ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი” – ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას პერფორმანსები ნიუ იორკში

“აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი” – ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას პერფორმანსები ნიუ იორკში

ამა წლის გაზაფხულ–ზაფხულში ნიუ იორკში მოღვაწე ორი არტისტის, ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას რამდენიმე სოლო და ერთობლივი გამოფენა გაიხსნა. პარალელურად ორივე მხატვარი სხვა საერთაშორისო პროექტებშიც მონაწილეობდა. ლევანი -Hathaway David Contemporary-ის (ატლანტა, აშშ), ტარტუს “ხელოვნების მუზუემისა” (ესტონეთი) და კიევის “არსენალეს მუზეუმის” (უკრაინა), უტა კი მაასტრიხტში (ჰოლანდია) მოდისა და ხელოვნების ფესტივალის Fashionclash-ში მონაწილეობდა.

ივნისის სიცხეში ნიაგარის ჩანჩქერთან ახლოს მდებარე “ხელოვნების პარკში” “ჯადოსნური სახლის ფესტივალი” გაიმართა. იგი ყოველწლიურად ტარდება, იქ მცხოვრებ „ფერიებს“ კი ამჯერად უტა ბექაიას შეკერილი კოსტუმები ეცვათ. ამ პროექტზე ქართველ არტისტთან ერთად თეატრალური დასები: ესტონური “სამეფო ჟირაფი” და გერმანული “დროის ბორბალი” მუშაობდნენ. არტისტების ორივე ჯგუფი ქუჩის მოხეტიალე თეატრის ესთეტიკისაა, ხოლო წარმოდგენები – შუა საუკუნეების ევროპულ შაპიტოს სტილის.

Art Park-ი აშშ–სა და კანადის საზღვარზე მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი – სახელოვნებო სივრცეა, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება, კონცერტი თუ სპექტაკლი ტარდება. ქართველმა დიზაინერმა ამ ღონისძიებისთვის ოცი კოსტუმი დაამზადა, რომელიც ოთხ სტიქიას ანსახიერებს: მიწას, წყალს, ჰაერსა და ცეცხლს. მხატვარი ამბობს, რომ ამ ნამუშევრების შექმნისას იგი სერგო ფარაჯანოვის ფილმების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. “ჯადოსნური სახლის ფესტივალი” თავისი ხელწერით შარშან საქართველოში, თბილისობაზე გამართულ კოსტუმირებულ მსვლელობას ჰგავდა, სადაც მოდელებს ასევე უტა ბექაიას მიერ შექმნილი ტანსაცმელი ეცვათ.

„ამგვარი ფესტივალები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველანაირი გემოვნების მაყურებლისთვის; მათთვისაც, ვინც გალერეაში ანდა თეატრში არ დადის. ეს ძალიან საინტერესო არტპლატფორმაა, ისეთივე, როგორც ჰოლანდიური Fashionclash-ი, რომელზეც მე სამი ფერით შთაგონებული კოსტუმები წარვადგინე. Fashionclash-ი იმ მხატვრებსა და დიზაინერებს აერთიანებს, ვინც თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის ჰიბრიდს ქმნის. ამგვარი მიმდინარეობის არტისტები ჰოლანდიის გარდა ბელგიაშიც ბევრნი არიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოძრავ ქანდაკებებს აცმევენ” – ამბობს უტა.

***

ამას წინათ ნიუ იორკში Clemente Soto Vélez Cultural & Educational Center–ის გალერეაში ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახის” მოტივებზე შექმნილ ფემინისტურ გამოფენას ვესტუმრე. წითელი და შავი პლასტიკატის თავის ფორმებს (მათში რეალური ადამიანების ერთწინადადებიანი ისტორიები ეყარა), წინადაცვეთის რიტუალის რემინისცენციის ფოტოსერიისა და დასაწყობებულ სამრეწველო საპნებს შორის კედელზე მოულოდნელად ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი (სერიიდან “უნებური არქეოლოგიური სუიტებიდან”) აღმოვაჩინე. გამოფენის კურატორმა ოსმან ქენ იერებაკენმა მითხრა, რომ ყოველთვის აინტერესებდა ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების გადაკვეთა, რადგანაც ისინი ერთმანეთთან ადამიანის არსებობის პირობების წარმოსახვის ხერხებით არიან დაკავშირებული.

“ვირჯინია ვულფის, ასე ვთქვათ, მატერიალური არგუმენტი – ქალის ოთახი, მეტაფორულად ამ გამოფენად გარდაიქმნა, სადაცაა ხელოვანის სახელოსნო, სხეული და მეხსიერება, როგორც ოთახი და ოთახის მსგავსად სხეულის შიგნითა და მის გარეთ არსებული საზღვრები. ამ ექსპოზიციით მინდოდა, რომ ქალის ინტელექტუალური და ფიზიკური გათავისუფლება უფრო ფართო დიალოგად გადაქმნილიყო, ანუ ის, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო მარგინალიზირებულია და ფემინიზმის ბირთვს წარმოადგენს. ლევანის ნამუშევრები წარსულის ადგილებისა და ინტერიერის ნოსტალგიას შეიცავს; იმ ადგილის მონატრებას, საიდანაც სხვაგან გავემგზავრეთ, მაგრამ ის მაინც ჩვენთან დარჩა. ეს წარსულს იმ საგანთან აკავშირებს, რომელსაც ადამიანი თავის გარშემო პოულობს. ლევანის ნამუშევარში გარკვეული ოპტიმიზმიცაა: მოიცავს წარსულს, რომლისგანაც იცი თუ როგორ გათავისუფლდე”.

ბრუკლინის ერთ–ერთი უბანში, უილიამსბურგში განლაგებულ გალერეაში The Hollows ექსპოზიციაზე (Extra)ordinary ლევან მინდიაშვილმა 2012-სა და 2016-ში შექმნილი ორი ფერწერული ტილო სერიიდან “ჩურჩულები” წარადგინა. როგორც თავად ამბობს, ეს პროექტი მისი ადრეული “არქიტექტურული პროექტებისგან” (რომელშიც იგი საჯარო სივრცეს იკვლევს) იმით განსხვავდება, რომ აქ წარმოდგენილია ადამიანის პირადი სივრცე და ჩვენს ცნობიერებაში მასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

„ამ სერიაში ყველაზე მეტად ადამიანის მოგონებები და იმის ანალიზი მაინტერესებდა, თუ როგორ ინახავენ, აირეკლავენ საგნები ადამიანების მეხსიერებას,“ – მიყვება ლევანი, „აქ გამოფენილი ორივე ნამუშევარი მეხსიერების წარმავალობაზე, მის შენარჩუნებასა და შეკავებაზეა. როგორც წესი, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ რჩებიან საგნები ადამიანის მეხსიერებაში, რასთან ასოცირდებიან და არა იმაზე, თუ როგორ ილექება საგნებზე ადამიანების კვალი. საწოლი ჩემთვის გამოცდილებებისა და მეხსიერების შესანახად ირიბი და პირდაპირი მნიშვნელობითაც ყველაზე თვალსაჩინო “კონტეინერია”. ამ სერიის უმეტესობა ტილოზე დაკრულ, ნახევრად გამჭვირვალე ბრინჯის ქაღალდის რამდენიმე შრეს მოიცავს, რომელიც ნამუშევრის შექმნის მთელ პროცესს ამხელს და, ამავე დროს მეტაფორულად მეხსიერების სტრატებივითაა. ნახატზე ვაწერდი იმ სიტყვებს, ფრაზებს, რომელიც მუშაობისას მახსენდებოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო პოეტის სიტყვები ანდა უბრალოდ კონკრეტულ მოგონებასთან დაკშირებული წინადადება.“

ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი

ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი

კედელზე, მარცხნივ - ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი

კედელზე, მარცხნივ – ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი

როგორი იყო თქვენი და უტა ბექაიასთან ერთად შექმნილი პროექტის კონცეფცია?

გალერეამ – Lodge Gallery, რომელთანაც უკვე რამდენიმე პროექტი მაქვს განხორციელებული, სოლო შოუს გაკეთება შემომთავაზა და გადაწყვიტე, რომ იგი უტას პერფორმანსით გაგვეხსნა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ერთჯერადი წარმოდგენის ნაცვლად გაცილებით საინტერესო იქნებოდა, რომ თავად გამოფენაც ყოფილიყო კოლაბორაციის შედეგი, ხოლო პერფორმანსის “ნაშთები” ინსტალაციის ნაწილი გამხდარიყო. მანამდე უტასთან ერთად რამდენიმე პროექტი განვახორციელე, თუმცა საგალერეო სივრცეში ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა. უკვე საკმაო ხანია ჩვენ კულტურულ/სოციალურ წარსულსა და იდენტობაზე მის გავლენას ვიკვლევთ; თუკი უტას უფრო გენეტიკური, “ქვეცნობიერი” გავლენები აინტერესებს, მე ყოველთვის უფრო მეტად მატერიალური და სოციალური კონსტრუქციები მაღელვებდა. ასე რომ მთელი გამოფენა სწორედ ამ ორი ასპექტის “საუბარზე” ავაგეთ. ნამუშევრების დიდი ნაწილი ჩემი და უტას დიალოგით შეიქმნა, ხოლო ცენტრალური ნამუშევარი სახელწოდებით -კედელზე: ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი, უშუალოდ გახსნაზე, პერფორმანსის მსვლელობისას დასრულდა.

უტა ბექაიას პერფორმანსი

უტა ბექაიას პერფორმანსი

წელს საერთაშორისო პროექტების ნუსხაში საქართველოც აღმოჩნდა…

საქართველოში რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. აგვისტოს თვეში რაჭაში, კოტე ჯინჭარაძის მიერ დაფუძნებულ “არტელის” რეზიდენციაში ვიქნებით და ამავე თვის ბოლოს თბილისში, აბრეშუმის მუზუემში არტისტულ ინტერვენციას კურატორ ელენე აბაშიძესთან ერთად წარვადგენთ. სექტემბერში კი გარიყულაში, ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში ვიწყებთ პროექტს, რომლის კონცეფცია “მომავლის მეხსიერებაა” და ჩვენს ძიებებს პირდაპირ ეხმიანება. ამ ყველაფრის პარალელურად დუსელდორფში მოღვაწე ქართველი მხატვრის ირაკლი ბუგიანის სოლო გამოფენაზე კურატორად ვმუშაობ. ექსპოზიცია თბილისში ოქტომბრის დასაწყისში სურათების ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

უტა ბექაიას პერფორმანსი

უტა ბექაიას პერფორმანსი

უტა ბექაიას პერფორმანსი

უტა ბექაიას პერფორმანსი