გია მარიამიძის ბლოგი

პარლამენტი ქუთაისში, ‘’ვაი შენს პატრონს’’ – ბათუმში და უცხოპლანეტელები

პარლამენტი ქუთაისში, ‘’ვაი შენს პატრონს’’ – ბათუმში და უცხოპლანეტელები

პარლამენტის გადატანას, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქვეყანა ასე თუ ისე, უკვე შეეგუა. როგორც ჩანს, მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრებს კანონშემოქმედება ქუთაისიდან მოუწევთ. პრეზიდენტმა, ეს მოვლენა ძალაუფლების დეცენტრალიზების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად და მავნე ტრადიციის მოცილების წინაპირობად შეაფასა.’’დასრულდა ის დრო, როდესაც ვაკე-საბურთალო წყვეტდა დანარჩენი საქართველოს ბედს’’ – ბრძანა მან.

ბათუმში, მორიგი სასტუმროს გახსნის დროს, ბატონმა მიხეილმა აღმშენებლობასა და ქვეყნის წინსვლაზე საუბარი ორი სხვადასხვა სტატიიდან ამობეჭდილი ციტატების წაკითხვით და წაკითხულის კომენტარებით გაამდიდრა. ციტატები არაპოლიტიკურ თემებს – არქიტექტურასა და რიყის პარკში გამართულ აქცია-პერფომანსს ეხებოდა. ავტორები მკაცრად, მაგრამ მხიარულად დატუქსა და ხალხს, ყველაფრის მიუხედავად ქვეყნის განვითარებას და წინსვლას დაპირდა.

წელს, თბილისში, 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმის, ‘’აგვისტოს 5 დღის ‘’ საზეიმო ჩვენებას – ჩამობრძანებული სტუმრები, შერონ სტოუნის პატრიარქთან შეხვედრა და სხვა მსგავსი ხმაურიანი ღონისძიებები ახლდა. პროფესიონალი კინომცოდნეების მიერ ფილმის დაწუნებამაც, არანაკლები ხმაური გამოიწვია – სოციალურ ქსელში გაგრძელებული კამათით, ოპონენტის სამშობლოს ღალატში დადანაშაულებით და ‘’მეგობრების’’ სიიდან ამოშლით.

ამ სხვადასხვა მოვლენებს ზედაპირული კავშირების გარდა საერთო, სიღრმისეული საფუძველიც აქვს. ეს საფუძველი ხელისუფლების კონცენტრაცია და ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრაა. საქმე მხოლოდ ძალაუფლების სამ შტოდ: სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებლად დაყოფას არ ეხება. ერთი ცენტრიდან კონტროლდება ყველა სახელისუფლებო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციაც კი. სახელმწიფო ინსტიტუტები : კოტროლის პალატა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მარეგულირებელი კომისიები, სტატისტიკის სამსახური, კრიმინალური ექსპერტიზა – დამოუკიდებელი უნდა იყოს ხელისუფლებისგან. სინამდვილეში კი, ნაწილობრივ ან მთლიანად დამოკიდებულნი არიან. ხელისუფლება აკონტროლებს საზოგადოებრივ ინსტიტუტებსაც კი: სპორტულ ფედერაციებს, სახელოვნებო კავშირების ნაწილს, პროფესიულ კავშირებს, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს. ის საზოგადოებრივი ინსტიტუტები ( მწერალთა კავშირი ან ადვოკატთა გაერთიანება) რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, დაკავშირებული არიან მის კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან და ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობენ. ეს ბრძოლა მუდმივია და სეზონური: საგაზაფხულო-საშემოდგომო გამწვავებები ახასიათებს. ყველა მოქმედი ინსტიტუცია, თავისი უშუალო საქმიანობის პარალელურად, ხელისუფლებისთვის ბრძოლაშია ჩაბმული. ამ პროცესის მონაწილე მხარეები მუდმივად თავდაცვის ან თავდასხმის რეჟიმში იმყოფებიან (თუმცა, არც დროსტარებას იკლებენ). ამის გამო, ნებისმიერი საზოგადო აქტივობა და კრიტიკული აზრის გამოთქმა მათ ეჭვს იწვევს. რაკიღა ობიექტური მიზეზების გამო, ხელისუფლებას დასაკარგი მეტი აქვს და სახლმწიფოს მდგომარეობაზე პასუხისმგებელიც თავად არის, მის მიმართ ნებისმიერი კრიტიკული აზრის გამოთქმა საფრთხედ და ძალაუფლებაში შეცილებად აღიქმება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბათუმში, ამა თუ იმ მშენებარე ობიექტის არქიტექტურაზე კამათი, ფილმის ესთეტიკური მხარის განხილვა ბუნებრივ პროცესად არ აღიქმება და ხელისუფლება ამაში, მის წინააღმდეგ შენიღბულ, ძირგამომთხრელ ქმედებას ხედავს. ყველაფერი: არქიტექტურა, კინო, ევროვიზიის კონკურსი, ფეხბურთი, რაგბი და ასე შემდეგ – არქიტექტურა, კინო, ევროვიზიის კონკურსი, ფეხბურთი და რაგბი კი არა, პოლიტიკაა. უფრო ზუსტად, ხელისუფლების მოპოვება- შენარჩუნების უწყვეტი პროცესი. ასეთ პირობებში პოლიტიკაც აღარ არის პოლიტიკა და მარტივად ნინოს, მიშას, ‘’გრეჩიხას’’ ოქრუაშვილის, შალიკოს და სხვების – ერთმანეთში დაუსრულებელი ბრძოლაა – წესების გარეშე.

ჰოლივუდური, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ერთერთი გავრცელებული ვერსია უცხოპლანტელების დედამიწაზე შემოსევაა. ამ ტიპის ფილმები სხვადასხვა დროში განსხვავებული წარმატებით გადაუღიათ, მაგრამ ერთი საერთო სიუჟეტური ხაზი თითქმის ყველა მათგანს გასდევს: უცხოპლანეტელები დედამიწელებთან შედარებით (დედამიწელერბს ამერიკელები წარმოადგენენ ხოლმე) უსაშველოდ ცენტრალიზებულები არიან. ადამიანებთან შედარებით ტექნოლოგიურად წინწასულები თავიდან იოლად ამარცხებენ დედამიწელებს, მაგრამ ბოლოს საზრიანი ამერიკელი უცხოპლანეტელების მმართველ ცენტრს აღწევს და ერთი დარტყმით ამარცხებს, რადგან უცხოპლანეტელებს არ აქვთ დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, ისინი ყველა ერთი ცენტრიდან იმართებიან.

ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული მტერი ჰყავს. ის იარაღით აღარ გვიტევს – რისი წართმევაც შეეძლო, სამხედრო ძალის გამოყენებით წაგვართვა. რუსეთი ჩვენი საზოგადოების სისუსტის გამოყენებით, გადაბირებით და მოსყიდვით, PR და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეცდება საწადელის მიღწევას. ჩვენი საზოგადოების მთავარი ნაკლი და სახელმწიფოს სისუსტე, მისი არაავტონომიურობა, ქვეყნის ფუნქციონირების ყველა სფეროს ერთი ცენტრიდან მართვა და ძალაუფლების ერთ ცენტრში კონცენტრირებაა. სავარაუდოდ მტერი-რუსეთი სწორედ ჩვენს ამ სისუსტის სათავისოდ გამოყენებას შეეცდება..