ქანთრის დედაქალაქელ ანუ ნეშვილელ ემილოუ ჰარისს, ქით ურბანს, ალან ჯექსონს, ვინ გილს, ტეილორ სვიფტს, თავად უილი ნელსონსა და დოლი პართონს თუ ოდესმე სადმე გადავეყრები, აუცილებლად ვკითხავ იცნობენ თუ არა შოთა ადამაშვილს, რომელიც საქართველოში დაიბადა, ინგლისური ენა ქანთრი სიმღერებიდან ისწავლა და ნეშვილურ აქცენტსაც კი ფლობს. ეს კილოკავი სამხრეთ ამერიკის იდენტობისთვის დამახასიათებელ რბილ, მელოდიურ ტონს ჰგავს ანუ ისეთს, როგორიც ჯონი ქეშს ჰქონდა. ზოგიერთი ზემოჩამოთვლილი არტისტი ნეშვილში არ დაბადებულა, მაგრამ მუსიკალურად იქ მოინათლა. მაგალითად, დოლი პართონი, რომელიც 18 წლის ასაკში ტენესის მთებიდან ერთი ჩემოდნით ნეშვილში ჩავიდა და მერე ქანთრის ოქროს ხმა გახდა.

ჯონი ქეში – კადრი ფილმიდან ” გზა ნეშვილისკენ” (1966)
როცა ქანთრი მუსიკას ვახსენებთ, თვალწინ წარმოგვიდგება ცხელი, ერთფეროვანი, უკიდეგანო პრერიები; ადამიანის, ცხენისა და მიწის თითქოს სამუდამო “კონტრაქტი”; რომანტიზებული, პატრიარქალური კოვბოის ღია ჰორიზონტები და ნეშვილის სცენები.
ეს ნიშნავს “მუსიკის ქალაქის” ცოცხალ მელოდიურ ჟღერადობას – ყველა ქუჩაზე, ეზოში და განსაკუთრებით Broadway Street-ზე მდებარე ბარებიდან, საიდანაც ქანთრი მუსიკა 25 საათი ისმის. და განა მხოლოდ ბარებიდან ან სახლებიდან. იქ ლამის ყოველი პირველი ქანთრის ღიღინებს, მეორე – მღერის. მოკლედ, ნეშვილში თითქმის ყველა ხმა ქანთრიში გადადის, თითქოს ქალაქს სხვა ენა არ აქვს.
მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი — ქართველი მუსიკოსი, არანეშვილელ/არაამერიკელი შოთა ადამაშვილი, რომელსაც ამერიკული ქანთრის სიყვარული ოკეანის გადაღმა შეეყარა. წლების განმავლობაში ის მღეროდა იმ ქვეყნის მუსიკას, სადაც არასოდეს ყოფილა.
შოთა სამშობლოში ქანთრის პიონერიცაა და დღესაც ამ ჟანრის უნიკალური წარმომადგენელიც. ერთ-ერთ თავის ინგლისურენოვან სიმღერა/კლიპში შოთა ბოლნისის რკინიგზის მოძრავ “დრეზინაზე” კოვბოის ჩექმებში და კოვბოის ქუდში, გიტარით ხელში, თავის Georgian Country Singer-ში მღერის, რომ “არის ქართველი ქანთრის მომღერალი და რომ [Georgia] არ არის შტატი”…
როგორც თავად ჰყვება, ბოლნისში დაიბადა, სკოლა იქ დაამთავრა, ფორტეპიანოს ორი კლასიც ისწავლა, მერე კი დედაქალაქში გადავიდა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა. სტუდენტობისას გიტარა აიღო ხელში, 2013-ში კი The Voice of Georgia-ზე გამოსვლამ მას ცნობადობა მოუტანა. 2022-ში საცხოვრებლად ლატვიაში გადავიდა და დაიწყო მოგზაურობა/გასტროლები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთსა და ფინეთში. შოთა ხშირად უკრავს სხვადასხვა ფესტივალებზე, თანამშრომლობს იქაურ მუსიკოსებთან.
2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ მარშალში გაიმართა “ტეხასის ხმების საერთაშორისო ქანთრი მუსიკის დაჯილდოება (Texas Sounds International Country Music Awards), სადაც შოთა ადამაშვილმა ორი ნომინაცია მოიგო. მანამდე კი ამავე კონკურსში 2021-ში ონლაინ ფორმატით აიღო ჯილდოები, თუმცა მაშინ კოვიდის გამო ფესტივალი არ შედგა, ამიტომ მან დისტანციურად გააგზავნა თავისი ვიდეო-პერფორმანსი და რახან ორ კატეგორიაში გაიმარჯვა, ამიტომაც ოთხი წლის შემდეგ ტეხასში ისევ მიიწვიეს.
2025-ის ფესტივალზე კონკურსი რვა კატეგორიაში მიმდინარეობდა. მთავარი ჯილდო “წლის არტისტი” ან “წლის ჯგუფია”; ასევე “პროდიუსერების არჩევანი”, “ამომავალი ვარსკვლავი” და სხვა. ქართველმა გაიმარჯვა “წლის ორიგინალური სიმღერის” კატეგორიაში, მეორე ჯილდო კი გახლდათ “წლის შთამბეჭდავი სასცენო შესრულება“, რომელსაც მეორენაირად “წლის ტრადიციული ქანთრი არტისტის” სახელითაც მოიხსენიებენ.

შოთა ადამაშვილი
„- კონკურსის მიმდინარეობისას ხალხისგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე როგორც საქართველოდან, ისე იმ ქვეყნებიდანაც, სადაც მთელი ამ ხნის მანძილზე გულშემატკივრები შევიძინე. ცხადია, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქვეყანა წარვადგინე“ – ამბობს შოთა ადამაშვილი.
ლატვიაში როგორ აღმოჩნდით?
ბალტიისპირეთში ლატვიელი, ლიტველი მეგობრები მყავდა. თან ლატვია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ლატვიელები ქართველების სამართლიან პროტესტსა და პროევროპულ მისწრაფებებს მხრას უჭერენ. მეგობრებმა 2021-ში, ჯერ კიდევ მაშინ პატარა ბალტიისპირული ტურნე დამიგეგმეს და ლატვია საცხოვრებლად ამგვარად ავირჩიე.
ვიცი ინგლისური, პოლონური, რუსული ენები, ცოტა გერმანულიც, რადგან ამ ენას სკოლაში ვსწავლობდი. ლატვიურიც ვისწავლე.
ჩემი მშობლები იტალიაში ცხოვრობენ – დედა 2005 წლიდან, მამა კი – 2008-დან.
ემიგრაცია რთული თემაა. რაღაც სხვა განზომილებაა, რომლის განსაზღვრას ან აღწერას, ნაცნობი სიტყვებით შეფასებას ვცდილობთ, მაგრამ შეიძლება არ გამოგვივიდეს… ეს რაღაც განსაკუთრებული ჟანრია, არ ვიცი, ლიტერატურის, თეატრის, კინოს…
- ქანთრი მუსიკით როგორ დაინტერესდით?
ალბათ, ჩვიდმეტის ვიყავი, როცა ამერიკული ქანთრის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. პირველი ქანთრი სიმღერა ოცი წლისას დავწერე და მერე მოგვიანებით კლიპიც გადავიღე, ჩემს ბოლნისში, ცოტა რუსთავშიც… მყავდა ჩემი ბენდი, Windshield-ი, ქართულად „საქარე მინა“, რომელიც 2015-ში დავაარსეთ და კონცერტებს ვმართავდით არა მარტო საქართველოში, არამედ – ბალტიისპირეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
- ქალი ქანთრის შემსრულებლებიდან ჩემი ფავორიტია ემილოუ ჰარისი და მისი Goodbuy...
– ემილოუ ჰარისი ქანთრის მოსიარულე ლეგენდაა. ქალი ქანთრის შემსრულებლებიდან გამოვარჩევდი: კენტუკელ ლორეტა ლინს, Coal Miner’s Daughter -ის ავტორს. მას “ქანთრის დედოფალს” უწოდებდნენ. იგი მაღაროელის ოჯახიდან იყო; ფეთსი კლაინს, რომელიც უილი ნელსონის დაწერილ Crazy – ის გასაოცრად ასრულებდა. მან ქანთრი პოპს მიუახლოვა. ეს ქალიც ქანთრის ლეგენდა იყო, ადრე გარდაიცვალა, ავიაკატასტორფაში დაიღუპა. მიყვარს მისი Have You Ever Been Lonely.განსაკუთრებულია რიბა მაკინტაირი,რომლის საშემსრულებლო არტისტიზმი, ძლიერი ვოკალი კლასკურ ქანთრისა და პოპ ქანთრის აერთებს.
- ბუნებრივია, ქანთრი მუსიკა ინგლისურენოვანია. თუმცა საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა თუ ოდესმე თქვენ, ასე ვთქვათ, ქართულენოვან ქანთრის დაიწყებთ…
ადრე ვცადე, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამომივიდა. ალბათ, იმიტომ, რომ იმ მუსიკას ვარ მიჩვეული, რაზეც გავიზარდე. თუმცა გამორიცხული არაფერია. ჩემი მუსიკა ხანდახან უფრო ქანთრია, ზოგი უფრო – ფოლკი და ზოგიც – უფრო ბლუზ-როკი. კონკურსზე ჩემი ოცი სიმღერიდან ორი – “მარტოსული ხმა (Lonesome Voice) და ავტობიოგრაფიული “ჩემი სახელი არაფერს გეუბნებათ” (My Name Doesn’t Ring a Bell) შევასრულე. ასევე ორი სიმღერა – ქანთრის ამერიკელი კომპოზიტორების.
- ქანთრი შეიძლება სტილისტურად ჩვენებურ ქალაქურ რომანსს მივამსგავსოთ? განა დავატოლოთ, უბრალოდ, ცალკე ჟანრად არსებობის გამო… პირველი დაკარგულზე ლამის ერთ ტონში ჩურჩულებს, მეორე – რიტმული გიტარით და ორივე – რთული მეტაფორების გარეშე.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქანთრი უფრო ახლოსაა ქართულ ხალხურ სიმღერებთან და ამერიკული ბლუგრასთან, რომელიც ერთგვარად უფრო ქანთრისკენ იხრება და მრავალხმიანია. თუმცა, ეს ჰარმონიები არაა ჩემთვის ახლობელი.
- ახლა გამახსენდა, რომ გურული მოჯირითეები Buffalo Bill –ის Wild West Show – ებში იღებდნენ მონაწილეობას. საქართველო, ასე ვთქვათ, ცხენით ეწვია ამერიკას და ქართველების ვიზიტი ლამის ემთხვევა აშშ-ში ქანთრი მუსიკის დაბადებას. ეს ნახევრად ხუმრობით…
კოვბოების ცხოვრებას ბევრი მასკულინური ხატი ახლავს, რაც სტერეოტიპულია.
- ჰო, ქანთრის მშვიდი მუსიკა ცხენზე მუდმივად, რიტმში მოჯირითე “ჯიგიტი” კაცის იმიჯს თითქოს არ ესადაგება…
ასევე ნახევრად ხუმრობით, ამ ცხენიან კაცის სიმბოლოს თითქოს უფრო კლასიკური როკი ეხება. მიყვარს, ცხადია, კლასიკური როკი – ქანთრიმდე “ბითლზებზე”, “პინკ ფლოიდზე” და “ქუინზე” გავიზარდე. მიყვარს ქართული ფოლკლორი, თუმცა არ მქონდა მისი სრულად ათვისების შანსი. სხვათა შორის, ელვის პრესლი როკ – ენ – როლის მეფედ ითვლება, თუმცა მან სამივე “გრემი” გოსპელის ჟანრში აიღო. ანუ რისი მეფეც იყო, იმაში არა აქვს “გრემი”, აი, გოსპელში – აქვს. ელვისს გოსპელი ძალიან უყვარდა.
- ქანთრი მუსიკა ფესვებზე, სახლზე, ნოსტალგიაზე, მძიმე შრომაზე, მტვერზე, ცოლ-ქმრის ერთგულება/ ღალატზე, მარტოობაზე გვიყვება…
კი, ასეა. სხვათა შორის, ქანთრი მუსიკოსები ხშირად ამერიკელ ჯარისკაცებს, სამხედრო მისიებს მხარს უჭერენ. სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების გასამხნევებლად არა ერთი ქანთრი მუსიკოსი ჩავიდა.
ქანთრი არაა მხოლოდ სევდა-ნაღველი ან ყოველდღიური ტკივილის ხმა, არსებობს ქანთრის ქვეჟანრი ე. წ. „კარგი დროის ქანთრის” (Good Time Country) სიმღერები – ჟრიამულის, ცეკვის, ხმაურიანი, საფესტივალო, ფეიერვერკის განწყობის მელოდები და რიტმი. ამგვარი გარემო ახლავს როდეოებს, ადგილობრივ ფერმერთა ფესტივალებს. “გუდ თაიმ ქანთრის” შემსრულებელი იყო ახლახანს გარდაცვლილი, ოკლაჰომელი ტობი კითი, თუმცა აქვე მაინც უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკური ქანთრი ბლუზისკენ და სევდიანი „ვაიბებისკენ“ იხრება.









