რედაქტორის ბლოგი |

მოდით, გავაკეთოთ ერთად netgazeti.ge

06.04.2010 | 1080 | blogsnetgazeti
მოდით, გავაკეთოთ ერთად netgazeti.ge

აღდგომის დღესასწაულის გაშუქება არ დაგვიგეგმავს. იმიტომ კი არა, რომ მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია. უბრალოდ, ვცდილობთ ხოლმე ჩვენი მწირი ადამიანური რესურსი არ გავფლანგოთ ისეთი საკითხების გაშუქებით, რომელსაც ისედაც ყველა გააშუქებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ ამ თემაზე ადრე გამართული დისკუსიის მიუხედავად, ისევ გადასცემს სააღდგომო წირვა-ლოცვას პირდაპირ ეთერში?

ამიტომაც გადავწყვიტე ეს შაბათი-კვირა ცოტა დამესვენა, თანაც ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ამ საიტზე ვმუშაობთ და უნდა გადამეხედა იმისთვის, რაც გავაკეთეთ, გამეანალიზებინა  და ახალი სტრატეგიის დეტალური გეგმა გამეწერა.

შაბათს მაინც გამოვაქვეყნე ნიუსი,  რომ აღდგომას ზეიმობენ. ასე ვთქვათ, ვალი მოვიხადე და კიდევ ერთხელ მივხდი, რა მაგარია ახალი მედია – საზოგადოებას შეუძლია დაუყოვნებელი რეაგირება, თუკი შენ ვალი ცუდად მოიხადე. ”წელს მაინც  შევრწყმოდით დანარჩენ სამყაროს”, ”ნესტან აღსდექ” – ასეთი კომენტარები მეგობრებმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” დაწერეს. კიდევ კარგი! გამოქვეყნებულ ნიუსში მეწერა, რომ აღდგომას მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს, არადა წელს ყველა ქრისტიანული კონფესია ერთ დღეს ზეიმობდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

ეს ცხადია გავასწორეთ. ასე რომ, მადლობა მეგობრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ნეტგაზეთის კეთებაში. ისევე როგორც სხვებმა, რომლებიც ხან ქართული ენის არცოდნის გამო გვაკრიტიკებდნენ, ხან კიდევ – სხვა რამის.

მოკლედ, ბევრი რამე არ ვიცით. რისი გაგებასაც ვახერხებთ, გაწვდით.  მართლა ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია:) და ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა ძალიან გვეხმარება. მაგალითად, ალექსანდრე, თავისი კომენტარებით. ზოგჯერ როცა ახალ ამბავს ვაქვეყნებთ, ვხუმრობთ ხოლმე, გამოიცანით, რას დაწერს ალექსანდრე.

ასე რომ, მოგვწერეთ თემები, რაც თქვენი აზრით უნდა გავაშუქოთ და არ ვაშუქებთ, მიგვითითეთ შეცდომებზე, რათა გავასწოროთ. მოკლედ, გავაკეთოთ ერთად ნეტგაზეთი.

სამწუხაროდ, არავინ მოგვწერა შეცდომაზე, რომლისაც მე, პირადად, ძალიან მრცხვენია და რომელიც წინა ორი თვის მუშაობის გაანალიზებისას აღმოვაჩინე. ”იმედის” გახმაურებული მოდელირებული ქრონიკის შედეგებზე 2 ახალი ამბავი გამოვაქვეყნეთ. ერთში მოთხრობილი იყო, რომ მოდელირებული ქრონიკის ყურებისას ადამიანი გარდაიცვალა (რეპორტიორმა სრულად გადაამოწმა ეს ინფორმაცია), მეორეში კი ეწერ, რომ მოდელირებული ქრონიკის მიზეზით ორსულს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

სწორედ ამ მეორე ახალი ამბის გამო მრცხვენია, რადგან იმის მიუხედავად, რომ ამას მოქალაქე აცხადებდა, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დასკვნის გარეშე მიზეზი მტკიცებით ფორმაში დავასახელოთ. ამის გამო ბოდიშს გიხდით, თუმცა მას ნეტგაზეთზე ასეთი სათაურით ვეღარ იპოვით – გავასწორეთ.

სწორედ ამიტომაა მაგარი ინტერნეტმედია – იგი გასწორების და შეცდომის აღიარების შესაძლებლობას უფრო მარტივად გაძლევს. ამიტომაც თქვენი აქტიურობა მართლა ძალიან დაგვეხმარება.

ნეტგაზეთს პირველი აპრილიდან კვლავ ფონდი ”ღია საზოგადოება -საქართველო” უჭერს მხარს. ფონდმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მისი მხარდაჭერილი ნეტგაზეთის სტარტი წარმატებული იყო. ჩვენ ვეცდებით ეს ამჯერადაც გავამართლოთ.

მოკლედ, შემოიხედეთ საიტზე… ყოველდღე! 🙂