მიშა მეფარიშვილის ბლოგი

ქართული სასტუმრო – ვიზიტორები ზეციური საქართველოდან

13.09.2011 | 1209 |
ქართული სასტუმრო – ვიზიტორები ზეციური საქართველოდან

მედგრად მივაშურე ჩემს საოჯახო სასტუმროს, მას შემდეგ რაც ეკონომიკის მინისტრმა მთელ მსოფლიოს გაუმხილა, რომ 2011 წელს 3 მილიონ ტურისტს ელოდებოდა. მდგრადად მომატებული სტუმრიანობის დამადასტურებლად ისიც გამოდგებოდა, რომ ტურისტების ახალი ნაკადის მისაღებად ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე 15 ახალი ჰიგიენური პუნქტის გახსნა გადაწყდა.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების 46 ათასიდან  60 ათასამდე გაზრდასაც დაგვპირდა.

ჩემი საოჯახო სასტუმრო არც თუ ისე მომგებიან ადგილას მდებარეობს. თუმცა, თავისუფლად ეწოდება:

”საოჯახო სასტუმრო ზღვისპირა და მთისფერდობა პუნქტში, მზის გულზე გადაშლილ და ნიცაზე უკეთეს, სიყვარულის თუ არა საყვარელ ადგილას.”

სამინისტროს დანაპირებით გულდამშვიდებულმა არ გავითვალისწინე ჩემი მეზობლის მტკიცება, რომ 2010 წელს 2 მილიონი ტურისტი ვერ ჩამოვიდოდა, რადგან საამისოდ საკმარისი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნიაო.

– მართლაც ორი მილიონი ტურისტი რომ ჩამოსულიყო, შარდის სუნი აგვივიდოდა, რადგან ამდენი ტურისტის სამყოფი ტუალეტიც კი არ მოგვეპოვებაო.

მე ახლად დამატებული 15 საპირფარეშო გავიხსენე და გამდიდრებით დაიმედებულმა ჩემს სასტუმროში მცირე კაპიტალდაბანდებაც განვახორციელე:

ახლად ამოთხრილ გუბურაზე მშვიდობის დაკიდებული ხიდი გავჭიმე, კრამიტით გადავხურე ბებიას დროინდელი ოდა სახლი, სასიმინდე შევმინე, ჭიშკართან კი ბებიას ძეგლი დავდგი, სარეცხით ხელში, რატომღაც ყველას საწმისიანი მედეა ჰგონია.

სეზონის გახსნის შემდეგ პირველი სტუმარიც გამოჩნდა. მას სხვებიც მოჰყვნენ. ყველაფერი ძველებურად კარგად მიდიოდა ზაფხულის ბუნიობამდე. დღის შემცირებასთან ერთად ჩემმა იმედებმაც კლება დაიწყო. ტურისტების რაოდენობა ძველ ნიშნულს ოდნავ გადასცდა და აღარ გაზრდილა.

საოცარია, როცა ჭიშკარს ვუყურებ და არავინ შემოდის. მე კი ისე ძალიან მინდა ვინმე შემოვიდეს. ამ ლოდინში ვფიქრობ, რატომ არ შემოდიან ტურისტები ჩემს სასტუმროში?

დავიწყე ფიქრი ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებზე და მიზეზების გამოკვლევას შევუდექი.

წარუმატებლობის მიზეზი მცდარ რეკლამირებას დავაბრალე. ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით გადაღებულ დოკუმენტურ-სარეკლამო ფილმებში ჩემი სასტუმროს კადრები არ მოხვდა. დაუგეგმავმა რეკლამირებამ ჩემს ბიზნესს ფრთები შეუკვეცა.

შემდეგ, ისიც ვიფიქრე, რომ არასწორად დავგეგმე სასტუმროს განახლება. ხიდები, ძეგლები და შემინული შენობები ჩემს სასტუმროში მოსვლამდეც ბევრი დახვდებოდათ ტურისტებს.

ასეთ ორომტრიალში, მინისტრის ინტერვიუ გამახსენდა. “ასე რომ, გვექნება თვითმფრინავები, ფრანგული საბაგირო გზები, მხოლოდ ფრანგი ტურისტები გვაკლია”, – ამბობდა მინისტრი.

წარუმატებლობის მესამე მიზეზად ახლა ფრანგული ინვენტარის არქონა გამოვაცხადე. აღარ ვიცოდი, რა მეღონა. აგვისტოს თვეში მილიონნახევარი ვიზიტორი ჩამოვიდა საქართველოში და კიდევ ველით მილიონნახევარსო, აცხადებდა, სამინისტრო. ჩემს სასტუმროს განსაკუთრებული სტუმრიანობა მაინც არ აწუხებდა.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რატომ არ იმატა ჩემს სასტუმროშიც სტუმრების რაოდენობამ?

რა კარგი რამ ყოფილა სტატისტიკა, მათემატიკაა ბოლოს და ბოლოს – სიზუსტე. თუმცა, ამ სიზუსტის გაბუნდოვანებაც შესაძლებელია, როცა იგი ეროვნულ პრიორიტეტებს ეხება.

სექტემბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სტუმრების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2011 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, მილიონ შვიდასი ათასამდე ადამიანი ჩამოსულიყო. სამ მილიონს მილიონ სამასი ათასი აკლდა.

თანაც, ამ ნუსხაში ვერსად ვნახე სიტყვა ტურისტი, ეს მხოლოდ ”ვიზიტორების” სტატისტიკა იყო. ვიზიტორი ანუ სტუმარი ტურისტისგან განსხვავდება. ტურისტია ის, ვინც უცხო მხარის დასათვალიერებლად და განსატვირთად მიმოდის, ყიდულობს სუვენირებს და ფულს ხარჯავს ტრანსპორტსა და სასტუმროს ნომერში. ვიზიტორი კი ისაა, ვინც უბრალოდ გადმოკვეთს საქართველოს საზღვრებს. მიზანი კი შესაძლოა ათასი ჰქონდეს: პანტა ვაშლის რუსეთში გადატანა, ან სამუშაო ვიზიტით ჩამოსვლა.

შესაბამისად, ვიზიტორი ტურისტი ვერ იქნება. მაშინ ნატოს ძალების გაერთიანებული სარდლის, მიხეილ საააკაშვილის, ან ჰილარი კლინტონის ტურისტებად გამოცხადება ადვილად შეგვიძლია, რომლებიც საჯარო თანხებით ჩამოდიან საქართველოში თუ ტოვებენ ქვეყანას.

გავიხსენე ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ 2010 წელს საქართველოში, 2.1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდაო. 2010 წლის ვიზიტორების სტატისტიკა, შსს-ს მონაცემებით, 2 031 695 იყო.

ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა ერთმანეთს დაემთხვა. მაინც ვერ გავიგე რამდენი ტურისტი იყო ვიზიტორებს შორის 2010 წელს. ან რამდენი ტურისტი ჩამოვიდა რვა თვის მონაცემებით 2011 წელს?

საინტერესო მაინც წლის ბოლოა, როცა ტურიზმის ეროვნული სააგენტო სფეროს ზრდის ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს. იქნებ ახლა მაინც, მისხალ-მისხალ დათვლილი ტურისტები ვიზიტორებისგან გამოარჩიონ.

საოჯახო სასტუმროს იმედად მყოფი, იმედს მაინც არ ვკარგავ. წლის ბოლომდე ჯერ კიდევ მაქვს შანსი დანახარჯი ავინაზღაურო. თანაც ახალი ”ნოუ ჰაუ” შემოვიტანე. გადავწყვიტე, პირველად საქართველოში, მოვაწყო ტურები ზეციური საქართველოდან,  რადგან მეეჭვება, ჩემს სასტუმროში მომსვლელი კიდევ ვინმე იყოს ხორციელი.