ბექა გაბადაძის ბლოგი

კაკუნი თსუ-ს კარზე

22.02.2016 | 2240 |
კაკუნი თსუ-ს კარზე

რეალობა საქართველოდან

22 თებერვალს მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია ლგბტ საკითხებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უნდა გამართულიყო.

კონფერენციამდე სამი დღით ადრე ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წევრებმა „ლგბტ საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ  დასასრულებლად“ სტუდენტებს თსუ-სთან შეკრებისაკენ მოუწოდეს.

კონფერენციამდე ერთი დღით ადრე თსუ-მ უარი განაცხადა კონფერენციისათვის ადგილის დათმობაზე. მიზეზად კონფერენციის მონაწილე სტუდენტებისა და ლექტორების უსაფრთხოების პრობლემა დასახელდა.

რეალური ისტორია ამერიკიდან

1954 წლის 17 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბრაუნი Vs. ტოპეკას საგანმანათლებლო საბჭოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და შავკანიან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სეგრეგირებული სწავლება არაკონსტიტუციურად სცნო. მიუხედავად ამისა, ალაბამას უნივერსიტეტი თვეების განმავლობაში შავკანიან სტუდენტებს სასწავლებელში მიღებაზე უარს ეუბნება. ალაბამაში იწყება შავკანიანთა მასობრივი გამოსვლები სწავლის უფლების თანასწორობის მოთხოვნით.

შტატის გუბერნატორი ჯორჯ უოლასი იწვევს შტატის რასისტ მოქლაქეებს უნივერსიტეტთან. უალასის „შოუს“ ნაციონალურi მაუწყებლები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მთელი ამერიკა დაძაბული, ეკრანებთან ელოდება მოვლენებს. შეიძლება ყველაფერი სამოქალაქო მღელვარებაში გადაიზარდოს.

„ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენმა შვილებმა მათთან ერთად ისწავლონ. სეგრეგაცია დღეს, სეგრეგაცია ხვალ, სეგრეგაცია სამუდამოდ!“ – აცხადებენ შეკრებილი რასისტები.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  ჯონ ფიცჯერალდ კენედი ინფორმირებულია პროცესების შესახებ. ის რისკავს ბევრი თეთრკანიანის ხმას არჩევნებზე, საკუთარ კარიერასაც კი, როდესაც გადაწყვეტს, რომ დისკრიმინაცია უნდა დასრულდეს. იგი უოლასთან აგზავნის გენერალური პროკურორის მოადგილეს, თუმცა გუბერნატორი არ ემორჩილება მას. მოგვიანებით ალაბამას ნაციონალური გვარდიის გენერალი ჰენრი გრეჰამი უნივერსიტეტის კართან მიდის და გუბერნატორ უოლასს გადასცემს განკარგულებას, შეწყვიტოს უნივერსიტეტის ბლოკადა. უოლასი ემორჩილება.

Photo: Warren K. Leffler, U.S. News & World Report MagazineRestored by Adam Cuerden - Library of Congress Prints and Photographs Division. U.S. News & World Report Magazine Collection.)

Photo: Warren K. Leffler, U.S. News & World Report MagazineRestored by Adam Cuerden – Library of Congress Prints and Photographs Division. U.S. News & World Report Magazine Collection.)

უნივერსიტეტის კართან შეკრებილ ათასობით რასისტს გაბედული ფერადკანიანი ქალი ვივიან მალონი გვერდს აუვლის და ალაბამას უნივერსიტეტის კორპუსში შეაბიჯებს!

 ნაწილობრივ მოდელირებული ისტორია საქართველოდან

2014 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც ქვეყანაში არსებული დისკრიმინაციის პრაქტიკა სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ლგბტ ადამიანების მიმართ, აიკრძალა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აღნიშნული პრაქტიკა გრძელდებოდა. სამუშაო ადგილებზე, ოჯახებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ლგბტ ადამიანების ჩაგვრა ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა.

ლგბტ სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს მასობრივი გამოსვლები საგანმანათლებლო სივრცეებში სიძულვილის ენის, ბულინგის, ფიზიკური ძლადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდებოდა დისკრიმინაციული პრაქტიკა.  

2016 წლის 22 თებერვალს უნივერსიტეტმა უარი განაცხადა  ლგბტ საკითხებში მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენციის გამართვაზე. ლგბტ სტუდენტებს,  უნივერსიტეტის გენდერის მიმართულების ლექტორებს და დაინტერესებულულ პირებს განუცხადეს, რომ მათ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დაემუქრებოდა და უნივერსიტეტი უარს ამბობდა მათ მიღებაზე.

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა და პოლიტიკოსებმა კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიით მოუწოდეს მოქალაქეებს თსუ-სთან შეკრებისაკენ, რათა არ შეეშვათ უნივერსიტეტში ლგბტ სტუდენტები. გაისმა ფიზიკური განადგურების მოწოდებები: „ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, უნდა გავაპროტესტოთ. ახალგაზრდებმა, ვისაც შეგვრჩენია ჩვენი ვაჟკაცობა, უნდა შევეცადოთ ერთხელ და სამუდამოდ გავაჩეროთ ლგბტ საზოგადოება. ესენი არიან გარყვნილები,  ფსიქიკურად შეშლილები. არ უნდა შევუშინდეთ არაფერს საერთოდ, არც ხელისუფლებას, არც პოლიციას, არაფერს. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. გავაჩეროთ ერთხელ და სამუდამოდ!“.

22 თებერვალს თსუსთან მიმდინარეობს აქცია. უნივერსიტეტის კართან ჰომოფობ პოლიტიკოსებს: დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ელენე ლორთქიფანიძეს, გიორგი ახვლედიანს, გიორგი გაბედავას, ირმა ინაშვილს, გოგი თოფაძეს და სხვებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ სეგრეგაციისათვის და ლგბტ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ შეუშვებენ.

ნაციონალური ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ აქციას.

პროცესების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტი. იგი არჩეულია მისი პროგრესულობის და ადამიანის უფლებებისადმი მისი ერთგულების გამო. მარგველაშვილი რისკავს და დგამს ნაბიჯს, რომელიც შეიძლება მისთვის არცთუ სახარბიელო აღმოჩნდეს. მან რამდენჯერმე ღია ეთერით მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დამორჩილებოდნენ კანონს. თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ იგი იღებს გადაწყვეტილებას და თბილისის პოლიციის უფროსს სთხოვს უზრუნველყოს კანონიერების აღდგენა.

მთელი საქართველო ტელევიზორთანაა დაძაბული. პოლიციის მეთაური მიემართება ჰომოფობებისკენ და გასცემს განკარგულებას უნივერსიტეტის ბლოკადის შეწყვეტის თაობაზე. ჰომოფობი პოლიტიკოსები ემორჩილებიან.

რამდენიმე გაბედული, ღირსეული ლგბტ სტუდენტი მიემართება უნივერსიტეტის კარებისაკენ. შედიან. ჩაგვრის დასასრულის დასაწყისი…


ავტორის შესახებ

ბექა გაბადაძე, ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე

ბექა გაბადაძე, ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე

ბექა გაბადაძე, ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე