ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

არვო პიარტი: „გვაპატიე, უკრაინა“

არვო პიარტი: „გვაპატიე, უკრაინა“

„ძვირფასო მეგობრებო უკრაინაში, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო ყველავ, ვინც იბრძვით თქვენი სახლისთვის თქვენი სიცოცხლის ფასად!

ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი სიმამაცის, აუტანელი ტანჯვის პირისპირ გამოვლენილი სიმამაცის წინაშე. ჩვენ თქვენთან ვართ ისე, როგორც შეგვიძლია. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ეს არის ყელში გაჩხირული ბურთი, ცრემლები და ლოცვა. სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგა.

გვაპატიეთ!

გვაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით ჩვენი დროის წარმოუდგენელი კატასტროფისგან.

დღეგრძელობა უკრაინას! დიდება უკრაინას!”

არვო პიარტი. 7 მარტი. 2022 წელი

არვო პიარტი

სახელგანთქმული ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის ეს მიმართვა ესტონეთის კამერული გუნდის, „მუსიკალური კოლეჯის“ (Collegium Musicale. 2010) საკონცერტო პროგრამის ფურცლებზეა. რენესანსული პერიოდისა და თანამედროვე მუსიკის შემსრულებელთა რეპერტუარში, ძირითადად, ესტონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებია და, ცხადია, არვო პიარტისაც.

24 თებერვალი ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეა და უკვე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეც.

მარტის ბოლო კვირას ნიუ იორკში „ესტონეთის კულტურისა და ლიტერატურის ფონდის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართა. ესტონეთიდან ჩამოსული „მუსიკალური კოლეჯის” კონცერტები მინეაპოლისში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში – „ამერიკის უკრაინული ინსტიტუტის” შესასვლელთან, ღია ცის ქვეშ და მანჰეტენზე მდებარე “ამაღლების” ეკლესიაში დაიგეგმა.

ტაძარში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე შესრულდა ესტონელი კომპოზიტორის ერკი–სვენ ტიურის საგალობელი „უკრაინისთვის”, პარტ უსბერგის – „შეგვიწყალენ“, ველიო ტორმისის – „მომღერლის ბავშვობა“, არვო პიარტის – „ღვთისმშობელი“, „მშვიდობა მოგვეც, ღმერთო“ და სხვა ნაწარმოებები.

სახელგანთქმულმა ლატვიელმა მევიოლინემ გიდონ კრემერმა ერთხელ თქვა, რომ არვო პიარტის მუსიკა არის „ჩვენს გარშემო არსებული ხმაურისგან განწმენდა”.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, კლასიკური და რელიგიური მუსიკის ცნობილი კომპოზიტორი არვო პიარტი (1935) 1980 წელს ოჯახითა და ნოტებით, კასეტებით გატენილი შვიდი ჩემოდნით საცხოვრებლად ჯერ ავსტრიაში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი – დასავლეთ ბერლინში. 2000 წელს იგი ესტონეთში დაბრუნდა, ხოლო 2010-ში კომპოზიტორმა და მისმა ოჯახმა ესტონეთის სოფელ ლაულასმააში დააარსა „არვო პიარტის ცენტრი”, რომლის მისიაა ხელოვანის მემკვიდრეობის არქივირება და პოპულარიზაცია.

2011 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XVI–ემ არვო პიარტი პაპის ადმინისტრაციასთან არსებული „კულტურის საბჭოს“ წევრად დაასახელა. ამ ადამიანს ეძღვნება ფესტივალები, წიგნები და ფილმები. ქორალმა – „ადამის გოდება“ (2009) პიარტს კიდევ უფრო მეტი ცნობადობა მოუტანა, სამი წლის შემდეგ კი ამ ალბომმა „გრემის“ ჯილდოც დაიმსახურა.

1929 წელს, აღდგომის დღეს, ნიუ იორკის ცენტრალ პარკთან გახსნილი, ისტორიულ ნაგებობათა ნუსხაში შეტანილი ნეოგოტიკური სტილის არტ–დეკოს ელემენტებიანი „ამაღლების“ ეკლესია თავისი ძველი ადგილმდებარეობის პერიოდიდან უპოვართა დახმარებითაა ცნობილი. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ხოცვა–ჟლეტისგან ნერვებდაწყვეტილს ამ თაღოვან, სუფთა და საოცარი აკუსტიკის მქონე შენობაში ესტონელი კომპოზიტორების ქორალები ჯერ უცხოდ მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ სევდიან ჰარმონიად გადაიქცა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

კონცერტი საქველმოქმედო იყო და უკრაინას ეძღვნებოდა. იქვე იყიდებოდა „მუსიკალური კოლეჯის“ დისკები, დასასრულს კი ავსტრიელ–ამერიკელი ვიზუალური არტისტის ნიკოლა გინზელის მცირე პერფორმანსი – „ღმერთის ხელები დემოკრატიისთვის“ გაიმართა. სხვადასხვა ეროვნების, რასის, რელიგიის თუ გენდერული მიკუთვნების ადამიანები უკრაინის დროშაგადაკრულ მაგიდაზე მოთავსებულ ტილოზე დატანილ ყვითელ საღებავში ხელისგულს ამოავლებდნენ და მერე ამ ხელს დიდ სახატავ ფურცლებზე „აკოპირებდნენ“.

ია მერკვილაძის ფოტო

თვალით მაშინვე მეორე ხელის ამოსავლებად ცისფერი საღებავის ძებნაც დავიწყე – 24 თებერვლის შემდეგ ჩემთვის ყვითელი და ცისფერი მხოლოდ ერთი მნიშვნელობისაა.

– „ჩვენ მცირე ერი ვართ, სულ მილიონ-ნახევარი. 45 წელი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ვიმყოფებოდით და კარგად ვიცით, თუ საიდან მოდის ტყუილების ნაკადი“– მეუბნება „მუსიკალური კოლეჯის“ მომღერალი, ტალინელი მარგიტ კარიისი, რომელიც დაარსების დღიდან ამ გუნდში მღერის.

– „ესტონეთში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს და მუშაობს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინელებს, გვინდა იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან. ქველმოქმედება ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია. ადამიანის უფლებაა სიცოცხლის უფლება; უფლება, ცხოვრობდე შენს საკუთარ სახლში და არ იყო დამპყრობლის ბატონობის ქვეშ – სწორედ ამისთვის ვლოცულობთ“.

  • საბჭოთა რეპრესიები, ალბათ, თქვენს ოჯახსაც შეეხო

ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, ვისაც მსოფლიო ომი და საბჭოთა ოკუპაცია ახსოვთ. ზოგიერთი ვეტერანი ნიუ იორკშიც ცხოვრობს. ძალიან იშვიათია ისეთი ესტონური ოჯახი, რომელსაც საბჭოთა რეპრესია არ შეეხო. ჩემი ბაბუა – ბებია 1947 წელს ციმბირში გადაასახლეს.

ათასობით უდანაშაულო ადამიანი დეპორტირებული იყო. მამაჩემი მისი მშობლების გამო სულ იყო მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან მეორე ბებიამ შვედეთში გაქცევა მოახერხა, დედას პრობლემები ყოველთვის ექმნებოდა. მას უნივერსიტეტში ჩაბარების უფლებაც არ ჰქონდა…

ერთი კეთილი ადამიანი დაეხმარა – დედას უთხრა, მამის გრაფაში ჩაწერე, რომ არაფერი იცი მშობლის შესახებ, რომ იგი ომი დროს დაიკარგაო. აი, ასე, მამაზე უარის თქმით შეძლო დედამ უნივერსიტეტში ესწავლა. ბევრი ესტონელი ვიცი, ვისი წინაპრებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

მარგიტ კარიისი და ია მერკვილაძე

  • წარმოიდგენდით, რომ ეს კოშმარი დაბრუნდებოდა?

თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, შემდეგი მისი ნაბიჯი ბალტიისპირეთზე თავდასხმა იქნება. პუტინმა არც ისე დიდი ხნის წინათ თქვა, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების არსებობა ისტორიის შეცდომაა, რომ ჩვენ სიცოცხლის უფლება არა გვაქვს.

  • რუსეთის იმპერიის დამანგრევლობა მთელი თავისი ბრუტალობით უკრაინას დაატყდა. სასოწარკვეთა არ დაგეუფლათ?

რთულია ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე.

რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში „ამერიკის უკრაინული ინსტიტუტის“ შენობის წინ ვიმღერეთ. გამვლელების თუ შეკრებილების სახეებზე რეფლექსიას, სევდასა და აღშფოთებას ვკითხულობდი. მეტირება… ეს ჩვენი მელოდიური გზავნილი იყო ომის გასაჩერებლად.

ჩვენ უკრაინას ბოდიშს ვუხდით. ამით განა იმას ვამბობთ, რომ უკრაინისთვის არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ ვხედავთ, რომ დახმარება იგვიანებს. უკრაინაში ბავშვები, ქალები იღუპებიან და ეს ახლა, XXI საუკუნეში ხდება – სამყაროს წარმოუდგენელი უბედურება დაატყდა თავს…