ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის ‘ძალა, სრულყოფილება და ბუნებრივი არტისტიზმი’

21.05.2015 | 1571 | ია მერკვილაძე
მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის ‘ძალა, სრულყოფილება და ბუნებრივი არტისტიზმი’

“მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის ვირტუოზობამ და მუსიკალურმა ვნებამ იგი მართლაც წლის Philharmonic Artist-in Residence საუკეთესო რჩეულად გადააქცია. არ მიკვირს, რომ  ნიუ იორკის ფილარმონიის დირექტორმა ალან გილბერტმა მოწვეულ სოლისტად სწორედ ის შეარჩია. 2005 – ში, როცა ფილარმონიის დირექტორი ლორინ მააზელი იყო, ლიზამ თავისი თავდაჯერებულობა მაშინაც აჩვენა. როგორც კი ალან გილბერტმა ნიუ იორკის ფილარმონიაში მუშაობა დაიწყო, მაშინვე შენიშნა ლიზას განსკუთრებულობა. საბოლოოდ, ბევრი კომპონენტი ქმნის ლიზა ბათიაშვილის ბგერის კოქტეილს: ბუნებრივად მჟღერი ბგერების მთელი კოლექცია, რიტმის სტრუქტურის მანიაკლური გრძნობა; ხელის მოძრაობა, რომელიც ნატიფია და სავსეა ცეკვის ენერგიით. ლიზას კოქტეილს უფრო  რთული რეცეპტი აქვს – “ჩემი ცხოვრებისეული სიტუაციის გამო, მე ექვს ენაზე ვსაუბრობ” – ამბობს ლიზა . – ეს ჩემს პროფესიაში კომუნიკაციებს ძალიან მიადვილებს”.

“თუმცა, ლიზა იქვე ამატებს: “მე მინდა ჩემი მუსიკალური გამოცდილება გავაფართოვო იმ გავლენამდე, როცა მუსიკა ადამიანების ემოციებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს. ჩემს სამშობლოს, საქართველოს ისევ აქვს პოლიტიკური პრობლემები. მე მინდა გავამხნევო და გავუზიარო მას ჩემი მუსიკა ისევე, როგორც მუსიკა გახდა ჩემთვის დიდი იღბლის მომტანი. მე ვუკრავდი იმ სკოლისთვის, სადაც პირველად ვსწავლობდი:  მივაწოდე ინსტრუმენტები, რაც შემეძლო გავაკეთე. როცა წარმატებული ხარ, ყველაზე კარგი მაგ დროს ისაა, რომ შეგიძლია პროექტი და კოლეგები აირჩიო. იმ მომენტეზე უფრო შესანიშნავი არაფერია, როცა შენს თავს ამ ამპლუაში აღმოაჩენ”, – ამბობს  რობინ ტაბაჩნიკი.

ალან გილბერტმა კი განაცხადა: “ლიზა დღევანდელობის ერთ–ერთი უდიდესი მევიოლინეა და მე მასთან იმდენად ახლოს ვარ, როგორც მუსიკალურად,  ისე მეგობრულად, რომ როცა ერთად გამოვდივართ, ჩვენს შორის საზღვარი არ არსებობს. ის იმ მუსიკოსთა შორისაა, რომლითაც მე ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული: გარდა იმისა, რომ იგი ტექნიკურად და ინტონაციურად სრულყოფილია, იგი ამავე დროს დაუჯერებლად გულწრფელია”.

ლიზა ბათიაშვილი 2015 წლის მუსიკალური ამერიკის ინსტრუმენტალისტად დასახელდა. ეს ჯილდო 1960 წელსაა დაარსებული და იმ მუსიკოსების ღვაწლს აღნიშნავს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.

– “ნიუ იორკ ფილარმონიკი” ნიუ იორკის მთავარი და ერთადერთი  სიმფონიური ორკესტრია. იგი, როცა მოწვეულ სოლისტთან მუშაობს, კვირაში სამ ერთი და იგივე კონცერტს ატარებს, რადგანაც მუსიკის მოყვარულს სწორედ ამა თუ იმ სოლისტისა და ამა თუ იმ ორკესტრის ერთობლივი კონცერტის მოსმენა სურს. როგორც წესი, ამგვარ კონცერტზე ათი ათასამდე ადამიანი მოდის ხოლმე. ეს “ნიუ იორკ ფილარმონიკის” ტრადიციაა. – ამბობს ლიზა.

ბრამსი, მგონი, თქვენს ერთობლივ კონცერტზე პირველად აჟღერდა . . .


 – წინა ჯერზე შოსტაკოვიჩი დავუკარი, იმის წინ – პროკოფიევი, იმის წინ – ბეთჰოვენი, ბარტოკი, სიბელიუსი. ფაქტობრივად, ნიუ იორკის სცენაზე მთავარი სავიოლინო საკონცერტო რეპერტუარი რაც კი არსებობს, უკვე დავუკარი. ნიუ იორკის ფილარმონიის მთავარი დირიჟორიც ფიქრობდა, რომ ბრამსის ჯერი დადგა და მეც მინდოდა ამ კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულება, რადგანაც ორი–სამი წლის წინათ ბრამსი გერმანულ ორკესტრთან ერთად  ჩავწერე. მიყვარს სცენაზე იმ ნაწარმოების შესრულება, რომელიც უკვე  ჩავწერე. ოქტომბერში “ევერი ფიშერ ჰოლში” კონცერტის დასასრულს ჩემი დისკების გაყიდვაც მოეწყო. ბრამსის კონცერტი შედევრია. იგი ჟღერადობით ერთ – ერთი ყველაზე ლამაზი, მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და იგი ჩემს ფავორიტ ოთხ კონცერტს შორისაა.

– თქვენ და New York Philharmonic –ს დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებთ.


–  ეს ორკესტრი მხარს უკვე ათი წელია მიჭერს. ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება, რომ ყოველ წელს სოლისტად ერთი და იგივე არტისტი დაპატიჟონ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. ორი წლის წინათ ალან გილბერტმა მითხრა, რომ მათ უნდათ, რომ სწორედ მე ვიყო Artist-in Residence.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორკესტრის არჩევით ერთი მუსიკოსი ორკესტრის სოლისტი ერთი წლით ხდება და რაც ასევე ნიშნავს რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებასაც. სეზონი 2014 –ის სექტემბერში დაიწყო, მე ოქტომბერშიც გამოვედი, მერე 2015 –ის თებერვალშიც და აპრილშიც.

თებერვალში პოპულარული ამერიკელი კომპოზიტიორის, სამუელ ბარბერის სავიოლინო ნაწარმოებები შევასრულე. აპრილში კი სოლო კონცერტი და ჩემს მეუღლესთან, ფრანგ ჰობოისტ ფრანსუა ლელუსთან ერთად დავუკარი.  საქართველოშიც იცნობენ ჩემს მეუღლეს. სხვათა შორის, იგი საქართველოს ჩემამდეც იცნობდა  და ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინათ საქართველოს სცენაზე არაერთხელ გამოვიდა, მათ შორის, საქველმოქმედო კონცერტითაც. ფრანსუა ინგოლშტატში (გერმანია) ჩვენმა საერთო მეგობარმა გია ქობულაშვილმა გაიცნო და საქართველოში წაიყვანა. ფრანსუა საქართველოში კონკურსებს ჩასაბერი ინტრუმენეტებისთვის ატარებდა. იგი ძალიან ძლიერი ჰობოისტია და ჩვენ ერთად  ხშირად ვუკრავთ ხოლმე. აპრილში “ნიუ იორკ ფილარმონიკთან” ერთად  ჩვენი ორმოცდამეათე კონცერტი დავუკარით.

ლიზა ბათიაშვილი კონცერტზე. Photo by Chris Lee
ლიზა ბათიაშვილი კონცერტზე. Photo by Chris Lee

– ნიუ იორკში პირველად თქვენი კონცერტი როდის გაიმართა?


 – ათი წლის წინათ, როცა ნიუ იორკში საკონცერტო ტურისთვის ჩამოვედი. მაშინ 24 წლის ვიყავი. აპრილის თვე იყო. ჩემი პირველი ვიზიტი კარგად მახსოვს (დირიჟორი ლორინ მააზელი), თან კონცერტამდე ექვსი თვით ადრე ბავშვი შემეძინა და ასეთი პატარა ნიუ იორკში ჩამოვიყვანე. ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს ნიუ იორკული დებიუტი იყო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა და ამიტომაც  სცენაზე გამოსვლაზე უარი ვერ ვთქვი. ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ ამავე დროს დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი…

ამერიკელები ძალიან თბილი ხალხია და კარგი მსმენელიც. მახსოვს მაშინ ორი მოკლე ნაწარმოები – მასნე და სენ სანსი დავუკარი. თუმცა მაშინ არც წარმომედგინა, რომ “ნიუ იორკ ფილარმონიკის” ოჯახის წევრი გავხდებოდი. მართლაც, როცა ნიუ იორკში ჩამოვდივარ, ისეთი განცდა მაქვს, რომ სახლში ვბრუნდები, რადგანაც ორკესტრის წევრები ძალიან თბილი ადამიანები არიან. საერთოდ ამერიკული აუდიტორია და ევროპული/გერმანული აუდიტორია ერთმანეთისგან განსხვავდება. ამერიკელები ძალიან უშუალოები არიან და უფრო მეტად სპონტანურება ახასიათებთ.

ამერიკაში ნაკლებად ვნერვიულობ, მსმენელი სნობი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკი მსოფლიო ცენტრია, აქ ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე ევროპაში. აშშ–ში კონცერტზე მსმნელი იმისთვის მოდის, რომ სიამოვნება მიიღოს; ევროპაში კი ძალიან გამოცდილი მსმენელია, ისევე როგორც ნიუ იორკში, მაგრამ ისინი უფრო კრიტიკისთვის, შეფასებისთვის მოდიან.

– როგორც ვიცი, სიბელიუსის კონკურსზე თქვენთვის გამონაკლისი დაუშვეს.


– თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, სიბელიუსის სახელობის კონკურსზე ჰელსინკიში გავემგზავრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, იგი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და კონკურსანტები 20–30 წლისანი უნდა იყვნენ. თუმცა მე მაინც მიმიღეს და თან იქ ერთგვარი სასწაულიც მოხდა: კონკურსში ასზე მეტი ადამიანი მონაწილებდა, ძალიან ძლიერი მევიოლინეები გამოდიოდნენ. მე ფინალში გავედი და მეორე პრიზი მომცეს, ხოლო პირველი – ფინელ მუსიკოსს, რაც ამ კონკურსის ისტორიაში პირველად მოხდა. იქვე ფინელი  დირიჟორები გავიცანი და მათ ჩემზე ლაპარაკი დაიწყეს. მოგვიანებით გაცილებით მეტი კონცერტი მე შემომთავაზეს, ვიდრე ფინელ გამარჯვებულს. იმ პერიოდში ჯერ სკანდინავიაში დავიწყე დაკვრა, მერე – ინგლისში.

– ფაქტობრივად, საზღვარგარეთ საკონცერტო კარიერა თქვენი ოჯახის ერთგვარი ტრადიციაცაა.


 ჩემს ოჯახში საზღვარგარეთ კონცერტების გამართვის ტრადიცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80 –იანებიდან დაიწყო. მამაჩემს, თამაზ ბათიაშვილს თავისი კვარტეტი ჰყავდა, ხოლო დედაჩემი, მარიკა ლორთქიფანიძე პიანისტია. ეს კვარტეტი იყო ერთადერთი ქართული კლასიკური მუსიკის ჯგუფი, რომელსაც დასავლეთში გასტროლებზე წასვლის უფლება ჰქონდა. მაშინ ამ ტურნეების ორგანიზებას მოსკოვის “გოსკონცერტი” აკეთებდა და მთელს ჰონორარსაც თავად იღებდა, თუმცა იმის უფლებას კი გაძლევდა, რომ დასავლეთში წასულიყავი. ჰოდა, მამაც თავის კვარტეტთან ერთად ხშირად დადიოდა შვედეთსა და გერმანიაში, უნგრეთსა და ბულგარეთში. ერთხელ მამამ რუკა ჩამომიტანა, ჰოდა, მე ზეპირად ვისწავლე ყველა იქ დატანილი ქვეყანა და ქალაქი. მაშინ, ალბათ, ასე ექვსი–შვიდი წლის ვიქნებოდი. რუკას ვუყურებდი და ვხედავდი მამა სად და სად მოგზაურობდა. ვიმახსოვრებდი – მამა იქ იყო და აქ იყო…  დღემდე ჩემს მეხსიერებაში ისევ ამ  რუკის ხატი არსებობს.

გერმანია ჩვენთვის  მნიშვნელოვანი ქვეყანა  გახდა. მე თავიდანვე მქონდა ამ ქვეყნისადმი პატივისცმა და სიმპათია: გერმანული მუსიკა, ფეხბურთი ყოველთვის მაინტერესებდა. გერმანელ ფეხბურთელებს პატივს ვცემდი და ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაზე იდიალური სწორედ ევროპის ეს ქვეყანა იქნებოდა. დღემდე ვფიქრობ, რომ ევროპაში კლასიკური მუსიკოსისთვის ასეთი კარგი ქვეყანა არსად არსებობს. არსადაა, ასე ვთქვათ, ამგვარად ძალიან კარაგად აწყობილი გარემო.

ლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი

თუ ქაოტურ სახელმწიფოში ცხოვრობ და ამავე დროს ძალიან გინდა, რომ შენი საქმე მაქსიმალურად კარგად გააკეთო, მაგრამ შენი ქვეყნის სისტემა ხელს არ გიწყობს, იძულებული ხარ საცხოვრებლად სხვა ადგილი აირჩიო. გერმანიაში თაობები პროგრესულ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ადამიანი უფრო მეტად საზოგადოებაზე და არა მხოლოდ საკუთარ  თავზე ფიქრობს. გსიამოვნებს იმის განცდა, რომ ადამიანები ერთი მიზნისკენ მიდიან და დროს კონფლიქტური გარემოს შექმნაზე არ ხარჯავენ; ისეთ გარემოზე, რომელიც ქვეყნის დამშლელია, რასაც, მაგალითად, ერთგვარად საფრნგეთში წააწყდებით.

1990–იანების დასაწყისში ჩემმა ოჯახმა გერმანიაში დაფუძნება გადაწყვიტა. იმ დროს საქართველოში სიტუაცია ძალიან გართულდა და ჩვენც 1991 წელს სამშობლოდან წავედით. ომი მალევე დაიწყო. მახსოვს გერმანიაში ჩავედით, რადიო ჩავრთეთ, იქ კი გამოაცხადეს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ეს ომი ჩვენი სახლის წინ დაიწყო. ჩვენ რუსთაველზე ვცხოვრობთ.

გაგვიმართლა, რადგანაც ის საშინელი პერიოდი სწორედ მშობლების გადაწყვეტილების გამო თავიდან ავირიდეთ. გერმანიაში ცოტა გვიან რომ ჩავსულიყავით, მაგალითად, მე თუნდაც 13–14 წლის ასაკში, ხოლო ბავშვობიდან არ მცოდნოდა თუ რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება და მუსიკის მოსმენის საშუალება არ მქონოდა, არამედ მუდმივ შიშსა და პრობლემების გადაწყვეტაში ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ვერ გავხდებოდი ის, ვინც ვარ დღეს.

– როგორც წესი, იმიგრანტის მონათხრობი ასე იწყება  – “ნულიდან დავიწყეთ”…


– კი, სწორედ ასე იყო. ნულიდან დავიწყეთ. მამა საქართველოში კონსერვატორიის პროფესორი იყო. საზღვარგარეთ წასვლით მან თავისი კვარტეტიც მიატოვა. გერმანიაში დაგვხვდა ორი ადამიანი, რომლებიც დაგვეხმარნენ. ბინა ჩვენი სახსრებით ვიქირავეთ და ასევე გამოჩნდა სპონსორი, რომელსაც ერთ–ერთ კონცერტზე ჩემი შესრულება მოეწონა. თუმცა ძალიან მინიმალურით მაფინანსებდა – შიმშილით არ მომვკდარიყავით. იმ პერიოდში ჰამბურგში ვიყავით. მამამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო, მერე მან  ინგოლშტატში მყოფ ლიანა ისაკაძეს დაურეკა და იგი მას დაეხმარა.

მერე მამამ პატარა ბავშვებისთვის მუსიკის სწავლება დაწყო. საქართველო ძალიან ენატრებოდა და როგორც კი გერმანული პასპორტი აიღო, 65 წლის ასაკში საქართველოში მაშინვე დაბრუნდა. ახლა ნიჭიერთა ათწლედში ასწავლის. ბუნებრივია, ძალიან ვენატრებით და თავისუფალ დროს საქართველოსა და ევროპას შორის მოგზაურობას ანდომებს. დედა კი ძირითადად გერმანიაშია და ოცდაათამდე მოსწავლეს ფორტეპიანოს ასწავლის.

ლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი

– ცხადია, თქვენი პროფესია თავიდანვე უკვე განსაზღვრული იყო.


ვიოლინო ხელში ორი წლის ასაკში ავიღე. ჩემს ოჯახში არც ყოფილა იმაზე საუბარი, თუ ვინ და რა უნდა გამოსვულიყავი. ეს თავიდანვე ცხადი იყო. გერმანული ენა გერმანიაში ვისწავლე, მშობლებს კი გაუჭირდათ. ახლა ვარ გერმანიის მოქალაქე, ვცხოვრობ საფრანგეთში. გერმანიაში კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მყავდა ძლიერი მასწავლებელი, პროფესორი ანა ჩუმაჩენკო, რომელსაც უკრაინელი მშობლები ჰყავს, თუმცა არგენტინაში დაიბადა  და მისი ოჯახი მსოფლიოში მოგზაურობდა.

ჰოლანდიაში გამართული კონკურსის მერე ჩემთვის ძალიან სერიოზული კონცერტების სერია დაიწყო. ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. თუ გინდა, რომ კარგი პროფესიონალი გამოხვიდე, ბავშვობიდანვე გიწევს განსაკუთრებული რეჟიმის ცხოვრებით ცხოვრება.  ჩემი დღის რუტინა დღესაც საკმაოდ დატვირთულია. როცა შვილები პატარები იყვნენ, დღე–ღამის რეჟიმი არეულ – დარეული იყო და როცა დროს გამოვძებნიდი, დაკვრას მხოლოდ მაშინ ვახერხებდი. ახლა ისინი უკვე სკოლაში დიდიან და მეც დრო უფრო მეტი მაქვს.  რახან ჩემი მეუღლე ფრანგია, ბავშვებიც ფრანგულ სკოლაში დადიან, დედაჩემი ჩვენთან შაბათ–კვირას ჩამოდის და გვეხმარება ხოლმე. ჩემი მეცადინეობის დრო კი არის დილიდან დღის ოთხ საათამდე.

როცა საღამოს ხანისკენ ოჯახის წევრები ვიკრიბებით, ვცდილობ იმ დღეს მუსიკას აღარ დავუბრუნდე. ბუნებრივია, ჩემს შვილებს მუსიკა უყვართ და შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად პროფესიულ დონზეც კი უკრავენ. მათ კერძო პედაგოგები ჰყავთ: გოგო  ფლეიტაზე უკრავს და ბიჭი კი –  ფორტეპიანოზე, მაგრამ არც ერთი – ვიოლინოსა და ჰობოიზე. მათ ამ ინსტრუმენტების მიმართ ინტერესი არა აქვთ. მართალი გითხრათ, ეს არც მინდა. არ მინდა იმის გამო, რომ მშობლებმა წარმატებას მიაღწიას, ბავშვები სტრესში იყვნენ და თავიანთ თავს მშობლების კვალიფიკაციას ადარებდნენ. ჩემი გოგონა ძალიან კარგად ხატავს და, ალბათ, მხატვრობას აირჩევს.

– საქართველოში კონცერტებით გამოსვლას თუ ახერხებთ?


– საქართველოდან არაერთი მოწვევა მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ჩასვლის დრო არა მაქვს. მეპატიჟება ვახტანგ კახიძეც, მაგრამ ვერ ვახერხებ ხოლმე, რადგანაც საქართველოში კონცერტს ძალიან გვიან გეგმავენ. ჩემი საკონცერტო ტური კი 2016–2017 წლებისთვის უკვე დეტალურადაა გაწერილი და იმისთვის, რომ ერთი–ორი კვირით საქართველოში დიდი ხნით ადრე დაგეგმვის გარეშე ჩავიდე, ძალიან უნდა გამიმართლოს.

–  საქართველოში რაა მნიშვნელოვანი თქვენთვის?


– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერთა ათწლედის მხარდაჭერა. საქართველოს საზღვრებს გარეთ მის მხარდასაჭერად საქველმოქედო კონცერტებს ვატარებთ: პიანისტებთან ნინო გვენეტაძესა და ხატია ბუნიათიშვილთან ერთად. ვიპოვე ადამიანი, რომელმაც შემოსული თანხის ფარგლებში ძალიან კარგი ხუთი ვიოლინო მოგვყიდა და ბავშვებს გადავეცით. საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზება ძალიან რთული საქმეა. უნდა იპოვო მსურველები, დაასპონსორო, ჩაიყვანო, კონცერტს კარგი ორგანიზება გაუკეთო. როგორც ზემოთ მოგახსენთ,  ჩემი მეუღლე თავის ჯგუფთან ერთად ამგვარ საქველმოქმედო კონცერტებს საქართველოში ხუთი–ექვსი წელი ატარებდა (2000–2005. 1999 დან დაიწყო კონკურსების ორგანიზება, თან ისე, რომ ქართული საერთოდ არ იცოდა) და ცდილობდა ჩასაბერი ინსტრუმენტების მუსიკოსებს დახმარებოდა.

სამწუხაროდ, მან  კულტურის სამინისტროდან  დაინტერესება ვერ იგრძნო და დადგა ის მომენტიც, როცა ფრანსუამ უცხოელ მუსიკოსებს უკვე ვეღარ სთხოვა ჰონორარის გარეშე საქართველოში დაეკრათ. იგი ძალიან გაწბილებული იყო … თუმცა, რეალობა ასეთია: საქართველოში იმდენი პრობლემაა, რომ უკვე არ იცი ადამიანმა რომლის გადაწყვეტას მოჰკიდო ხელი. რაღაც უნდა შეიცვალოს, ახალი თაობა უნდა მოვიდეს და განვითარების ეს ეტაპები ქართველებმა უნდა გაიარონ. ათ წელიწადში იმ სისტემის დანერგვა, რაც დღეისათვის ევროპაში მოქმედებს, ძალიან რთულია. ჩვენ გვინდოდა ცვლილებების შეტანა,  მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

–   ოცი წლის შემდეგ თქვენს თავს როგორ ხედავთ?


– ჩემს პროფესიაში რა მიზნებიც მქონდა და რაზეც ვოცნებობდი, ფაქტობრივად, ყველაფერი ამიხდა. მაგალითად, ვოცნებობდი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჩამწერ კომპანიას “დოიჩე გრამაფონი” მუსიკა ჩემი შესრულებით ჩაეწერა. ბავშვობიდან თვალწინ მქონდა ამ ფირმის ყვითელი ემბლემა. ვფიქრობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თუ ისე განვითარდა მოვლენები, რომ მე ამ კომპანიაში სოლისტის რანგში მოვხვდი და ჩამწერეს, ეს იქნება ჩემი ოცნებების ასრულება.

სამი წლის წინათ  მათთან ხელი მოვაწერე და ამ ფირმამ უკვე ჩემი მეოთხე დისკი ჩაწერა. ზუსტად იმ საოცნებო ყვითელი  ემბლემით. Dautsche Grammophone –ის იარლიყით მამაჩემის ჩამოტანილ დისკებს თბილისში დღემდე ვინახავთ. 115 წლის კომპანია კლასიკური მუსიკის მთავარი ჩამწერი სტუდიაა. მათ სულ ხუთი მევიოლინე  ჩაწერეს. მათ შორის, ჩემ მიერ ბახის ნაწარმოებების შესრულება.

ჩემი ნატვრა იყო ასევე დიდ ორკესტრებთან დაკვრა, მაგალითად, ბერლინის ფილარმონიასთან და მართლაც დღეს მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. არიან დირიჟორები, რომლებიც მუდმივად მეპატიჟებიან. ბედნიერებაა, როცა უკვე იმის საშუალება გაქვს, რომ სასცენო პარტნიორი თავად აირჩიო. ეს მუსიკოსისთვის ყველაზე იდიალური ვარიანტი და პრივილეგიაა. ბედნიერი ვარ იმითა, რომ ჩემმა მშობლებმა დროზე წამომიყვანეს იქ, სადაც მუსიკისადმი ძალიან სერიოზული დამოკიდებულება არსებობს და იმითაც, რომ ისეთ ადამიანებს შევხვდი, ვინც ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია,  ვისთანაც ერთად დაკვრა ძალიან მახარებს და ვისაც ბავშვობიდან პატივს ვცემ. მე სოლისტი ვარ, ასე ვთქვათ, არა მაქვს მუდმივის სამსახური. არ ვარ რომელიმე ორკესტრის შტატში და ეს მე უფრო თავისუფალსა და დამოუკიდებელს მხდის.

– ადრე ქალი მევიოლინეები ნაკლებად ჩანდნენ


– კი, ასე იყო. ქალი მევიოლინეები სცენაზე ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, ახლა კი საკმაოდ ბევრნი არიან. და ეს  ქალის ემანსიპაციის, ქალთა უფლებების განვითარების დამსახურებაა. ქალს გაუჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სამზარეულოში ტრიალია. მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ჩვენ, ქალები უფრო ძლიერები ვართ, როცა პრობლემა გვაქვს და თავად ვწყვეტთ ამ პრობლემებს; ვართ მიზანსწრაფულები, არ ვნებდებით და ბევრს ვმუშაობთ. ქალი მევიოლინეები ძალიან ნიჭიერები არიან, ახასიათებთ  ფილიგრანული მგრძნობელობა, სინატიფე; ზოგადად საქმისადამი ძალიან სერიოზული დამოკიდებულება და დეტალებისადმი ყურადღება.

წინა საუკუნის ომოცდაათიანებში ორ ორკესტრში – ბერლინის ფილარმონიის ორკესტრსა და ვენის ფილარმონიის ორკესტრში ქალები დაშვებულნი საერთოდ არ იყვნენ. დღევანდელ დღეს კი ეს თანაფართობა შეცვლილია და, ცხადია, აქცენტი კეთდება არა სქესზე, არამედ – პროფესიონალიზმზე.