ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ვალერია, ედუარდი და დეჰუმანიზირებულები

29.07.2014 | 3349 |
ვალერია,  ედუარდი და დეჰუმანიზირებულები

“მე მინდა ვიყო როგორც ბარბი. ბოზებს ყველაფერი აქვთ.”
წარწერა მაისურზე

ერთ დღეს ერთ–ერთი ქართული ტელევიზიის გადაცემაში სექსოლოგი მამაკაცი ეთერიდან ქართველ ქალებს მოძღვრავდა ფეხმძიმობის დროს როგორ უნდა დაეკმაყოფილებინათ თავიანთი ქმრები. ბუნებრივია, – ამბობდა იგი ღიმილნარევი და საქმის ექსპრეტის თავდაჯერებულობით – ქალს, რომელიც ბავშვს ელოდება, ხშირად ლიბიდო უქვეითდება, მაგრამ თუ ქმრის სურვილს არ აჰყვება და მის დაკმაყოფილებას ვერ შესძლებს, კაცი, რასაკვირველია, “სხვა ქალებში” (სიტყვის “ბოზები” ევფემიზმი) გაივლის და მერე ეს ქალი ქმრის ღალატში (თუმცა ზოგიერთ კულტურებში “ბოზებში გავლა” ღალატად არ მოიაზრება) საკუთარი თავის გარდა ნურავის დაადანაშაულებსო; კაცია, ბოლოს და ბოლოსო, რა ქნას (რა უქნას “იმას”) საწყალმაო. არავინ სტუდიაში მყოფთაგან ამ “ბიოლოგიურ ჭეშმარიტებას” ოპონირება არ გაუწია, რადგანაც სქემა ისეთივე “ძველი და ცხადი” იყო, როგორადაც “მარტივი” ასახსნელია “სექსგიგანტი” მამრის მომხიბვლელობა სექსისთვის მოუხერხებელ, მუცელგამობერილ, “გასიებულ” მდედრთან შედარებით. მერე რა რომ ქალი ახალ სიცოცხლეს ატარებს. ეს სულაც არაა “საპატიო მიზეზი” მისი “უვარგისობის” ასახსნელად. ისევე როგორც ამართლებენ კაცს, რომელსაც თავისი კბილა, ხუთჯერნამშობიარებ – ოცდასამნააბორტალი, საშინაო საქმეებში ჩაფლული, გაჭაღარავებული, გადაღლილი, ორ–სამ ქრონიკულ დაავადებიანი, მენოპაუზიანი ცოლი აღარ მოსწონს/ არ იზიდავს, თუმცაღა “სოციუმი” მამაკაცის ჯანმრთელობისადმი თუ “ტანის ლერწამოვნებისადმი” ნაკლებპრეტენზიულია, ვიდრე – ქალის. ისევ და ისევ მარტივი მცნების დამოწმებით – “ქალი თუ ხარ, ქალს უნდა დაემსგავსო”. ეს ნიშნავს: “თავს თუ არ მოუარე” (სპორტი, პარფიუმერია, პლასტიკური ქირურგია, დიეტა, ჩაცმა, რომელიც, შესაძლებლია, ისევ ქმრის/კაცის დასაფინასნებელია. ოჯახში შრომა, დიასახლისობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომად არ ითვლება, შესაბამისად, დიასახლისობა ანაზღაურებად პროფესიად არ მოიაზრება), თუ კაცს მასზე ოცდაათი წლით უმცროსისკენ გაექცა თვალი და ისედაც მისი “ყავარჯენდასაჭიროებული” ლიბიდო, ეგ ჩრდილოვანი “მამაკაცური აქტივიზმი” ისევ ცოლს დაბრალდება. მიზეზი: “ქალი – ჯარისკაცი” უნივერსალურ მისიას – “მუდმივბარბობას” კარგად ვერ ასრულებს და ზოგადად ქალისადმი წარდგენილ კულტურულ თუ სხეულებრივ–ესთეტიკურ მოლოდინებს უცრუებს. როგორც წესი, ეს კონსტრუქტი იმგვარ “აბსოლუტშია” აყვანილი, რომ ხშირად თინეიჯერულ ასაკს დიდი ხანია გადაცილებული ცოლის ბარძაყების გარშემოწერილობის დასახელებისას, როგორც წესი, ცოლის არასაკმარისი სექსუალური მიმზიდველობისგან დაზარალებული მამაკაცის ორივე სქესის გულითად გულშემატკივართა შორის ამ საკითხის გარშემო “დისკუსია” არაორაზროვანი თავის გადაქნევით მთავრდება რეფრენით – “მაშინ ჰო, მაშინ ჰო”… თუ ვინმე გამონაკლისის (როგორც წესი, ამ საუბარში კაცის ღირსება მხოლოდ მის მიერ Y ქრომოსომის ფლობა სახელდება) სახით კაცის “პლუსებით” დაინტერესდა, როგორც წესი, იქ კაცის წელის გარშემოწერილობასა ანდა 15 წამში ასმეტრიან სპრინტზე ოლიმპიური ჩემპიონისდარად დაძლევის უნარის ქონა/არქონა არ ახსენდებათ. არამედ მხოლოდ კაცის თანამდებობრივი მდგომარეობა (თუნდაც წარსულში), საბანკო ანგარიშის სიდიდე (თუნდაც წარსულში), ბიზნეს–მარიფათი (თუნდაც წარსულში) ანდა “ჯეელობისდროინდელი” დონ ჟუანობა, შესაბამისად, მისი უაპელაციო მომხიბვლელობა, “სექსაპილობა”, შესაბამისად პოპულარობა, შესაბამისად გოგონებზე შთაბეჭდილების მომხდენი ბიცეფსის გარშემოწერილობა და პირველად სასკოლო კლასში თუ სამეზობლოში “ადიდასის ბოტასების” მფლობელობა. თუ თინეიჯერობისას ან მოგვიანებით მამამისის შავი “გაზ 24” ბევრჯერ დაუმტვრევია (მათ შორის, გოგონას მოტაცებისას, რაც მის მიმართ რომანტიკული ლიბიდოს ტემპერატურას ზრდის), ეს უფრო ავითარებს ყმაწვილის განსაკუთრებულოების შეგრძნებას და თუკი ძველი ბიჭიც იყო, რაღაც პერიოდი “წამალზე შემჯდარი” და თან უბნის “კონფლიქტოლოგი”, ახლა კი მარხვის პედანტურად დამცველი, ეს მის სოციალურ სტატუსს ორ–სამჯერ ამაღლებს პრესტიჟულ უბანში (თბილისში ვერა–ვაკე) ცხოვრებისა და ასევე პრესტიჟული ინივერსიტეტის დიპლომთან ერთად. რაც შეეხება “Sugar Baby”–ს, რომელიც ფულიან–რესპექტაბელურ “Suger Daddy”–ს (ორივე ტერმინი ექსკორტის, საპროსტიტუციო საიტების, “მასაჟის სალონების” თუ სხვა ამგავრი სერვისების/ინეტფეიჯების საკვანძო სიტყვები) სწავლის, მოგზაურობის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ ტანსაცმლის ბრენდების შეძენის დასაფინანსებლად დაეძებს. სამწუხაროდ, ტრივიალურია, როცა ქალებიც ამართლებენ ამგვარ “ადიულტერს”, რაც მხოლოდ ქალების ქალთა მიმართ არაჰუმანურობის ფენომენის (Woman’s Inhumanity to Woman) არსეობას შეიძლება მივაწეროთ. მაგრამ თუ Suger Daddy–ს ცოლმა, უკვე შვილიშვილიანმა ქალმა “განზე გაიხედა” და მითუმეტეს მასზე უმცროსს “დაადგა თვალი”, მაშინვე ალაპარაკდებიან მის ჯერ კიდევ “ქალიშვილობის პერიოდისდროინდელ” საეჭვო რეპუტაციაზე; გაუხსენებენ 19 წლის წინათ ივნისის თვის რომელიღაც შაბათ დღეს აივანზე სარეცხის არასწორად განთავსების წესს, გაფენილი საცვლების არასათანადო სითეთრესა და 25 წლის წინათ გამომცხვარ ხაჭაპურში ყველის უმნიშვნელო დეფიციტსაც. დამოკიდებულების – Woman’s Inhumanity to Woman –ის მრავალგვარი ახსნა არსებობს, მათ შორის კომპენსაციით (Sugar Baby ოდესმე თავადაც გახდება მენოპაუზიანი), რაციოცნალიზაცია – თავდაცვით, სოლიდარობის დეფიციტით, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა სხვა დროისთვის გადავდოთ.
იმავე ტელევიზიის ერთ–ერთი საინფორმაციო გადაცემის დროს კი მარიხუანის დეკრიმინალიზაცია – ლეგელიზაციის არგუმენტირებისას და მარიხუანის მომხმარებლის სისხლის სამართლებრივი დევნის გაპროტესტების დროს საპატიმრო ვადების შედარებისას დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის საზღაურად თავისუფლების აღკვეთის შედარებით მცირე ვადა დაასახალეს, თუმცა არც არავის დაუკონკრეტებია და არც არასდროს გაკეთებულა მცირედშემეცნებითი ტელეგადაცემა (სტატიას, როგორც ჩანს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგანაც პრესას, მრავალგზის დიპლომირებულთა მიუხედავად, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი კითხულობს) იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს სამედიცინო კრიმინალისტიკა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახალნამშობიარები ქალის (რომელიც მშობიარობის შემდეგ ახალშობილს კლავს) მდგომარეობას, როცა მისი ფსიქო–სომატური სტატუსი მშობიარობოდან 24 საათის განმავლობაში შეურაცხადად შეიძლება შეფასდეს. არავის აინტერესებს ამ მკვლელობის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, არავინ იწყებს წიაღსვლებს თუ რატომაა შესაძლებელი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქალმა, მარტომ, ბნელ სადარბაზოში ანდა ნაგავთსაყრელზე იმშობიაროს ანდა, თუნდაც, შენობაში ისე, რომ მის გვერდით მეორე ადამიანი (ექიმი, ექთანი, ახლობელი, დამხმარე) არ იმყოფებოდეს და როგორაა შესაძლებელი ქალი მალავდეს თავის ფეხმძიმობას ისევე, როგორც მკვლელი – მკვლელობის იარაღს…
სამშენებლო კომპანია “ჯითიჯის” პრომორეკლამაში ვხედავთ მშვიდ ქმარს სადილობისას, რომელიც, როგორც ჩანს, ოჯახში უპირობო უფროსია, ქალს შენიშვნას აძლევს კერძის მომზადებისა და სარეცხის ნორმალურად გარეცხვის უუნარობაში. ის მშვიდია, და მხოლოდ ამ კომპანიის აშენებული ბინების კომფორტის აურა უშლის ხელს ცოლს “ადეკვატურად მოეპყროს”. არადა, რომელიღაც მოკონკურენტო “დეველოპერის” აშენებულში ხომ ცხადია, რომ “ოჯახის თავი” ცოლს შესაბამისი სიტყვებით მიუჩენდა მის “კუთვნილ ადილს; მამაკაცი შვილ გოგონასაც სჯის, იტერნეტს უთიშავს, მაგრამ ღიმილიანი სახით. ყველა ბედნიერია, რადგანაც, როგორც ჩანს, ოჯახური ფუნქციები სწორადაა გადანაწილებული. საწმენდი საშუალება “დომესტოსი” “ჯითიჯის” ბედნიერი ქალის სახის ჩვენებაში არ ჩამორჩება და ამბობს: “დომესტოსი” მადლობას უხდის ქართველ ქალბატონებს ასეთი შეფასებისთვის”. ეკრანზე სამი, როგორც ჩანს, სხვადასხვა თაობის ქალის ფოტო ჩნდება, რადგანაც საწმენდი საშუალების ნამდვილი ფასი მხოლოდ წმენდის ექსპერტებს – ქალებს ესმით – ბებიიდან ვიდრე შვილიშვილამდე. “თიბისი ბანკის” ფულადი გზვანილების რეკლამა კი გვამცნობს, რომ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საშოვარზე წასული დედისგან (რომელიც ოჯახსაც, სახელმწიფოსაც და ბანკსაც ინახავს) გამოგზავნილი თანხა დროზე აიღო, ამ ბანკით უნდა ისარგებლო. არაყი Nemiroff– ის “პრომო” გვაჯერებს, რომ ნამდვილი მამაკაცები ორჯერ არ იმეორებენ და, საერთოდაც, ქართული ლუდის რეკლამის ისტორიას ვინმე ასი წლის შემდეგ თუ გადახედავს, დაასკვნის, რომ ლუდი საქართველოში მხოლოდ მამაკაცებს უყვართ, ხოლო განტვირთვა და მხიარულება მხოლოდ წმინდა “კაცურ სასტავშია” შესაძლებელი, განსაკუთრებით ფეხბურთის ყურებისას. ქალი კი ზედმეტია. ამიტომაცაა, რომ კაცებს ყველაზე “კარგი დასვენება” მაშინ გამოუდით, როცა მარტონი არიან და როცა საოჯახო როლის “სისხლხორცეულად გამცნობიერებული” ცოლი შვილებითურთ სადღაცაა (სოფელში, ზღვაზე, საზღავრგარეთ დასასვენებლად და ა.შ.) გაშვებული. რაც უფრო შორს, მით უკეთესი…
ღვინო “ბადაგონის” რეკლამისას სოფიკო ჭიაურელი ამობდა: “თუ სწორად მახსოვს, კარგი კაცი სულ უნდა მუშაობდეს, ქალები უნდა უყვარდეს და ღვინოში უნდა ერკვეოდეს”. რეკლამას ახლავს სუბტიტრები იტალიურ ენაზე და იტალიურად მოსაუბრე მამაკაცი მფლობელის თუ თანამფლობელის ღიმილი; ქალთა მიმართ სიყვარულის ხსენებისას სავარძლებში მარაოიანი და უმარაო, გაშეშებული მოდელები ჩნებიან; ღვინის უპირობო ზეციური სტატუს – ქვოს დასადასტურებლად კი სარეკლამო რგოლის ფინალისკენ – ეკლესია და მის თაღქვშ ჩამოკრული ზარია. ღვინის კომპანია “ნანის ვენახების” რეკლამისას ნანი ბრეგვაძე ახალ წელს მამაკაცი ქალებში რომ უნდა გაერთოს იმას გვახსენებს, თუმცა საკვანძო სიტყვათშეთახმება იმის თაობაზე, რომ კარგ ქალს “კაცები უნდა უყვარდეს” და “ღვინოში უნდა ერკვეოდეს” არ ისმის… თბილისში “ნანის ვენახების” დიდი სარეკლამო ბანერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცირკის მარჯვენა მხარეს ეკიდა, იქვე, სადაც ქალაქის მამრობითი და მდედრობითი სქესის სექსმუშაკები თავს იყრიდნენ. აგერ “ელიტელექტრონიქსმაც” დესტრუქციული ქმედებების (რეკლამაში “ელიტელექტრონიქსის” წარმომადგენელი მყიდველის სახლში საქონლის მიტანისას პატრონის თვალწინ ძველ ტექნიკას უროთი ამტვრევდა) შემდეგ “სექსუალური პოზიტივი” შემოიტანა: ქალი მანქანის საბარგულში ჩაკვეხებული საგნების მეწინავეა, საქარე მინასაა მიკრული და შესაბამისად მას საბარგულიდან “ხმარობენ” ისე, როგორც ეს ნაყიდ ტოსტერს ეკადრება, ოღონდ ფრიქციების იმიტაციით. ქალი აქ ძალიან უხერხულ, მინაზე მიჭყლეტილ პოზაშია, რამაც, როგორც ჩანს რეკლამის შემქმნელების აზრით, რეკლამა სახალისო უნდა გახადოს.
საქართველოს “პირველი მოქალაქის” და შეთავსებით მილიარდერის შვილის ბერას ტელევიზიის GDS (Georgian Dream Studio) პრომო კი გვიჩვენებს უფრო თამამ “პროდუქტს”, ვიდრე “ქალიშვილებზე მონადირე” ბერას “ჰიპ–ჰოპ ვალსია” (სადაც სასირცხო ადგილზე მოსმით მაყურებლისთვის ცხადი უნდა იყოს ვინაა “პირველი”): ვხედავთ ორი ქალის საჯდომზე ტყაპუნს, თან ისე, რომ სტუდიურ გარემოში ქალის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, ჩამწვიკვირევებული მამაკაცებით, მარჯვნივ წამყვანით, ცენტრში “დრამერითა” და ქართული ხალხური მუსიკით. გადაცემამ “ბინა18″ მოგვიანებით თავისი ულტრასიყვითლე დააკომპენსირა” და ამჯერად ჯინსებჩაუხდელი მამაკაცების დუნდულობის ხმა მოგვასმენინა, ოღონდ ბუნების წიაღში, ექპრომტად. ისღა აკლიათ ქართველ შოუმენებს, რომ “ცოცხების სკანდალის” მსხვერპლთა ვიზუალთან და “შიშველ ტრაკთან” რამენაირად ასოცირდნენ. ტელევიზია “ტაბულა” კი კულინარული გადაცემის რეკლამირებისას ქალის სხეულს საკვების, სუშის განლაგების “სექსუალურ ლანგრად” იყენებს, თუმცა აზრად არავის მოსდის, რომ იგივე “მიზანსცენა” მამაკაცის სხეულით გაითამაშოს. მიზეზი: ქალის სხეულის განივთება უფრო ადვილი და ნაცადი ხერხია.
მახსოვს, როცა ცნიბილი უფლებადამცველი, დისიდენტი, ბოლშევიკ–ნეობოლშევიკებისა და “სავოკებთან” უკომპრომისო მებრძოლი ქალის ვალერია ნოვოდვორსკაიას “ძირს დაცემა” უნდოდათ, როგორც წესი (ამერიკულ–რუსული რადიოს ეთერი, ინეტი სავსეა მის მიმართ სექსუალურად დამამცირებელი კომენტარებით), მის მიერ გაცხადებულ სექსით დაუინტერესებლობა და კითხვა “все еще девственница?” ყველაზე აქტუალური “კონტრარგუმენტი” იყო ამ ადამიანის ანტისოვეტიზმის, ანტიპუტინიზმისა და სამოქალაქო აქტივიზმის ოპონირებისას. ჰო, ქალი შეუძლებელია ასეთი იყოს. მაგალითად კონდოლიზა რაისივით, რომლის ბოიფრენდის/ქმრის შესახებ არაფერია ცნობილი. სხვაგვარად იგი “ნაკლოვანი, არასრულფასოვანი, “უვარგისია” (თუმცა აქაც არსებობს გრადაცია – ფეხმძიმე, მაგრამ სექსისარმსურველი ქალი სხვა კატეგორიის “გამოუსადეგარს” მიეკუთვნება) და თუ ფიზიკურად ბარბის ნიშან–წყალი არა აქვს და თან თუ მხოლოდ პოლიტიკური (კარიერული თუ სხვა) პოზიციონირებაა მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი, ეს იმდენად “არაქალურ–არაფიზიოლოგიურია”, თან როცა ამას საჯაროდ აცხადებს, რომ “ნორმალური ქალის” იდენტობას, როლს, სტატუსსა და პატრიარქალური წყობის რეჟიმს ეწინააღმდეგება, შესაბამისად – ნაკლებად აღსანიშნავია მისი სხეულის, ასე ვთქვათ, გარდაცვალება, ვიდრე მაგალითად, სტილიზირებული ალა მერილინ მონროების/ ოდრი ჰეპბერნების ანდა სილამაზის კონკურსის გამარჯვებულების.
სექსისტურ კულტურებში “ბოზებში სიარული” ვაჟიშვილის “კაცობაში” ინდოქტრინიზაციის/ინიციაციის ინსტრუმენტია, მაგრამ ქალიშვილმა “გათხოვებამდე” ქალობის “ინიციაცია” არ უნდა გაიაროს, მაგალითად, პროსტიტუტ მამაკაცებში, ანდა უკიდურეს შემთხვევაში – მხოლოდ მომავალ მეუღლესათან. თუმცა იმის შიშით, რომ მას ცოლად საქმრო მაინც არ მოიყვანს, რადგან “პატიოსან ოჯახში” წესიერების დრეს–კოდის დამრღვევი არავის უნდა”, სამაგიეროდ “ლაგამამოდებული” კაზანოვას მიმართ სულ სხვაგვარი სოციალურ–კულტურული მიმართება არსებობს. სოციალური კონტრაქტის საფუძველი, რომელსაც “საზოგადოებრივი აზრი”, პოპ კულტურა, პოპმედია, ძალადობრივი კულტურა ცალ – ცალკე კაცსა და ქალთან დებს, იმთავითვე განპირობებულია იმ სექსუალური პოლიტიკებით, რომელიც კონკრეტულ კულტურას “ოდითგანვე” მოსდევს და ჩვენდა სავალალოდ, ამ პოლიტიკების გამტარებელები და ადეპტები ძალიან ხშირად სწორედ ქალები არიან, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში თავად ხდებიან იმ Rude Boy -ის (უხეში ბიჭი) მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი, ვისაც შეყვარებული თვალებით უყურებენ და უმღერიან:
“Come here rude boy, boy, can you get it up?
Come here rude boy, boy, is you big enough?
Take it, take it, baby, baby
Take it, take it, love me, love me.”
Rihanna, “Rude Boy”, 2010
***


სწორედ ასე იბადება თანამედროვე სექსიზმის გენეოლოგია – ტრადიციული კონსტრუქტებთან შეუწინააღმდეგებლობით, დუმილით, ინდიფერენტულობოთ, ახლომხედველობით… იმითაც, როცა გადაცემის პირველ ნაწილში პოლიტიკაზე სასაუბროდ მხოლოდ მამაკაცებს იწვევენ, მეორეში კი – ოჯახში ძალადობის ლეტალური სტატისტიკის განსახილველად და ზოგადად ნაცემ ცოლებზე სასაუბროდ – მხოლოდ ქალებს. რადგანაც აქაც მედიური აუდიო – ვიზუალური იმიჯი “ძველი და ცხადია”: მამაკაცები – პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში, ქალები – სამზარეულოში, საძინებლებელსა და ეკლესიაში (ანდა “რეზერვისტებში”/”პარტიზანებში”.) ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბათლერი ირონიით აღნიშნავდა: “საზრისის კონსტრუირების პროცესი იმას ითხოვს, რომ ქალები ასახავდნენ მამაკაცების ძალას. ისინიც რეალობის ამ ძალის არსებობას ყველგან ადასტურებდნენ, ამავე ძალის ილუზორულ დამოუკიდებლობაშიც კი”. სხვა სიტყვებით, ქალის (ქალის მეორეხარისხოვნების) გარეშე არ არსებობს კაცური ძალა (ძალის იმთავითვე ილუზორულობას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს), ძალაუფლება, კაცის პირველხარისხოვნება და სწორედ ამ სქემის სიმარტივე განსაზღვრავს სექსუალური/კულტურული/სოციალური/რელიგიური პოლიტიკების სიცოცხლისუნარიანობას. ეს უკანასკნელი კი პატრიარქალური სისტემის მუდმივკვალწამორმოებადი ფუნდამენტია. სოციალურ ქსელში თამარ ივერის “ფეკალურ”, ჰომოფობიურ განცხადებას, სამწუხაროდ, არანაკლებ დესტრუქციული “შლეიფი” მოჰყვა, როცა ადამიანები ამ ქალის საწინააღმდეგოდ მის ფიზიკურ მონაცემებს, სცენებს საქორწინო სუფრიდან და ქმრის გონებაშეზრულობას ასახელებდნენ. თუმცა ზუსტად იმავე პერიოდში, ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი, საპრეზიენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსის, პარლამენტარის დავით საგანელიძის საჯაროდ გაცხადებულ ჰომოფიბიას არ მოჰყოლია არც მისი “რეისიდან მოხსნა”, როცა ეს უკანასკნელი პარიზსა და სტრასბურგში, იმ ქვეყნის ქალაქებში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა, სადაც სექსუალური უმცირესობები გადაწყვეტილების მიმღებ სტურქტურებში მუშაობენ. არავის გაუმახვილებია ყურადღება არც ამ კაცის საჯდომის სიდიდეზე, არც თავის თუ ტუჩის ფორმასა და მასზე გაცილებით უმცროსი ცოლის მენტალობაზე. და თუ საგანელიძე ჰომოფობიურ გამოხდომას რამენაირად თავის ცოლს გადააბრალებდა, ამას დიდი აღშფოთება არ მოჰყვებოდა, რადგანაც “კაცს/ქმარს ნებისმიერ ასაკში უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე ქალს/ცოლს”. შესაბამისად, რაც ეპატიება ქალს, ის კაცს არ ეპატიება. იგულისმება ქალის “ყველასათვის ცნობილი” “ქარაფშუტობა, ისტერიულობა და ირაციონალურობა”.
***
დღევანდელი ვიზუალური იმიჯები ტელეგადაცემა “პროფილითა” თუ “ნანუკას შოუთი”, “ქალური ლოგიკით” თუ “ტოპგოგოთი” და ტელევიზია GDS –ის პრომოთი ბათლერისეული რეპრესიის სტრუქტურის კლასიკური მაგალითია, ერთგვარი ჰეტეროსექსუალური მატრიცა, რომელიც გამორიცხავს “მართლმადიდებლურ კულტურაში” ქართული ხალხური მუსიკის ფონზე მამაკაცის ტიტველ საჯდომებზე მამაკაცი “დრამერის” რიტმულ ტყაპუნს. არა იმიტომ, რომ ამგავრი კომპოზციის შედეგად ქალის საჯდომის “საუნდთან” შედარებით სამუსიკო ჰარმონიის ნაკლოვანებაა მოსალოდნელი, არამედ იმის გამო, რომ ძალაუფლების რეჟიმი ვერ იტანს პირველხარისხოვნის “წაკუზვას”. “ჩვენი დროის რაინდის”, ლევან ვასაძის თქმის არ იყოს, ამგვარი პოზა კაცის დუნდულებზე “აბობღების” პერსპეტქტივას ანუ სოდომ – გომორას მოახლოვებას მიანიშნებს. ჰეტეროსექსუალური ყოველთვის უნდა იყოს ჰომოსექსუალური ქარაგმების/ პრაქტიკების/იმიჯების ოპოზიცია, რათა თავისი “მე” შემოსაზღვროს, ფალოცენტრულმა რეპრესიამ თავისი ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს და დარჩეს ფიზიკურ – ფსიქიკურის მბრძანებელი. ზუსტად იმ მიზეზით რის გამოც ევროვიზიაზე (2014) კონსრევატორთა დიდმა ჯგუფებმა ავსტრიელ, წვერებიან კონჩიტა ვურსტს (თომას ნიუვითი, ტრანსვესისტის იმიჯი) ევროვიზიის მთავარი პრიზი არ აპატიეს, თუმცაღა იგივე ევროვიზიაზე (2007) უკრაინელი “ვერკა სრედიუჩკას” (ანდრეი დანილკო, ქალის იმიჯი) სრულიად მისაღები იყო, ისევე როგორც ოსკაროსანი ფილმის “ტუტსის” მთავარი გმირის ქალად ტრანსფორმირება მისაღებია და ეს მამაკაცის სამსახიობო ნიჭის უპირობო აღიარებაა. თუმცა მსოფლიოს კინემატროგრაფში ძალიან ძნელად თუ მოიძებნება ქალი პერსონაჟი, რომელიც, საოციუმის აზრით, მამაკაცის ფიზიკურ იმიჯს წარმატებით ირგებს. ქალს არ ეპატიება გაკაცება, რადგანაც ჰეტეროსექსუალი კაცის იდენტობის ამგვარი დაცინვა, ირონია, შარჟი და მასკარადი–კლოუნადა “დაუკრეფავში გადასვლაა”. კაცზე მორგებული ქალის “ატრიბუტიკა” კი “სასაცილოა” – დიდი მკერდი, ძალიან მუქად შეღებილი თვალები, ხელოვნური წამწამები, მოკლე კაბაში გამოჩენილი “კაცური”, თმიანი, დაკუნთული ფეხები და ძალდატანებით ფემინური მანერულობა. მაგრამ ქალს კაცად გადაქცევა არ ეპატიება, ეს ნებადაურთავი გამოწვევაა, მითუმეტეს, როცა კონჩიტას იმიჯი (თუნდაც სასცენო) ქალისა და კაცის ხატებს მეტ–ნაკლები თანაბარი წილით ტრანსგენდერის ხატად აერთიანებს. კაცი ქალური ხმით, მოდელის წონის, დიდი ზომის მკერდის გარეშე და … წვერებიანი, რომელიც მასკარადულს ხდის ამ კაცურ/ ქალურის დიქოტომიას, მიუღებელია მეინსტრიმული კულტურისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს იმაზეც მიგვანიშნებს, რომ კულტურა/პოპკულტურა, რომელიც პატრიარქატის ფუნდამენეტს აცემენტებს, თავად შეიძლება გახდეს მისი დამსაფლავებელიც, თუნდაც დასასრულის დასაწყისში პირველი ბზარის გაჩენის ტრიგერი.
პატრირქატის ძალა, რომელიც, ბუნებრივია, ვლინდება არა მხოლოდ სოციალური თუ სექსუალური პოლიტიკების რეპრეზენტაციაში (მაია წყნეთელს მამაკაცად გადაცმა დასჭირდა, რათა თანასწორად ეღიარებინათ), არამედ, ალბათ, ყველაზე მეტად მითებისა და სტერეოტიპების კვლავწარმოებაში, რადგანაც იგი სწორედ მითწარმოების შესუსტებაში ხედავს მისი კვარცხლბეკიდან გადმოგდების ყველაზე დიდ საშიშროებას – მაგალითად, ძლიერი კაცურობის, უცილობელ ძველი ატრიბუტის (წვერ – ულვაშის) არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში… ულვაში საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში სინდის – ნამუსისა და “შემოდგომის აზნაურთა” ბეჩაობის სიმბოლოც იყო, ისევე როგორც სასულიერო პირების საიმიჯო ატრიბუტი იყო და არის. წვერი/ბეწვი, როგორც მხოლოდ კაცურობის არტეფაქტი, ქალის შეურაცხყოფისთვისაც/ კომპრომატისთვის შეიძლება გამოიყენო. მაგალითად, საზმაუწყებლის ერთ–ერთ გადაცემაში, რომელიც, წესით, ცხოველთა დაცვას უნდა მიძღვნოდა, მაგრამ ჩვევად ქცეულ უსაგნო დავის შემდეგ ოპონირების “საშუალებად”, მაგალითად, ასეთი ფრაზით გახდა: “თუ ბეწვი (იგულისმებოდა ნატურალური ბეწვეულის ქურქის მოყვარული და ბიზნესის მფლობელი ქალი) გიყვართ, მაშინ ეპილაციას რატომ იკეთებთო”. “ბინა18″–ის პროგრამა, ცხადია, ქართველი კონჩიტას გარეშე ასევე ვერ ჩაივლიდა. გადაცემას თან ახლდა წლევანდელი ევროვიზიის ქართველი მონაწილე ქალის (რომელიც კონკურსს მუსიკალურ ჯგუფ ‘შინთან” ერთად საწყის ეტაპზევე გამოეთიშა), სრულიად ყალბი, “ოვერდოზირებული”, შიშ–სიხარულნარევი წივილ–კივილი და ხტუნვა სტუდიაში “წვერებიანი ქალის” (ქართველი კაცის) დანახვაზე. რასაკვირველია, “შინის” სიმღერაც შესაბამისი იყო – “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”.
ბათლერს გენდერული პაროდიის მაგალითად ტრანსვესტიზმი მოჰყავდა და ამბობდა: “გენდერის იმიტირებისას, ტრასნვესტიზმი ამხელს თავად გენდერის იმიტაციურ სტრუქტურებს. ჰეტეროსექსუალობის თანმხვედრი კანონის მაგივრად ჩვენ ვხედავთ სქესისა და გენდერის დენატურალიზაციას პერფორმანსის საშუალებით, რომელიც აღიარებს მათ განსხვავებულობას, ახდენს მათი შეთითხნილი ერთიანობის მექანიზმის დრამატიზებას”. სხვა სიტყვებით, ფემინურობისამი და მასკულინობისადმი სოციუმის (პოლიტიკის, ეკონომკური და სხვა სისტემების) დამოკიდებულება ეს არის ან იმიტაციის ფორმების შეხამება ანდა ამ ფორმების ძიება. ქართულ რეალობაში ნებისმიერი ამდაგვარი მცდელობა საზოგადოების ელიტად ინსტიტუციონალიზირებული მორალისტი “რაინდებისა და მანდილოსნების” (ეკლესია, მრევლი, პოლიტიკური აქტორები და ა.შ.), თუ მორალიზმის იმიტატორების მხრიდან ამ აქტუალური თემის სოდომ–გომოროზაციას იწვევს და იმთავითვე საკითხისადმი სერიოზული, აკადემიური დამოკიდებულების მოთხოვნას ნიველირებს.
როცა პატრიარქალურ საზოგადოებაში ადამიანი დამარცხებულ საფეხბურთო გუნდს გაუპატიურებულ ქალს ადარებენ, ხოლო გამარჯვებულს – მოძალადე კაცს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, ვინც “ცუდად იქცევა” და საერთოდ გენდერულად თუ სამართლებრივად ნაკლოვანია (მაგალითად, ღამით მოკლე კაბაში დადის ანდა ციხის პატიმარია, ანდა ქვეყნის იმიჯის შემლახავი და ფანების მოლოდინის გამწბილებელი საფეხბურთო გუნდია) დასჯის, შესაბამისად ბრუტალური ძალადობის – სექსულაური ძალადობის ღირსიცაა, თუნდაც ვერბალურად. ძალოვან სტრუქტურებში, მაგალითად, ციხეში, როგორც წესი, სექსუალური მოძალადეები პატიმრების, თანასაკნელების მიერ თავად ისჯებიან სექსუალური ძალადობით ან სიკვდილით (აქ ის ქვეყნებიც იგულისხმება, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია). თუმცა მათი დამსჯელები მოძალადეებად არ ითვლებიან, არამედ პირიქით – “სოციუმის სანიტრებად”. ანდა როცა სერიული მკვლელების სამიზნე მოკლული სექსმუშაკი ქალებისდმი დამოკიდებულება განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რაც ვთქვათ, საზოგადოებას ექნებოდა, დიასახლისების სერიულ მკვლელობასთან მიმართებით. ანდა როცა არაქალიშვილს (იგივე დამოკიდებულებაა სექს–მუშაკებთნ დაკავშირებით) აუპატიურებენ ძალადობრივი კულტურა ყაბულსაა თვალი დახუჭოს ამგვარ ქმედებაზე, მიჩქმალოს, ვერ და არ შეამჩნიოს, “გაატაროს”, თუმცა ქალიშვილის გაუპატიურება მიუღებელია. ამავე დროს მისაღებია თუ მოტაცებულ ქალს ცოლად მოყვანის მიზნით აუპატიურებენ (“გაუპტიურების კულტურის” თაობაზე იხილიეთ ჩემი სტატია  http://blogs.netgazeti.ge/GE/blogs/blog_25/31751 / ). ამ მხრივ, საინტერესოა ცნობილი ამერიკელი კარიკატურისტისა და კოლუმნისტის ჯ.დ. ქროუვის კარიკატურა, რომელშიც პატიმარ, წვერიან გამხდარ მამაკაცს, სექსუალურ მოძალადეს ქალის დეკოლტირებული, თეთრი სამეჯლისო კაბა აცვია, გარშემო კი მუსკულებიან–დასვირნგებული ზორბა მამაკაცები დგანან, რომელთაგან ერთ–ერთი “ქალს” საცეკვაოდ ეპატიჟება. კარიკატურას (2005) ასე ჰქვია: “სექსუალური სახის დანაშაულის ჩამდენი ციხეში სამეჯლისო კაბით უნდა გაუშვა”. კაბა, ამ შემთხვევაში, როგორც ქალის სამოსი, დაკნინებისა და შეურაცხყოფის “პროცედურის” უფრო გაადვილების საშუალებადაა წარმოდგენილი. ამ ქმედების შესრულების პირველ ეტაპზე კი პატიმრის სქესის/გენდერის შეცვლა უნდა მოხდეს, რათა დასჯა სოციალურად მისაღები (აქ მხოლოდ საპატიმროს გარემო არ იგულისხმება) და უფრო “ლეგიტიმური” გახდეს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაძალებით სექსი, სექსუალური მაძიებლობა (ორივე სქესის მიმართ) თუ გაუპატიურება ომის დროს თანამედროვე ცივილიზაციაში მიუღებელი გახდა სწორედ ფემინიზმის განვითარებისა და ფემისტების სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად, როგორი სიტყვებით, მეტაფორებითაც არ უნდა ამკობდნენ ქალის ლეჩაქს კლასიკოსები და გივი სიხარულიძე.
“ვაი, შაგირცხვეს კაცობა,
მკვეხარავ, გულით ჯაბანო!
დაჰხურეთ ქალის ჩიქილა,
დაჰფარე, მიწის საბანო!”
ვაჟა
***


ტექნოკრატული ეპოქის ჰეტეროსექსიზმის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება “პატარა გოგონების”, უფრო სწორად, ჰეტეროსექსისტების სანატრელი და საყვარელი თოჯინა “ბარბის” ისტორია, რომელსაც 2014 წელს დაბადებიდან 55 წელი შეუსრულდა. დისპოპორციულად დიდმკრედიანი, ქერათმიანი, ცოსფერთვალება, ვიწროწელა, ასანთის სითხელის ბარძაყ-წვივიანი და “სადოლე” დუნდულებიანი თოჯინა ხან სამზარეულოშია, ხან საწოლ ოთახში და ხან “შოპინგზე”. ამერიკული კომპანიის Mattel, Inc –ის წარმოებული “პროდუქტი”, რომლის იმიჯი მაჩოისტური ბაზრის მარკეტინგული გათვლა გახლდათ, დიდი ხნის განმავლობაში “ქალის ქალს დამსგავსების” იდეოლოგიის პრომოუტერი და პლასტიკური ქირურგიაზე დიდი მოთხოვნის სტიმულატორი გახდა. გოგონებს/ ქალებს უნდოდათ ბარბის დამსგავსებოდნენ, კაცებს უნდოდათ (ან იმიტირებდნენ, რომ უნდოათ) ბარბი ჰყოლოდათ გვერდით, რადგანაც კაცი იმით ფასობს თუ როგორი ავტომანქანა და ქალი ჰყავს/აქვს. ქართულ ტელეგადაცემაში “პროფილი” ქართველი “წოპეს ცხვირიანი” კაცი – სელებრითი აუდიოტორიას უხსნის, როგორი 24/7 მიმზიდველ – მომხობვლელ – მოვლილი, სექსუალური ტემპერამენტის პატრონი უნდა იყოს ქალი, რომ ქმარი მასთან დარჩეს და საერთოდ “რა კომლექსავიკები არიან ეს ქართველი გოგონები”. ამ დროს კი არაბარბული წონის ქალი მას კვერს “კარგი კაცის შენარჩუნება ძნელიას” გამეორებით უკრავს და ამაყობს, რომ სანამ მისი ქმარი “სარეცელს მასთან იყოფდა, მას ცოლისთვის არ უღალატია” (ციტატა) და ეთანხმება, რომ “მახინჯ ქალს არავინ აეკიდება”, ხოლო ასეთმა მაგარმა ბიჭმა (როგორც ეს პლასტიკური ქირურგიის კლინტია), ცოლი მხოლოდ მაშინ უნდა მოიყვანოს, როცა “ყველა დირკას მოისტუმრებს ანუ როცა დაიღლება” (ციტატა). გადაცემის წამყვანმა არ დაახანა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტული მამაკაცის ღირსება ისაცაა, რომ მას “ნახევარი თბილისი თავზე ახტება”, თუმცა ქალის დასახასიათებლად, ბუნებრივია, სააზროვნო ფუნქციის მატარებელი სიტყვა “თავი” არავის გახსენდებიათ და დიდი ვარაუდით “ხალხოსნური” გამონათქვამი “ათას ყ@ – ზე გადამხტარიც” წამოცდებოდათ. იქ, სადაც კაცია, სიტყვის “თავი” ხსენება ბუნებრივია, სადაც ქალია – “ევფემიზმი” “დირკა” კონტექსტუალურია.
***
მითები სილამაზეზე და სექსგიგანტობაზე პოლიტკური მითებია, რომელიც უპირველესად ადამიანის არსის ნორმატიულ ჩარჩოებს ადგენს და ისევ და ისევ “მეორე სქესის” რეპრესირების იარაღად გამოიყენება. “ძლიერი კაცები” ირჩევენ “უნივერსალური სილამაზის” ქალებს, რომლებიც ამგვარ კაცებს “ფუტკრებივით” ესევიან. 1830 წლიდან დღემდე (თუ, მაგალითად, თვალს აშშ–ისა და ევროპის ისტორიას გავადევნებთ) ქალის მიერ თავისი უფლებებისთვის ბრძოლასა და ამ ბრძოლის მონაპოვარს (განათლების უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რეპროდუქციული უფლებები, სექსუალური უფლებები და ა.შ,) მასკულინური ძალისგან ქალის რეპრესირების ახალი ტალღა მოჰყვებოდა ხოლმე და აუცილებლად ახლდა “ქალის ფიზიკურობის”, “ქალის აზოვნების”, “ქალის ქცევის” ახალი სტანდარტების შემოღება/ დაკანონება, რომელიც, რამდენადაც ერთი შეხედევით პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, ქალთა გარკვეული ჯგუფებში სრულ მხარდაჭერას პოულობდა. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ჟურნალების Hustler/Playboy ანდა ჰოლივუდის პროდუქციის “ჩარლის ანგელოზებისა” და “ბიონიკური ქალის” პოპულარულობა. კაცი ყოველთვის “მაიმუნზე უფრო ლამაზი” უნდა ყოფილიყო, ქალის ინდივიდულიზმი კი – არაღიარებული, ხოლო თუ ქალი კაცის ტოლად ანდა უფრო მეტად იმუშავებდა და მიზანსწრაფული იქნებოდა (თუნდაც კაცთან შედარებით ცუდი სასტარტო პირობებით), მისი “ქცევის კოდექსისადმი” ყოველთვის ცალსახად უფრო მკაცრი კრიტერიუმები წესდებოდა. მას მამაკაცზე უფრო ნაკლები ხელფასი ჰქონდა, როგორ მაღალსტრესულ სამსახურშიც არ უნდა ემუშავა.
დამანგრეველი კოლექტიური ილუზიები, რომელიც გენდერული/პოლიტიკური მითების გარშემო ინკორპორირდება, სხვა არაფერია თუ არა კვლავ და კვლავ ქალის გაკონტროლების, მისი რეპრესირების სტრატეგია, რომელიც განსაკუთრებით ახლაა შესამჩნევი, როცა გლობალიზაციის/ემანსიპაციის საშუალებით უფრო და უფრო მეტი ქალია ჩაბმული ისეთ სფეროებში, რომელსაც ადრე “მამაკაცურს” უწოდებდნენ. და ყველაზე კარგად ეს, ალბათ, ფემინისტურ მოძრაობას უწყის, როცა ტირაჟირებული სიცრუე: “ფემინისტებში მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც პირადი ცხოვრება არ აეწყო, ცუდი ცოლი/დედაა, მახინჯია, კაცი ვერ იგემა/ ვერ შეირგო, ლესბოსელია (როგორც წესი, ეს ქალის ნაკლად მოიაზრება) და მისთანანი” ყველაზე მოთხოვნადი პოსტულატია, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად რელიგიაც და პორნოგრაფიაც იყენებს. ქალის პროფესიაა “დამჯერე, ლამაზი, ჯანსაღი ფერტილობის” იყოს, კაცებში მისი აზროვნება, შეხედულებები და მოდუსი შიშს არ იწვევდეს. უფრო მარტივად, ქალი კაცს არ უნდა აკომპლექსებდეს (არ უნდა “კასტრირებდეს”). და თუ აკომპლექსებს, ეს კვლავ ქალის ბრალია. თუ თვალს გავადევნებთ მოდის ინდუსტრიის პარამეტრებს, თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ანდა ბრუტალური პორნოს პოპულარობას, აშკარაა პირდაპირპროპორციული ურთიერთმიმართება – რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ქალი საჯარო სარბიელზე, “ბარბის” უფრო მეტ სექსუალური გათოჯინებას, არარეალურ სუბსტანციად გადაქცევა და მის მიმართ ვირტუალურ სამყაროში რეპრეზენტირებული უხამსი პორნო – ძალადობა წამოიწევს წინ: ქალის წელის კიდევ უფრო დაწვრილების, მუცლის კუნთების უფრო მეტად ხერხემალზე მიკვრის, მკერდის ამაღლების თუ წვივის დაგრძელების მინიშნებითა და “სადოლედ” გამოსადეგი დუნდულებზე “თავისუფალი ბაზრის/შოუ ბიზნესის” მოთხოვნით. ქალს უნდა შთააგონო, რომ იგი სხეულის რომელიღაც ნაწილში დეფექტურია, შესაბამისად, იგი ასე უფრო უკეთესად აფასებს თავის თავს მუშტრის თვალით; ასე უფრო იგრძნობს თავის არასრულფასოვნებასა და ამგავრად უფრო ადვილად დაემორჩილება მანიპულაციებს. განსაკუთრებით როცა სილამაზე დატოლებულია ახალგაზრდობასთან და, როგორც შედეგი, აბსოლუტურად ირაციონალური დიეტომანია, სხეულის გადაკეთების/ბოტოქსიზაციის “ობსესია”, მუდმივად ბრალეულობის განცდა წონის მომატების ანდა “არასათანადო” ზომის შარვლის გამო. როცა მწარმოებელმა კომპანიამ აფრო–ამერიკული “ბარბის” პროდუცირება დაიწყო, მაშინაც კი არ შეცვალეს მისი სახის ნაკვთები, რათა კომპანიას თავისი ბრენდის ნიშან–თვისებები არ დაეკარგა. ამგვარ მეინსტრიმს ისიც ემატება, რომ ისეთ ძირძველ პატრიარქალურ და კვლავ საბჭოურ საზოგადოებაში, როგორიც ქართულია, სადაც პოლიტიკური კრიტიციზმის (აქ გენდერული კრიტიციზმიც იგულისხმება) არათუ ტრადიციას წლების განმავლობაში ვერა და ვერ ჩაეყარა საფუძველი, არამედ საჯარო დისკუსია, როგორც წესი, პრო–მმკ–ისა და ანტი–მმკ–ის (“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”) თუ საპარლამენტო უმრავლესობა–უმცირესობის მომხრეთა ურაპატრიოტული კოპროლალიით სრულდება, რთულია ანბანური ჭეშმარიტებების ახსნას ოდნავ მაინც გასცდე. ეს ორმაგად რთულია ისეთ პირობებში, როცა ქალები თავისი ნებით იშიშვლებენ უკანალებს, პორნოპროდუქციაში ოცი კაცის მიერ გაუპატიურების ნატურალისტურ ფილმებში მონაწილეობენ ანდა ქმრის მიერ არა მარტო სხვა ქალის, არამედ თავად ცემის სამიზნედ ყოფნას ამართლებენ  (  https://www.youtube.com/watch?v=nZANw1tn1X   ), თუმცა წარმოუდგენლად მიაჩნიათ ქალმა მოძალადეს “ხურდა” დაუბრუნოს.
სილამაზის გლამურულ – სალონურ სტანდარტებზე, იდეალური ქალის გარეგნობასა და ქალის იდეალურ სექსუალობაზე პატრიარქალური მოთხოვნის დეტონაციებმა შვა XX-XXI საუკუნის ქალის გარეგნობის “ახალი ბრენდი”– ქალი, რომელიც ბარბის ზომებს სრულად თუ არ აკმაყოფილებს, მაგრამ საჯაროდ თუ პრივატულად ცდა არ უნდა დააკლოს როგორმე ბარბის ანალოგი გახდეს. საქართველოში ერთ–ერთი ოლიგარქის ტელევიზიამაც თავის ქალ ჟურნალისტს “შეუკვეთა” და დაუფინანსა კიდეც ტუჩების სილიკონიზირება. ალბათ, იმისთვის, რომ მის ბაგეებთაგან გარდმოსული ინფომაციისთვის უფრო მეტი დამაჯერებლობა შეემატებინა; თუმცაღა მელოტ მამაკაც ჟურნალისტს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თმის ტრანსპლანტაციას პროფესიული სანდოობის გასაუმჯობესებლად არ მოსთხოვდა.
ბარბის არსებობის ისტორიის მანძილზე თინეიჯერი თუ ამ ასაკზე უფროსი გოგონებისა და ქალების შეპყრობილობის ჯანმრთლებისთვის ზიანის მიყენების შესახებ ჯანდაცვის სპეცალისტები სამეცნიერო წრეებში და პოპულარულ მედიაში მსჯელობენ. მაგალითად, ჰელსინკის უნივერსიტეტის ცენტრალურმა საავადმყოფომ კვლევიც კი ჩაატარა და ცხიმის ის პროცენტაჟიც გამოთვალა, რომელიც ბარბის აკლია და რომელიც მენსტრუაციის არსებობისთვის აუცილებელია. წლიდან წლამდე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისა და უპირველესად ფემინისტების ლობირებით იცვლებოდა ბარბის წელის ზომა, რადგანაც მოზარდები/მოზრდილები თვითწამების ფორმას, პერმანენტულ შიმშილს არჩევდნენ, რათა 17 წლის გოგონას 9 წლის ბავშვის შარვლის ზომა მორგებოდა. მერე, როცა თოჯინა აალაპარაკეს, მისი ბაგეებში ისეთი ფრაზები ჩადეს, როგორიცაა “როდის წავალთ საყიდლებზე?” და “მათემატიკა რა რთული საგანი ყოფილა”. და სწორედ 1881 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის “ამერიკის უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის” (AAUW) პროტესტის დამსახურებაა ის, რომ ამ მოლაპარაკე ბარბისერიის პროდუქტის მინიმალური რაოდენობა გაიყიდა, ეს ფრაზები კი თოჯინას სამეტყველო რეპერტუარიდან საერთოდ ამოიღეს, ხოლო ამ პროდუქტის მწარმოებელმა Mattel, Inc –მა უკვე ნაყიდი თოჯინების მფლობელებს ბარბის გამოცვლა შესთავაზა. სწორედ ფემინისტების დამსახურებაა ის, რომ კოსმეტიკის თუ ჰიგიენური პროდუქციის კომპანიებმა (Pantene, Dove, Always და სხვამ   https://www.youtube.com/watch?v=XjJQBjWYDTs  ) თავიანთ ნარატივში ისეთი გზავნილები ჩართეს, რომელთა აზრი ამგვარი ფრაზით დაჯამდება: “იარლიყებს შენი განივთების უფლება არ მისცე”, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცაღა ზღვაში წვეთიც არაა პორნოგრაფიის ულიმიტო და ყოვლისმომცველი პოპულარობის ფონზე, როცა სექსის იმიჯები არასრულწლოვნთა მეხსიერებაში სწორედ Hard Porno -ს სახით აღიბეჭდება. ამით იგი შორს სცდება მხოლოდ მასკულინური გეტოს საზღვრებს და ადამიანის ლამის გლობალური, ყოვლის მომცველი დეჰუმანიზაციის მასობრივ იარაღად – სექსიზმის კონცეპტუალურ “ხელობად” გადაიქცევა.
ჰეტეროპორნოსაიტები მომხმარებელს სთავაზობს ქალებს (როგორც წესი, ლგბტ პორნო ანალოგიური დიდი სპექტრის “კრეატიულობის” მიმწოდებელი არაა) ფიზიკური მონაცემების, ასაკის, პროფესიის, რასის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, მაზოხიზმ–სადიზმისა და ინცესტის “ამტანიანობის” მიხედვით. გარდა ამისა დიდი ხანია არსებობს არასრულწლოვანი გოგონების (ფხიზელ–არაფხიზელ მდგომარეობაში) გაუპატიურებისა და ცხოველებთან ქალების “რომანტიკული ურთიერთობების” (მინდა მჯეროდეს, რომ ეს “სიუჟეტები” ფოტო–ვიდეოშოპირებულია) დოკუმენტური და ამავე დროს ანიმაციური ფილმებიც, სადაც ბარბის გარეგნობის თინეიჯერებს/ ქალებს “ეუფლებიან” მონსტრები, გოძილები, მარტორქები თუ მუმიები თავიანთი გიგანტური პერპეტუმ მობილე “ავლა – დიდების” მეშვეობით. ამ საიტებზე შესვლა არასრულწლოვანთათავის პრობლემას არ წარმოდგენს და, როგორც წესი, ამგვარი ვიდეორგოლების ყურება უფასოა. ქალის ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის და, რასაკვირველია, კაცისთვის (კაცის დეჰუმანიზაცია) ზიანის მომტანი ამგვარი იმიჯები შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ადამიანებს მათ ინდივიდუალურ ეროტიულობას/ სექსუალურობასა და ინტიმურობის განცდას ჰპარავენ, არამედ წარმოადგენენ წმინდა სომატური (ფსიქოლოგიურსა და სოციალურზე აღარ ვსაუბრობ) ცვლილებების აგენტებსაც. სპეციალისტები პორნოსაიტებზე მიჯაჭვებულობის, ლიბიდოსა და პოტენციის ურთიერთკავშირის გარდა ასევე აღნიშნავენ თავის ტვინის ბაზალური ბირთვის, კერძოდ კი ე.წ. ზოლიანი სხეულის ზომის შემცირებას ანდა თანდაყოლილ სიმცირეს პორნოგრაფიის ყურების პარალელურად (ჟურნალი JAVA Psychiatry. კვლევა ბერლინის მაქს პლანკისა და ჩარიტი უნივერსიტეტებში, 2014). კვლევამ, რომელშიც სამოცდაოთხი პრაქტიკულად ჯანმრთელი მამაკაცი მონაწილეობდა, აჩვენა ზოლიანი ხსეულის დაპატარავების კავშირი პორნოგრაფიული იმიჯების ყურების შედეგად/პარალელურად. თუმცა საბოლოოდ მეცნიერებმა კვლევის შედეგად კატეგორიული დასკვნა მაინც არ გააკეთეს და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვეს ეს საკითხი: ნორმალურ ზომაზე მცირე ზოლიანი სხეული განაპირობებს პორნომიჯაჭვებულობას თუ პორნოგრაფიის ყურება განაპირობებს ტვინის ნორმალური ფუნქციის დარღვევას. შეგახსენებთ, რომ “ზოლიანი სხეული” თავის ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის მოტორულ აქტივობაზე, მის გაკონტროლებაზე. ამავე დროს მას “მოტივაციისა და დაჯილდოვების” ცენტრსაც უწოდებენ.
ჰოლანდიაში გრონინგენის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა (2014), რომელშიც ამჯერად ოცი პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალი მონაწილეობდა. მათ პორნოგრაფიულ იმიჯებს უჩვენებდნენ. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ჩატარებული კვლევის შედეგი კი ასეთი იყო: ქალებში უცხო გამღიზიანებელზე (პორნოიმიჯები, ასევე სექსუალური სცენები პროტაგონისტთა სახეების ჩვენების გარეშე, ასევე ე.წ. ნეიტრალური სცენები – პენეტრაციის გარეშე) ფიზიკური მიუღებლობის ისეთივე რეაქცია ვითარდებოდა, როგორც ეს პირღებინების დროს ხდება. კვლევის ხელმძღვანელმა ეს ქალის სხეულის დაცვითი რეაქციით ახსნა – ქალთა უფრო მაღალი მგრძნობელობით სექსუალური სახის ვულგარიზმისადმი, ვიდრე – კაცებში.
პორნოგფარია მიუღებელია იმიტომ, იგი ტირაჟირებს და ამყარებს ცრურწმენებს, თითქოს ქალებს უნდათ, რომ მათ ტკივილი მიაყენონ, გააუპატიურონ, სექსი დააძალონ, სცემონ, დაასახიჩრონ, დაამცირონ, გაანივთონ, უთავმოყვარეო, უსულო, უგულო და უტვინო არსებებად წარმოადგინონ; თითქოს ქალებს ძალადობა თვითრეალიზაციისთვის და ბედნიერებისთვის სჭირდებათ. პორნოგრაფია მიუღებელია იმიტომ, რომ იგი ტირაჟირებს და ამყარებს ცრურწმენას, თითქოს კაცებს უნდათ, რომ ქალებს ტკივილი მიაყენონ, გააუპტიურონ, სექსი დააძალონ, დაასახიჩრონ, დაამცირონ, გაანივთონ, უთავმოყვარეო, უსულო, უგულო და უტვინო არსებებად წარმოადგინონ; თითქოს კაცებს ძალადობა თვითრეალიზაციისთვის და ბედნიერებისთვის სჭირდებათ. პორნოგრაფია ძალადობს ორივე სქესის ბავშვებზე და მოხუცებზე. შესაბამისად: პორნოგრაფიის და პორნოინდუსტრიის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მიზოგინიისა და მიზანდრიის არსებობის გარეშე.
***

“ახალგაზრდა მწვანეების” აქცია სექსისტური სლოგანით “დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ” დიდად არ განსხვავდება ჭიხურა–ბურსას საფეხბურთო მატჩის “გმირი” ქართველი ფეხბურთელის ალა ბერა/ ჯექსონის მაჩო – ჟესტისგან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის სახის “წარბებიან დუნდულა კუნთებთან” შედარებისგან ანდა ქურქების მოყვარული ბიზნესვუმენისთვის “ეპილაციის სიყვარულის” შეხსენება. ადამიანის ინტიმური ადგილების “კომოდიფიკაცია”, ამის ნიადაგზე აბუჩად აგდება, როგორ ნათელ იდეასაც არ უნდა ემსახურებოდეს ამგვარი “კრეატივი”, დღევანდელ ულტრაფალოცენტრულ რეალობაში, როცა, მაგალითად, საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში, კახეთში გახშირებული გაუპატიურების ფაქტებზე უხამსი ხუმრობები სიხარულს იწვევს, პოლიტიკური/გენდერული გავლენებით ვაჭრობის, პერფორმირებული/ვერბალური ვენდეტასა და სილიკონიზირებული “ჭუჭუების” /სილიკონიზირებული მკერდის დატოლების გარდა, “უხილავ” ორლესილ სამართებელისდარ საფრხესაც მოიცავს. სექსუალური ბულინგი სხვა არაფერია თუ არა ტრადიციული სექსუალური პოლიტიკების სიმყარის ხაზგასმა და ისევ და ისევ თანასწორობის იდეის ნიველირება, რომელსაც ფემინიზმი ებრძვის. მათ შორის, ებრძვის შენიღბულ პატერნალისტური სექსიზმსაც. ამის ნათელი მაგალითია “მწვანეთა” ანტიჯიპური სლოგანი, არადა, ცნობისთვის ქალებმა დიდი ხნის წინ ავტომანქანის მართვის უფლება მოიპოვეს, მათ შორის, საქართველოში. ქალები დიდ ჯიპებსაც ატარებენ (თუ რასავირველია, “ახალგაზრდა მწვანეებს” ამგვარი მოვლენა სადმე შეუმჩნევიათ). მაგრამ, ალბათ, მათ “ჯენტლმენურად” ეხამუშათ ქალის სასქესო ორგანოს ხსენება, რადგანაც იმავე პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა ვიდეორგოლით დაგმეს და შესაბამისად, შეეშინდათ, რომ “ჭუჭუს” “ვიზავის” ხსენება მათი სექსიზმში დადანაშაულების საბაბი არ გამხდარიყო.
***
ამა წლის ივლისის თვეში საქართველოსთვის ორი აქტუალური ადამიანი გარდაიცვალა: რუსი დისიდენტი, დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ნონკონფორმისტი და საბჭოთა ინტელიგენციურ აზროვნებასთან დაუღალავი მებრძოლი ქალი ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც საქართველოში ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მარტო ჩავიდა, რათა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლბისთვის მხარი დაეჭირა; რომელიც ჯაბა იოსელიანმა თვთმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ციხეში წაიყვანა, მაგრამ მას არც ჯაბასი შეეშინდა, არც ციხის, ხოლო “ნიჭიერ რომანისტსა და საზოგადო მოღვაწეს” საქმე “კაცურად გაურჩია”. იგი რუსეთში, სამედიცინო დაწესებულებაში “ჩველებირივი” უყურადღებობის გამო დაიღუპა. ორ მეზობელ “ერთმორწმუნე” ქვეყანაში ვალერია ნოვოდვოსრკაიას პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიის გამო ხან “ბერბიჭა ქალად” (შესაბამისად არასრულფასოვან ქალად) მოიხსენიეს, ხან “ასავალ–დასავალის” ჩვეული ტერმინოლოგიით დაახასიათეს. სამაგიეროდ, ზუსტად იმავე პერიოდში სამაგრელოში ქალების გამაუპატიურებელი “მხედრიონის” (ქალი – მხედრიონელები, როგორც წესი, ყვითელი მედიის ხშირი სტუმრები არიან) თანამეინახე, კაგებეს ოფიცერ, მამაკაც ედუარდ შევარდნაძეს, რომლის კორუფციულმა მმართველობამ ქვეყანა განუკითხაობისა და უსასოობის ჭაობში ჩაითრია წარსულისა და აწმყოს, საერთაშორისო და ლოკალური აჩრდილები/სელებრითები პატივს ისე მიაგებდნენ, როგორც “მსოფლიო დონის პოლიტიკოსს”; მისი სიდიდის დასტურად კი “ამხელა ქვეყნის” ანუ სსრკ–ის (სტალინის სსრკ–ის გენერალისიმუსობისგან გამოწვეული სიამაყის გრძნობაზე ნაკლები რეგისტრით) საგარეო საქმეთა მინისტრობის გარდა, გურულ იუმორსა და ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენის იდეის განხორცილების დასაწყისს იხსნებდნენ. მაგრამ არავის გახსენებია ქვეყნის მეორე პრეზიდენტის სიტყვები: “სწორია, რომ შევედით სამეგრელოში. ეს ჩვენ ადრე უნდა გაგვეკეთებინა. ყველამ უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი, ჩვენ უნდა გავანადგუროთ პროვინციული ფაშიზმი და განვახორციელეთ კიდეც. როდესაც ბოროტ ძალას ებრძვი, ზედმეტია წუწუნი გაუპატიურებაზე და მსხვერპლზე, მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო….” (ედუარდ შევარდნაძის სატელევიზიო ინტერვიუ იური ციკოლიასთან. 24.06.1994.)