რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც ახერხებს, დაინახოს ამ ფაქტების და დამოკიდებულების საშინელება, მაგრამ მათი ხმა აქამდე რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
მაგრამ ასე იყო 17 ნოემბრამდე, როცა სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებაში და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მოქალაქე ლეილა კიკნაველიძის ძაღლის, ბიბის ისტორია შემოვიდოდა. 2 წლის ბიბი ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში ცხოვრობდა. ძაღლი იყო ცოფზე აცრილი და პარაზიტებზე დამუშავებული ყველა ჰიგიენური წესის დაცვით. ბიბის არავისთვის არ უკბენია მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. იგივე სოფლის მაცხოვრებელმა 20 წლის ახალგაზრდა თამაზ ხუსკივაძემ დისკომფორტი იგრძნო ძაღლის ყეფის გამო და დაემუქრა მის ოჯახს, რომ ძაღლს მოუკლავდა. როგორც ოჯახი გადმოგვცემს, მან რამოდენიმე თვის წინ ფიზიკური ტრამვაც მიაყენა ძაღლს და თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. მაგრამ რაც შემდგომ მოხდა ძნელი წარმოსადგენი იყო. მოქალაქე ხუსკივაძემ ძაღლი 2 ლულიანი სანადირო თოფით მოკლა სოფელში, მერე თავი მოაჭრა და სურათიც გადაიღო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა წარწერით: “მე და ჩემი ძაღლის თავი :*****”.
რომ არა ლეილა კიკნაველიძის და მისი მეგობრების აქტიურობა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, ეს ფაქტი ისევე მიიფარცხებოდა, როგორც სხვა აურაცხელი ცხოველზე განხორციელებული სისასტიკის ფაქტები. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა სარჩელი პროკურატურაში და 259-ე მუხლის მიხედვით ბოროტმოქმედის დასჯა მოითხოვა. პროკურატურამ კი გუშინ გააკეთა საგანგებო განცხადება, რომ საქმე აღძრულია ცხოველის მიმართ სისასტიკის ფაქტზე 259-ე მუხლის მიხედვით. გამოძიება დაადგენს უფრო მეტ დეტალებს.
ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს ფაქტის მიჩქმალვის და შერბილების მცდელობა. “რუსთავი 2″–ის “კურიერში”, “პირველი არხის” “მოამბეში” ნაჩვენები იყო ცხოველის მკვლელის მიერ მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ თითქოს ლიანდაგებში მოკლულ ძაღლს თავი მატარებელმა მოაჭრა. ასევე, დაკითხული იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ერთ–ერთი რესპონდენტი მამაკაცი პირდაპირ ამბობს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ძაღლი მოსაკლავი იყო. მეორე რესპონდენტი ქალბატონი გაოცებული და ხმის აწევით ამბობს, რომ სანადიროდ წასულმა ხუსკივაძემ ძაღლს ესროლა ტყვია და ამაში არაჩვეულებრივს ვერაფერს ხედავს.
იგივე მოსახლეობა აშინებს ძაღლის პატრონს სამაგიეროს გადახდით, თუკი მოქალაქე ხუსკივაძე დაისჯება. მეზობლების უმეტესობა ხუსკივაძეების ოჯახს მხარს უჭერს და როგორც პირად საუბრებში აღნიშნავენ: “მაწანწალა” ძაღლის გამო ბიჭი სასჯელისათვის არ ემეტებათ.
ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ისმის კონტრ არგუმენტებიც: რა დროს ცხოველია, ხალხია გასაჭირში… რა დროს ძაღლია, მაშინ როცა მოსახლეობა არაა ვეგეტარიანელი და ძროხის ხორცს ჭამს და ასე შემდეგ.
ხალხი რომ გასაჭირშია, იმის ერთ–ერთ განზომილებას სწორედ მისი გაუხეშება, დაუნდობლობა და სუსტის მიმართ სისასტიკე წარმოადგენს და სწორედაც რომ ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობის მოთხოვნა ისევ ხალხის სულიერი დონის ამაღლებას, მის მოვლას გულისხმობს და ემსახურება.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს ვეგეტარიანელობაზე, უნდა დავყაბულდეთ იმ ფაქტს, რომ კაცობრიობა შეთანხმებულია იმაზე, თუ რა არის დანაშაული. რაზეც საყოველთაო შეთანხმებაა მიღწეული, იმ საქციელისთვის ადამიანები უნდა ისჯებოდნენ ცივილურ სახელმწიფოში და ცივილური საზოგადოება უნდა ითხოვდეს ასეთი დამნაშავეების დასჯას. ასეთ დანაშაულებს შორისაა: კომპანიონი ცხოველის მოკვლა, წამება, ტანჯვა გართობის მიზნით და სხვა. ძაღლი კი კომპანიონ ცხოველთა შორის ყველაზე უფრო ერთგული და საყვარელია.
ამიტომ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს დროზე მიიღოს ამ სფეროში საჭირო დახვეწილი კანონმდებლობა. დროა და აუცილებელია ევროპულ კონვენციებთან შეერთება ცხოველთა უფლებებისა და მოვლა–პატრონობის შესახებ. საქართველოში გვაქვს მხოლოდ ერთადერთი 259-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც არასოდეს არავის გამოუყენებია აქამდე. ამიტომაც ცხოველების მიმართ სისასტიკე მძვინვარებს ყველგან. აუცილებელია მოსახლეობის შეგნების დონის ამაღლება ამ მიმართულებით და მათთვის უფლება პასუხისმგებლობების გაცნობა კანონისა და ცხოველების მიმართ. სწორედ ასეთი სამუშაოების არ ჩატარების გამოა ის რომ, არგვეთას მოსახლეობა გაოგნებულია იმის აღმოჩენით, რომ თურმე მეზობლის ძაღლის მოკვლის და თავის მოჭრის გამო ვინმე შეიძლება დაისაჯოს.
კანონმდელობა და მისი აღსრულება აუცილებელია, რომ მოსახლეობას სწორედაც რომ ჩაუტარდეს საჭირო თერაპია და მის მსოფლმხედველობას შეემატოს კიდევ ერთი განზომილება რასაც ცხოველის მიმართ ჰუმანურობა წარმოადგენს.
დროა დამთავრდეს ქათმისთვის კბილის წაკვრისთვის დახვრეტილი ძაღლების, ქალაქებში ტომრით გადაგდებული ძაღლების, ცოცხლად დამარხული ლეკვების, დამხრჩვალი კნუტების, ნაწამები კატების ეპოქა. დროა გავხდეთ ადამიანები.