ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“ამერიკის ხმა” – 65

“ამერიკის ხმა” – 65

როცა პირველად შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, 2004 წელს ჩავედი, ცხადია, მეორე დღესვე ვესტუმრე იმ ადგილს, სადაც ვიცოდი, რომ ყველაზე მეტ ქართველს ერთად ვნახავდი; სადაც განთავსებული იყო ის “ხმა”, რომელსაც ოკეანის გადაღმა რადიოსყურმიბჯენილი საბჭოელები ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად მაინც უსმენდნენ და საიდანაც ლეგენდარული უილის კონოვერის დაბალი, ხავერდოვანი ტემბრი და ამერიკული ჯაზი იღვრებოდა. აქ მუშაობდენ ადამიანები, რომელთა ზუსტი სახელი და გვარი არ ვიცოდი, მაგრამ ფსევდონიმები – ზეპირად: გიგა ჭალელი (პეტრე ხვედელიძე) და ლუკა ბეთანელი (მიხეილ ფოფხაძე). VOA– ში, იგივე “ამერიკის ხმაში” მაშინდელმა ინტერნმა და ამჟამად ხელმძღვანელმა ანა კალანდაძემ და რუსული სამსახურის თანამშრომელმა ნანა ღონღაძემ მიმასპინძლეს, ეთერ ფიჩხაძემ კი ჩემგან ინტერვიუ აიღო. თან ზედიზედ – ორი. ბუნებრივია, ჩემი პირველი ამერიკული მასალაც “ამერიკის ხმის” ქართველ თანამშრომლებზე იყო. დღეს კი ეს რადიო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პროპაგანდის დასამარცხებლად შეიქმნა, 65 წლისაა. რადიო, რომელიც ორმოც ენაზე მაუწყებლობს და 188 მილიონამდე მსმენელი/მაყურებელი ჰყავს.

პირველად ამ რადიოს ქართულენოვანი გადაცემა ეთერში 1951 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავიდა და მაშინ მიკროფონთან პიანისტი ერეკლე ორბელიანი იჯდა. მას მერე ექვს ათეულ წელზე მეტია “ამერიკის ხმის” ქართული სამსახური მთელს მსოფლიოში გაფანტული ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე მაუწყებლობს.

ტრანსლირების ხარვეზების მიუხედავად, იგი თავიდანვე გახდა ერთგვარი “ფანჯარა ამერიკაში”, რომელიც ადამიანებს აშშ–ის ისტორიაზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სოციალურ ცხოვრებაზე, ამერიკაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებზე მოუთხრობდა; დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან კი – ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და ევრო–ატლანტიკური გზის პერიპეტიებსა და პერსპექტივებზე. რადიო “ამერიკის ხმის” ქართული სამსახური ეროვნული FM-ით მსმენელს ყოველდღიურად ორ თხუთმეტწუთიან რადიოგადაცემას სთავაზობს, ასევე ყოველკვირეულ ოცწუთიან სატელევიზიო ჟურნალს, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი არხი ტრანსლირებს და ასევე ყოველკვირეულ ინტერაქტივებსა და სპეციალურ რეპორტაჟებს. გარდა ამისა, ქართულ სამსახურს აქვს მულტიმედიური ვებსაიტი, მასზე განთავსებულია ტექსტუალური, აუდიო და ვიდეო კონტენტი, რომელიც ისეთ ინფორმაციას მოიცავს, როგორიცაა “აშშ–ის ახალი ამბები ყოველ სამოც წამში” და “დღის ფოტო”. ამ რადიოს კონტენტი ასევე მულტიმედიური მობილური საიტით, Youtube -ის არხითა და სოციალური მედიით ვრცელდება.

წინა საუკუნის 1940–50–იანებში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კონოვერის “ჯაზის საათის” მსგავსი “კაპიტალისტური მუსიკის” Live-ებს თუ ჩანაწერებს VOA-ს ფანების შვილები და შვილიშვილები სხვა ხერხებითაც მოისმენდნენ. ახლა “იუთუბზე” პოლონეთში 1971 წელს ჩაწერილი ლუის არმსტრონგის დასაფლავების რადიოტრასლაციის მოსმენაც კია შესაძლებელი, სადაც კონოვერი “თეთრი სახლის” წარმომადგენლის გვერდით საკუთარ სახელ–გვარაც ასახელებს, როგორც “საჩმოს” უკანსაკნელ გზაზე გამცილებელს. სხვათა შორის, ერთხელ მშვენიერ დღეს ლუიმ რადიოს საპატივცემულოდ VOA-ს ქუდის მელოდია თავისი განუმეორებელი ხმით წაიმღერა კიდეც.

რადიოს დაბადების დღეზე, რომელიც ვაშინგტონში, “ამერიკის ხმის” შტაბ-ბინაში გაიმართა, რადიოს ახლანდელი და ძველი კოლეგების გარდა მოვიდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი; მოვიდნენ რადიოს სხვა ენაზე მაუწყებელი სამსახურების წარმომადგენლები და უბრალოდ მეგობრები.

“ამერიკის ხმის” ევრაზიული განყოფილების უფროსმა ელეზ ბიბერაჯმა და VOA-ს დირექტორმა ამანდა ბენეტმა ცივი ომის პერიოდსა და სსრკ–ის დანგრევის შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რადიოს ქართული და არა მარტო ქართული ხმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნატოში აშშ–ის ყოფილმა წარმომადგენელმა და ამჟამად “მაკქეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა მიმოიხილა რა ახლანდელი საერთაშორისო სიტუაცია, რუსეთ–უკრაინის ომი, სირიაში არსებული მდგომარეობა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახლა უფრო ცხადად გამოიკვეთა “ამერიკის ხმის” არსებობის მნიშვნელობა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა დაინახოს – მათ დემოკრატიისა და ეკონომიკის მშენებლობის საქმეში წარმატების მიღწევა მართლაც შეუძლიათ; რომ ის დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელსაც ეს რადიო ტრანსლირებს, საღი აზროვნების შესანარჩუნებლად ძალიან საჭიროა.

აშშ–ის ამჟამინდელმა ელჩმა იან კელიმ იუბილარებს ვიდეოჩანაწერით მიულოცა და აღნიშნა, რომ “საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან “ამერიკის ხმის” ქართულმა სამსახურმა საქართველოსა და აშშ–ს შორის თანამშრომლობას ნოყიერი ფუნდამენტი შექმნა”. აშშ–ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა დიდწილად სწორედ ისეთ მაუწყებელთა პროგრამების გავლენით მოხდა, როგორიცაა “ამერიკის ხმა”.

რადიოს ქართული განყოფილების ხელმძღვანელმა ანა კალანდაძემ აღნიშნა, რომ “ამერიკის ხმის” მაყურებელიცა და მსმენიელიც ექსკლუზიურად იღებს სანდო, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას, რომ ამ რადიოს საინფორმაციო სივრცეში ექვს ათეულ წელზე მეტია თავისი კუთვნილი, განსაკუთრებული ნიშა აქვს დაკავებული.

ანა კალანდაძე. ია მერკვილაძის ფოტო

ანა კალანდაძე. ია მერკვილაძის ფოტო

რადიოს დაბადების დღეზე თანამშრომლების მიერ შექმნილ ფილმში VOA -ს ქართული სამსაურის ისტორია მიმოიხილეს და ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანგრძლივობის ისტორიის გახსენებისას ამოტივტივდა სტალინისა და ბრეჟნევის დროინდელი, სსრკ –ის დაშლის, დამოუკიდებლობის გამოცხადების, სამოქალაქო ომის, ვარდების რევოლუციის, აგვისტოს ომისა და დღევანდელი საქართველოს კადრები.

ჩემთან საუბრისას კენეთ იალოვიცმა ჩემდა გასაკვირად გამიხსენა და ისიც მითხრა, რომ კარგად ახსოვს გაზეთი “იბერია – სპექტრი” და მისი პრინციპული რედაქტორი, რომელთანაც მაშინ ვთანამშრომლობდი. დიპლომატიურად აღნიშნა, რომ ყველა ქართველ ლიდერთან სიამოვნებით მუშაობდა, განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიასთან; ტრადიცია არ დაარღვია და შეაქო ქართული სტუმართმოყვარეობა, ბუნება და კერძები; ხაზი გაუსვა ქართველების ტემპერამეტს და VOA-ს ქართულ სამსახურს წარმატება უსურვა.

აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი. ია მერკვილაძის ფოტო

აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი. ია მერკვილაძის ფოტო

სხვათა შორის, რადიო “ამერიკის ხმის” ქართული სამსახური პირველი მედია იყო, რომელმაც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია უცხო ენაზე სრულად გაახმოვანა. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ სწორედ უილის კონოვერი აცხადებდა თავისი ექსკლუზიური ხმით Welcome to the Voice of America in Georgian. ამ რადიოში ისევ თავის ძველ და ურყევ პრინციპს მისდევენ, ჯერ კიდევ იმ დროინდელს, როცა ნიუ იორკის პატარა სტუდიიდან 1942 წლის 1 თებერვალს ეს სიტყვები გერმანიაში გადაიცა: “ახალი ამბავი ხან კარგი იქნება და ხან ცუდი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად სიმართლეს გეტყვით.”

ვაშინგტონი, „ამერიკის ხმის“ შტაბბინა. ია მერკვილაძის ფოტო

ვაშინგტონი, „ამერიკის ხმის“ შტაბბინა. ია მერკვილაძის ფოტო

არჩილ გეგეშიძე. ია მერკვილაძის ფოტო

არჩილ გეგეშიძე. ია მერკვილაძის ფოტო

 მაია კვარცხავა. კადრი „ამერიკის ხმის“ მიერ მომზდებული ფილმიდან. ია მერკვილაძის ფოტო

მაია კვარცხავა. კადრი „ამერიკის ხმის“ მიერ მომზდებული ფილმიდან. ია მერკვილაძის ფოტო

ეთერ ფიჩხაძე. ია მერკვილაძის ფოტო

ეთერ ფიჩხაძე. ია მერკვილაძის ფოტო

ადრი „ამერიკის ხმის“ მიერ მომზდებული ფილმიდან. ვაშინგტონი, „ამერიკის ხმის“ შტაბბინა. ია მერკვილაძის ფოტო

ადრი „ამერიკის ხმის“ მიერ მომზდებული ფილმიდან. ვაშინგტონი, „ამერიკის ხმის“ შტაბბინა. ია მერკვილაძის ფოტო

იან კელი. ია მერკვილაძის ფოტო

იან კელი. ია მერკვილაძის ფოტო