ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

სამი წლის ბავშვებისა და მათზე უფროსების ვაგინის მონოლოგები

სამი წლის ბავშვებისა  და მათზე უფროსების  ვაგინის   მონოლოგები

როცა მე ბავშვი ვიყავი, მე არ მინდოდა ქალი ვყოფილიყავი. თუ ეს ასე მტკივნეულია და ასე სევდიანია, რისთვის? მაგრამ ახლა გავიზარდე და მე ვამაყობ იმით, ვინც ვარ. ამიტომ ყველას ინტერესშია, შევეცადოთ შევცვალოთ ის, თუ რას ნიშნავს  – იყო ქალი“. – ამბობს გაეროს სხდომაზე ვარის დირიე.

მთელს მსოფლიოში 130 მილიონი გოგონა, ქალი წინადაცვეთის შედეგებით იტანჯება. ევროპაში, აშშ–ში ემიგრანტები აგრძელებდენ ამ სასტიკ ტრადიციას. ვარის დირიე იყო პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება გენიტალური წინადაცვეთის პრობლემას მიაპყრო. 1997 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ვარის დირიე ამ საშინელ რიტულათან ბრძოლაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მას მერე ქალთა წინადაცვეთა ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად იქნა აკრძალული. მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოველდღე ექვს ათას გოგონას ასახიჩრებენ“. ასე სრულდება შერი ჰორმანის ფილმი „უდაბნოს ყვავილი“, რომლის სცენარი  ფოტომოდელისა და ბესტსელერის „უდაბნოს ყვავილი“ (1998) ავტორის, ვარის დირიეს ავტობიოგრაფიული ნოველის მიხედვით დაიწერა. მწერლის სახელი სომალიურად „უდაბნოს ყვავილს“ ნიშნავს და იგი მოგვითხრობს მომთაბარე ტომში დაბადებული ერთი გამბედავი გოგონას შესახებ, რომელიც თავის ბედს არ დაემორჩილა და მთელს მსოფლიოს უამბო იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც უკვე საუკუნეებია მილიარდობით გოგონასა და ქალის ყოველდღიურ რუტინად გადაიქცა. 

ფილმის მიხედვით, „ერთ მშვენიერ დღეს“ სომალელი ქალი თავის სამი წლის გოგონას სახლიდან შორს წაიყვანს … „ექთან“ ქალთან შესახვედრად (ზოგიერთ ქვეყანაში ამ პროცედურას ადგილობრივი მამაკაცი დალაქი ატარებს). იქ კი, ცხელ უდაბნოში, მზისგან გახურებულ ქვაზე „პროფესიონალი“ ყასაბი სამართებლით, ანუ არასტერილური „საოპერაციო დანით“ და, რასაკვირველია, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე პატარას კლიტორსა და სასქესო ბაგეებს წააჭრის და გაკერავს. ასეთი გოგონების სასოწარკვეთილი ტირილი აფრიკის 28 ქვეყანაში ყოველდღე ისმის. შვილს დედა აკავებს, ბავშვი კი განწირულად კივის. ქვები დასისხლიანებულია, სხეულის პატარა  ნაფლეთებს კი უდაბნოს ცხოველები „მიხედავენ“. 10 წლის მერე კი, როგორც კი ბავშვს მენსტრუაცია მოსდის,  მეორე დღეს მას ბაბუას ასაკის კაცს მიჰგვრიან და თან იქვე აცნობებენ, რომ ხვალ მათი ქორწილია. ამ კაცმა ვარისი მეოთხე ცოლად უნდა შეირთოს. ვარისი გაყიდეს და იყიდეს. გარიგება შედგა. გოგონა ღამე სახლიდან, უფრო სწორად – კარვიდან გარბის და უდაბნო–უდაბნო, კლდე–კლდე, მშიერ–მწყურვალი, თაკარა მზესა და უკაცრიელ სივრცეში მრავალდღიანი ხეტიალის, სატვირთო მანქანაში გამაუპატიურებლისგან თავის დაცვის შემდეგ მოგადიშიში ჩადის, სადაც კითხვა–კითხვით თავის ბებიას იპოვის და მისი დახმარებით ქვეყანას ტოვებს. მას ლონდონში შორეულ ნათესავთან, რომელიც საელჩოში მუშაობს, მოსამსახურედ აგზავნიან. იქ კი ვარისს ისეთ „უჩინარ“ პირობებში ამყოფებენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არც გარეთ უშვებენ, არც ფულს უხდიან და მას ამ „სამსახურიდან“ მხოლოდ რამდენიმე ინგლისური სიტყვა „მოაქვს“. სომალიში სახელმწიფო გადატრიალებაა, საელჩო შეიძლება დაიხუროს. ვარისი გადამალულ პასპორტს ხელს დასტაცებს და მისთვის უცნობ ქალაქს აფარებს თავს. ერთი მაღაზიის დათვალიერებისას კი იქ გაცნობილ გამყიდველ ქალს „აეკიდება“, რომელიც მას შეიკედლებს და „მაკდონალდსში“ დამლაგებლად მუშაობას დააწყებინებს. იქ კი ვარისის სახეს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი თორენს დონოვანი შემთხვევით ყურადღებას აქცევს და სავიზიტო ბარათს მისცემს. ჰოდა, ყველაფერი „კონკიას“ ტრივიალური სცენარით ვითარდება. ვარისი ახლადშეძენილი მეგობრის რჩევით ფოტოხელოვანს უკავშირდება. მანამდე კი ისეთ სამედიცინო ოპერაციაზე თანხმდება, რომლის მეშვეობითაც მას მოშარდვა თავისუფლად შეუძლია. საქმე იმაშია, რომ წინადაცვეთისას, რომლის მიზანია გოგონას/ ქალის ლიბიდოს რეპრესირება – აღმოფხვრა, რათა მან დაქორწინებამდე და, ფაქტობროვად, შემდეგადაც სექსუალური ლტოლვა და ორგაზმი არ განიცადოს, როგორც წესი, გოგონას სასქესო ორგანოების არეში ასანთის თავისხელა ანდა ოდნავ მასზე მეტი ზომის ნაპრალს ტოვებენ, რაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესს ახანგრძლივებს და მტკივნეულსაც ხდის.

 იმისთვის, რომ იგი მოდელად სცნონ, ვარისს სასტატუსე საბუთები სჭირდება, რადაგანაც აღმოჩნდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ  იგი ბრიტანეთში არალეგალურად იმყოფება. ამიტომაც საბუთებისთვის საჭიროა მამაკაცთან ყალბი ქორწინება, რომელსაც საემიგრაციო სამსახურის აგენტების შემოწმებები მოჰყვება. ამასობაში კი, ვარის დირიე გლამურული ჟურნალების ყდებსა და ქალაქის სარეკლამო ბანერებზე ჩნდება. და, რახან მოდელია, რასაკვირველია, უნდა გაიხადოს.  ფოტოგრაფიც ამას ეუბნება, თუ უნდა, რომ  რაიმეს მიაღწიოს, უნდა გაიხადოს. ვარისი სუპერმოდელი ხდება. რეალურ ცხოვრებაშიც (მას „ჯეიმს ბონდში“ იღებენ) და შერი ჰორმანის ფილმშიც.  მას მერე კი, რაც ვარის დირიე ერთ–ერთი პოპულარული გამოცემის ჟურნალისტს მისი წინადაცვეთის ამბავს მოუყვება,  იგი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ხდება. თუმცა ამ რეალობას მეორე, პარალელური და ასე უზომოდ გაცვეთილი შაბლონური ნარატივი სდევს თან: პოდიუმი და მოდელობა, ფაქტობრივად, ერთადერთი თვითგადარჩენის სტრატეგიაა და თითქმის ისეთივე „ტრამპლინია“, როგორიც ბრიტანეთის ერთ არისტოკრატული გვარის წარმომადგენელზე დაქორწინებული რუსი სუპერმოდელის, ნიჟნი ნოვგოროდელი ნატალია ვოდიანოვას My Way, რომელიც უკიდურესი სიღარიბიდან ტოპ მოდელებში სწორედ  კონიუნქტურის მიერ მოთხოვნილი  ქალის ფიზიკური მონაცემების გამო აღმოჩნდა. ნატალია ვოდიანოვა  მოგვინებით  თანამემამულე გოგონებსაც მოუწოდებდა, მისთვის მიებაძათ და მოდელობა მიზნად დაესახათ, რადგანაც ეს მისნაირებს უკეთესი ცხოვრების შანსსა და თავის გადარჩენა–გამოჩენის საშუალებას აძლევს. როცა ვოდიანოვამ სათანადო თანხა და სტატუსური კაპიტალი დააგროვა, მან რუსეთში  სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობაც დაიწყო.

 ფილმში ვარის დირიეს როლს წარმოშობით ეთიოპელი მოდელი ლია კებედე ასახიერებს. მესამე სამყაროს კანჭწვრილი, განხდარი, მაღალი და ევროსატნადრტების პროფილის გოგონების იღბალი, რომლებიც დასავლეთში უჩინრობიდან „ცნობადობაში“ მხოლოდ თავისი ფიზიკური მონაცემებით კონვერტირდებიან, რადგანაც ეს ერთადერთია, რისიც მათ ამჯერზე მსოფლიოსთვის შეთავაზება შეუძლიათ და სამყაროც მათ „წარმატების მიღწევისა“ და „ცნობადობის“ ამ გატკეპნილ პროექტს სთავაზობს. მოგვიანებით ვარის დირიემ მოდელის კარიერას თავი დაანება და თავისი დრო და სახსრები აფრიკაში ქალთა უფლებების პროპაგანდასა და განათლებას მიუძღვნა.  2000 – იანების დასაწყისში მან  „უდაბნოს ყვავილის ფონდი“ ჩამოაყალიბა, რომელიც მსოფლიოს მოუწოდებს, ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯება (Female Genital Mutilation – FGM)  განიხილონ, როგორც კრიმინალი, წამება, არაადამიანური მოპყრობა და არავითარ შემთხვევაში, როგორც კულტურა ანდა აფრიკის თვითმყოფადობის „არტეფაქტი“. იგი თითქმის იმ საქმის ხელახალ გაცოცხლებას ცდილობს, რის გამოც აფრიკაში ქრისტიან მისიონერებს დევნიდნენ და კლავდნენ. პარალელურად, ლია კებედეც აყალიბებს ფონდს, რომელიც აფრიკელი დედების ჯანმრთელობასა და ამ კონტინენტზე შიდსის პროფილაქტიკა/მკურნალობის საკითხებზე მუშაობს, მათ შორის „მელინდა და ბილ გეითსის ფონდთან“ თანამშრომლობით.

ქალის წინადაცვეთა, როგორც „სამედიცინო პროცედურა“  შედგება  ქალის სასქესო ორგანოების მთლიანი თუ ნაწილობრივი მოკვეთისგან, რაც სამედიცინო ჩვენებას არანაირად  უკავშირდება: ამ დროს აჭრიან მცირე და დიდ სასქესო ბაგეებს; კლიტორის თავს ან ლამის მთლიანად კლიტორს. არსებობს ამ „ოპერაციის“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დეფინიციაც, რომელიც ქალის „უწმინდური ადგილის“ დამახინჯების სხვადასხვა კომბინაციებს თავის კლასიფიკაციას აძლევს. წინადაცვეთას უტარებენ როგორც  ახალდაბადებულებს, ასევე, თინეიჯერის ასაკის გოგონებს, ზოგან კი – ნამშობიარებ ქალებსაც, როგორც ინდივუდუალურად, ასევე, ჯგუფურად. როგორც წესი, ამგვარი პროცედურა, „საუკეთესო შემთხვევაში“, სექსუალური დისფუნქციით, ფსიქიკური აშლილობით, გენიტალური დაავადებებით, ინფექცია – სეფსისით, ჰემატომებით, დისმენორეით, უშვილობით, ნაყოფისვერშენარჩუნებით და სხვა უამრავი დაავადების გამწვავება – გაქრონიკულებით სრულდება; უარეს შემთხვევაში – გამოსავალი ლეტალურია.

უცნობია წინადაცვეთის ფატალურად დასრულების ზუსტი კი არა, თუნდაც ოდნავ მიახლოებითი სტატისტიკაც კი. თუმცაღა არსებობს მონაცემები იმის შესახებ,  რომ ბოლო ხანებში ამ ზღვრულად მახინჯი და სასტიკი ადათ–წესის, რომელსაც არც ერთი რელიგიური ტექსტი არ სცნობს, გადატანა სამედიცინო დაწესებულებებში ხდება, რაც FGM –ის  რაოდენობრივი მაჩვენებელის 15–18 პროცენტს შეადგენს. ეს ციფრი კი იმას მოწმობს, რომ შეძლებულ ოჯახებს თავიანთი შვილების წინადაცვეთის ორგანიზება უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ. ბავშვის, ქალის უფლებების ამგვარი მასობრივი  შელახვის შემთხვევათა ყველაზე დიდი მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზე მოდის. აფრიკის გარეთ კი – ინდონეზიაში, მალაიზიაში, ირანში, ერაყში, ომანში, ბაჰრეინში, არაბეთის ემირატებში და იემენში. ასევე ეს ბრუტალური ტრადიცია გავრცელებულია ემიგრანტულ გეტოებში ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში, აშშ–სა და კანადაში, ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში, პერუში, სკანდინავიასა და  ევროპის სხვა ქვეყნებში.

  აშშ–ის გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში FGM ქალისთვის პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მინიჭების საბაბს არ წარმოადგენს. 2003 წელს, პირველად ამერიკაში ადამიანი გენიტალური დამახინჯების პროცედურის ჩატარების გამო დააპატიმრეს და თავისუფლება აღუკვეთეს. ეთიოპელმა ემიგრანტმა მამაკაცმა თავის ორი წლის გოგონას სახლის სამზარეულოში კლიტორი მოაჭრა და თან განაცხადა: “მე მას უნდა შევუნარჩუნო ქალწულობა. ასეთია ღვთის ნება“. მას 15 წლით პატიმრობა (აქედან 5 – პირობითი) მიუსაჯეს. მაგრამ  ამგვარი სასამართლო „ქეისები“ უფრო უნიკალური გამონაკლისია, ვიდრე – ჩვეულებრივი წესი.

XIX საუკუნეში ამერიკასა და ევროპაში კლიტეროდექტომია ქალის მასტურბაციისა და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო მეთოდადაც კი იყო აღიარებული. ზოგადად კი ქალთა წინადაცვეთა პირველად ძველ ეგვიპტეშია დაფიქსირებული. გოგონების სხეულზე ასეთივე რიტუალი ინკების იმპერიაშიც ტარდებოდა,  მიზანი კი იყო ურჩხულ–გველის კერპისადმი თაყვანისცემა, რომელიც მორიელს ჭამდა. ისევე როგორც კათოლიკები ეთაყვანებიან  წმინდა ქალწულ მარიამს, ინკებისთვის მორიელის გესლი ქალის კლიტორის განსახიერება იყო, რაც ქალში მამაკაცურ საწყისად ითვლებოდა. ქალის წინადაცვეთის ტრადიცია ქალის „სიწმინდისა“ და „ერთგულების“ შემცველი იდეოლოგიზირებული სოციალურ – პოლიტიკური საშუალებაა, რომელიც, ერთი მხრივ, უარყოფს ქალის უფლებას, მიიღოს სიამოვნება. ეს კი ქალის, როგორც „მეორე სქესის“ იდენტობის გამამყარებელი ბაზისური კონსტრუქტია. მეორე მხრივ კი, მამაკაცის სექსუალურ განცდებს ამძაფრებს ქალის „ხვრელის“ შევიწროებით.  დაქორწინების (ქართული სინონიმი „გათხოვება“) შემდეგ ქალმა უნდა იმშობიაროს, იყოს დედა და ოჯახის პატიოსანი ბურჯი, მაგრამ არა „სექსუალური  ვაგინა“, რომელსაც არსებობის უფლება მხოლოდ ახალი სიცოცხლის ჩასახვის უნარის გამო აქვს.

XXI საუკუნეში FGM – ის არსებობა, მათ შორის დასავლეთში, კიდევ ერთხელ მოწმობს „მულტიკულტურალიზმის“ პოლიტიკის სიღრმისეული პრობლემებისა და  ქალის დისკრიმინაციის როგორც „ცივილიზებულ“, ასევე  არაცივილიზებულ – ცოცხალი ხორცის მოჭრის პრაქტიკების უკვდავობას. რიგ ქვეყნებში, მათ შორის შვედეთში, საფრანგეთსა და ინგლისში, ამგვარი ოპერაცია სისხლის სამართლის დანაშაულია და ასევე კრიმინალად ითვლება ბავშვის საზღვრებს გარეთ გაყვანა და იქ FGM – ის პროცედურის ჩატარება. აფრიკის ქვეყნები კი ქალის სექსუალობის ნივილირება – გაკონტროლირების რიტუალის „ნარატივით“ ორად იყოფიან. ქვეყნები, სადაც ქალის სასქესო ორგანოების მოჭრა – გაკერვა ხდება და ქვეყნები, სადაც – მხოლოდ მოჭრა. ასევე პრაქტიკაშია – წინადაცვეთის შემდეგ, მანამ, სანამ ჭრილობა არ მოშუშდება, ბავშვის საწოლზე მიბმა, რათა არსად გაიქცეს. ეთიოპიაში კი ნაოპერაციებ გოგონას ქვედა კიდურებს ერთმანეთზე მჭიდროდ უკრავენ მანამ, სანამ  სისხლდენა არ შეწყდება. ეს კი შეიძლება კვირებიც კი გაგრძელდეს, ჭრილობა კი არ შეხორცდეს და გარე სამყაროსგან იზოლირებით (ვგულისმობ სამედიცინო დამხარების უქონლობას) ადამიანი,  უბრალოდ, სისხლისგან დაიცალოს და  ასე, „ფეხებდაბმული“ მიებაროს უფალს. ის გოგონები, რომლებსაც სისხლდენა დროზე არ უწყდებათ,  კუდიანებად ითვლებიან და, შესაბამისად – სიკვდილის ღირსადაც.

„უდაბნოს ყვავილის ფონდის“ თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე FGM  –ის  პროცედურა  ნახევარმა მილიონმა ქალმა გაიარა. აქედან 75 ათასმა – ბრიტანეთში, 65 ათასმა – საფრანგეთში და 30 ათასმა – გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ მუსლიმურ ქვეყნებში შეიხებიც კი კანონებს  გასმოცემენ ამ მახინჯი ადათ – წესის აღმოსაფხვრელად, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ წინადაცვეთის წარმომავლობის ქვეყანაშიც კი, როგორიცაა ეგვიპტე, იგი აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ნოემბერში გაერომ სპეციალური რეზოლუციით აკრძალა ქალის სასქესო ორგნოების დამახინჯების პრაქტიკა და ეს რეზოლუცია სავალდებულოა გაეროს წევრი ყველა ქვეყნისთვის, ბავშვის/ქალის დისკრიმინაციის ეს უკიდურესად სასტიკი და ბარბაროსული ტრადიცია დღესაც  დააბიჯებს დედამიწაზე. სულ ბოლო მონაცემებით, „უდაბნოს ყვავილის“ (2009) გადაღებიდან წინადაცვეთილი გოგონების რაოდენობამ ორი ათეული მილიონით მოიმატა და 150 მილიონი შეადგინა.

                                                               

***

  ირანული წარმოშობის ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ფრიდოუნ საჰებჯამი XX საუკუნის 80 – იანებში ირანში აქტუალურ თემებს: ირან – ერაყის ომში ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებას, რელიგიური უმცირესობის შევიწროების პრობლემას აშუქებდა და  ირანის სოფლებში ავტომობილით მოგზაურობდა. ერთხელ გზაში მისი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და ფრიდოუნი ერთ–ერთ სოფელში  მანქანის შესაკეთებლად გაჩერდა, სადაც მას ქალმა, სახელად ზახრამ,  სხვებისგან მალულად შეხვედრა სთხოვა და წინა დღეს სოფელში მისი ნათესავი ქალის ქვებით ჩაქოლვის ისტორია უამბო. ჟურნალისტმა მონათხრობი დიქტოფონზე ჩაიწერა. ოთხი შვილის დედას სორაია მანუტჩეჰრის წინააღმდეგ რამდენიმე მამაკაცმა, ქმრის, ალის თაოსნობით, ბინძური ცილისწამება შეთითხნა და ამაში მას სოფლის „ბრძენკაცები“, მათ შორის მოლა, დაეხმარნენ. „სასამართლოს ვერდიქტი“ ასეთია –  ქალი უნდა ჩაიქოლოს. მიწაში ნახევრად ჩამარხულ ცოცხალ სორაიას პირველ ქვას მისი ღვიძლი მამა ესვრის, მერე ქმარი, მერე მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი და მერე მთელი სოფელი – „სამართალს“ მოწყურებული ბრბო. ზოგადად, ქვებით ჩაქოლვის წესი ასეთია: დასჯილს თეთრი პერანგი უნდა ეცვას, ქალი მკერდამდე უნდა იყოს ჩაფლული (კაცი– წელამდე). ქვა არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა უნდა იყოს. დიდი იმიტომ არა, რომ მაშინვე არ გაათავოს ადამიანი. ამ ლინჩის წესის „აზრი“ ადამიანისთვის აუტანელი ტკივილის მიყენებაა. შარიათის კანონის მიხედვით კი, თუ ჩამარხული მსხვერპლი ორმოდან ამოძვრომას მოახერხებს, იგი თავისუფალია.

1990 წელს ფრიდოუნ საჰებჯამის ბესტსელერი ნოველა „სორაია მ. –ის ქვებით ჩაქოლვა. ნადვილი ამბავი“ გამოიცა, რომელის მიხედვითაც 2008 წელს რეჟისორმა კირუს ნოვრასტეჰიმ აშშ–ში ფილმი სახელწოდებით „სორაია მ. –ის ქვებით ჩაქოლვა“ გადაიღო. სორაიას ქმარს, ალის, რომელიც ცოლს სცემს და ღიად- შვილების, სოფლის თვალწინ მეძავებთან ღალატობს და რომელიც ციხეში მუშაობს, მეუღლის მოშორება უნდა ისე, რომ ბავშვებზე ალიმენტები არ გადაიხადოს და ცოლი არსებობის მინიმუმითაც კი არ უზრუნველყოს. კაცის სასარგებლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე კარგი საშუალება ცოლის დასჯა – სახალხოდ ქვებით ჩაქოლვაა. ალი კი ერთ–ერთი  სიკვდილმისჯილი მამაკაცი პატიმრისგან დაპირებას იღებს, რომ თუ მას გადაარჩენს, საჩუქრად ტუსაღის 14 წლის გოგონას ცოლად მიიღებს. ამ დროს სოფლის ერთ–ერთი თავკაცი, მოლა ჰასანი, თავადაც ყოფილი პატიმარი და თაღლითი, რომელიც შემდგომში ქალის სიკვდილით დასჯის გადაწვეტილებას იღებს, როცა ხედავს, რომ ალის ოცი წლის „დაძველების ოჯახი“ მობეზრდა, ხოლო მეციხოვნეს იმის გამოაშკარავება შეუძლია, რომ მოლა ოდესღაც კრიმინალი იყო, ყურანის მოხმობით სორაიას „დროებით ცოლობას“  და მის შვილებზე – უფრო სწორად, გოგონებზე ( ალის ვაჟების წაყვანა  თავისთან უნდა) ზრუნვასაც სთავაზობს, რათა სორაიამ  ქმარს განქორწინება მისცეს, მაგრამ ქალისგან მტკიცე უარს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ალი ცოლს ურტყამს და აუპატიურებს. თანასოფლელი მამაკაცები სორაიას სამსახურს გამოუძებნიან. ქალი ახლად დაქვრივებულ, ავტომანქანების შემკეთებლის ოჯახში (ჟურნალისტის მანქანა სწორედ მან შეაკეთა) დამხმარედ იწყებს მუშაობას და ამ კაცის ჭკუასუსტ შვილსაც პატრონობს. ახლადცოლგარდაცვლილი „მგლოვიარე“ კაცი არაორაზროვნად საყვარლობას სთავაზობს მოსამსახურეს, მაგრამ  სორაიასგან უარს იღებს. ალი კი ცოლის  სამსახურს მის წინააღმდეგ იყენებს, თითქოს სორაია მას დაქვრივებულთან ღალატობს. ქმარი ამ უკანასკნელსაც  დაშინებითა და შანტაჟის გზით ყალბ სიტყვიერ „მტკიცებულებას“ დასტყუებს, როგორც ღალატის მოწმეს და  სოფლის სამართალიც „პურს ჭამს“.  ზახრა ნათესავის გადარჩენას ყოველნაირად ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია.

ფილმის ფინალში სორაიას ქვებით ჩაქოლვა საზარელი სანახავი სცენაა (მე ვერ და არ ვნახე). მეორე დღეს კი იმ პატიმარს (ალის პოტენციურ სიმამრს) მაინც ჩამოახრჩობენ, ასე რომ, სორაიას ქმარს, უფრო სწორად, ახლა უკვე ახალადაქვრივებულ კაცს არასრულწლოვან გოგონასთან თაფლობის თვის გატარების გეგმა ჩაეშლება. სორაიას ორი მცირეწლოვანი გოგონა კი, შეპირებისამებრ, ზახრას გასაზრდელად თავისთან მიჰყავს… შარიათის პირობებში კი, ამ გოგონების სამომავლო ბედიც დიდი ინტეპრეტაციების საშუალებას არ იძლევა. „სამართლის აღსრულების“ შემდგომ ღამეს ზახრა სახლიდან უჩუმად იპარება, რათა სორაიას ყვავ – ყორნებისგან თუ ცხოველებისგან ნაჯიჯგნი „ნარჩენები“ მაინც დამარხოს და მისი საფლავი ქვით მონიშნოს….

 2010–ში ირანში ვატიკანის, დასავლელი პოლიტიკოსების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასობით ათასობით გულშემატკივარი ადამიანის  პროტესტის შედეგად ქვებით ჩაქოლვას გადაურჩა საკინე მოჰამედი–აშტიანი, რომელიც ქვრივი გახლდათ. დაქვრივებულ ქალს  ბრალი ქორწინების გარეთ სასიყვარულო კავშირში დასდეს. შემდეგ კი ბრალდება სხვადასხვა ინტერპრეტაციებით რამდენჯერმე შეცვალეს და რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევა და საყოველთაო პროტესტი, საკინე აშტიანი სორაია მანუტჩეჰრის ბედს გაიზიარებდა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოძიებული ინფორმაციით, ირანში 1980 – დან  2010 წლამდე  150 ადამიანია ჩაქოლილი, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ სიკვდილის დასჯის ამ მეთოდის გამოყენებას სახელმწიფო არასოდეს აფიშირებს, ხოლო მედიისთვის რეალური ციფრი უცნობი რჩება, ამიტომ მიახლოებითაც კი არაა ცნობილი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რამდენი ადამიანია დღემდე ამგვარად მოკლული და რამდენი ელოდება ქვებით ჩაქოლვას. 1989 წელს ირანის ერთ–ერთ ქალაქში ქალმა, რომელსაც „მოწმეების ჩვენების საფუძველზე“ ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს, სიკვდილით დასჯის დროს მოახერხა და ამოძვრა იმ ორმოდან, რომელშიც ჩამარხეს. მაგრამ იგი კვლავ დაიჭირეს, უკან ჩააბრუნეს, მიწა უფრო მაგრად მიაყარეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. როგორც წესი, ქვებით ჩაქოლვას ის ქალები იმსახურებენ, ვისაც ოფიციალური ქორწინების გარეთ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. ან, რიგ შემთხვევებში, ქორწილის ღამეს მათ ქალწულებად არ სცნობენ ანდა ქორწინების გარეშე ბედავენ და პლატონურად თუ არაპლატონურად თავინთ გრძნობებს გამოხატავენ. „ბუნებრივია“, მამაკაცებს „სიწმინდე“ ასე მკაცრად არ მოეკითხებათ, რადგან მხოლოდ ქალია მაცდუნებელი  „შაითანი“. ორგანიზაცია „სიკვდილის დასჯის საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი“  თავის  ანგარიშში ასევე აღწერს შემთხვევებს, როცა 1991 წელს ირანის სასამართლომ ქალს ჩაქოლვა, ორივე თვალის დათხრა და 100 დინარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. იმ ღამეს პატიმარმა საკანში თავი მოიკლა. იმავე წელს სხვა ირანელ ქალს ქმრის ღალატში ბრალი დასდეს და სანამ ქვებით ჩაქოლავდნენ, 70– ჯერ გაროზგვაც მიუსაჯეს…

გაეროს მიახლოებითი მონაცემებით, ყოველწლიურად, ხუთი ათასამდე ქალს  „ღირსების დაცვის მიზნით“ კლავენ, მათ შორის აშშ–ში. როგორც წესი, ამგვარი ქცევა ისლამურ თემშია გავრცელებული. 2012 წელს პაკისტანში მშობლებმა არასრულწლოვან გოგონას, რომელმაც უბრალოდ გზაში ბიჭს თვალი შეავლო, მჟავა სახეში შეასხეს. ბავშვი დაიღუპა. 2008 წელს სომალელი 13 წლის გოგონა კისრამდე ჩამარხეს და ათასი ადამიანის წინაშე 50-მა მამაკაცმა მას ქვები დაუშინა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გაუპატიურების მსხვერპლი იყო. სანამ ორმოში „მოათავსებდნენ“, იგი კიოდა თურმე: „არ მომკლათ, არ მომკლათ!“. მერე იმისთვის, რომ გაეგოთ, აღესრულა თუ არა ადგილობრივი სამართალი, კაცებმა ექთნები მოიყვანეს, რათა მათ შეემოწმებინათ, იყო თუ არა ბავშვი ცოცხალი. ექთნებმა დასისხლიანებული კუნთების მასა ორმოდან ამოიყვანეს, პულსი შეუმოწმეს. ბავშვი სუნთქავდა. ექთნებმა ქვებმომარჯვებულებს სიმართლე არ დაუმალეს.  ამიტომ  „კანონიერების სარანგებმა“ გოგონა ისევ ჩააბრუნეს  ორმოში და ამჯერად  საჭირო ზომისა და რაოდენობის ქვებიც დაუშინეს. ქვებით ჩაქოლვასთან შედარებით „ჰუმანურად“ გამოიყურება ერთი წლის წინათ ავღანელი ქალის ზურგიდან  დახვრეტის კადრები, რომელიც მსოფლიო მოიარა. როგორც ამბობენ, თალიბანის ორი მეთაური ერთი ქალის „სიყვარულს“ ერთმანეთს ეცილებოდა. საქმე კი იმით დასრულდა, რომ ქვა–ღორღ–ბუჩქოვან ალაგს მიწაზე მჯდომარე ქალს ზურგიდან ავტომატის (ალბათ, კალაშნიკოვი) ჯერი გადაატარეს, რამაც ახლომახლო მდგომ სეირის მაყურებელ „აუდიტირიაში“ მქუხარე შეძახილი „დიდება უფალს“ გამოიწვია. ქალს ცხრაჯერ ესროლეს. მეორე გასროლის შემდეგ იგი წაიქცა, მაგრამ მას მაინც ესროდნენ…

ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოთჩის“ მიხედვით, ათიდან ცხრა ავღანელი ქალი იტანჯება ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ძალადობისგან ანდა ძალდატანებითი ქორწინებისგან….

                                                                    ***

  2002 წელს თბილისში, გლდანში ერთ, მანამდე უკაცრიელ სახლში „უჩვეულო“ პანაშვიდი–გასვენება „გაიმართა“.  თამთა ლ.  საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. მაგრამ იგი საკუთარ სახლში არ ესვენა, ხოლო მასთან გამოსამშვიდობებელ რიტუალს მშობლები არ ესწრებოდნენ. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ  წელიწადნახევრით ადრე, სრულწლოვანების ასაკში იგი დაფეხმძიმდა, აბორტი არ გაიკეთა, პატარა გააჩინა, რის გამოც შვილზე და შვილიშვილზე დედამ და მამამ უარი თქვეს. როგორც ამბობდნენ, ქმრის ხათრით დედამ „ოჯახის შემარცხვენელიც“ მოიძულაო. თამთა კი პატარასთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა და თავისი შრომით, მეგობრების, ნაცნობების თუ ახლადშეძენილი მეზობლების დახმარებით თავს ირჩენდა და ბავშვს შეძლებისდაგვარად უვლიდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბავშვის მამა გაქრა. ჰოდა, არც მშობლები (ამბობდნენ, ზოგიერთი ნათესავი პანიშვიდ–გასვენებაში მაინც მივიდაო), არც მისი „ბოიფრენდი“ ადამიანის დაღუპვის საბაბითაც ერთად არ შეიყარნენ. რახან ბინის პატრონმა სასტიკი უარი თქვა, სარიტუალო დღეებისთვის აწგარდაცვლილი მდგმურისთვის ფართი დაეთმო, თამთას ერთ ახლო მეგობარს გლდანში გასარემონტებელი ბინა ჰქონდა – ე.წ. „თეთრი კარკასი“. ჰოდა, ამ ადამიანმა თავის მეგობარს, უფრო სწორად, მეგობრის სხეულს რამდენიმე დღით პატივი სცა და იქ დაასვენა. ბავშვის ბედი კი… არ ვიცი. ამბობდნენ, რომ ბავშვი გააშვილეს, ისიც თქვეს, რომ მეგობრებმა ბავშვთა სახლში ჩააბარესო. სამწუხაროდ, მოარულ ხმებშიც კი, გოგონას „უპატიებელი ცოდვის“  „მსხვერპლი“ მშობლების თუ  ბავშვის მეორე მშობლის  გამოჩენის შესახებ არაფერი მსმენია….

   წინა საუკუნის 90 – იანებში ქორწილის ღამეს ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ზედა სართულიდან ქვედა სართულის აივანს შიშველი პატარძალი ელისო კ. დაეხეთქა. მმაჩის ბიუროს, ჯვრისწერისა და  ხალხმრავალი ქორწილის ზარზეიმის შემდეგ ახლობლის ბინაში გამწესებული „შეყვარებულების ღამე“ ტრაგიკულად დასრულდა. მეუღლემ ქალს საქალწულე აპკის მდგომარეობა დაუწუნა. ანუ სისხლის კვალი ზეწარზე არ იყო, როგორც მტკიცებულება – ამიტომაც მამაკაცმა დაასკვნა, რომ მისი „სათაყვანებელი არსება“, რომლის სადღეგრძელოს 3–4 საათით ადრე ჭიქის აწევით უერთდებოდა, თურმე „გარყვნილი და ნაგულავებ–ნახმარი ქალი“ იყო და „შემოაპარეს“. თავად ეს კაცი პროფესიით იურისტი გახლდათ. ჰოდა, ამბობენ, კაცს უთქვამს, ახლავე შენს მშობლებთან უკან მიგაბრუნებო, აფექტის მდგომარეობაში ქალი კი თავად გადამხტარა მეათე სართულიდან. ელისო საავადმყოფოში გარდაიცვალა… სხვები სხვაგვარად ყვებოდნენ – ამ კაცმა „შეურაცხყოფას“ ვერ გაუძლო და „შეურაცხმყოფელი“, ასევე აფექტში მყოფმა, თავად გადააგდოო…  ჰო, სხვათა შორის, პოსტფაქტუმ, პატარძალს საქალწულე აპკი აღმოჩნდა. ოღონდ ელასტიური. ელისოს გვამმა მაინც გაიარა ექსპერტიზა. ჯერ ქალის ოჯახის მოთხოვნით, რომელსაც „გამოძიების ინტერესიც“ დაემთხვა. ერთი შეხედვით, ექსპერტიზის ჩატარების  ამგვარი მოტივი  გაუგებარია. თუმცაღა … სულაც არა. იგი სრულიად გასაგებია. თუ ქალი „პატრონს“ საქალწულე აპკით ჩაბარდა, ეს მკვლელს სასჯელს უმძიმებს. სიძე, მისი დიპლომის მიუხედავად, ვერ გარკვეულა  სიყვარულისა და ოჯახის შექმნის მთავარ სააპკე საკითხში. თუ არადა, მაშინ „კაცის პოზიცია“ გასაგებია. თუ ელისო ქალიშვილი არ იყო,  მან კაცის  სასიყვარულო მოლოდინი ვერ გაამართლა, ამ მიზეზისა გამო სიძე ზეფრუსტრაციაში ჩავარდა და ამიტომ ქალის ფანჯრიდან გადაგდება მისი შეურაცხყოფისგან თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმის ამოქმედებას უნდა დავაბრალოთ. ჰო, იგი, ფაქტობრივად, მსხვერპლია. მოატყუეს, დაჩაგრეს, კაცური კაცის სახელი შეუბღალეს, „ნახმარი საქონელი“ შემოასაღეს – ახლისა და უხმარის ნაცვლად.  სად ქალიშვილის ფანჯარ – აივნიდან  გადაგდება და სად – არაქალიშვილის. პირველი საშინელებაა – „საწყალი გოგო“; მეორის გამართლება შეიძლება. კულტურით, ეროვნული ტრადიციებით, ქართველობით, მართლმადიდებელი ეგოთი და მეობით.

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთხელ მომისმენია ქალთა ზეპირი ისტორიების „ვარიაციები ჰიმენის თემაზე“… ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი „ქეისები“ ქართული მასკულინური იდენტობის განუყრელი შემადგენელი კონსტრუქტის – ქალიშვილობა/არაქალიშვილობის დიქოტომიის შესახებ;  „კაი ნაშებში“ დრონატარები „განათლებული მამაკაცების“ იმ ოცნებაზეც, რომ ცოლი აუცილებლად ქალწული უნდა იყოს – სპეტაკი, მომთმენი და უკეთესია ისეთ ასაკში, რომ კაცმა თავად გამოზარდოს მანამ, სანამ გოგონას პუბერტატი თავისას იზამს და მოზარდს სექსუალურ სურვილებს გაუჩენს.

არაერთხელ მსმენია 20–25 წლის წინ, „ვიდეოპრისტავკების“ შემოსვლის დროს ქმრის მიერ პორნოფილმების ძმაკაცებთან ერთობლივი „კინოჩვენების“ ორგანიზება, სამაგიეროდ, ქმრისგან უჩუმრად ცოლის მიერ ფილმის ყურებას და შემთხვევით ამის აღმოჩენას  ქალისადმი არა მხოლოდ  ვერბალური აგრესია, არამედ ცემაც მოჰყოლია. მოსწავლე თუ აღსაზრდელი ცუდი საქციელისთვის უნდა დაისაჯოს. ანდა XXI საუკუნის  მართლმადიდებელ–ეკლესიურად და მკაცრად მომარხულე დედამთილის ახალდაქორწინებულების საძინებელში  შევარდნების შესახებ ნახევრადმძინარე წყვილის ქვეშ–ქვეშიდან ზეწრის „გამოცურებით“.  მიზეზი? ამ დედამთილსაც წინა საუკუნეში მისმა დედამთილმა დილის ზეწარი ასეთივე გზით შეუმოწმა. ანდა ქმრის მიერ „დასჯილი“ ცოლის შესახებ, რომლის  ტემპერამენტის გამო ოჯახის „თავს“ საქორწინო პირველ ღამეს  ქალის პატიოსნებაში ეჭვი შეეპარა და ამის გამო ერთობლივად „ბედნიერი“ ცხოვრების ლამის ყოველდღე თავის თანამეცხედრეს  შეახსენებდა: „ქალიშვილი კი იყავი, მაგრამ საეჭვო ქალიშვილი. ამიტომ ტუჩებში კოცნის ღირსი არა ხარ, ემანდ მაგ შენმა ენა – პირმა უკადრებელი ხომ არ იკადრაო“. თუმცაღა ცოლისგან ორალურ სექსს  ითხოვდა, მაგრამ ცოლს იგივენაირი სექსის „მოთხოვნის“ უფლება არ ჰქონდა. მთავარია,  კაცი  ქალის „უწმინდურ ბაგეებს“ არ ეხებოდა.

„პატიოსნების ამ რაინდს“ აფრიკაში აუცილებლად გამოუჩნდებოდა მიმდევრები, თუნდაც მცირერიცხოვანი „სექტის“ მსგავსი, რომელიც ქალის გენიტალურ წინადაცვეთასთან ერთად, ქალის საინფორმაციო ღრუს წინადამცვეთასაც – ენისა და პირის ამოკერვას მოითხოვდნენ. ქალი ჯობს მუნჯი იყოს, მაგრამ არა ყრუ. უნდა გაიგონოს და შეასრულოს. მის სათქმელს კი საშო ისედაც იტყვის. მეტი არცაა საჭირო.  სხვათა შორის, იმ „უკოცნელ წყვილს“ ორი შვილი ჰყავს და ქორწინების ათი წლისთავზეც კაცი თავის პირველ ჩვენებას „აწვება“…ქართული სინამდვილე კი სავსეა ამგვარი „ეგზოტიკური სიყვარულის“ თეორიებითა და პრაქტიკებით. რად ღირს ხანშიშესული მამაკაცის მიერ არც ისე ხანშიშესული ცოლისთვის კლიტორის წაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე მოტივით, „ჩემს საოხრეს თუ არ შეუძლია, არც სხვის საოხრეს ერგოსო“, ანდა „ბაბუის“ მიერ სიკვდილით დასჯის მუქარით ქვრივი ქალის მოტაცება, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისთვის მხოლოდ „ხოხმა“ იყო, მედიამ კი ამაში დიდი იუმორი დაინახა.

ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა პედოფილიისა (სექსუალური დევიაცია) და არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან თუ არასრულწლოვანის სექსუალური ხელშეუხებლობის განმარტებასთან დაკავშირებით. ეს არის სასტიკი დანაშაული, რომელიც ეჭვმიტანილის ფსიქიკური შერაცხადობის განსაზღვრის შემდეგ რიგ ქვეყნებში სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება. ავღანეთში, იემენში და პაკისტანში კი „პედოფილური ქორწინება“  სრულიად ლეგიტიმურ კავშირად ითვლება და,  თავი რომ დავანებოთ ამ ამაზრზენი პრაქტიკის მორალურ – ეთიკურ – ადამიანის უფლებრივ – იურიდიულ ასპექტებს, იგი იწვევს  ბავშვის მოუმწიფებელი შინაგანი ორგანოების დაზიანებას, სიცოცხლისათვის საშიშ შეუქცევად პროცესებს, ადრეული ფეხმძიმობა კი დედასაც და ნაყოფის სიცოცხლესაც დიდი  რისკის ქვეშ აყენებს. მოუმწიფებელ ორგანიზმში პენეტრაცია რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების  უხეში დაზიანების მიზეზი ხდება.  ცნობილია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ,  მშობიარობის დროს, რომელიც სამი დღე გაგრძელდა, 12 წლის იემენელი გოგონა დაიღუპა. ქვეყნის პარლამენტმა გოგონებისთვის დაქორწინების მინიმალურ ასაკად 15 წელი დააკანონა, მაგრამ მოგვიანებით, ახალმა პარლამენტმა ეს კანონი გააუქმა და გოგონას „გაბედნიერების“ საკითხის გადაწყვეტა ისევ მის მშობლებს გადააბარა. გადააბარა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელსაყრელი შემთხვევის გამოჩენისთანავე ბავშვს ჰყიდიან, იშორებენ. მათ შორის მისი გამოკვებვის  უუნარობისა და ზოგადად ოჯახის უკიდურესი გაჭირვების  გამოც.

რამდენიმე წლის წინათ  17 წლის ლეილა ს. თავისი მეზობელი, ოდნავ უფროსი   კაცი შეუყვარდა. მაგრამ მუსლიმი მამის (დედას  არავინ არაფერს ეკითხებოდა და ქმარი მას ხმის ამოღებისთანავე სცემდა) მოთხოვნით იგი მეზობელი ქვეყნის ერთ გაცილებით ასაკოვან,  ძალიან მდიდარ ბიზნესმენს ცოლად უნდა გაჰყოლოდა. ლეილა მტკიცე უარზე იყო, მაგრამ რამდენ უარსაც იტყოდა, იმდენჯერ მამამისი დედამისს შვილების თანდასწრებით სცემდა… დედაც შეგუებული იყო ამ ყოფით „ფიზიკურ შეხებას“. ამბობდა, ჩემი დიდი ბაბუა  მართლმადიდებელი დეკანოზი იყოო და ჩემს ჯვარს ეკლესიურად უნდა შევეგუოო. ქმარი კაცია, მას ძალა აქვს, მე ქალი ვარ, სუსტი და ეს ბუნების კანონიაო; კი მიერთიანებს ძვალსა და რბილსაო, მაგრამ მაინც კაცია, მთავარია მარჩენსო. მოკლედ, ლეილამ არ ისმინა ახლობელ – მეგობრების რჩევა და გადაწვიტა: იმ ყმაწვილთან სექსი ჰქონდა. და ჰქონდა კიდეც.  მათი ქორწინება, ერთი შეხედვით, შეუძლებელი იყო და თანაც, კაცსსაც დიდად არ მოუნდომებია. მამამ „ტრაგიკული სიმართლე“ არ იცოდა, უბრალოდ, ენა მიუტანეს, რომ მისი ქალიშვილი მართლმადიდებელ ქართველ ყმაწვილს ხვდებოდა, რის გამოც მშობელი ამჯერად შვილის ცემაზეც გადავიდა და ცოლ –შვილს ისე ურტყამდა, რომ მათ მოსანახულებლად მისული ახლობლები ვერც ლეილას სცნობდნენ და ვერც დედამისს.  იმ არასასურველ სასიძოს კი შეუთვალეს, რომ მოკლავდნენ და ამიტომ იგი იძულებული იყო დროებით საზღვარგარეთ წასულიყო. მეზობელი ქვეყნის „ოფიციალური“ სიძე–ბატონი კი უკვე აპირებდა ცოლის წასაყვანად ჩამოსვლას… ქვებით ჩაქოლვისგან არა, მაგრამ ცემით სულის ამოხდისგან თავდაცვის საშუალება დედა–შვილისთვის იყო მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი: ჰიმენოპლასტიკა.  თუმცაღა, შარიათის კანონით, თუ პატარძალი ქალწული არ აღმოჩნდებოდა, ლეილას თუ არ მოკლავდნენ, დაასახიჩრებდნენ მაინც ანდა სხეულზე რაიმე დამღას ამოუტვიფრავდნენ. გაიკითხ–გამოიკითხეს და იპოვეს გინეკოლოგი, რომელიც ამგვარ ოპერაციას ზედმიწევნით პროფესიულად აკეთებდა. ქალაქში „კუზანოვის კლინიკის“ „ოსტატების“ გარდა ამ ბიზნესით სხვებიც არიან დაკავებული. ქორწილის წინა დღეებში სასიძო ჩამოვიდა. გაიშალა მდიდრული სუფრა. ქორწილის ღამეს კი ლეილა  საავადმყოფოში მოხვდა.  მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლისა და შვილის საკაცით გაყვანის შემდეგაც კი ლეილას დედას სიხსლიანი ზეწრის შეხვევა არ დავიწყებია, რათა მეორე დღეს იმ „უხუცესი ქალების“ საბჭოსთვის ეჩვენებინა, რომელიც „მოსახდენის მოხდენას“ პატარძლის სახლში ელოდნენ. არსებული ადათით კი, თუ კაცი რწმუნდება, რომ მისი ცოლი „ხელუხლებელია“,  ზეწარზე მანაც უნდა „გახაზოს“ სისხლიანი კვალი მისივე სისხლით. ამიტომ იმ ღამეს სიძემაც გაისერა ხელი და ცოლის უბიწობის კვალის გვერდით თავისი „ავტოგრაფი“ დატოვა, იმის დასტურად, რომ ეს ქალი მისთვის მისაღებია. ასე და ამგვარად, სიკვდილამდე ცემას ლეილაც და დედამისიც გადარჩნენ. საავადმყოფოში კი გინეკოლოგს ახლობლებისთვის უთქვამს, ამდაგვარი სადისტური პენეტრაცია ჩემს ცხოვრებაში არ მინახავსო.  სასიძოს უეჭვიანია, ისეთი ლამაზია ლეილა, ქალიშვილი არ იქნებიო და ამიტომ ხელით ჩაუტარებია  „ექსპერტიზა“, მერე ხელითვე დეფლორაცია, რაც სადისტურ წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში გადაზრდილა. ლეილა რეანიმაციულ გამყოფილებაში მოხვდა შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მწვავე სისხლდენის შედეგად. როცა საავადმყოფოდან გამოწერეს,  ქმარმა იგი თავის ქვეყანაში წაიყვანა, სადაც პირველსავე დღეს „არ მორიდებია“ და სექსმუშაკები და თავისი ძველი  „ნაშები“ მოუყვანია  თავის „სასახლეში“… ლეილა ოქრო–ბრილიანტში ჩასვა, მატერიალურად „დედოფალივით“ ჰყავდა, მაგრამ მძიმე ფსიქო–სომატური ტრავმისა და გამომფიტავი დეპრესიის ნიადაგზე ლეილას მწვავე ანორექსია განუვითარდა, რის გამოც საკვების მიღება სრულად შეწყვიტა. მოგვიანებით დაფეხმძიმდა, მაგრამ ვერც მომავალი შვილის „ხათრით“ შესძლო საკვების მიღება. მხოლოდ წყალს სვამდა.  გამოსავალი ერთი იყო, რაზეც ქმარიც დაითანხმა, რომ ლეილა საქართველოში, სახლში დაბრუნებულიყო და იქ ემშობიარა. ბავშვი გაჩნდა, მაგრამ უამრავი დაავადებით, მათ შორის ფსიქიატრიული პრობლემებით. ლეილამ უარი თქვა თავის მშობლებზე, სამუდამოდ მოიკვეთა ისინი, მეგობრებისა და გულშემატკივრების დახმარებით ცალკე დაიწყო ცხოვრება… განქორწინებაზე შეიტანა (მოგვიანებით ექსმეუღლე ნერკომაფიოზობის გამო დაიჭირეს), გვარი გამოიცვალა, სარწმუნოებაც (მართლმადიდებლად მოინათლა) და იქორწინა  მის საოცნებო მამაკაცზე, რომელსაც 1 წლით ადრე არ ეყო გამბედაობა და „მეობა“, საყვარელ ქალთან ერთად გაქცეულიყო… სადმე, შორს, თუნდაც დასაკარგავში. მათი ამჟამინდელი ერთად ყოფნისთვის ლეილამ „ქალის წინადაცვეთის“ ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა, მაგრამ ამჯერად ლეილას პერსონალურ ჯოჯოხეთს მეორე სუნთქვა გაეხსნა… ოდესღაც საყვარელი მამაკაციც დაუნდობლად სცემს და „ბოზს“ უწოდებს… ლეილა ბედს შეეგუა.

კიდევ ბევრ ამდაგვარ და სხვაგვარ ისტორიებს „იტევს“ ჩვენი „მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის“ უახლოესი მონაკვეთი… განსაკუთრებით მდიდარია   პერვერსიული ეგზოტიკით გინეკოლოგებისა და ფსიქიატრ–ფსიქოლოგების „პანდორას ყუთი“, რომელიც „ქართლის ცხოვრებიდან“ ისეთ ეპიზოდებს ინახავს, რომ „დრამატურგიული სიმძაფრით“ თავისუფლად განთავსდება ვარის დირიესა და სორაია მანუტჩეჰრის ისტორიების გვერდით. თუმცა, ბუნებრივია,  არსებობს  არაექსტრემალური „ქეისებიც“. მაგალითად, როცა ქორწინებამდე სექსის შემდეგ ყოველ ჯერზე მამაკაცი ქალს ქალიშვილობის აღდგენას სთხოვდა და ამგვარად, მისი „ცოლად მოყვანა–არმოყვანით“ მანიპულირებდა (ქალს მესამე „გაკერვის“ შემდეგ სერიოზული ფსიქო–სომატური პრობლემები შეექმნა); ანდა, როცა მამაკაცი თავის „საყვარელს“, რომელსაც პირველი ქორწინების გამოცდილება ჰქონდა, მხოლოდ იმ პირობით სთავაზობდა ოჯახის შექმნას, თუ ქალი „ვიწრო წრეში, მხოლოდ ახლობლებში ქეიფით“ აღნიშნული დაოჯახების ღამისთვის საქალწულე აპკის აღდგენას სულ რაღაც ერთი ღამისთვის დასთანხმდებოდა. არადა, „შეყვარებულ წყვილს“ უკვე არაერთხელ ჰქონდა ნაგემი „აკრძალული ხილი“. მოტივი კი ძალიან ბანალური აღმოჩნდა. რათა მამაკაცს, რომელმაც  ეკლესიური ცხოვრობა დაიწყო, ჯვრისწერის შემდეგ თავი ნამდვილ, იღბლიან, მართლმადიდებელ „ღვთის ხატად“ ეგრძნო. რასაკვირველია, 800–1500 ლარიანი ოპერაციის ღირებულების გადასახდსაც „კაცის მხარე“ თავის თავზე იღებდა. პრინციპით – „ყველგან და ყველაფერში“  პირველობა – პიონერობა და თუ საძმაკაცოში ვინმე წამოაძახებდა, სახლში განათხოვარი და წარსულიანი მოიყვანეო, მას ეპასუხა, რომ ბედმა მას საოცარი ქალი არგუნა – მარადიული ქალწული. და თუ არ დაუჯერებდნენ, უკიდურეს  შემთხევევაში, „კუზანოვის კლინიკის“ ანდა „გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის“ მიერ  „შელახული ღირსების“ აღდგენის საფასურის ანგარიშ–ფაქტურას ურწმუნო თომებს ცხვირზე ააფარებდა, როგორც ბეჭედდარტყმულ დოკუმენტს.

   

  საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციის ჩატარება ქალის განივთება – გასილიკონების წარმატებულ ბიზნეს – ოფისში, რომლის  სახელწოდებაში სიტყვა „ესთეტიკაა“, როველგავრი ჰერმენევტიკული წიაღსვლების გარეშე  არის სექსიზმის ალფა და ომეგა, აპოთეოზიც და თანამედროვე ფალოცენტრული კულტურის ზუსტი და ლაკონური ისტორიაც.

                                                                            

***

  სიმონა დე ბოვუარი წერდა: „რადგანაც ქალის დანიშნულება იმაშია, რომ მას დაეუფლონ, ამიტომაც მისი სხეულისთვის ინერტულობა და პასიურობაა უნდა იყოს დამახასიათებელი.“ ქალის ღირებულებისა და სილამაზის მითოლოგიზება მისი სოციალურად, კულტურად, გნებავთ, პოლიტიკურად მიმღებლობის პირობაა. მამაკაცი, რომელსაც ცოლიც უყვარს, საყვარელიც და ბოზებში დადის, ერთგვარი  მაღალი სტატუსის, „პალაჟენიის“ დამყენებლია, ეს ძლიერისა და სუსტის, მფლობელისა და დაუფლებულის, პირველისა და მეორე სქესის, სულიერისა და უსულოს დიქოტომიაა. ეს „ნორმატიული რეჟიმი“, პირობითად, დასავლურ ცივილიზაციაში გაკულტურებულ–გაგლამურებულია, მაგალითად, ქალის „გალამაზება–სრულყოფის“ და მისი სხეულის მორთვის დაუსრულებელი ჟინით, აღმოსავლურში კი – კლიტორის მოჭრით, გაუპატიურების მსხვერპლის ჩაქოლვით ანდა სახელმწიფო სტრუქტურაში ქალიშვილობის მოწმობის აღებით, მაგალითად, პოტენციური თუ უკვე შემდგარი დედამთილის ინიციატივით.

                                                                      ***

  

1996 წელს ამერიკელმა მწერალმა, ივ ენსლერმა პიესა „ვაგინის მონოლოგები“ დაწერა, ნაწარმოები, რომელიც 200–მდე ქალის ინტერვიუერების შედეგად  შეიქმნა.  პიესა 48 ენაზე ითარგმნა და 140-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე, მათ შორის საქართველოშიც, დაიდგა. სცენაზე რამდენიმე მსახიობი ქალი მილიარდობით ქალის ცხოვრებისეულ გამოცდლებაზე საუბრობს – სიყვარულზე, სექსზე, მეძავებზე, მენსტრუაციაზე, ორგაზმზე, მასტურბაციაზე, გენიტალურ წინადაცვეთაზე, სექსუალურ ტრავმაზე, გაუპატიურებაზე (მათ შორის, ინცესტი), დეფლორაციაზე, ლესბოსურ ურთიერთობაზე, ავადმყოფობაზე, მშობიარობაზე. როგორ წესი, ბევრ ქვეყანაში „ვაგინის მონოლოგების“ პერფორმანსის შედეგად შემოსული თანხა  გოგონებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ღონისძიებებს, ანტიდისკრიმინაციულ საჯარო კამპანიებს,  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისული ცენტრების მოწყობას ხმარდება. ამგვარი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მოძრაობა V-Day ( Victory, Valentine and Vagina Day) გახლავთ, რომელიც ასევე ივ ენსლერის ინიციტივით შეიქმნა და მასში ბევრი ცნობილი ამერიკელი ქალი ჩაერთო. V-Day –იმ თავისი საქმიანობა აფრიკაშიც განავრცო, იმ რეგიონში, სადაც სექსუალური ძალადობა, სექსუალური მონობა და ქალთა წინადაცვეთა ყველაზე მეტადაა გავრცელებული და, ამავე დროს, მისი აღრიცხვიანობა მინიმალურია. ივ ენსლერის „ვაგინის მონოლოგები“ სტატიკური ტექსტი არაა. იგი იმისდა მიხედვით ივსება, თუ რა გამოწვევის წინაშე დგება თანამედროვე ქალი. 2003 წელს, მაგალითად, მწერალმა ძირითად ტექსტს ახალი მონოლოგი „ჩადრს მიღმა“ დაურთო,  რომელიც ავღანეთში ქალებზე  თალიბების რეჟიმის გავლენას აღწერს.

   საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ პატრიაქალურ ქვეყანას, ივ ენსლერისთვის არაერთი სამონოლოგო ნარატივის შესათავაზება შეუძლია. მაგალითად, „მართლმადიდებელი ვაგინა“, რომელიც აბორტის კრიმინალიზაციისკენ და მერე „ზედმეტი“ ბავშვების საპატრიაქროს ბალანსზე გადაცემის მოწოდებას უსმენს; ანდა „სტახანოველი ვაგინა“, რომელიც პატრიარქის მიერ მონათვლის მოტივით მესამე და მეტ შვილს ისახავს, მაშინ, როცა ღვთის სადიდებლად აშენებულ ტაძრებთან ყველაზე მეტი მიუსაფარი ბავშვი და მოხუცი იყრის თავს; „მენაგვე ვაგინა“, რომელიც მისი და საზოგადოების სოციალური თუ ჰუმანური შეუმდგარობის გამო ნაგავსაყრელზე გადასაგდებ ჩვილს მკერდქვეშ ატარებს; „პატარძლის ვაგინა“, რომელიც ქორწილის ღამეს „საეჭვო რეპუტაციის“ გამო პოლიციაში მიიყვანეს და დაკითხეს, ანდა „ანტიჰომოფობი/ლესბოსური ვაგინა“, რომელსაც 17 მაისს მასობრივი ლინჩის  წესის ასაგებად ტაბურეტებით წინადაცვეთას უპირებდნენ.

                                         

***

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 7 300 გოგონაა, რომელიც ადრეულ ასაკში თხოვდება და, შესაბამისად, ვერც განათლებას იღებს და ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, არათუ ეკონომიკურად დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია, არამედ, ფაქტობრივად, ქუჩაში რჩება. თინეიჯერულ ასაკში გათხოვების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი კი ისიცაა,  რომ შიმშილს ბოლო მოეღება და ამიტომაც „ზედმეტი პირის“ მოშორებით  მშობლებს შვილის გადარჩენის მოტივი ამოძრავებთ. მსოფლიოში 10 მილიონზე მეტ ბავშვს ძალით აქორწინებენ. ისეთ ქვეყნებში კი, როგორიცაა ნიგერია და ჩადი, არასწრულწლოვანი გოგონების 80 პროცენტი ქორწინდება. 50 ქვეყანაში კი ქალის ლეგალური ქორწინების ასაკი უფრო მცირეა, ვიდრე მამაკაცის, რაც გოგონების განათლებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის შეფერხების კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ადრეული ქორწინება, ფეხმძიმობა და მშობიარობა ასევე სერიოზულ სამედიცინო პრობლემებთანაა დაკავშირებული, რაც ხშირად დედათა სიკვდილიანობის გამომწვევია ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში. ასევე იმ ქვეყნებში თუ თემში, სადაც პოლიგამია არსებობს და სადაც ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც „კარგი ფერტილობა“ აქვთ, სოფლის სამეურნეო საქმიანობისთვის, მიწის დასამუშავებლად სჭირდებათ. მეტი ცოლი ოჯახში, მეტი მუშახელი, მეტი შემოსავალი და „ოჯახის თავის“ აღმატებული სტატუსი, რასაც მეტი ცოლის შერთვის უნარი მოსდევს. ზოგადად აღმოსავლურ და არა მარტო აღმოსავლურ კულტურის ქვეყნებში მშობლებს თავად უნდათ, ქალიშვილი დროზე ჩააბარონ „პატრონს“. მანამ, სანამ მის ვაგინას „პატიოსანი ვაგინისთვის“ უკადრებელი სურვილები აღეძვრება და ოჯახს „სახელს გაუტეხს“.

საქართველოში არაერთხელ გამიგია იმის თაობაზე, რომ გოგონას მშობელი ინფორმირებული იყო პოტენციური სიძის ზრახვებზე მისი შვილის მოტაცების თაობაზე, მაგრამ „ყური არ გაუპარტყუნა“. ერთხელ კი ახალსკოლადამთავრებული გოგონა საკუთარი მამის თვალწინ მოიტაცეს. მანქანაში იგი მისთვის აბსოლუტურად უცნობმა კაცმა ჩატენა. დასავლეთის ქვეყნებში კრიმინალად აღიარებულ Kidnepping–ს (ადამიანის გადატაცება) მშობელი შორიახლო  მშვიდად უყურებდა…. რადგან სიძის ოჯახს “კაისახელიან”  ოჯახად იცნობდა. „კაცის მხარე“, ამ მხრივ, „100 პროცენტით მოგვარებული იყო“. ახლა კი მთავარი იყო „თაფლობის თვის“ პირველსავე ღამეს  გოგონას ვაგინას გვარ–ჯილაგი  არ შეერცხვინა და იმ ღამესვე სასიძოს სასიმამროს კართან იმავე მანქანიდან არ გადმოესვა უკანდაბრუნებული დაწუნებული ვაგინა, რა მანქანითაც რამდენიმე საათით ადრე ასეთი ძალისხმევით „ბედნიერებისკენ“  მიაქროლებდა.

  საქართველოში არაერთი ვარის დირიეს ცხოვრობს, ასე ვთქვათ, წინადაცვეთის ქართული „შერბილებული“ ინტერპრეტაციით. ორი ათეული წლის წინ 25 წლის ერთადერთი შვილისთვის დედამ 13 წლის გოგონა ნანი ბ. ოჯახის ახლობელი მამაკაცების საშუალებით მოიტაცა. ვაჟს არ უნდოდა არავის მოტაცება და საერთოდაც, ჯერ ცოლის შერთვას არ აპირებდა, ჰყავდა საყვარელი, რომელთანაც დადიოდა. მაგრამ იცოდა, რომ მის ცოლად მოყვანას მშობლები არ დასთანხმდებოდნენ. დედიკო–მამიკოსგან კი ჭიპლარის გაწყვეტის არც საშუალება ჰქონდა და არც სურვილი. დედამისს კი სადღაც უნახავს მდედრობითი სქესის ბავშვი, ტანად მოწონებია, კაი საჯიშე შვილიშვილებს გაგვიჩენსო და მეზობლებსაც თვალები „დაეფსებათო“. საცოლეს „ქმრის“ ოჯახში, დედამთილთან ეძინა მანამ, სანამ მენსტრუაცია არ მოუვიდა. „მისასალმებელია“, რომ ოჯახი ასეთი  „პროგრესული“ აღმოჩნდა.

2010 წელს იემენში 13 წლის გოგონა ორჯერ უფროს მამაკაცს მიჰყიდეს.  საქორწინო ღამის მეოთხე დღეს იგი ინტერნალური სისხლჩაქცევების გამო გარდაიცვალა. ქართულ „ვერსიაში“  კი ნანის დედამ სასიძოს დედას საქმის ეს ინტიმური ვითარება  დროზე გააცნო…  კაცი კი… ამ დროს უქმად არ კარგავდა, დემონსტრატიულად „პუტანკებში გულაობდა“ და იმ ქალთან ვიზიტებსაც მოუხშირა, რომელთან სტუმრობა ოფიცილაური ცოლის შერთვის შემდეგაც არ შეუწყვეტია. „მომწიფდა“ თუ არა  „საჯიშე“ ობიექტი, იგი მდორედ, დედამთილის საძინებლიდან ქმრის „ლუდოვიკო სპალნაში“ გადააბარგეს. თუმცა ორ ადამიანს შორის „სიყვარულისა და სექსის მეტაფიზიკა“ ვერ შედგა…  კაცმა ორი შვილი „გააკეთა“, მაგრამ პარალელურ რეჟიმში სხვა ქალთანაც იგივე საქმით იყო დაკავებული. მერე, ბნელი და ცივი 90–იანების დასასრულს ნანის ქმარი „კაიფში გაიპარა“ და ცოლის პირადი ცხოვრების ნევროზ–დეპრესიასაც ბოლო მოეღო. ეს ქალი კი ამჟამად დიდი ხანია საზღვარგარეთაა და მატერიალურად ეხმარება არა მარტო  თავისიანებს, არამედ სიმსივნით დაავადებულ დედამთილსაც, რომელსაც თავის გამაუბედურებლად თვლის, მაგრამ მაინც  ეცოდება. ამბობს, პატრონი არა ჰყავსო, მაინც ჩემი შვილების ბებიააო. და ცდილობს თავისი ცოდვები გამოისყიდოს. ცოდვა იმისა, რომ ქალია და ვაგინა აქვს. ხან მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის „გამგეობას“ რეგულარულად უგზავნის თანხას და სხვებსაც აგიტიაციას უწევს; ხან მარხულობს, ეკლესიურად ცხოვრობს, მოძღვარს თავის ცოდვებს აბარებს, მათ შორის იმ „ცოდვასაც“, რომ დღემდე ვერ აპატია ვერც თავის ოჯახს, ვერც ქმრის ოჯახს მისი „გაყიდვა“ და ვერც საკუთარ თავს, რომ  ძალა არ ეყო და არ წამოვიდა…. სადმე, შორს, დასაკარგავში. იმ შემთხვევაშიც კი,  თუ მისი მშობლები „უძღებ შვილს“ უკან არ მიიღებდნენ. და იმ „ცოდვას“ ინანიებს, რომ „ერთ მშვენიერ დღეს“ შვებით ამოისუნთქა, როცა დაქვრივდა და კიდევ და კიდევ  იმ „ცოდვასაც“, რომ ვაგინა აქვს და ამიტომაც ქალია. მას თავში ჩაუბეჭდეს, რომ ქალი მამაკაცზე უფრო ცოდვილია… და რომ არა მისი სქესი, არავინ უბრძანებდა პირველი ოვულაციის დადგომა უცნობი კაცის (მომავალი თანამეცხერდე) მშობლისთვის ოპერატიულად ეცნობებინა. 

„გარეთ“ კი … ტელევიზორში  კარდაშიანების ოჯახის მდარე შოუს არაფრისმთქმელი პერსონები  (აშშ–ში იგი ყველაზე დაბალრეიტინგულ სანახაობადაა აღიარებული. თუმცა იგი ქართულმა ტელევიზიამ მაინც შეისყიდა)  და ქართველი ცნობადი სახე ნიკუშა შენგელაია. იგი ქართველი „სელებრითია“, რომელიც ერთხელ ორ ქალ ჟურნალისტთან ტელეგადაცემის პირდაპირ ეთერში შამპანურითა და ორი ფუჟერით გამოცხადდა და ასე, ამგვარად, „სამოვართან“ შეკრებილი სამი ექსპერტი სილამაზის კონკურსის „შესანიშნაობის“ ფონზე აღმოცენებულ  ახალ  ქართულ მეობაზე ფილოსიფიურად მსჯელობდა… თუ როგორ  შეუძლია ქალს კონკურსში გამარჯვების შემდეგ იღბლიანად გათხოვდეს (იგულისხმება მდიდარი და წარმატებული მამაკაცი) და წვივების სიგრძის პირდაპირპროპორციულად რეპრეზენტირდეს… სადღეგრძელოს ავტორი კი ერთ–ერთის  (ეკა ხოფერიას) აღნაგობას  ხოტბას ასხამდა, ნანობდა, რომ ეს ქალი სილამაზის კონკურსში არ მონაწილეობდა, რადგანაც ნამდვილად გაიმარჯვებდა და როგორი აფსუსია, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა… „თამადა“ ამ სტილში აგრძელებდა თავის „საჯარო  ინტელექტუალურ–პურიტანულ პორნოგრაფიას“, მერე კი დაისხა და მეორე ჟურნალისტთან, ინგა გრიგოლიასთან ერთად დალია, მაგრამ  თავისი „ტანო ტატანოს“ ობიექტი  უსასმელოდ დატოვა. ჭიქა ხომ მხოლოდ ორი იყო…

                                                                      ***

  რამდენიმე ხნის წინ აშშ–ში გამოაშკარავეს პორნოინდუსტრიისა და პედოფილიის ქსელი, რომლის საქმიანობაში სამი წლის გოგონაც კი იყო  ჩართული და რომლის თავკაციც საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობდა. პედოფილურ – პორნო – ტრეფიკინგული ქსელების გამოაშკარავება საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ გამოძიებას საჭიროებს, თუმცა ცხადია ერთი რამ:  არასრულწლოვანი გოგონების (ვაჟების) შიშველი სხეულისა და უწიფარი სექსუალობით მანიპულირების პრაქტიკას ბევრი მყიდველ–დამთვალიერებელი ჰყავს და „ბაზრის ამ მოთხოვნას“ საკმაოდ დიდი ფულიც მოაქვს…

                                                                         ***

  სქესობრივ ნიშანზე დაფუძნებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ლოგიკა და მისი სხეულებრივი რეალური (ჰიმენოპლასტიკა) თუ  მეტაფორული ნიშნები ( ძველი – ახალი აღთქმის ანდა სხვა რელიგიურ – იდეოლოგიური „ქარაგმები“), როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, დღეს ნაციონალური გენდერის რეესთეტიზაციის პროცესს განიცდიან – აიფონ–აიპედიანი სტუდენტი ბიჭები, რომლებსაც ცოლად ქალწულები უნდათ, სექსტექსტინგობენ, მაგრამ შეყვარებულისა და საცოლის ტერმინებს ერთმანეთისაგან მიჯნავენ. საცოლეს ქორწინებამდე „ამას არ შეჰკადრებენ“, „გელფრენდს“, რომელსაც „საცოლედ არ უყურებენ“ – კი. და „ქინდლიანი“ გოგონები, რომლებიც აიფედიდან ინეტში შედიან და „კუზანოვის კლინიკის“ მისამართს გუგლავენ. თუ რა უნდა დაუპირისპირდეს ამ მიზოგინურ ადგილობრივ თუ გლობალურ ეპიდემიას, პასუხი, ისევე როგორც თავად კითხვა, ძალიან ბანალურია – კანონი, განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი და ყოველდღიურად საკუთარი უფლებების დაცვა.

როცა ამას ვამბობ, ჩემი ნათესავი მახსენდება, რომელიც ერთმა „ყმაწვილმა“ წინა საუკუნის 80-იანებისა და 90–იანების გასაყარზე ექვსჯერ მოიტაცა. მათ შორის, ბოლოს ერთ–ერთ  შორებელ სოფელში ბებიასთან სტუმრად წასულიც კი. ამ ჯერზე  „ქალი დანებდა“… და მხოლოდ ამის მერე, ორთვიანი ერთჭერქვეშ ცხოვრების განმავლობაში გამოცდილი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური შეუთავსებლობის შემდეგ, ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს… არც ერთხელ ქალის ოჯახს ქართული გენდერული რეალპოლიტიკის გამო სამართლადამცავებისთვის არ მიუმართავს. რადგანაც „ობიექტის“ ვაგინა ხელუხლებელი რჩებოდა და, შესაბამისადაც, ქმედება „დანაშაულის ნიშნებს“ არ შეიცავდა. ბუნებრივია, არც მსხვერპლს მოაფიქრდა, რომ ეს „გასეირნებები“ წამებად და არადამიანურ მოპყრობად აღექვა. აი, მეექვსედ კი ამ სიყვარულის გასაჩივრებს აზრი არ ჰქონდაო, რადგან „კოკა გატყდაო“. კაცს დღეს ოჯახი ჰყავს და კარიერა აქვს, ქალს კი – არა. კაცი დღეს საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენია და პოლიტიკას „ეწევა“. ქალი სახლში ჩაიკეტა, მოგვიანებით კი საბერძნეთს მიაშურა,  შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა, რათა თავის ძმისშვილებს დახმარებოდა და მათი სწავლა–განათლება დაეფინანსებია.

2007 წელს იემენში 8 წლის გოგონა, რომელიც ცოლად ოთხჯერ მასზე უფროსს უნდა მოეყვანა, სასამართლოში მივიდა, საქმროს უჩივლა და მოსამართლეს ქორწინების გაუქმება მოსთხოვა.  ამას წინათ კი ინტერნეტით  11 წლის იემენელი გოგონას მიმართვა გავრცელდა, სადაც იგი  ძალდატანებით ქორწინების მიუღებლოებაზე საუბრობს და იმუქრება, რომ უწინამც  თავს მოიკლავს, ვიდრე ამ კაცს ცოლად გაჰყვება. როგორც გაირკვა, ინციდენტი ბავშვის სასარგებლოდ ამოიწურა .

2009 წლის დასწყისში რადიო „ბიბისის“ საიტზე გაჩნდა 11 წლის პაკისტანელი მოსწავლის,  მალალა იუსუფზაის ბლოგი, რომელშიც იგი თალიბების რეჟიმის დროს მისი ცხოვრების, თალიბების დანდევნის პროცესისა და  გოგონათა და ქალთა განათლების აუცილებლობის შესახებ წერდა (დღეისათვის მსოფლიოში 60 მილიონამდე ბავშვი სკოლაში არ დადის). 2012 წლის 9 ოქტომბერს თალიბების ჯგუფი თავს დაესხა ავტობუსს, რომლითაც ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ერთ–ერთმა თალიბმა მალალას თავსა და კისერში ესროლა. ტყვიებმა მალალას გვერდით მსხდომი გოგონებიც დაჭრა. მალალა გადარჩა და მკურნალობის კურსი ბრიტანეთში გაიარა. ამა წლის 12 ივლისს კი, თავის დაბადების დღეზე მალალამ, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, ნიუ იორკში გაეროს ტრიბუნიდან ასე მიმართა მსოფლიოს: „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ საწერ კალამს, ერთ წიგნს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. ტერორისტებს ეგონათ, რომ შეცვლიდნენ ჩემს მიზანს და შეაჩერებდნენ ჩემს ამბიციებს, მაგრამ არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში, გარდა ამისა: სისუსტე, შიში და უიმედობა მოკვდა. სიძლიერე, ძალაუფლება და სიმამაცე დაიბადა”.