კოვიდპანდემიის შემდეგ პირველად მანჰეტენზე, არტისტებისა და ტურისტების საყვარელ უბან “ტრაიბეკაში”, რომელსაც გალერეების, რესტორნების, ბუტიკების, ოფისების, ინდუსტრიული კორპორაციების ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიის რეპუტაცია აქვს და სადაც უკვე ოცი წელია რობერტ დე ნიროსა და მისი მეგობრების მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ქვედა მანჰეტენის გამაცოცხლებელი კინოფესტივალი იმართება, გალერეაში – On The Fringe – ქართველი ხელოვანების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციის ორგანიზატორი გახლდათ არტისტების პრომოუშენ კომპანია Madatart-ი (ხელმძღვანელი და კურატორი მარიტა დამენია), რომელიც 2016 წლიდან აწყობს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მხატვრებისთვის როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ გამოფენა–გაყიდვებს. ამ ხნის განმავლობაში (პანდემიის ორი წლის გამოკლებით) ოცდაათზე მეტ გამოფენაში ხუთასამდე არტისტმა მიიღო მონაწილეობა.
ექსპოზიციაში, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ: ანუკი ბუჯიაშვილი, ლევან ბურდული, ელენე ასიტაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ცირა ახობაძე, ნათია მაჭარაშვილი, ნინუკა ბორჩხაძე, თამარ აბულაძე, რუსუდან ხაჩიძე, ლელა ქართველი, ლიანა დავიდიანი, თეონა ასიტაშვილი, სანდრო გვინაშვილი, მერი შერვაშიძე და ია მერკვილაძე (თქვენი მონა-მორჩილი).
***
„მე ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა მხატვრობა ჩემს პროფესიად არ ამირჩევია“ – მიყვება მარიტა დამენია, „– თავიდანვე ჟურნალისტიკის მიმართულებით წავედი, მოგვიანებით კი პრომოუშენსა და პროექტების მენეჯმენტში გადავინაცვლე. საქართველოში რამდენიმე სამუზეუმო პროექტი (მათ შორის – “გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი”) მქონდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც კურატორის, კარიერა.
რაც შეეხება ხატვას: ვხატავ ზეთში, აკრილსა და აკვარელში. გამოვფენ თუ არა ოდესმე ჩემს ნამუშევრებს ან რატომ არ ვფენ, როცა ამის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს?
ამაზე ჩემი პასუხი ასეთია:
ჩემთვის მხატვრულ ნამუშევართან ურთიერთობა ძალიან ემოციურია. ძალიან მგრძნობიარე ვხდები, როცა დამთვალიერებელი ჩემ ნამუშევარს აფასებს. ახლა კი წარმოიდგინეთ რას ვგრძნობ, როცა ერთდროულად თხუთმეტ – ოც მხატვარს წარვადგენ, პასუხისმგებელი ვარ როგორც მათ წინაშე, ასევე სტუმრების, მყიდველების წინაშეც. როცა შენ ხარ სხვა მხატვრების ხედვის ერთგვარი გამტარი და ამავდროულად საკუთარი მხატვრობაც უნდა წარადგინო, ეს ემოციურად რთულია და ამიტომაც ამ ეტაპზე ჩემი ნახატების გამოფენისგან თავს ვიკავებ.
კოვიდპანდემიის დროს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გამოფენები ნიუ იორკშიც არ იმართებოდა. გასულ წელს მხოლოდ ერთი ექსპოზიციის ორგანიზება მოვახერხეთ. წელს გადავწყვიტე, რომ არტმარკეტზე ქართველი მხატვრებით დავბრუნებულიყავით. დიდი იმედი მაქვს, რომ კოვიდპანდემიის მსგავსი კრიზისი ადამიანებს თავს არ დაატყდებათ და ჩვეულ საქმიანობას გავაგრძელებთ.
სხვათა შორის, ამ გამოფენაზე თქვენი, ნიუ იორკში მცხოვრები ჟურნალისტისა და აქტივისტის ია მერკვილაძის მიერ გადაღებული ფოტოებიცაა წარდგენილი. ეს ფოტოები ასახავს იმ სიცარიელისა და გაურკვევლობის განცდას, რომელიც მაშინ ნიუ იორკში ძალიან მძაფრად იგრძნობოდა.
გამოფენაზე “ახალი” და “ძველი” ხელოვანები მრავალფეროვანი ჟანრითა და სტილით წარდგნენ. ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულ არტისტებთან ერთად ახალგაზრდებიც გამოვფინოთ. წელს ასეთები იყვნენ: ნათია მაჭარაშვილი, რომელიც ადრეც გვყავდა გამოფენილი და ანუკი ბუჯიაშვილი, რომელიც ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში წელს ჩაირიცხა. ვფიქრობ, რომ ორივე საინტერესო ხელოვანია.
ასევე გვქონდა ქართული თემატიკის ორი პროექტი – სამკაულები თამარ აბულაძის „ღვინის ალმაისიდან“ და რუსუდან ხაჩიძის „ჩემი ხმელეთიდან“. Madatart-ი მომდევნო გამოფენისთვის გალერეას უკვე არჩევს და მოგვიანებით ღონისძიების თარიღსა და ადგილს დავაანონსებ. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სოლო პროექტი და ნიუ იორკის არტ ბაზრობაზე მონაწილეობაც.”
***
18 წლის მხატვარი ანუკი ბუჯიაშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა და ამჟამად ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურასა და ანატომიას ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.
“სანამ სწავლა დაიწყებოდა, ერთი კვირით ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში უბრალოდ დასათვალიერებლად ჩემ მეგობრებთან ერთად მივედი“ – მიყვება ანუკი, „– ვიფიქრე, რომ აქ, ალბათ, ოთხი წლის შემდეგ თუ გავაგრძელებდი სწავლას, რადგანაც ეს აკადემია მხოლოდ ბაკალავრის ხარისხიანებს იღებს. მაგრამ ისე აეწყო ყველაფერი, რომ წელს სწავლის დაწყებასთან ერთად ამ სასწავლებელში მეც შევდგი ფეხი. რადგანაც იგი ტიპიური კოლეჯივით დიდი არაა, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთი დიდი ოჯახივით ვართ. აქ ბევრი მუზა და შთაგონება ტრიალებს.
გამოფენაზე წარდგენილი ყველა ნამუშევარი ამერიკაში ყოფნის განმავლობაში შევქმენი და იგი ერთგვარ სერიებადაა დაყოფილი, ყველა თავის ისტორიას ჰყვება. აქ არის ნაჩვენები ჩემი შინაგანი ბრძოლები, ფიქრები… ჩემი აზრები ერთადაა თავმოყრილი, ოღონდ ვეცადე ეს ყველაფერი სიმბოლურად და სიურრეალისტურად გადმომეცა. მინდა, რომ ამ ნახატებით ადამიანებში ემოცია გავაღვიძო.
ჩემი ბოლო ნამუშევარი – „ბროწეულის ღეროების მცველი” ფარაჯანოვის ბროწეულების ნახვის შემდეგ დავხატე და “ვეფხისტყაოსნის” დეტალები დავუმატე”.
***
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლევან ბურდულმა ხატვა 2016 წელს დაიწყო და თბილისში არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის მარტში იგი მწვანე ბარათით ნიუ იორკში ჩამოვიდა. On The Fringe–ში გუაშით შესრულებული მისი საოცრად ფაქიზი, ფერადოვანი “ძველი ტელეფონი”, “ჩიტი და ლოკოკინა”, “ხურმები”, “ბროწეულები” და “მსხალი” გამოიფინა.
ლევან ბურდული ამბობს, რომ იგი მისი მეგობრის, მხატვრის მეგი გვენეტაძის ხელოვნებამ შთააგონა, თუმცა თავად არ იცის, თუ რა სტილში ხატავს. მისი ნახატები საქართველოში, კაჭკაჭაშვილების ოჯახში დაწურული ჭაჭის მინიატურულ ბოთლებზეცაა. მხატვარი თავადაც მინიატურული ალკოჰოლური სასმელების კოლექციონერია.
***
ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებებს საქართველოსა და იტალიაში სწავლობდა. ხატვა მან 2022 წლის დასაწყისში ორნამენტების გამოსახვით დაიწყო, გამოფენაზე კი წარადგინა ათი ნახატი – “მელანქოლიური ხე”, “ზაფხული სოფელში”, “შემოდგომა”.
„ხატვა რატომ დავიწყე, არ ვიცი…“ – ამბობს ნინუკა, „– თავდაპირველი ინსპირაცია იყო ნაჭრების დიზაინის შექმნის სურვილი. უკრაინის ომმა და საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ემოციური ფონი გაამწვავა და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ განცდებს ვერბალურად ვეღარ გადმოვცემდი. სიტყვა აღარ იყო საკმარისი. ეს ხელოვნება ჩემთვის სამყაროსთან კომუნიკაციის ფორმაა. ისეთი განცდა მაქვს, რომ სულ ვხატავდი. პირველად ყვავილები დავხატე და უცნაური ემოცია დამეუფლა – უფრო გაკვირვება. მე ხომ აქამდე ფუნჯი ხელში არასდროს მჭერია”.
***
მხატვარი ცირა ახობაძე, რომელიც Madatart–ის მიერ ორგანიზებული არაერთი ექსპოზიციის მონაწილეა და პერსონალური გამოფენაც ჰქონდა, ამჯერად წარმოდგენილი იყო სამი ნამუშევრით, “ყვავილებით”, რომელიც შესრულებულია აკვარელსა და მიქსმედია თვრამეტკარატიანი ოქროს ტუშით.
“როგორც ყველა მხატვრისთვის, ასევე ჩემთვის ამ გამოფენას დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ კოვიდპანდემიის გამო გამოფენების გამართვა, თითქმის სამი წელი, შეუძლებელი იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მხატვრისთვის აუცილებელია, მითუმეტეს, ნიუ იორკში. ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქის რიტმს ფეხს უწყობ, პანდემიისგან მიღებული ტრავმის შემდეგ ჩვეული ცხოვრების წესს უბრუნდები.
ჩემთვის კოვიდპანდემიას როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარე ჰქონდა. რთული პერიოდის მიუხედავად, საშუალება მომეცა შემოქმედებისთვის მეტი დრო დამეთმო, რაც პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა”.
***
თამუნა აბულაძე კომპანია “ღვინის ალმასის” (Wine Dimond) დამფუძნებელია. იგი ქმნის როგორც ღვინის ქვისგან დამზადებულ სამკაულებსა და ღვინის აქსესუარებს, ასევე გასაოცარი ფერადოვნების შარფებს, რომელზეც ღვინის წვეთის მიკროპალიტრაა ასახული, ანუ ის ფერები, რომელსაც ყურძნის ჯიშის შესაბამისად, ღვინის წვეთი თავის თავში “ინახავს”.
მისი დიზაინით შექმნილი სამკაულებიც ყურძნის სხვადასხვა ჯიშის ფერია: საყურეები ქისის ღვინის კრისტალებისგან, ბეჭედი – ვარდისფერი რქაწითლისგან, სამაჯური – საფერავის ღვინის კრისტალებისგან; გულსაბნევი (მაგალითად, საქართველოს რუკის ან ქვევრის ფორმის) – ციცქას ღვინის კრისტალებისგან.
თითოეული ნაკეთობა უნიკალურია, რადგანაც კრისტალების განლაგება თავის წინამორბედს ვერ და არ იმეორებს. ნაკეთობას ასევე ახლავს თავისივე წარმოშობის ისტორია – რთველის ჩატარების წელი და რეგიონი. გამოფენაზე ღვინის თემას ძალიან მოუხდა სიურპრიზი: ოპერის მომღერლის, გოჩა აბულაძის მიერ შესრულებული “ურმული”.
“ღვინის ალმასამდე” არსებული ჩემი „წინა ცხოვრება“ ხელოვნებასთან ან ღვინოსთან კავშირში არ იყო“, – მიყვება თამუნა აბულაძე, „– განათლებით ეკონომისტ – გეოგრაფი ვარ, ტურიზმის განხრით. ერთ ძალიან წარმატებულ, საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი, კორპორატიულ განყოფილებაში. 15-წლიანი კარიერა ერთბაშად დავასრულე და მივხვდი, რომ ან ახლა უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება, ან სტანდარტულ რუტინაში დავრჩენილიყავი. ასე გამოვედი ე. წ. „კომფორტის ზონიდან“ და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ის, რაც ჩემი ცხოვრების საქმედ იქცა“.
- როგორ მოვიდა ღვინის ქვის გამოყენების იდეა და პირველად ღვინის ქვით რა შექმენით?
2019 წელს თბილისში “ღვინის სკოლა” დავამთავრე და იქ გავიგე ღვინის ქვის შესახებ. მანამდე ღვინის თემატიკით სხვადასხვა აქსესუარებს ვქმნიდი და გავიფიქრე: რატომ არ შეიძლება, რომ ღვინო სამკაულში ჩავდო? ეს იდეა მეღვინეებმა თავშივე დამიწუნეს, თუმცა ჩემი ახლანდელი საქმიანობა სწორედ მათი უარის დამსახურებაა.
გადავწყვიტე მათთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამას მაინც შევძლებდი. რამდენიმეთვიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, პირველი ღვინის სამკაული შევქმენი და ამ დარგის დახვეწასა და განვითარებას დღემდე ვაგრძელებ. სულ მალე, ღვინის ქვის კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულება მექნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამ ხნის განმავლობაში კი ჩემს ლოგოდ იქცა: გავაკეთო ის, რაც აქამდე არ შეუქმნიათ.
- რაა თქვენთვის ქართული ღვინის “ნაწილის” გამოყენება?
პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობა და შემდგომ, სიამაყის გრძნობა. სულით ხორცამდე ვითავისებ ამ საპატიო მისიას, რომ რვა ათასი წლის მქონე ისტორიის ნაწილს უკვდავებას ვანიჭებ. სწორედ ესაა ბრენდის მთავარი სლოგანიც: „უკვდავება ღვინისა“.
მჯერა, რომ თითოეულ ნაკეთობაში ღვინის ქვისა და ამ ღვინის შემქმნელის უდიდესი ენერგეტიკა და საუკეთესო ემოცია ინახება, რომელიც მის მომავალ მფლობელსაც გადაეცემა.
- როგორ მიიღო ამერიკამ „ღვინის ალმასი“?
ძალიან გულითადად. ნიუ იორკი და ზოგადად ამერიკა, ოცნებების ახდენის ადგილად მოიაზრება. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმდენად ძლიერი იყო ვიზიტის სურვილი, რომ ყველა ბარიერს არათუ გადავაბიჯე, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით – გადავაფრინდი. წინააღმდეგობების მიუხედავად ყველა გარემოება ჩემს სასარგებლოდ დალაგდა და მივხვდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იყო.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ამდენი ნიჭიერი და გამოცდილი არტისტის გვერდით ყოფნა, მათი მოწონება და შეფასება კი – უაღრესად მნიშვნელოვანი. არც ერთი წამით მიგრძნია, რომ უცხო ქვეყანაში სტუმარი ვიყავი. ჩემი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება კი ქართველებისგან სწორედ ეს უდიდესი მხარდაჭერა გახლდათ.
ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და სამომავლო გეგმებიც დავსახე. ქართველი არტისტისთვის ნიუ იორკში, მანჰეტენზე შვიდი დღის მანძილზე ნამუშევრების გამოფენა იმის დიდი შანსია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს შენი შემოქმედების შესახებ. ამ გამოფენაზე კი ფიზიკურად ყოფნა უდიდესი ემოცია და გამოცდილება იყო არა მარტო ხელოვნებისა და ბიზნესის, არამედ ადამიანური ასპექტითაც.
მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ასეთი სტუმართმოყვარეობისთვის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიუ იორკში აუცილებლად დავბრუნდები და განვაგრძობ ამ საქმის კეთებას, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით, საქართველოს მისი ღვინის კულტურით წარადგენს.
***
საქართველოში დაბადებული ნათია მაჭარაშვილი სამი წლის იყო, როცა ოჯახი აშშ–ში წამოვიდა. იგი ოთხ ქართველთან ერთად სწავლობდა Hofstra University–ში, რომელიც ფერწერისა და სტომატოლოგიის განხრით დაამთავრა. ამჟამად ნიუ იორკის ერთ–ერთ კლინიკაში სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობს, უყვარს ამერიკული მუსიკა და ქართველებიდან ირაკლი ჩარკვიანსა და ნიაზ დიასამიძეს უსმენს.
ნათია ფიქრობს, რომ ხატვის სურვილი და მუზაც ემიგრიციის დამსახურებაა.
„ჩამოსვლის დღიდან ჩემები სულ უკან წასვლაზე ოცნებობდნენ ისევე, როგორც ყველა ქართველი. მშობლები ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მე ყოველ ზაფხულს საქართველოში მიშვებდნენ. ფაქტობრივად, ზაფხულიდან ზაფხულამდე დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა მონატრებულ სამშობლოში როდის ჩავიდოდი.
ხატვა 15 წლის ასაკში დავიწყე. არასოდეს ვიცი თუ რას ვხატავ ან როდის დავხატავ. ხატები თავისით მოდიან. ჩემი შთაგონება კი არის ის დრო და სივრცე, სადაც ჩემ თავს ჩემ სამყაროში ვგრძნობ. იქ ისეა ყველაფერი, როგორადაც მე მინდა, მე ვხედავ და მერე… ეს ყველაფერი ქრება. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ამის საშუალებას მაძლევს, ამგვარი გამოფენები კი მე მეტ პასუხისმგებლობასა და მიზანდასახულობას მძენს“.
***
რუსუდან ხაჩიძე საქართველოში “რადიო იმედის” მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. ჰქონდა არაერთი წარმატებული მედია პროექტი.
„აშშ–ში ჩამოსვლისას დავიწყე იმაზე დაკვირვება თუ რა აკლდა ჩვენ ემიგრანტებს“ – ამბობს რუსუდან ხაჩიძე, „– რა იქნებოდა მათთვის ძვირფასი და მუდამ თან სატარებელი? ამიტომ შევქმენი გულსაკიდი – საქართველოს ოქროს რუკა, ბრილიანტებით გაწყობილი. როგორც კი პროექტი “ჩემი ხმელეთი” (My Land) დავაანონსე, მას მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამგვარი სამკაული გახდა ძალიან კარგი საჩუქარი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ახლობელი ადამიანისთვის.
სამკაულებს მთელი მსოფლიოდან მიკვეთავენ და არა მხოლოდ – საქართველოს რუკას. უკრაინის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიკვეთავენ უკრაინის რუკებსაც.
გარდა სამკაულების ბიზნესისა, ასევე მაქვს ქართული ლიტერატურის შემსწავლელი კურსები “ისწავლე შენი ხმელეთი”, სადაც ოცზე მეტ ქართველ ბავშვს ვასწავლი და სამომავლოდ კლასების გაზრდასაც ვგეგმავ“.
***
სექტემბრის ერთ დღესაც მარიტა დამენიას მიერ წლების წინ შეთავაზებული ჩემი ფოტოების გამოფენა გავიხსენე და გადავწყვიტე ნიუ იორკში, კოვიდპანდემიის დროს ჩემი უბრალო სმარტფონით გადაღებული ფოტოები „გამედიდებინა“.
თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია აქვს. სრულიად დაცარიელებული თაიმს სკვერის წითელ კიბეებთან, სადაც სამი უსაქმურად მდგომი პოლიციელისა და მუდამ შიშვლად მოსეირნე “გიტარიანი კოვბოის” გარდა არავინ იყო, ამ კოვბოის “თავზე” დიდ სარეკლამო ბილბორდზე კოვბოის ჩექმებში მორბენალ გოგონას ტელეფონი “დავუმიზნე”. ფოტო რომ გადავიღე და შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ამ კაცის გვერდით მეორე კაცი – ბეტმენი იდგა. როდის “მოფრინდა”, ვერ დავაფიქსირე.
ერთხელ იუნიონ სკვერის სრულიად ცარიელ მეტროში ჩონჩხთან ტანგოს მოცეკვავე კაცი გადავიღე, ოდნავ “გამოცოცხლებულ” იმავე მეტროში – ყვითელკაბიანი, დიდი გოგონას ფიგურა, სტაფილოსფერი წარწერით “love” და მის თავთან თეთრი, არასამედიცინო ნიღაბი.
ერთხელ ცარიელ ბრაიტონ ბიჩზე, სადაც პანდემიის პიკის დროს ქართული საცხობის მხარდასაჭერად სპეციალურად, ათასგვარად შეფუთული მივდიოდი, უეცრად ჩარაზული მაღაზიების წინ საიდანღაც გაჩნდა ტანსაცმელების რიგი, რომლის წინ ქალი უცებ გაშიშვლდა, მერე მაშინვე ჩაიცვა და გზა გააგრძელა. ფოტო რომ გადავიღე, ქუჩის ბოლოს ეტლით მოსარგებლის კონტურებიც შევნიშნე.
იმავე ბრაიტონის მიდამოში, არმაგედონის მანიშნებელი, უცებ ამოვარდნილი საშინელი სიძლიერის ქარბორბალას დროს, როცა ჰაერში მარტო ცელოფნები და კოკა – კოლას ლითონის ქილები კი არ “ლივლივებდნენ”, არამედ ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიის თავზე “შემოდებული” ძველი, ნამდვილი კაბრიოლეტის აფრენაც სავსებით იყო შესაძლებელი, უცებ ქუჩაში ცხენზე ამხედრებული პოლიციელი “ამოძრავდა”. ჯერ დავიძაბე, ჰალუცინაცია მეგონა და მერე ვაკვირდებოდი, ისიც არ აფრინდეს და თავზე არ გადამიქროლოს – მეთქი.
გადავუღე თოლიას, რომელიც ქიმზე ისე იყო წამოსკუპებული, რომ მხოლოდ მისი კუდი ჩანდა და ვერ გაარჩევდი, ეს ქიმის გაგრძელება იყო თუ ცოცხალი არსება. მე კი ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ ვმოძრაობდი, რადგანაც წყალში შეჭრილი “ბეტონის ბილიკის” კედლებზე ასვლა არ შეიძლებოდა. ათი წუთის ლოდინის შემდეგ, გაბრაზებული წავიბურტყუნე: „შე კაი კაცო/ქალო, ასე რამ გაგაშეშა, გახედე, იქეთ თავისუფლების ქანდაკებაა” და ზუსტად ამ დროს ჯიუტმა თოლიამ ცალი ფეხი ასწია, „ლიბერტისკენ“ შებრუნდა და მგონი, ირონიულადაც გადმომხედა.
ნიუ იორკის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ მაღაზიებში, ბანკებსა და ოფისებში სოციალური დისტანცირების დაცვის მრგვალ, სამკუთხა, კვადრატულ თუ გულის ფორმის შტამპებს/პრინტებს ვიღებდი და საკმაოდ მდიდარი კოლექცია დამიგროვდა. მათ შორისა ასეთიც – It’s Ok to be Black… ეპოქის და სოციალური მოძრაობების ეს ნიშნები თავისი მესიჯებით დღეს გაცრეცილია, წაშლილია, გამქრალია…
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – ნიუ იორკში ჩართული კამერის გარეშე სიარული მსოფლიოს ფოტომატიანეს წინაშე ჩადენილი უპატიებელი დანაშაულია.