გია მარიამიძის ბლოგი |

მიზეზი, შედეგი

15.03.2011 | 881 | გია მარიამიძე
მიზეზი, შედეგი

იყო 2002 წელი. და იყო არა რევოლუციისათვის მზადება, არამედ თბილისის მიწისძვრა. საშუალო სიმძლავრის რყევამ გამოიწვია შენობა-ნაგებობების დაზიანება და მსხვერპლი – ერთი ადამიანი. ეს სწორხაზოვანი სტატისტიკაა. ერის ცნობიერებაში კი ამ მიწისძვრამ ქალბატონი ხოფერიას გმირობით დაგვამახსოვრა თავი. მიწისძვრა ‘’ღამის კურიერის’’ პირდაპირ ეთერს დაემთხვა. შიშით სახლებიდან გარეთ გაქცეულმა სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ქუჩებსა და ეზოებში სული მოითქვა, ერთმანეთი გაამხნევა და შინ შებრუნებულმა ჩართულ ტელევიზორებში ისევ ხოფერია იხილა პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში.. ეს ფაქტი სამართლიანად გმირობად შეფასდა. ქალი ჟურნალისტის ვაჟკაცობასა და მიწისძვრასთან ერთად, იმ დღეებში სხვა ძვრაც მოხდა – მოსახლეობის ცნობიერებაში წარმოშობილი ძვრა. ადამიანებს შიში დაეუფლათ და რაკი მათ სეისმომდგრადი ბინები და ამ ბინების დაზღვევა არ იცავდათ, ხსნას და დაცვას სხვაგან მიაგნეს. ამაში მათ ტელვიზორი დაეხმარათ. იმ დღეებში ეკრანებიდან უხვად იღვრებოდა რელიგიური პროპაგანდა, რომ, თითქოს, შენობებში სწორედ ის ოთახები გადაურჩა დაზიანებას, სადაც სამლოცველოები იყო მოწყობილი.. იმას, რომ ამავე დროს ქაშუეთის ეკლესიაც დაიბზარა, ყურადღება არავის მიუქცევია – მისტიკაზეა მოთხოვნა გაზრდილი.. ეს ამბავი იმით დაგვირგინდა, რომ მიწისძვრა პირველი არხის ეთერში გასულ ‘’მკრეხელურ’’ ფილმ ‘’სხეულს’’ დაბრალდა. თითქოსდა, ღმერთი განრისხდა ამ ფილმის ჩვენების გამო და დაგვსაჯა. ილია მეორესაც კი ჰკითხეს : ‘’ღმერთი გვსჯისო’’? ‘’გვაფრთხილებს’’ – იყო ღიმილიანი პასუხი.. შედეგი : ხალხში მაგიური ცნობიერების ხარისხმა იმატა, ეკლესიაში კი – მრევლმა.

დღეს 2011 წელია და ამჯერად იაპონიაში მოხდა მიწისძვრა და ცუნამი. იქ საუბედუროდ მსხვერპლი დიდია. დარწმუნებული ვარ, ეს მაღალგანვითარებული ქვეყანა ამ უბედურებას გაუძლებს და გადაიტანს. ჩვენებურმა სამღვდელოებამ ხელიდან არც ეს შემთხვევა გაუშვა და სტიქიური უბედურება ღვთის სასჯელად მონათლა. ზეციური რისხვის მიზეზი იაპონელების უზნეო ცხოვრების წესი ყოფილა. ‘’სავსეა იაპონია საროსკიპოებით’’ , ‘’ კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე’’ – ბრძანა ერთმა მღვდელმა და, როგორც ყოველთვის, ბიბლიიდან ნოეს კიდობანის ამბავი ახსენა.. კიდევ გაართულა თემა და დასძინა: ღმერთს კი ყველა უყვარს და მოწყალეა, მაგრამ თუ გაფრთხილებას არ შეისმენ, გსჯისო.

გასულ, მე-20-ე საუკუნეში, ევროპის ერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა ერთი ენერგიული ადამიანი. ის აყვავებას ჰპირდებოდა თავის ხალხს, მაგრამ ერთი თავისებურება ჰქონდა – ადამიანებს ორ ჯგუფად – წმინდებად და უწმინდურებად ჰყოფდა. „წმინდებს“ აჯერებდა, რომ თუ „უწმინდურებს“ მოიშორებდნენ, მათ გაბრწყინებული მომავალი ელოდათ. „უწმინდურები“ ჯერ გააფრთხილა, რომ შეეწყვიტათ ბინძური საქმიანობა, შემდეგ ქონება ჩამოართვა, ბოლოს კი, ყველა ერთად შეკრიბა და მოაკვდინა. მისთვის სულ ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყვნენ უცოდველი ბავშვები, სუსტი მოხუცები, ქალები, უამრავი კეთილი და ნიჭიერი ადამიანი. მას ეს არ ადარდებდა. ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ და ეს მსგავსება ებრაელობა იყო. დიახ, მე ადოლფ ჰიტლერის მიერ დატრიალებულ ტრაგედიაზე მოვყევი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დღევანდელ ნაქადაგებს – უწმინდურ იაპონელებზე და მრისხანე ღმერთზე. თუ ვინმეს სჯერა, რომ ღმერთმა შეიძლება განურჩევლად მოაკვდინოს დამნაშავეც და უდანაშაულოც, ახალშობილი ჩვილებიც და დედის მუცლად მყოფი ჯერ არდაბადებული ბავშვები, მისი ღმერთი ჰიტლერია და არა იესო ქრისტე. მსგავსი ქადაგება ღვთის გმობაა და მკრეხელობა. ჩვენ, ღმერთთან შედარებით უსუსურმა ადამიანებმა მოვახერხეთ და გავასამართლეთ ფაშიზმი ნიურბერგის პროცესზე, შემდეგ შევქმენით საერთაშორისო სამართალი, რომლის არსიც კოლექტიური პასუხისმგებლობის უარყოფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დამნაშავედ მხოლოდ იმ ქმედებისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რაც ჩაიდინა. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ ქუჩაში: თუ არ მოგიპარავს, ქურდობისთვის უნდა დაისაჯო? პასუხად მიიღებთ – „არა“-ს! მაშ, ღმერთი რატომ ჰგონიათ ადამიანზე პრიმიტიული, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ანადგურებს ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც? ვერ მოიფიქრა რაიმე სხვა ხერხი, რომ მხოლოდ სასჯელის ღირსნი დაესაჯა? კოლექტიური პასუხისმგებლობის ქადაგება არის უზნეობა, ამავდროულად, გონების სიჩლუნგე და ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობა. ტერორისტები სხვას არაფერს ქადაგებენ და აკეთებენ – ისინიც მტყუან-მართლის გარჩევის გარეშე კლავენ ადამიანებს.

ღმერთმა, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ჩვენში, მთავარი უნარი – აზროვნება მოგვანიჭა. მოგვცა ნება, რომ ჭეშმარიტება საკუთარი გონებით შევიცნოთ. მეც ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ვცდი, რამდენიმე კითხვა დავსვა:

1.რატომ ხდება მიწისძვრები ერთსა და იმავე ადგილას: იაპონიაში, ჩინეთში, კალიფორნიაში, კავკასია-ახლო აღმოსავლეთში? და არ ხდება: ჰოლანდია-ამსტერდამში, ბრაზილია-რიო დე ჟანეიროში? სადაც უფრო მეტია პროსტიტუცია და გეი სუბკულტურა? ირანში კი, სადაც ყველა ქალი ჩადრით დადის და ჰომოსექსუალები არ არსებობენ, ( წყარო – აჰმადინეჯადი) მიწისძვრა წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება.

2. თბილისის მიწისძვრის მიზეზი 2003 წელს თუ მკრეხელური ფილმის ჩვენება იყო, იგივე ფილმი მანამდეც და მას შემდეგაც მრავალჯერ გვიჩვენეს და რატომ არ მოხდა იგივე? და საერთოდ, სატელიტური ანტენით სხვა ქვეყნის არხების ნახვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაში, ფილმის გამშვები ქვეყანა უნდა შეირყეს თუ ტელევიზორის ჩამრთველ-მნახველი?

3. პლანეტა დედამიწაზე ერთი წლის განმავლობაში 3 ათასამდე მიწისძვრა ხდება და მათგან უდიდესი უმრავლესობა ოკეანეების ტერიტორიებზე, მათ ადამიანები ვერც კი გრძნობენ და მხოლოდ მეცნიერები აფიქსირებენ სათანადო მოწყობილობებით. ოკეანეებში ვის სჯის ღმერთი ცოდვებისათვის, თევზებს?

მოვცილდები პროზაულ აწმყოს და ბიბლიურ ხანაში გადავინაცვლებ. იმ დროში, როდესაც ნოე საკუთარი ძალებით აშენებული კიდობანით დაცურავს და არარატის მთას დაეძებს. როგორ მოხვდა ნოეს კიდობანში ავსტრალიელი კენგურუ და ანტარქტიდელი თეთრი დათვი? ან სამხრეთ-ამერიკელი იაგუარი და არქტიკელი პინგვინი? როგორ შეიკრიბნენ ეს ცხოველები დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე? ოკეანეები გადაცურეს? შეუძლებელია, ეს მომხდარიყო. გარდა ამისა, სხვა შეუძლებლობებიც არის ნოეს კიდობანის გარშემო, მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი მხარე, ვიდრე–  მიზეზ-შედეგობრივი. კერძოდ კი, იმის რწმენა, რომ ღმერთმა შეიძლება მოკლას ადამიანები.

რა იწვევს მიწისძვრას? ამ ინფორმაციის მოპოვება იოლია და მას სკოლაშიც ასწავლიან ბავშვებს. მისტიკური არაფერია. ის გეოფიზიკური მოვლენა და ‘’ცოცხალი’’ პლანეტისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი თვისებაა. ისევე როგორც, ადამიანისთვის გულისფეთქვა და მაჯისცემა. ზოგჯერ ადამიანს გული უჩქარდება და წნევა მომატებული აქვს და ეს იმიტომ, რომ ცოცხალია, ისევე როგორც– ჩვენი პლანეტა. მაგია კი არა, ‘’მიწიერი’’ მიზეზი აქვს რყევას, დედამიწა იძვრის და როგორც იტყვიან ხოლმე, ‘’ ბევრნაირ ადამიანს იტანს’’, მათ შორის ამ ფაშიზმის მქადაგებელ ბატონებს, რომლებიც წინასწარ შთააგონებენ ხალხს – ვისზე იძიონ შური, თუ ჩვენთანაც მოხდება მიწისძვრა. არადა, კავკასია სეისმოაქტიურ ზონაშია. ბუნების სტიქიური პროცესებიც კი სათავისოდ გამოიყენეს ამ ადამიანებმა და მიწისძვრა და წყალდიდობა მათი მოკავშირე გახდა. ამ ბოლო დროს ‘’ბოლო ჟამით’’ აშინებენ ხალხს და ამყოფებენ აპოკალიფსის მოლოდინის რეჟიმში. სიკვდილის შიში და სიძულვილია ამ ადამიანების მიერ ხალხის მართვის მთავარი ბერკეტი და არა, სიცოცხლის და ადამიანის სიყვარული.

P. S. იაპონიის ტრაგედიის შემდეგ, მიწისძვრების გამომწვევი მიზეზების თაობაზე კამათის დროს , ამ და სხვა არგუმენტებზე აქტიურ-ინტერნეტ მრევლისგან პასუხად : „შეგინდოს უფალმა“ და „დიდება უფალს“  ისმის. რაიმე ახალი ბრძანეთ, თუ შეიძლება.