა და სიმწვანის სუნი მცემს. სადაცაა ბუხარში შეშა ატკაცუნდება და ძველებური ხის დიდი ბუფეტის კარი ჭრიალით იღება, ბებია თიხის თეფშებს გამოიღებს, ხაჭაპურს, კომბოსტოს ბროწეულიან მხალს, შემწვარ კარტოფილს, მწნილის ასორტის, ახალი ტყემლის ბოთლს დაალაგებს და, რასაკვირველია, დაჭრილი პომიდვრის, კიტრისა და ბოსტნიდან ახალხან მოტანილი ყველანაირი მწვანილის სურნელში ჩაეშვები, ომბალოს განსაკუთრებული ესენციით… არა რა, ეს ყნოსვა როგორი აქტუალური გახდა. ქალაქში, სადაც ხანდახან ნატრობ, რომ ცხვირი არ გქონდეს, ახლა კი მეძებარი ძაღლივით წინ სწევ, ამოძრავებ. ჯერ ერთი, ცხვირი ჩახუთულ პირბადეში გექავება და მეორე მიზეზი – კორონაფობიაა. მოკლედ, გადავუღე ფოტო “ფიშს ედის” კარს, ხელი მოვიჩრდილე და მაღაზიაში შევიჭყიტე. დახლის უკან კედელზე სხვადასხვა დიდი ასოებით My Darling (ჩემო ძვირფასო) ეწერა.

ია მერკვილაძის ფოტო

Fishs Eddy-ის გვერდით Happy Socks (“ბედნიერი წინდები”) მაღაზიაა, ერთგვარი ფეხმხიარულება თითო ათ დოლარად – ხალისიანი საჩუქრის მაძებართათვის ნამდვილი მიგნება – ზოლებიანი, კოპლებიანი, კუბოკრული, ყვავილებიანი, ცხოველებიანი, სამუსიკო ინსტრუმენტებიანი, ცნობილი ბენდების ლოგოებიანი და სხვა ათასგვარნახატიანი წინდები. თვალი ამ სიჭრელისგან იღლება და დიდი შანსია არჩევანი საერთოდ ვერ გააკეთო ან ყველაფერი ერთად იყიდო. არ ვიცი რატომ, საიდან, რა მიზეზით, მაგრამ მაღაზიის შუშაზე Queen დაუწერიათ! ფრედი მერკური ჩემთვის მეტია, ვიდრე წარსულ – აწმყო – მომავლის სრულიად უნიკალური მოვლენა. წინა საუკუნის მშფოთვარე 80-იანებისა და საშინელებათა ჟანრის 90-იანების გადამრჩენი მოდუსი, ტემპერამენტი და ხმა. ამბობენ, ჯერ კიდეც “ქუინის” პოპულარობის შუახანობას ფრედი მერკურის ნიუ იორკში პირველი ავენიუსა და 53 დან 59 ქუჩამდე გადაჭიმული Sutton Place -ის ბინები რომაა, აი, იქ უყიდია ბინა ისტ რივერზე გასაოცარი ხედით. ეს უბანი ხელოვანთა საყვარელი საცხოვრებელი ტერიტორიაა, რომლის ყიდვა მხოლოდ ძალიან მდიდრებს შეუძლიათ. ვიყავი იქ და წარმოვიდგინე, პირველად ყველაზე მეტად აქ ფრედის რა მოეწონა და რა წაიმღერა.

ია მერკვილაძის ფოტო

დღეს, ამ ცარიელ ქუჩაში ისე არ ველოდი ფრედისთან შეხვედრას, როგორც – იმ გადაბრუნებულ ვედროზე მობრახუნე როჯერ ტეილორს. მაშინვე გამახსენდა ფრედის “ეს ჩვენი ცხოვრების დღეებია” და ცხადია, ტელეფონში იუთუბზე მოვძებნე… როგორ ცხადად წარმოვიდგინე ის შავ–თეთრი კლიპი, ავადმყოფურად გამხდარი, გრიმის დიდი ფენით, შავი ფანქრით ამოყვანილი თვალებით ფრედი გრძელ, გახსნილსახელოებიან შავ პერანგში და ზედ ჩაცმული ჟილეტით, რომელსაც კატები ახატია. ერთ–ერთს, ალბათ, “დილაილა” ერქვა. ან ყველას. სულ სამი ცალი დილაილა მახსოვს. მაღაზიის მინაზე რეფრენად ეწერა სამყაროს გულისცემის მთავარი სიტყვები We Will Rock You… Radio GaGa… ფრედი 2020 ჟამიანობაშიც მეხმარება ე.ი. ჩვეულებისამებრ, ფრედიმერკურობს. რა კარგია, რომ სახლში არ დავბრუნდი. ფრედის ხომ ვერ შევხვდებოდი…

ია მერკვილაძის ფოტო

„ფიშს ედისა“ და „ბედნიერი წინდების“ მოპირდაპირე მხარეს ხარისხის სამუდამო გარანტიის ბრენდი, Filson-ის (1897) მაღაზიაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ამინდის, ბუნებისა და სტიქიის შესაბამის ტანსაცმელ–ფეხსაცმელსა და აქსესუარებს გვთავაზობს, ასევე ე.წ. კასკადიის ანუ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ – დასავლეთის (რამდენიმე შტატის ერთობლიობა ალასკასთან და კანადის ბრიტანული კოლუმბიის ჩათვლით) მინიატურაა და აბორიგენი ტომების სულს თუ სულებს „აგროვებს“. ორსართულიანი ტერიტორია მხარეთმცოდნეობის მუზეუმს; მოგზაურობის, ნადირობის/თევზაობის მოყვარული, მოხალისე ეთნოლოგისა და ინჟინრის ან შეძლებული კოვბოის რანჩოს უფრო ჰგავს, ვიდრე მაღაზიას – ჰაერში ჩამოკიდებული ხის ხელნაკეთი, უგერგილო ჭრის ნავებით/კანოეებით; ფერადოვანი მინის სურათით, რომელზეც იხვების მსგავსნი თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავენ ანდა სულაც – მეზობელი ტბისკენ; ხისგან გამოთლილი ცხოველ–ფრინველით და მაგიდა–სკამებით, რომლებზეც ინდიელთა კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტიანი სუფრები, ჩანთები თუ შალის პლედები აწყვია. ყველაზე მეტად აქ მაინც თითქმის ხუთმეტრიან ხეში გამოთლილი მგლების სივრცული სკულპტურა გამახსოვრდება.

ია მერკვილაძის ფოტო

მაღაზიის გამყიდველს ვკითხე, ეს ცხოველები ავტორმა მხოლოდ ერთ მთლიან ხეში გამოთალა – მეთქი? კიო, ერთი დიდი ხისგანაა, მისი სახელი ჯეფრი სამუსოვსკია, ვაშინგტონის შტატიდანააო. ვაჰ, გავიფიქრე, ჯიმი ჰენდრიქსის თანაშტატელი ყოფილა, ფეისბუკზე მაშინვე ვიპოვე და დამეგობრების თხოვნა გავუგზავნე. კიჩურ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეს კიჩიც როგორ მომენატრა. დიდი ვაშლის ქალაქური კიჩი. ქვევით ეს დაუსრულებელი ზუზუნი, ადამიანების მოძრაობა აჩქარებული კინოკადრებით; ზევით კი ამ ცათამბჯენების სარკე–მინებზე მოხეტიალე და არეკლილი მზის სხივები და ჰოლივუდური კლიშე, 300 მეტრზე მეტი სიმაღლის გიგანტზე – კრაისლერის არტ–დეკოს ლითონის კარკასზე მოქანქარე შუქ–ჩრდილები…

ბოლოს “ფილსონის” ფაზენდას იანვარში ჩემს ძალიან დიდი ხნის წინ უნახავ ნათესავთან ერთად ვსტუმრობდი, ბევრი ვისეირნეთ ამ ლატიფუნდიაზე და ფოტოებიც გადავიღეთ. ახლა შევიჭყიტე და ის მოწითალო ფერის “სართულებად” დალაგებული ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა “მაღლივი კორპუსი” არ ჩანდა. მაღაზია ჩაბნელებული იყო.

ია მერკვილაძის ფოტო

გზად, ქუჩაში, ლამის ყოველ ორას მეტრში მხვდება ელექტროტაბლოები, რომლებიც, როგორც წესი, ახალი ფილმების, პარფიუმერიის თუ ტანსაცმელ–აქსესუარების ბრენდების რეკლამაა ან ნიუ იორკის ისტორიის მონაკვეთების ტექსტებია. მაგალითად, ნიუ იორკის მეტროს ან ამერიკული ფემინიზმის ისტორია ან მართინ ლუთერ კინგის სიტყვებიდან ნაწყვეტები. ეს, როგორც წესი, მისი დაბადების დღისთვის 15 იანვრისთვის ხდება, თუმცა ამერიკას თავისი დღის წესრიგი აქვს. იგი სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის დაბადებას დასვენების დღით აღნიშნავს, ოღონდ იანვრის მესამე ორშაბათს, რომელიც საპასპორტო თარიღს არ ემთხვევა. მთელ ქალაქში ლუთერის სიტყვებია აციმციმებული – I Have a Dream და ა.შ. ახლა კი, ძირითადად, COVID-19-ის ამბებია – როგორ დავიზღვიოთ თავი, ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული, საკუთარ თავსა და სხვებს გავუფრთხილდეთ და დავრჩეთ სახლში.

ია მერკვილაძის ფოტო

ცხოველთა/ფრინველთა საკვების მაღაზია ღია იყო, ეს სავაჭრო ობიექტი ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, გზად სააფთიაქო მაღაზიაში, CVS Pharmacy-ში შევიარე, მინდოდა მენახა თუ აქვთ პირბადეები. სულ სამი ადამიანი ვიყავით… არ გვაქვსო. სალარო თვითმომსახურების რეჟიმზე იყო გადასული, მაგიდაზე დიდი ცელოფნებია აკრული და დახლი მომხმარებლისგან მაღალი პლასტმასის ყუთებით გამოყოფილი; სანიტარული საქონლის თაროები ცარიელია. ტუალეტის ქაღალდის თაროსთან ეწერა, რომ ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთს გასცემენ. გადახდის დახლის წინ, ორ–ორი მეტრის დაშორებით, რიგის დასაცავი ლურჯი პარალელური ხაზები გაუვლიათ.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ამერიკულ არმაგედონულ ფილმებს ნიუ იორკი დიდი ხანია ამოჩემებული ჰყავთ – კოსმოსური მასშტაბის აფეთქება, ხანძარი, წყალდიდობა, რადიაცია, ქარბორბალა და სხვა ათასი უბედურება დიდი ვაშლის ქალაქს თუ არ დაატყდა, ისე “მეორედ მოსვლა” რაა?… ვაშინგტონის თეთრ სახლს ასე თუ ისე, უფრთხილდებიან. თუმცა ორჯერ – სამჯერ ეგეც გაწირეს. აი, ნიუ იორკი ყველაზე ხელსაყრელი სამიზნეა. დაგვიჩაგრეს. მაგრამ მაინც ჯიუტად დგას – ზევიდან დედამიწაში ჩარჭობილი ბეტონის სქელი ისრების მსგავსი “სკაისკრაპერებით” დასერილი… ჩემი დაკვირვებით შოკისმომგვრელ კატასტროფებს, კინგ კონგ/გოძილა/სპაიდერმენებს ნიუ იორკის შემდეგი შენობა–ადგილები “უყვართ” – “ემფაიერ სთეით ბილდინგი”, “ფლატერინ ბილდინგი”, “თოპ ოფ დე როკი”, თავისუფლების ქანდაკება და, რასაკვირველია, თაიმს სკვერი – ადგილი, სადაც დრო იყინება. სულ ვფიქრობ ხოლმე, სჭირდება თუ არა სიტყვებს – “თაიმს სკვერი” – ბრჭყალები. მგონი, უკვე, აღარ. არც ნიუ იორკის სხვა სკვერებს…

სამკუთხა ფორმის “ფლატერინ ბილდინგი” წინა საუკუნის დასაწყისში აშშ–ის ყველაზე მაღალი შენობა იყო. 87 მეტრის სიმაღლის ელეგანტურობა კულტურულ ძეგლთა სიაშია. მას აშენებისთანავე დიაგნოზი დაუსვეს, რომ რადგანაც აეროდინამიკის კანონები დაარღვია, ქარს ვერ გაუძლებს და მალე დაინგრევაო. საბედნიეროდ, მიკროარმაგედონული წინასწარმეტყველება არ გამართლდა. აგერ, ფოტოში მშვენივრად ჩანს, როგორი გამართულია და გზის გასაყარს ჰგავს: მარცხნივ წახვალ ბედნიერებისგან მოკვდებიო, მარჯვნივ – კიდევ უფრო დიდი ბედნიერებისგანო. ამ შენობას “შფოთისთავსაც” უწოდებდნენ… მის გარშემო Flatiron Public Plaza-ა, მცირედი სკვერით, სადაც, როგორც წესი, ლითონის სკამები და მაგიდები დგას, იმისთვის, რომ მზეს მიეფიცხო და იქვე გამართული არტ ინსტალაციები ათვალიერო. 2013-ის შემოდგომაზე ამ მიდამოებში მე და ჩემი მეგობარი ბრიტანელი ქუჩის მხატვრის (Street Artist) და პოლიტიკური აქტივისტის ბენკსის მიერ კედელზე მიხატული ძაღლს, რომელიც ჰიდრანტს უპატივცემულოდ ექცევა, გადავეყარეთ… თურმე იმავე პერიოდში ქალაქში ბენკსი უჩინრად დასეირნობდა, თავზე ქუდჩამოფხატული მეტმუზეუმის წინ ბაზრობაზეც იჯდა და თავისი ნახატები წარმოუდგენელად მიზერული თანხით გაუყიდია. ერთგან ვანდალებმა კედელზე ბენკსის ნახატი წაშალეს/ამოღრუტნეს და მახსოვს, რომ ის ადგილი კედელზე ხის თუ ლითონის მართკუთხედით იყო დახურული. ცხადია, ფოტოც მაქვს. იმ დღეს კი ბენკსის უზრდელ ძაღლთან ამერიკული ტელევიზიაც აღმოჩნდა და ინტერვიუც ჩამოგვართვა. მახსოვს თუ როგორ გაუკვირდა ჟურნლისტს ის ამბავი, რომ ქართველები ბენკსის ვიცნობდით, რადგანაც თავად არ იცნობდა.

ია მერკვილაძის ფოტო

იმ პატარა სკვერში ლურჯი დაფა იდგა წერწერით – “სუფთა ჰაერით სუნთქვა. არ მოწიოთ”. დიდი ვერაფერი შთამაგონებელი “ინსტალაციაა”, მაგრამ ჩვენი დროებისთვის – მრავალმნიშვნელოვანი. უბრალოდ, როგორც ჩანს, სკამები და მაგიდები აიღეს და ახლომახლო დაალაგეს, ეს დაფა კი მიავიწყდათ. ექვს მილირდიან მსოფლიოში (აქედან, ამბობენ, რომ ნიუ იორკში 16 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, არალეგალურად მცხოვრებნი ქალაქის მოსახლეობის ნახევარს შეადგენსო) და სისუფთავის არაეტალონ ნიუ იორკში მოწოდება “სუფთა ჰაერის” პრიორიტეტის თაობაზე სიცოცხლის შემანარჩუნებელი გზავნილია, თან, ლაკონურიც… ქართველი მხატვრის დავით–დათუნას მიერ მაურიციო კატელანის სკოჩაკრულ ბანანის შესანსვლაზე უფრო სერიოზული გზავნილით. აქედან დასავლეთის მიმართულებით ნახევარი საათი თუ ივლით, ამ ქართველი მხატვრის გალერეასაც გადაეყრებით… კორონამდელ პერიოდში ვიყავი მის გამოფენაზე – ბანანების, სტაფილოების, წიწაკებისა და კოკა–კოლების გამოფენა. ყველაფერი ძალიან ძვირი იყო.

ია მერკვილაძის ფოტო

აქვეა ქვის კალათებში ჩასმული ყვავილები, მარცხნივ მედისონ სკვერის პარკია. აქ ჯერ სანადირო, მერე კი ჯარის დისლოკაციის ადგილი იყო, მერე არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა სარეაბილიტაციო ცენტრი, მერე პარკად და არისტოკრატულ უბნად გადაიქცა. პარკთან ახლოს ცხოვრობდა ცნობილი ამერიკელი მწერალი და დიზაინერი ედით უართონი, ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, VIP ჯენი ჯერომი – ჩერჩილი, ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დედა. მედისონ სკვერის პარკი ამერიკელი მხატვრებისთვის და რეჟისორებისთვის განსაკუთრებული ადგილია. აქ საუკუნის წინ თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდნიანი ხელის ინსტალაციაც დადგეს. ახლა სკვერის წინ უსახლკარო ზის და ისე მწარედ იქექება, რომ მისგან ათჯერ სოცდისტანცირებულადაც კი ეს შემაღონებელი ფხაჭა–ფხუჭი ცხადად მესმის.

ია მეკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

34 ქუჩაზე, სადაც ჰერალდ სკვერია, დგას “ემფაიერ სთეით ბილდინგი”, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი თვეა კორონავირუსთან ბრძოლის მხარდასაჭერად ნიუ იორკის გულისცემას წითელი “ლაითშოუთი” და მოგუდული სირენით ეხმაურება. სიმაღლით ქალაქის მეშვიდე შენობა ცხრა მაისს, ევროპის დღეს ყვითელ–ცისფერი ფერებით შეხვდა. ჰერალდ სკვერის მიდამოებში კონცენტრირებული თითქმის ყველანაირი ამერიკული რეტეილერი/ბრენდი რაც კი მიმოფანტულია ქალაქში, თავისი მისაღები და მიუღებელი ფასებით.

1858-ში დაარსებული Macy’s მაღაზიათა ქსელი ბროდვეისა და ჰერალ სკვერის გადაკვეთაზე მდგომი ყველაზე დიდი შენობა ნიუ იორკის არტ დეკოს კოლიზიუმივითაა და მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. 230 000 კვადრატული მეტრის ეს ხუთსართულიანი გიგანტი დაკეტილი იდგა. გზაჯვარედინზე მდგომი პოლიციელი ქალი ხელის აწევით მომესალმა. როგორც ჩანს, მე ძალიან იშვიათი მოსეირნე გახლდით. მეც მივესალმე… ისე, ამ ადგილამდე მხოლოდ ხუთი ადამიანი შემხვდა ქუჩაში, აქედან ორი – ძაღლით. პირველის დანახვა ისე გამიხარდა, ფოტოც გადავუღე, ცხადია ზურგით ჩანს. ჰო, კიდე ვნახე ადამიანები – მშენებლობებზე მომუშავეები, რომლებიც თავისი საქმით იყვნენ გართულნი და ერთმანეთს თუ გადასძახებდნენ, ძირითადად, ესპანურად.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

“მეისის” საშობაოდ მორთული ფანჯრები დიზაინერული ხელოვნების მასტერკლასია-მეთქი რომ ვთქვა, რეალობას მაინც ვერ გადმოვცემ. მაღაზიათა ეს ქსელი აფინანსებს მადლიერების დღის აღლუმს, დამოუკიდებელობის დღის ფეიერვერკს, ყვავილების გრანდიოზულ ფესტივალს და კიდევ ბევრ ღონისძიებას. ახლა მის ვიტრინაში სასაცილოდ ჩანდა Calvin Klain – ის ტრუსების დიდი რეკლამა – წელზევით შიშველი ყმაწვილები ნარცისული სლოგანით – “ჩემი თავის ყველა მე მიყვარს”. ღიმილის მომგვრელი იყო ქვედასაცვლების ამარა დარჩენილი დენდობის ეს ლაიტმოტივები და იქვე კუთხესთან – სწრაფი კვების ობიექტის Burger King ძალად ღია შესასვლელი. სარეკლამო ბანერზე დაგრძელებული ცელოფნის პარკებით დამაგრებული კარი… იმისთვის, რომ იქნებ მშიერ გამვლელს თვალში ეცეს “ღია კარის” დღე და თუ ერთჯერადი ხელთათმანი არ უკეთია, თავი არ შეიწუხოს სახელურთან შეხებითა და მძიმე კარის გაღებით. მოკლედ, ეს სარეკლამო ბანერის ყმაწვილები იმ დღეს კლდიაშვილის შემოდგომის აზნაურებს ჰგვანდნენ, ერთი სული რომ აქვთ, მოწუწუნე კუჭი დაადუმონ, გადმოხტნენ პოსტერიდან და წასახემსებლად იქვე შეცვივდნენ. “სასაცილო” ის იქნებოდა, ბურგერში ხორცი არ დახვედროდათ. აგერ, ასევე ბურგერების ბრენდმა Wendy’s-მა დაიჩივლა, ხორცი არა გვაქვსო. რა ვიცი, იქნებ ეს ბიჭები სულაც ვეგეტარიანელები იყვნენ და გაუხარდებოდათ კიდეც ხორცის დეფიციტის ამბავი. დასანაყრებლად შემწვარი კარტოფილი და სალათიც მშვენიერი რამაა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკი. ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკას ბრაინტ პარკის დიდი ნაწილი უჭირავს. ამ ბიბლიოთეკას მკითხველთან შესახვედრად სტუმრობდნენ გიუნტერ გრასი, ტონი მორისონი, ნორმან მეილერი, მარიო ვარგას ლიოსა, მარგარეტ ეტვუდი, სლავოი ჟიჟეკი, იზაბელა როსელინი, ტილდა სუინტონი და, სავარაუდოდ, მათ ამ პარკშიც უსეირნიათ…ბრაინტ პარკი წელიწადის ოთხივე დროს პარკის კლასიკურ არქეტიპს ამყარებს – ბიზნესი, დასვენება, წახემსება, ვაჭრობა, საქმიანობა, ხელოვნება, ცეკვა, სპორტი, იოგა, ჟანგბადი, კოცნაობა. საახალწლოდ აქ ჭრელა–ჭრულა ბაზრობა და ფიგურული სრიალის მოედანია. როგორც კი საკმარისად დათბება, მაშინვე ფარიკაობის უფასო გაკვეთილები და უფასო კონცერტები, კინოჩვენებები და სპექტაკლები ტარდება. შარშან, ნიკოლა ტესლას ქუჩაზე მდებარე რეკრეაციის ამ შედევრში შექსპირის დადგმებს ვუყურე – ზოგი კლასიკური იყო, ზოგი – ნოვატორული. მოგაქვს მწვანე მდელოზე დასაფენი, ხემსი, წყალი, წვენი, ცხელი სასმელი თერმოსში, ქოლგა, წევხარ/ზიხარ, ბალახის სუნს ისრუტავ, ისვენებ, გინდა შექსპირობ, გინდა ტელეფონში რაიმე კრიმინალურ სერიალს ან ფილმს – American Honey, ანდა დეპრესიის აღძვრის საუკეთესო საშუალებას – საქართველოს ამბებს უყურებ, ან ვივალდის თუ შტოკჰაუზენს უსმენ. მოკლედ, „რეკრიაციობ“. ახლა აქ სტერილური სიცარიელეა. მთელი ხუთი წუთი ერთ ადგილზე ვიდექი, უფრო სწორედ, ერთ ადგილზე ვტრიალებდი საათის ისრის მიმართულებითაც და საწინააღმდეგოდაც, რომ იქნებ სულიერი შემენიშნა. ჯიბრზე არავინ ჩანდა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

თაიმს სკვერამდე ბროდვეის გზით სულ რაღაც 5–6 ბლოკი მრჩებოდა… გზაჯვარედინზე დავდექი, მანქანა არსაიდან მოდიოდა, ოთხივე მხარეს გავიხედ-გამოვიხედე – არც მანქანა, არც მტრედები. უცებ, წინ, მეტროსთან პოლიციელი დავლანდე, რომელიც უცებ გაქრა… თვალები მოვჭუტე და ფართოდ გავახილე, ხომ არ მომელანდა – მეთქი. აბა, ჩემს სკაფანდრში კინომიზანსცენურად თვალის მოსრესვის შანსი არ მქონდა.

გზად – ყველაზე მჭამელი ქვეყნის/ერის დიდი, საშუალო და პატარა რესტორნები/ბარები – დაკეტილი, მაგიდებზე შემოლაგებული აყირავებული სკამები; პარამაუნტის თეატრი – დაკეტილი; როიალ/პიანინოების მაღაზია – უკაცრიელი; სილამაზის სალონი – გამოცარიელებული. ერთ სადალაქოში კი ინტროვერტ–ექსტროვერტი პიანინო იდგა – ამერიკელი ვარსკვლავების ფოტოებით სრულად შემოსილი. ძალიან მარტოსულად იდგა. ზედ გადაშლილი ნოტები დავიწყნიათ ან შეიძლება ამ ინსტრუმენტზე არც არავინ უკრავს და უბრალოდ, ინტერიერის ნაწილია. აი, ისე, როგორც ყველა ინტელიგენტურ ქართულ ოჯახს შეეფერებოდა – სავალდებულოდ. შეიძლება მფლობელი თავადაა მუსიკოსი ან პიანისტს ქირაობს, რომ თმის შეჭრა და ფრჩხილების გალამაზება ცოცხალი მუსიკის ფონზე უფრო დახვეწილად მიმდინარეობდეს, პედიკურ–მანიკურ– შოუს ესთეტიზაციით. მანჰეტენზე ვარცხნილობის შეცვლა ისედაც არაადაკვატურად ძვირია და ახლა ამას კიდევ ბერკლის კურსდამთავრებული მუსიკოსის პროფესიონალიზმი თუ დაემატა, დაბალკვალიფიციური მუშაკის ერთი კვირის ხელფასს ნამდვილად შეიწირავს.

ია მერკვილაძის ფოტო

თაიმს სკვერი ყოველდღიურად „თავის სხეულზე“ დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანამდე ატარებს ხოლმე. აქაა ელექტროეკრანებზე გაციფრებული კორპორატიული ამერიკა თავისი ბანკების, ჰოლივუდის ფილმების, ბროდვეის შოუების, სპორტული და სხვა ტანსაცმლის, “მაკდონალდსის” ძმაკაც–დაქალების მოციმციმე რეკლამებით. არავის დაუთვლია სარეკლამო ბიზნესის ეს “ოქროს კვეთა” რამდენ ბანერს იტევს. ოსცილოგრაფით მხოლოდ ამ სხვადასხვა ფორმისა და სიჭრელის დიგიტალიზმის ფსიქიკაზე ზემოქმედება შეიძლება გაიზომოს. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის საკულტო შენობასთან – ისევ მტრედები… ეს ისინი ხომ არ არიან, მე თითქმის ერთი საათის წინ უინიონს სკვერზე დამხვდნენ? იქნებ სეირნობით, ფრენა–ფრენით მოვიდნენ, უბრალოდ, ჩემზე უფრო სწრაფად და ისევ წინ დამხვდნენ…

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ყოველთვის მაკვირვებდა 31 დეკემბერს ფანატიკოსი ნიუ იოკელების დილაუთენია რიგში დგომის ვნება (გაითვალისწინეთ, რომ გარშემო საპირფარეშო არსადაა) – ამ ბურთის დაშვებას წინა რიგში უყუროს. გარშემო საპოლიციო ბარიკადები და ლამის ყველა შენობაზე ათ–ათი ვიდეოკამერა – ამ დღეს ხუთი ქუთაისის ბიუჯეტი მხოლოდ დაცვაზე იხარჯება. 1907 წლიდან ეს დიდი მრგვალი კრისტალი მხოლოდ მსოფლიო ომის დროს ორჯერ არ დაუშვეს. ვფიქრობ, რომ კორონაპანდემია ახალ წელს რომ დამთხვეოდა, ამ ხუთიათასკილოგრამიან ბრჭყვიალა “ციურ სხეულს” “ნიუ იორკ თაიმსის” შენობის “შტატივიდან” მაინც ჩამოასრიალებდნენ, უბრალოდ ამ პროცესს მთელი მსოფლიო თვალს მხოლოდ ტელევიზიით/ონლაინ მიადევნებდა. მაგრამ ეს იქნებოდა სევდიანი ნიუ იორკის სევდიანი კაპიტულაცია. შეიძლება ზემოდან ფერადოვანი კონფეტი არ ჩამოეყარათ. მათი აკრეფვისთვის ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშაკები არა სასიცოცხლოდ აუცილებელ რისკზე უნდა წასულიყვნენ.

წითელი ფერის მინის საფეხურები, სადაც ყველა ჩამოსული ლამის აეროპორტიდანვე აქ გამორბის იმისთვის, რომ ფოტო/სელფი გადაიღოს და სოცმედიაში ატვირთოს, ჯაჭვით გადაკეტილი იყო და მას ერთი ქალი პოლიციელი დარაჯობდა. მთლად მარტოც არ იყო – მის გვერდით ქვის ჯვრის ფონზე ისტორიული პიროვნების, რამდენიმე ომის ვეტერანისა და ჯარის კაპელანის ფრენსის დუფის შუბლშეჭმუხნული ქვის ფიგურაა… კოკა-კოლას რეკლამის ფონზე. თუ სწორად მახსოვს, აქ მგონი, კიბის 25 საფეხურია, თითქოს ეს დროის ის მონაკვეთია (მათ შორის, ქალაქისთვის ისტორიული) იმისთვის, რომ უკან მოიხედო. ისიც მახსოვს, რომ აქ არც ისე დიდი ხნის წინათ იდგა წითელი ფერის დიოდური დიდი გული, რომელიც პულსირებდა, როგორც კი მას ადამიანები ეხებოდნენ. ერთგვარი ინსტალაცია – სასწაული. ახლომყოფთა ნაბიჯების ენერგიას აგროვებდა და შუქის ენერგიად გარდაქმნიდა. მეტი ადამიანი ერთად – მეტი სინათლე, მეტად განათებული გული… აუღიათ, აღარ იდგა.

ძეგლის წინ ორი ადამიანი ერთმანეთს ენაცვლებოდა, ხან ერთი უღებდა მეორეს, ხან მეორე – პირველს. პოზირებდნენ. ქალი ფოტოგრაფი თავის უზარმაზარ კამერას გაუთავებლად აჩხაკუნებდა. აი, დროის მეტაფორაც და მეტაფიზიკაც. ასეთ ცარიელ თაიმს სკვერს ვინ წარმოიდგენდა. ვერავინ! ეს “სკანდალი” შთამომავლობას დაწვრილებით უნდა მოუყვე – ფოტოდოკუმენტალისტიკით. სხვაგვარად არავინ დაგიჯერებს. “მსოფლიოს ჭიპი” ადგილია, რის გამოც ნიუ იორკზე ამბობენ, რომ ქალაქს არასდროს სძინავსო. ვინ გითხრათ, რომ არ სძინავს? საიდან ეს სტერეოტიპი? როგორ არ სძინავს, თან ღრმად, ხან წამლების საშუალებით და ხანაც თავისით, სადაც ჰიპნოსი მოუსწრებს, სადაც მოეხერხება და ხან მაღვიძარას იმედად… ოღონდ მობილურის მაღვიძარას. აბა, ახლა ვისღა ახსოვს მაგიდის ანდა ელექტოტაბლოიანი საათები? ალბათ, ვინმე ექსცენტრულ “რეტროგრადს” ან კოლექციონერს. ნიუ იორკელებისთვის უიქენდი წმინდა საქმეა. კვირას, საღამოს შვიდის საათის მერე, ფაქტობრივად, ყველაფერი დაკეტილია… იღლება ხალხი, თან ძალიან. ადრე იძინებს, იმისთვის, რომ ორშაბათს უფრო მეტად დაიღალოს, ვიდრე – სამშაბათს; სამშაბათს უფრო მეტად, ვიდრე – ოთხშაბათს და ა.შ.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

წითელი კიბეებიდან მოშორებით ექვსი პოლიციელი იდგა, საუბრობდნენ, იცინოდნენ, ჩვენსკენ იყურებოდნენ. სხვათა შორის, პირბადეების გარეშე იყვნენ, თუმცა სოცდისტანცირების დაცვით. მეც გადავიღე სელფი. დავტრიალდი და ვიდეოც ჩავიწერე – შაბლონური ტექსტით: “ეს თაიმს სკვერია, ნუ გეშინიათ, მალე აქ ყველაფერი კარგად იქნება”. მერე ჩემდა უნებურად, სიმწრისგან ხმამაღლა “შალალალალალა!” წამომეძახა. აი, ჯიბრზე რომ გინდა ვინმეს ნიშნი მოუგო. ცხადია ვის – კორონასა და დროს. მერე გამახსენდა, რომ ეს “შალალალალალა!” ტომ უაიტსის “ჯერსის გოგონადან” წამომცდა.

ტელეფონს დავხედე და ჩემი მეგობრის, რომელსაც კორონა შეეყარა, ზარი გამომიტოვებია. რეზინის ხელთათმანით, მზის სათვალით, ქუდით და პირბადით საუბარი ან მესიჯის გაგზავნა შეუძლებელი იყო. ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე, რადგანაც არც “უბერი” და არც “ლიფტი” პასუხს არ მცემდა. კუთხეში დავდექი, რომ ტელეფონში ნომერი მომეძებნა და… ისევ ნიუ იორკის მოულოდნელ მოსაუბრეს, ადამიან–ტროტუარს წავაწყდი – შავ დაფაზე ეწერა: “ნურავის შეგეშინდება”. ეს სულაც არ ჰგავდა “ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა ჩვენი მძიმე მგზავრობას”. კეთილი, გავიფიქრე, თუ ასეა, მაშინ სწორედ აქ დაველოდები.

ია მერკვილაძის ფოტო

_______________

* ლექსის თარგმანი – ია მერკვილაძე.

[blue_box]ამავე თემაზე: თაფლი, მტრედები და ნიუ იორკის სევდა – პირველი ნაწილი [/blue_box]