ავტორი: ზვიად დიასამიძე
ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი მედიასაშუალებების და კვლევითი ცენტრების მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ კვირაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა საერთო ხმების დაახლოებით 7%-ით უსწრებს. ხმების რაოდენობითჯო ბაიდენი წინ არის როგორც სახალხო კენჭისყრის, ასევე, საარჩევნო კოლეგიის ხმებით.
ამ ეტაპზე ჯო ბაიდენის პოზიციები საკმაოდ ძლიერია ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებშიც. ეს ის შტატებია, რომლებიც არ წარმოდგენენ ტრადიციულ დემოკრატიულ თუ რესპუბლიკურ შტატებს და სადაც მოგების შანსი ორივე პარტიას აქვს. საგულისხმოა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ასეთი შტატების მოგებამ გაუხსნა გზა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალ ტრამპს თეთრი სახლისკენ, როდესაც მან ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, საარჩევნო კოლეგიის უმეტესი ხმების მიღების ხარჯზე, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
მიუხედავად ეგზიტპოლების უკვე არსებული მონაცემებისა, ნაადრევია რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. ეგზიტპოლები გვეხმარება გავიგოთ ამომრჩევლის განწყობა, მათ მიზანს არჩევნების შედეგის ზუსტი განსაზღვრა არ წარმოადგენს. შესაბამისად, მხოლოდ ეგზიტპოლებზე დაყრდნობა შეცდომა იქნებოდა. განსაკუთრებით, როდესაც არჩევნებში დონალდ ტრამპი მონაწილეობს, თანამედროვე ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსი. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ზემოთ აღნიშნულის ნათელი მაგალითია.
თუმცა 2016 წელთან შედარებით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სრულიად განსხვავებულ რეალობაში მიმდინარეობს. ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი თემები: დამატებითი სამუშაო ადგილები, გადასახადები, ემიგრაცია თუ ტერორიზმი კორონავირუსის პანდემიამ ჩაანაცვლა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნების თემატიკა, არამედ ორივე პარტიის და მათი კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიაც.
პანდემიის ციფრები მართლაც შემაშფოთებელია. ამ ეტაპზე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა 7 148 044-ს გადააჭარბა, აქედან გარდაცვლილია 200 000 მეტი ადამიანი. ამ მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატებს მსოფლიოში ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს. დაღუპულთა რიცხვი, ექსპერტების შეფასებებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღისთვის, შესაძლოა, 230 000-მდე გაიზარდოს.
სტატისტიკა ჯიუტად უარყოფილია დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებდა ამერიკელი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებებს. თუმცა არსებული რეალობა სხვას სურათს იძლევა.
კორონავირუსის პანდემიამ ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო და საგრძნობლად შეცვალა ორივე კანდიდატის პოზიციები თეთრი სახლის საარჩევნო მარათონში.
თუ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის მარტში, მოქმედი პრეზიდენტის სტრატეგიას ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერდა, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ამ მხრივ საგრძნობლად შემცირდა და დღეისთვის მხოლოდ მისი ერთგული ამომრჩევლით შემოიფარგლება.
თითქმის ყველა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის სტრატეგიას უჭერს მხარს. ბაიდენი პანდემიის დაწყების დღიდან აკრიტიკებდა ტრამპის სტრატეგიას და სამედიცინო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრევენციული ზომების დაცვას ემხრობოდა.
ამავდროულად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი დონალდ ტრამპის არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ეკონომიკა ყოველთვის იყო ტრამპის ძლიერი მხარე, სადაც პანდემიის დაწყებამდე ამერიკელების უმრავლესობის ნდობით სარგებლობდა. ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. ტრამპი დღემდე უგებს ბაიდენს ეკონომიკის საკითხში. თუმცა მიმდინარე ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, უმუშევარი ამერიკელების რიცხვის რეკორდული ზრდის ფონზე, შესაძლოა, ნოემბრის პირველ კვირაში ამომრჩევლის განწყობა შეცვალოს.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი პროცენტულად საკმაოდ მაღალია ლათინო და აფროამერიკელ მოსახლეობაში, რომელმაც ასევე შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად ლათინო და აფრო-ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელობა გაიზარდა. დღეისათვის, ლათინოამერიკელები, თეთრკანიანი ამომრჩევლის შემდეგ, რეგისტრირებული ამომრჩევლის ყველაზე დიდი ჯგუფია.
ისტორიულად ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული პარტიის და მისი კანდიდატებისთვის. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სწორედ ლათინოამერიკელების პასიურობა [არჩევნებზე არმისვლა] და კუბელი კონსერვატორი ამომრჩევლის აქტიური მხარდაჭერა იყო ის კრიტიკული ფაქტორი, რამაც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინა ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტატში – ფლორიდაში.
2020 წელს სიტუაცია შეიცვალა. დონალდ ტრამპის ანტიემიგრაციულმა რიტორიკამ და კორონავირუსის პანდემიის მძიმე შედეგებმა ჯო ბაიდენს, რომელიც ლათინოამერიკელებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მათი გადაბირების შანსი მისცა.
2020 წლის არჩევნებზე, როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ფლორიდა კვლავაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჯო ბაიდენს და მის საარჩევნო გუნდს შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ გარემოებამაც, რომ ფლორიდის შტატის ამომრჩეველი, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი, 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულები არიან. ეს ის ჯგუფია, რომელშიც პანდემიის შედეგების ფონზე დონალდ ტრამპის მხარდაჭერა საკმაოდ დაეცა. ტენდენცია, რომელიც არა მარტო ფლორიდაში, არამედ ასევე სხვა შტატებში შეიმჩნევა.
აფროამერიკელი ამომრჩეველი, ტრადიციულად, დემოკრატიული პარტიის განსაკუთრებულად ერთგული „ბაზაა“. თუმცა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლათინოამერიკელების მსგავსად, დემოკრატების კანდიდატს – ჰილარი კლინტონს ზურგი აქციეს.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენების პერიოდში, პანდემიის მძიმე შედეგებს თან დაემთხვა რასობრივი/ეთნიკური დისკრიმინაციის და ეთნიკური ნიშნით პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ საყოველთაო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს და რომელსაც დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ღია დაპირისპირებით უპასუხა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც არა მარტო აფროამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია, არამედ ქვეყნის მასშტაბით კრიტიკის საგანი გახდა. ამერიკელების უმრავლესობა რასობრივ და ეთნიკურ დისკრიმინაციას სერიოზულ პრობლემად აღიქვამს.
დონალდ ტრამპის საპირისპიროდ, ჯო ბაიდენმა არა მარტო მხარი დაუჭირა პროტესტის მონაწილეებს, არამედ თავისი მხარდაჭერა ისტორიული გადაწყვეტილებით გაამყარა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პირველად დაასახელა შავკანიანი ქალი, კალიფორნიელი სენატორი, კამალა ჰარისი. ისტორიული ნაბიჯი, რომელმაც ჯო ბაიდენს ხელი უნდა შეუწყოს აფროამერიკელი ამომრჩევლის ლოიალობის დაბრუნებაში.
დონალდ ტრამპის პოზიციები თითქმის უცვლელი რჩება თავის ერთგულ ამომრჩეველში, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისადმი უკიდურესად ლოიალურია. მოქმედი პრეზიდენტის კურსს ასევე მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა. ეს მხარდაჭერა არ არის უპირობო, თუმცა რესპუბლიკური პარტიის მიმდევრების ხმებზე ტრამპს არჩევნებში გათვლა შეუძლია. ჯო ბაიდენის გარშემო ასევე მობილიზებულია დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია 2016 წლის არჩევნებზე, როდესაც ჰილარი კლინტონს კანდიდატურის დასახელებას საკმაოდ ბევრი კითხვა მოჰყვა თვით დემოკრატების რიგებში.
თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, თავისი დაძაბული გარემოთი და რადიკალურად შეცვლილი საარჩევნო კამპანიით, თანამედროვე ისტორიაში პარალელი ძნელად მოეძებნება: უკიდურესად პოლარიზებული ამომრჩეველი, ასევე, ჯერ კიდევ არჩევანში გაურკვეველი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ჯგუფი, კორონავირუსის პანდემია, მიმდინარე საპროტესტო აქციები, უმძიმესი ეკონომიკური გარემო და, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო კანდიდატის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების აღიარების კითხვის ქვეშ დაყენება თითქმის შეუძლებელს ხდის შესაძლო სცენარის პროგნოზირებას.
ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, თუ ნოემბრის პირველ კვირაში კორონავირუსის პანდემია იქნება ის ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს – ჯო ბაიდენს მოგების რეალური შანსი აქვს.
თუმცა დარჩენილ მცირე პერიოდში დემოკრატმა კანდიდატმა არა მარტო თავისი, არამედ დამოუკიდებელი და ჯერ კიდევ მერყევი ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზება უნდა შეძლოს. ამ მხრივ, 29 სექტემბრიდან დანიშნულ სამრაუნდიან სატელევიზიო [საპრეზინდეტო] დებატებს, თავისი მრავალმილიონიანი აუდიტორიით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიმდინარე უპრეცედენტო საარჩევნო კამპანიას სწორედ დებატებში გამარჯვებული კანდიდატი მოიგებს.
პირველი სატელევიზიო დებატების მთავარი თემაც კორონავირუსის პანდემიაა… და ისტორიული მომენტი, რომელსაც 1967 წლიდან პოლიტიკაში მყოფი ჯო ბაიდენი თითქმის 50 წლის განმავლობაში ელოდა.
____
ავტორის შესახებ: ზვიად დიასამიძე არის პოლიტოლოგი. განათლება მიღებული აქვს მიუნხენის უნივერსიტეტში. ამჟამად იმყოფება ოტავაში, კანადაში.