მაგისტრატურაში ჩაბარებისას ისევ თსუ-ის ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის პროგრამა ავირჩიე. საბუთების შესატანმა პერიოდმა მხოლოდ სამ დღეს გასტანა. შესაბამისად, საჭირო საბუთების ჩასაბარებლად მისულს მეექვსე კორპუსის უვიწროეს ნახევრად ბნელ დერეფნებში უზარმაზარი რიგი დამხვდა. მაგისტრატურის მსურველების წუწუნს ხშირად გაიგონებდით – წუწუნის მიზეზი კი ბევრი იყო, საბუთების ჩამბარებელი თანამშრომლის მიერ გამოვლენილი არცთუ თავაზიანი ქცევებიდან დაწყებული ჩაბარების ძალზე მოკლე ვადით დამთავრებული.
საბუთების შეტანისას, საკონტაქტო ინფორმაციას ყოველთვის გავსებინებენ, თუმცა საჭირო დროს, ინფორმაციის შენამდე მოსატანად, არც – ტელეფონით , არც ელ-ფოსტით არავინ გეხმიანება. გამოცდის თარიღი საბუთების შეტანისას მითხრეს, თუმცა ზუსტი დრო და აუდიტორია, არ ვიცოდი. უნივერსიტეტის საიტზე რამდენიმე ათეულჯერ შევედი ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუმცა უშედეგოდ. თსუ-ის საიტზე რამეს მიგნება ერთი დიდი თავგადასავალია.
სწავლა 29 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სახელმწიფო გრანტის გაცემის მოუწესრიგებელი სისტემის გამო, ყველაფერმა რამდენიმე დღით გადაიწია. ჩვენში ისეთი უცნაურობებიც ხდება, როდესაც დაფინანსების სავარაუდო მოპოვების მიუხედავად უნივერსიტეტს ფულს წინასწარ მაინც უხდი და მერე ის ამ ფულს უკან გიბრუნებს. რამდენი უნდა გადამეხადა, მაგის გასარკვევადაც რამდენიმე აუდიტორიაში მისვლა და სართულებს შორის გაუთავებელი სიარული დამჭირდა.
აკადემიური რეგისტრაცია დაგეგმილი 29 სექტემბრის ნაცვლად 3 დღის დაგვიანებით ‘’დაიწყო.’’ თუმცა, ამ რიცხვისათვის თანხის გადახდის ბრძანებაც არ ყოფილა გამოცემული. უნივერსიტეტი თავის მიერ უსაშველოდ გაწელილ ვადებშიც ვერ ახერხებს ჩაჯდომას, რაც სრულ გაურკვევლობასა და ქაოსს ქმნის.
აკადემიური რეგისტრაციისათვის გამოთხოვნილი მონაცემების მიღების მიუხედავად ვერ მოვახერხე დამოუკიდებლად, თავად ამერჩია სასურველი სასწავლო კურსები. შესაბამისად, რამდენიმე დღეში ისევ უნივერსიტეტში მიბრუნება და უნივერსიტეტის თანამშრომელთა დახმარება დამჭირდა.
ორშაბათს დილით ლექციაზე მივედი.. საერთოდ, მესამე კორპუსი ნაომარ სამხედრო შტაბს თუ ყაზარმას უფრო ჰგავს, ვიდრე ადგილს, სადაც სოციალური მეცნიერებების ბაკალავრები და მაგისტრანტები უნდა სწავლობდნენ. კარები დაკეტილი მხვდება. მიმართულების ხელმძღვანელთან ვრეკავ და ლექტორის ნომერს ვთხოვ. ვფიქრობ, რომ ეგებ მე ჩავინიშნე ცუდად აუდიტორია, ან კორპუსი ან ა.შ. ლექტორი მპასუხობს, რომ არ იცის ჯერ ჯგუფი შედგა თუ არა და ამიტომ მოდის ლექციაზე. “თუ დამელოდებით, მოვალ.” ამ ოთხ წელიწადში ლექტორის დაგვიანების გამო კორიდორებში ყურყუტზე მგონი ძალზე ბევრი დრო დავხარჯე და თურმე უიმედოდ, ტყუილად მეგონა, რამე მაგისტრატურაზე მაინც შეიცვლებოდა.
ყველაზე საშინელი მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ პრობლემები (ვგულისხმობ ძალიან ზოგად და ელემენტარულ პრობლემებს) , რომელთა მოგვარებასაც ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, ნაცნობ-უცნობები და მე აქციებით, ბლოგ-პოსტებით, დიალოგის გზით თუ კივილ-წივილით მოვითხოვდით, კვლავ დღის წესრიგშია და ჯერჯერობით გამოსწორების პირი არ უჩანს.
ისეც ხდება, რომ საგნების არჩევა სილაბუსების გარეშე გიწევს. ამასთან, პირველი ორ ლექციაზე შესაძლოა ლექტორი არ მოვიდეს, ამასობაში ბაზები იხურება და სტუდენტს წარმოდგენა არა გაქვს, როგორ პროფესორთან მოგიწევს მუშაობა, რა სტილით , რა მოთხოვნები აქვს მას და ა.შ. ყველა იმ საქართველოს გარეთ არსებულ უნივერსიტეტში, სადაც ჩემ მეგობრებს ან მე გვისწავლია, საგნის გასაცნობად 1-2 კვირიანი ვადა არსებობს. პირველივე ლექციაზე ეცნობი ლექტორს და შემდეგ წყვეტ, გიღირს თუ არა მასთან ისწავლო. ჩვენში, მსგავსი რამ თითქმის შეუძლებელია.
იმ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც უნივერსიტეტში გავატარე, უამრავი პარადოქსული და ტრაგიკომიკური სიტუაცია გამოვიარე, მაგრამ ის, რაც ამ ზაფხულს გადავიტანე, ყოველგვარი ფანტაზიების მიღმა დგას.
მაისში ფაკულტეტზე განცხადება შევიტანე, ვითხოვდი, პოლონეთში პროექტში მონაწილეობის საფასური და ბილეთების თანხა დაეფარათ. რამდენიმე დღეში უნივერსიტეტის თანამშრომელი უცნობი ახალგაზრდა ქალი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი განცხადება დააკმაყოფილეს და რომ ახლა ფაკულტეტის საბჭოს თანხმობაღა დარჩა. ამ დარეკვიდან ორ-სამ დღეში პოლონეთში გავფრინდი. ორ კვირაში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტის სალაროსთან მივედი, ვიფიქრე, უკვე თანხა გასაცემად მზად იქნებოდა. მოლარემ სამ სხვადასხვა ნომერზე გადარეკა. ბოლოს საფინანსო განყოფილებაში გადამამისამართა. საფინანსო განყოფილებაში ამიხსნეს, რომ მათ არაფერი იციან და რომ ეს ამბავი ფაკულტეტზე უნდა გამერკვია.
სამუშაო დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მივედი მეექვსე კორპუსში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში. იქ არავინ აღმოჩნდა და იძულებული გავხდი, უახლოეს სამუშაო დღეს, ორშაბათს ავსულიყავი. ორშაბათს ფაკულტეტის ფინანსისტის ნომერი მომცეს. ვურეკავ ფაკულტეტის ფინანსისტს. ფინანსისტი ისევ ცენტრალურ საფინანსოსთან მამისამართებს და თანამშრომლის ტელეფონს მაძლევს. ეს თანამშრომელი შვებულებაში აღმოჩნდა და მთხოვა, 1 კვირაში მივსულიყავი უნივერსიტეტში. ერთი კვირის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მათ ისევ არაფერი იციან ჩემ განცხადებაზე. კიდევ ერთი კვირა იმის გარკვევას დაჭირდა, რომ მეექვსე კორპუსიდან პირველ კორპუსში ფაკულტეტის გაგზავნილი წერილი სადღაც დაიკარგა. ხელახლა წერილის გადაგზავნა გახდა საჭირო.
ხელახალი წერილი რამდენიმე დღეში მივიდა ცენტრალურ საფინანსოში. ვიფიქრე, უკვე მზად იქნება ყველაფერი მეთქი. საფინანსოს თანამშრომელმა წერილს რომ ჩახედა, მერეღა აღმოაჩინა, რომ წერილზე ახსნა-განმარტებითი ბარათი უნდა ყოფილიყო თანდართული, რომელშიც წინა წერილის დაგვიანების მიზეზი იქნებოდა აღწერილი. (უნივერსიტეტის თანამშრომლებს შენი რამდენიმე შეხსენება სჭირდებათ, საკითხი მოაგვარონ. სანამ შენ არ დაგინახავენ, როგორც წესი, საქმის მოგვარებით თავს არ იწუხებენ. პირადი გამოცდილებიდან ვწერ, ამიტომ, ამ მოსაზრების საზოგადო სისწორეზე თავს ვერ დავდებ. ეტყობა, მე არ გამიმართლა.)
განმარტებითი ბარათსაც რამდენიმე დღე დასჭირდა. წესით თითქოს ყველაფერი მოგვარებული უნდა ყოფილიყო, ამ ჯერზე მაინც. ამ დროს, საფინანსოდან მირეკავენ, რომ მაისში, თვენახევრის წინ შეტანილ საბუთებში მოწვევის წერილი მაკლდა. იძულებული გავხდი, პროექტის ორგანიზატორი პოლონელი მეგობრისთვის მოწვევის წერილის დაწერა და გამოგზავნა მეთხოვა. წერილიც რომ მივიტანე, აღმოჩნდა, რომ ახლა ბილეთების ინვოისები უნდა დამეგზავნა საფინანსო დეპარტამენტისათვის.
როგორც იქნა, სალაროში პირველი მისვლიდან 40 დღის თავზე უნდა ამეღო თანხა. საფინანსოდან დამირეკეს, კანცელარიაში მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც ბეჭედი უნდა დაერტყა ბრძანებაზე, პანაშვიდზე ყოფილა და რომ უნივერსიტეტში არ არის. მომდევნო დღეს, სალაროში შეპირებული თანხა ავიღე, თუმცა საამისოდ ივნის-ივლისში ათეულობით ზარი (ჩემგან თუ მათგან), უნივერსიტეტში 15-მდე ვიზიტი თუ თვენახევარი დამჭირდა. მახსოვს, ფეისბუკზე ვწერდი, ამას ბიუროკრატია კი არა, ტყიუროკრატია ჰქვია მეთქი და აზრი არც ახლა შემიცვლია.
უნივერსიტეტში ბოლო წლებია ელემენტარული პრობლემებიც კი იშვიათად მოგვარებულა. როცა საგნების არჩევაზე, თუ ისეთი მარტივი მენეჯმენტის განხორციელება ვერ ხერხდება, რთულია, რამე უფრო მასშტაბურ პრობლემაზე ილაპარაკო. ფაქტია, ბოლო ოთხი წელიწადი სტუდენტებს ელემენტარულ პრობლემებზე წუწუნი და პროტესტი გვიწევს.
არ ვიცი, რა იქნება მომდევნო ხუთ წელიწადში, ალბათ ის შეიცვლება, რომ ბიბლიოთეკის წინ ხეებს გაჩეხავენ და სასაფლაოს ააშენებენ, ან ბენზინგასამართი სადგურებით დაამშვენებენ მაღლივს, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით ვხედავ, მათ, რომლებიც პრობლემების გადაჭრით უნდა იყვნენ დაკავებულნი, საამისო სურვილი, უნარი და შემართება არ გააჩნიათ. ვერ ვხვდები, თუ ჩვენ , 21-22 წლის სტუდენტები ამ პრობლემებს ვამჩვენთ, ჩვენზე ლამის 2-3-ჯერ უფროსი აკადემიკოსები და ბიუროკრატები რატომ ვერ აცნობიერებენ იმავეს. ან თუ აცნობიერებენ, რატომ ვერ და არ აგვარებენ.
P.S. უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ ჩეხ მეგობარს ერთ-ერთი სასწავლო დეპარტამენტიდან 4-5 დღით დაუგვიანეს პასუხი. ისიც უკვირდა და თან იცინოდა, ზეგ რუსულის ლექცია მაქვს და აუდიტორიის ნომერი, სადაც ლექცია უნდა ჩაგვიტარდეს, თვით ლექტორმაც არ იცისო. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში ჩემ უმცროს ქართველ მეგობრებსაც გაეღიმებათ ამ პოსტში ნახსენებ პრობლემებზე წაკითხვისას.