სოსო დოლიძის ბლოგი

ნეტი

27.06.2011 | 1216 |
ნეტი

ალბათ ყველას გაქვთ ინტერნეტი (ძალიან ბევრს). კმაყოფილი ხართ მომსახურებით? მე ჯერ არ მინახავს ადამიანი თავისი ინტერნეტმომსახურებით კმაყოფილი იყოს, ზოგს ინტერნეტის სიჩქარე არ მოსწონს, ხოლო ვისაც სიჩქარე და სტაბილურობა მოსწონს – ფასი ეძვირება.  ზოგს უბრალოდ “კიდია” მთავარია ფეისბუქი, ან ოდნოები გახსნას და სიჩქარეს, სტაბილურობას და ასეთ “მეცნიერულ” საკითხებს სულაც არ აქცევს ყურადღებას. ინტერნეტის ხარისხზე ვსაუბრობდი და არ მინდა დამავიწყდეს მომსახურების ხარისხი, ალბათ არცერთი თქვენგანისათვის არაა უცხო ამბავი საშუალოდ ნახევარი საათი ოპერატორის ლოდინი, სანამ შენი დრო მოვა ტელეფონში. მოკლედ ძალიან ზოგადად რომ არ გავაგრძელო პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. 

მაქვს 30 ლარიანი “კავკაზუს ონალინის” ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი. ნუ არაუშავს, სიჩქარე ნორმალური აქვს, სტაბილურია მაგრამ უფრო იაფი რომ იყოს უარს არ ვიტყოდი.    ამას წინათ ტელეფონით  დამირეკეს:      _ გამარჯობათ, თქვენ გატყუებენ –ისმის ხმა. {ვაახ ნეტავ ვინ არის, ვინ მატყუებს, რა ჯანდაბა ხდება? ალბათ სხვაგან მოხვდა ვინმე}      _ უკაცრავად სხვაგან მოხვდით,      _ არა მე “ახალი ქსელების” ინტერნეტიდან გაწუხებთ, თქვენ “კავკაზუსი” გაქვთ 30 ლარიანი, გატყუებენ ოპტიკურ ბოჭკოვანიაო, მაგრამ არაა. {ოჰოოო, აი კონკურენციაააა)      _ უკაცრავად რა გნებავთ? – ვკითხე ცოტა გაბრაზებულმა      _ მოკლედ ჩვენთან ახალი ტექნოლოგიები ინერგება, ჩვენ გთავაზობთ 15 ლარიან ინტერნეტს, რომელიც თქვენს 30 ლარიანს აჯობებს, არანაირი წინასწარი გადასახადი, უფასო ინსტალაცია. დაგიყენებთ ინტერნეტს, გაცლით 3 დღეს და თუ არ მოგეწონებათ ისევე წავიღებთ როგორც მოვიტანეთ, უბრალოდ სცადეთ. {ოჰოო, რაღაც მადისამღძვრელად ჟღერს, ნახევარ ფასად უკეთესი ინტერნეტი, უფასო ინსტალაცია, გამოსაცდელი უფასო პერიოდი, რატომაც არა} მოკლედ შევუთანხმდი ამ ადამიანს, რომ ჩემთან გამოსაცდელად დაეყენებინათ ეს ინტერნეტი და თუ მომეწონებოდა დავიტოვებდი. ამასობაში არც “კავკაზუსის” კონტრაქტი გამიუქმებია, რა იცი რა ხდება. 
დადგა სანატრელი დღე და მოვიდა ინსტალატორი ახალგაზრდა ბიჭი. თან აყენებს დანადგარს და თან ლაპარაკობს:    _ ვინ არიან ესენი რა, კაპიკს ვერ დააგდებინებ ხელიდან –ლაპარაკობს საკუთარ ორგანიზაციაზე {აი, ასეთი უნდა სამსახურის ერთგულება, გულში მეცინება მე)    _ ამათ არც ინტერნეტ უვარგათ და არც არაფერი {ვაიმე, ეს მე მიყენებს ინტერნეტს და თან რას ლაპარაკობს}, მაგრამ არ შეგეშინდეს ჩემი ძმა, მაინც კმაყოფილი დარჩები {ან რომელი მისი ძმა მნახა, ან თუ ინტერნეტი არ ვარგა კმაყოფილი როგორ დავრჩები? საერთოდაც ვინაა ეს ქლიავი?}     _ მე გაერთიანებულ ტელეკომშიც და ახალ ქსელებშიც ვმუშაობ, ორივეგან ვარ, მაგრამ პირადად კავკაზუსი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, 1 მბ ით ვიწერ კინოებს. {ოოო, აქ კი დამერხაა, ეს ტიპი ნამდვილად ვერაა მთლად საღად, მაგრამ ჩემი რა მიდის დააყენოს, თუ მომეწონება მომეწონება, თუ არადა გავაუქმებ რა}  დააყენა ინტერნეტი, თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და მითხრა, თუ არ მოგეწონა არ მოგერიდოს კაცურად დამირეკე და ეგრევე წავიღებ რაც დავაყენებო. {რა კაცურად? ღმერთო ჩემო რატომ უნდა მომერიდოს? იქნებ ვინმე ჩემი ნათესავი მუშაობს ახალ ქსელებში ? არ ვიცი არ ვიცი.} 
ერთი დღე მოვიხმარე ეს ახალი ინტერნეტი, გამოგიტყდებით და სიჩქარე მართლაც კარგი ქონდა, თუმცა ძალიან ხშირად ირთვებოდა და სტაბილურობა აკლდა.  რა თქმა უნდა დავურეკე იმავე ბიჭს და ვუთხარი რომ არ მინდოდა ეს ინტერნეტი. კაი ბაზარი არააო, მეც ასე ვიცოდი რომ არ მოგეწონებოდაო თქვა {კომენტარის გარეშე} და წაიღო კაბელები, აიკრიფა გუდანაბადი და წავიდა. მე ისევ “უძღები შვილივით” დავუბრუნდი ძველ პროვაიდერს. 
ესაა ეს მოკლე ისტორია, არ მინდა კავკაზუსის რეკლამა გამომივიდეს, ალბათ ძალიან ხშირად გახსოვთ კავკაზუსის ინტერნეტის არამდგრადობა, დღეში 100 ჯერ რომ ითიშებოდა ინტერნეტი, თუმცა ამ ბოლო დროს ასეთი რამ ნაკლებად ხდება. გარდა ამისა 30 ლარი ცოტათი მეძვირება, მოკლედ მიღირს და მაგიტომაც ვიხდი, თუმცა ვფიქრობ უფრო იაფი უნდა ღირდეს. ხოლო ამისი 15 ლარიანი პაკეტი ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება, ძალიან ნელია. 
სპეციალურად დავასახელე კომპანიების სახელები, თუმცა არ მინდა ეს წერილი რომელიმე მათგანის რეკლამად, ან ანტირეკლამად ჩაითვალოს.  რაც უფრო გადის დრო, მით უფრო რწმუნდება ყველა ინტერნეტის მნიშვნელოვნებაში. ჩემთვის ინტერნეტმომსახურება და და მისი გადასახადი ისეთივე მნიშვნელოვანია , როგორიც გაზის, წყლის და დასუფთავების საკითხები. {სჯობს ინტერნეტის გადახდა ყოველსა გადასახდელსა}უბრალოდ მე უკეთესი ინტერნეტმომსახურება მინდა, სულ ეს არის