ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გეპეის ჯაზ კლუბიდან ნიუ ორლეანსა და ნიუ იორკში – ქართველი მუსიკოსის გზა ამერიკაში

გეპეის ჯაზ კლუბიდან ნიუ ორლეანსა და ნიუ იორკში – ქართველი მუსიკოსის გზა ამერიკაში

ნახევარ საუკუნეზე მეტია „ნიუ ორლეანის ჯაზისა და მემკვიდრეობის ფესტივალი“ [New Orlean’s Jazz and Heritage Festival], რომელსაც შემოკლებით “ჯაზფესტსაც” უწოდებენ,   ამერიკული ცხოვრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული, გნებავთ, პოლიტიკური მოვლენაა. დაარსების წელს (1970) იქ, სადაც XVIII საუკუნის ბოლოს ახალჩამოსული უპოვრები იმისთვის იკრიბებოდნენ, რომ თავისი ფოლკლორი ემღერათ და ეცეკვათ, ცნობილმა ჯაზპრმოუტერმა და პიანისტმა ჯორჯ ვეინმა გოსპელის დედოფალს, მაჰალია ჯექსონს მიკროფონი მიაწოდა. მასთან ერთად დიუკ ელინგტონმა და სასულე ინსტრუმენტების ბენდმა “ევრიკა” კომპოზიცია ექსპრომტად შეასრულეს. იმ დღეს ფესტივალს მხოლოდ სამასამდე ადამიანი ესწრებოდა. ახლა კი ჯაზის მთავარ დღესასწაულს თავად ნიუ ორლეანის მოსახლეობაზე მეტი, ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს და არა მხოლოდ აშშ–დან.

ქართველი საქსოფონისტი ნიკო ბერძენიშვილი გასული საუკუნის ბოლო წლებიდან ნიუ ორლეანური ცხოვრების ერთგვარი მემატიანეა. 31 წლის წინ ამერიკაში ჩამოსულმა თავისი ბავშვობისდროინდელი გატაცების, მერე კი პროფესიის, საყვარელი საქმის – ჯაზ მუსიკის [ბლუზი, ტრადიციული ჯაზი, ფანკი, სვინგი] შესასწავლად ლუიზიანას შტატს, მისისიპის ნავსადგურ ქალაქს მიაშურა.

„– ნიუ ორლეანის გარშემო სულ ეს მუსიკაა“ – მიყვება ნიკო ბერძენიშვილი, „– იქ ყველაფერი ჯაზზეა აგებული და ჯაზით ცხოვრობს. მთელი წელი ფესტივალებია, ნიუ ორლეანის ჯაზფესტივალის გარდა, რომელიც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია თავისი განუმეორებელი ატმოსფეროთი, ბევრი, შედარებით პატარა ფესტივალიც იმართება.

ნიუ ორლეანს აქვს არაჩვეულებრივი მუსიკალური, თეატრალური სკოლა, რომელსაც ჰქვია NOCCA [New Orleans Center for Creative Arts]. სხვა სკოლებში, ბრას ბენდებში [ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების ორკესტრი] ნამეცადინები, ასე თორმეტი წლის მოზარდებისგან საუკეთესოები შეირჩევიან და სწავლას აგრძელებენ იქ, სადაც ადგილობრივი ლეგენდები ბავშვებს ჯაზის განუმეორებელ სამყაროში გზას უხსნიან და სწავლის პროცესს თავისი ცოდნის გაზიარებით უადვილებენ“.

  • ნიუ ორლეანში დაბადებას ინატრებდით?

არა, რადგან ქართველი არ ვიქნებოდი.

  • ნიუ ორლეანის ჯაზფესტივალის ეპოქის დასაწყისისას საქართველოში რა ხდებოდა?

თბილისში, 1980-იანებში ჯაზმენ ლავრიკა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მეორე მუსიკალურ ტექნიკუმში ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა, რომელზეც ქართველი მუსიკოსები სწავლობდნენ. დღეს გვაქვს კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტი, რომელიც რეზო კიკნაძემ დააარსა. შედეგს დღესვე ვხედავთ – თუ როგორი გასაოცარი ქართველი მუსიკოსები გვყავს. თავის კვინტეტში რეზო კიკნაძე ამ ახალგაზრდების პროფესიონალიზმის განვითარებას წარმატებით აგრძელებს.

საქართველოში ჯაზის განვითარებას ხელი ასევე შეუწყო კომპანია “ისთერნ ფრომოუშენის” დაუღალავმა შრომამ. ეს ყველაფერი 1970-იანებში გაიოზ კანდელაკმა წამოიწყო. საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციის საქმეში მას მართლაც დიდი ღვაწლი მიუძღვის.

თბილისის პირველი ჯაზ ფესტივალი (1978) ძალიან კარგად მახსოვს, რადგან არც ერთი კონცერტი არ გამომიტოვებია. დღეს კახი კანდელაკი და მისი მეგობრები გაიოზის წამოწყებულ საქმეს პროფესიონალურად უძღვებიან. მათ ქართველი მსმენელის ყურისა და თვალის გასახარებლად საქართველოში არაერთი უცხოელი, სანატრელი მუსიკოსი ჩამოიყვანეს.

  • ჯაზში როგორ მოხვდით?

სტანდარტულად. ე.წ. „გეპეის“ [პოლიტექნიკური ინსტიტუტი] გეოლოგიური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რატომ? ამას თავისი ახსნა აქვს.

სწავლა სამხატვრო აკადემიაში მინდოდა, ბავშვობიდან მიყვარდა ყველგან და ყველაფერზე ჯღაბნა, მიყვარდა ცარცისგან ფიგურების გამოთლა… მერე გრაფიკაში გაკვეთილები ავიღე. რახან მირჩიეს, რომ არქიტექტურულზე სჯობსო, ბიძაჩემის, მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში მიღებული დარიგებები ყურად ვიღე. მომწონდა ფილოსოფიური საუბრები ხელოვნებაზე, ისტორიაზე და ცხოვრებაზე.

სამწუხაროდ, იმ დროს აკადემიაში მოხვედრა „მაყუთის“ გარეშე რთული იყო და თვით ბიძაჩემმაც გამომიცხადა – „ადრე გეთქვა აკადემიაში თუ გინდოდა. ვერ მოხვდები, მაგრამ თუ გინდა სცადე, მაგრამ იცოდე, წელი გაგიცდებაო. ადრე უნდა გეზრუნა, გაყიდულია ყველაფერი, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, მეც ვეღარ დაგეხმარებიო“. ჰოდა, მაშინ “გეპეის“ არქიტექტურული ფაკულტეტიც ჰქონდა და იქაც ასეთივე პასუხი მითხრეს: “აუფ, არქიტექტურულზე წელს ნუ იფიქრებო!”.

„მაშინ სამსახიობოზე მინდა მე!“ – გამოვაცხადე ერთ საღამოს. მამაჩემმა გენომ გადმომხედა და თქვა – „აგი მართლა აბდალი გამევიდა”… ჰოდა, რახან ბუნება მიყვარდა, ვიფიქრე, ჯანდაბას, მიყვარს მთები, ტყეები და გეოლოგიური იყოს – მეთქი.

1994 წელი. Cafe Brazil New Olreans. დაბლა – ზაზა მარჯანიშვილი – პიანო, დგანან მარცხნიდან – კიკი ბონია (კონგა), ლუის რომანოსი – დასარტყამი ინსტრუმენტები, მიშა კაჭკაჭიშვილი – ბასი და ნიკო ბერძენიშვილი

რაგბიში “ბურძგლამ”, იგივე გურამ მოდებაძემ, ჩამითრია. რაგბი მიყვარდა, ვთამაშობდი. თან რაგბიში “გეპეის“ მწვრთნელი, კარგი ადამიანი, გელა მიქაბერიძე ავარჯიშებდა. ასე რომ, დავამთავრე გეოლოგიური ფაკულტეტი რაგბის – ჯაზორკესტის – „კავეენის“ განხრით და ამავე დროს ვოკალს ნოდარ ანდღულაძესთან, კონსერვატორიასთან არსებულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ანუ თვალ-ყური მუსიკისკენაც მეჭირა.

„გეპეიში“ რაგბის ვთამაშობდი, ვუკრავდი ჯაზ-ორკესტრში, კაპელაშიც ვმღეროდი. მიშა კაჭკაჭიშვილთან ერთად “გეპეის ჯაზ კლუბიც” ჩამოვაყალიბე, სადაც კვირაში ორჯერ ჯემ სეიშენებს ვატარებდით. იქ გოგი ნაკაიძე, დათო მასტერანოვი, მიშა კაჭკაჭიშვილი, ალეკო გეგეშიძე, ემზარი ხისკიაძე უკრავდნენ.

ამერიკაში ისევ ამ გეოლოგიის დახმარებით ჩამოვედი. მიშა კაჭკაჭიშვილი დღეს კვლავ ნიუ ორლეანში ცხოვრობს და ამერიკაში ერთ ერთი საუკეთესო ჩამწერი სტუდია Esplanade Studios-ი აქვს. წელს მიშამ “გრემიც” მოიგო ჯონ ბატისტის ალბომისთვის, როგორც “წლის ალბომი” (Album Of The Year). მე მჯერა, რომ იგი ახლო მომავალში “ოსკარსაც” გამოჰკრავს ხელს, რადგან უამრავი კინოფილმის მუსიკა სწორედ ამ სტუდიაში იწერება.

  • ინგლისურის ცოდნა წამყვანი ამბავი იქნებოდა

კი, ასეა. უცნაური იყო… ერთ დღეს, ნაბოტკინარზე, ჩვენი დეკანი, თამაზ ლორთქიფანიძე მირეკავს – „ბიჯო, ინგლისური ხომ იციო?”. კი, გეპეის დონეზე ვსხლავ – მეთქი. „ჰოდა, რაღაც კონკურსია, ამერიკაში სტუდენტებს უშვებენ და მიდი უცხო ენების ინსტიტუტში, დილის ცხრა საათზე, მარა ადრე მიდი, ასე შვიდზეო“. მივლასლასდი მეორე დილას, ასე, რვისთვის. ვხედავ, დგას ამერიკაში წასვლის მოსურნეთა რიგი საქართველოს “გენიოსების უნივერსიტეტიდან”. „გეპეიდან“ ბევრს ვიცნობდი. გვალოდინეს მთელი დღე. პირველი ოცი მალე გაუშვეს, დანარჩენი კი მთელი დღე გვაყურყუტეს.

მე საღამოს რვა საათზე, ბოლო ოთხში მოვხვდი. ფაქტობრივად, “კაგებეს” დაკითხვაზე ვიყავით, სადაც ერთი, აწ გარდაცვლილი დიდი პოლიტიკოსი იჯდა, რომელიც იმ დროს “კაგებეში“ მუშაობდა. მას ჩემი უბნიდან და საერთო წრეებიდან ვიცნობდი. წამაკითხეს რაღაც, მათარგმნინეს, ასე, მესამე კლასის დონეზე. ინგლისურად მკითხეს “რა გქვიაო?” – ვუპასუხე. მოკლედ, ესეც ჩაწყობილი ამბავი იყო, მივხვდი ვის უშვებდნენ ამერიკაში და ვის – არა. პირდაპირ ვუთხარი: რას გვაყურყუტეთ ამდენი ხანი, ტყუილად უნდა ჩაგეტარებინათ კონკურსი და ხო ჩაატარეთ – მეთქი?! ძალიან გავბრაზდი.

წამსვლელთა იმ ჯგუფში ერთი-ორი მეგობარი მოხვდა, ავდექი და წერილი ღია ადრესატით, უმისამართოდ, რომელიღაც უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტს მივწერე – თუ გაინტერესებთ კავკასიის გეოლოგიის შესწავლა, რადგან საზღვრები იხსნება, მოდით და ჩავატაროთ გეოლოგიური წლიური გაცვლები – მეთქი. ეს წერილი ასე ბრმად დავწერე და ჩემ მეგობარ გია ხაზარაძეს აშშ–ში გავატანე. მანაც ეს უსტარი ამჰერსტის კოლეჯისა და „უილიამსის კოლეჯის გეოლოგიის ფაკულტეტზე მიიტანა. თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკას და ჰიდროგეოლოგიას სწავლობდა და “უილიამსშიც” სწავლა მაგ განხრით გააგრძელა.

მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, რომ პასუხი მომივიდოდა. წერილი პირდაპირ სახლში მოვიდა, რაც იმ დროსთვის მართლაც სასწაული იყო. მწერდნენ – “დიახ, გვაინტერესებსო, აბა, რას გვთავაზობთო?”. მოკლედ, ეს გაცვლა ჩავატარე და ასე ჩამოვედი ამერიკაში. ნიუ იორკში 1991 წლის 12 ივლისს ჩამოვფრინდი, ექსპედიციის დამთავრების შემდეგ დავრჩი და, ცხადია, ჯაზის სასწავლად ნიუ ორლეანს მივაშურე.

  • ნიუ ორლეანურ ჯაზში თქვენი გეოლოგიისწვლილისგარდა, მუსიკის გაჩენის ამბავიც საინტერესოა.

მუსიკას ბავშვობიდან ვსწავლობდი. დედაჩემი საგუნდო– სადირიჟოროს ასწავლიდა, დეიდა ოპერის თეატრში და ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ორკესტრში ვიოლინოზე უკრავდა, მამიდაჩემს კი კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

მამაჩემს, პროფესიით ექიმს, კარგი სმენა ჰქონდა და რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა, ფანდურიდან დაწყებული – ვიდრე ფორტეპიანომდე. ხალხური სიმღერაც კარგად იცოდა. მეგობრობდა ანზორ ერქომაიშვილთან და ჯემალ ჭკუასელთან. ბავშვობიდან გუნდშიც ვმღეროდი, სადღაც ხუთი–ექვსი წლის ასაკში დედაჩემმა მუსიკალური სმენის ვარჯიში დამაწყებინა. თუმცა კლასიკურ ფორტეპიანოს, რაც ძალიან იმედისმომცემად დავიწყე, საბჭოური სწავლების სისტემის გამო ვერ შევეგუე, მაგრამ სამუსიკო შვიდწლედი მაინც დავამთავრე. ბოლო ორი წელი გამოცდებზე ერთი და იგივე ნაწარმოებებს ვუკრავდი და ისე მეზიზღებოდა! და მაინც დამამთავრებინეს, იფიქრეს, იქნებ გამოფხიზლდეს და ნიჭი, მონაცემები არ დაკარგოსო.

არადა, მაგ პერიოდში ჩემი თავი ფეხბურთის ბურთით იყო ამოვსებული, რაც კი დრო მქონდა, ჩამობნელების გამო ბურთსაც რომ ვერ ვხედავდი, სახლში მაინც არ ავდიოდი და ფეხსაცმელს ფეხსაცმელზე ვაუბედურებდი. ყველაფრით ვთამაშობდით ფეხბურთს. მაშინ სკოლაში სკამის ფეხს მომძვრალი პლასტმასის დამცავისგან, ქვისგან, წინდებისგან შეკერილი ბურთით ვთამაშობდით. სახლშიც კალათბურთს ვთამაშობდით და რამდენი ლარნაკი დაგვიმტვრევია კალათბურთის ამ ბურთით… მოკლედ ფეხბურთი, “დინამო თბილისი”… რა მუსიკა, რის მუსიკა, განსაკუთრებით კლასიკა… ჯაზს უბრალოდ ვუსმენდით, იმას, რასაც მოვიძიებდით. ხანდახან ახალი დისკები მამაჩემს მოჰქონდა.  მაგრამ ერთხელაც… ჯონ კოლტრეინი მოვისმინე და მას მერე სულ საქსოფონზე ვოცნებობდი.

„გეპეიში“ ჩაბარების დროს, ასევე მეორე მუსიკალურშიც, დედაჩემმა ტენორ საქსოფონი მათხოვებინა და კლარნეტის ერთმა მასწავლებელმა ქრომატული გამა და დო მაჟორი მასწავლა. მერე მე თვითონ გერშვინის “ზაფხულის დრო” ვისწავლე და “გეპეის“ თვითშემოქმედების ოლიმპიადაზე დავუკარი. მაშინ ამ ინსტიტუტის ორკესტრს ზურა კობეშავიძე ხელმძღვანელობდა და ჟიურიში იჯდა.

წარმოდგენის შემდეგ მოვიდა და მკითხა: „დიდი ხანია უკრავო?” მე ვუთხარი – ასე, მესამე თვე-მეთქი. კარგი, მოდი ორკესტრშიო. მივედი და მეორე ალტსაქსოფონზე დამსვა. დასარტყმელებზე გია მანჯგალაძე უკრავდა, ემზარ ხისკიაძე – საქსოფონზე, ზაზა მარჯანიშვილი კი – ფორტეპიანოზე. მოვიდა ზაზა და მკითხა, ანსამბლში დაკვრა არ გინდაო? ვუპასუხე, რომ მინდა. ასე შეკრიბა ზაზამ ჯგუფი. რეპეტიციებზე მის სახლში დავდიოდით, ზაზა – ფორტეპიანოზე, კახა ჩიქვინიძე – გიტარაზე, პაატა ანდრიაძე – ბასგიტარაზე, მამუკა „მუკი“ ღაღანიძე – ხელის დასარტყამებზე, დათო ინასარიძე – „უდანრიკზე“, მე – საქსოფონზე, რომლის გაგებაშიც ჯერ კარგად ვერ ვიყავი, მაგრამ ძალიან ვცდილობდი. დღესაც ვცდილობ, ჰოდა, ცოტა უფრო მეტი მესმის.

  • ნიუ ორლეანი როგორ დაგხვდათ?

ძალიან ცხელად და ჩახუთულად. როგორც ზემოთ ვახსენე, ასე გეოლოგიით ჩამოსული ჯაზის სასწავლებლად გადავედი ნიუ ორლეანში.

ესეც უცნაურად მოხდა. თბილისიდან ბოსტონში, ბერკლის კოლეჯში მქონდა გაგზავნილი ჩანაწერი და დახასიათების წერილი, რომელიც თათუზამ (იგივე თამაზ ყურაშვილმა) დამიწერა, ესეც ასე ბრმად გავაგზავნე და იმაზეც მიპასუხეს – “ჩამოდი, სწავლის ფულს გადაგიხდით და დანარჩენი შენზეა, გელოდებითო”. არადა, სად იყო მაშინ ბოსტონში საცხოვრებლის დასაქირავებელი ფული? მაგრამ ამ გეოლოგიურ გაცვლაზე რომ დავიწყე აქტიურად მოძრაობა, მერე ვიფიქრე, ბარემ ჩავდივარ, ბოსტონი და “ამჰერსტი” თუ “უილიამს კოლეჯიც” იქვეა ერთად და ვნახოთ, იქნებ რამე მოვიფიქრო – მეთქი ან გამიმართლოს…

ნიკო ბერძენიშვილი

ნოდარ ანდღულაძესთან ხომ ვსწავლობდი, მაგ პერიოდში კონსერვატორიაში ჩამოვიდა ნიუ ორლეანის “ლოიოლა უნივერისტეტის” მუსიკის ფაკულტეტის დეკანი და რამდენიმე პროფესორი, ასე ხუთი ადამიანი. ერთ-ერთი, თომ ბელი, როგორც სტუმარი, ნოდარ ანდღულაძესთან სახლში გაანაწილეს. ნოდარმა, აბა, ინგლისური ვინ იცისო და აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი, რომელსაც ასე თუ ისე საუბარი ინგლისურად შეეძლო. ჰოდა, ჩამაბარეს ეს ბატონი თომი. იგი ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პროფესორი იყო და ასევე ნიუ ორლეანის გაზეთის “თაიმს ფიკაიუნის” ერთ – ერთი რედაქტორი.

ამერიკაში ჩამოსვლის შემდგომ თომს დავურეკე, მან იცოდა, რომ “ბერკლიში” დარჩენას ვაპირებდი, თუმცა შემომთავაზა “ბერკლის” მაგივრად “ლოიოლაში” (Loyola University New Orleans) ჯაზის სასწავლებლად გადასვლა. მითხრა – ერთი წელი ჩემთან სახლში იცხოვრე და შენ ხარჯებსო ჩემ თავზე ავიღებო, მაგრამ ქართული უნდა მასწავლოო. მოვილაპარაკეთ. პირველივე დღიდან, როგორც კი თავი ამოვყავი ნიუ ორლეანში, თომმა მუსიკოსები და სხვა ხალხი გამაცნო. პირველ ღამეს თავი ამოვყავი კლუბ Snug Harbor-ში, სადაც დასარტყამებზე ახალგაზრდა ბრაიან ბლეიდი უკრავდა და საქსოფონზე – ვიქტორ გოუენსი… მოკლედ, დამემართა შოკი – აი, მანდ რა გინდოდა, რა?! ისე შემეშინდა, რომ ამათ დონეზე ასვლაზე ფიქრიც კი დამავიწყდა – რა მინდოდა, სად მოვდიოდი?!… ასე რომ, როგორც კი სწავლა დაიწყო, დღეში რვა საათი ვმეცადინეობდი. ნიუ ორლეანში სადღაც 2003 წლამდე ვიცხოვრე.

სხვათა შორის, ამ ომიანობის პერიოდში 1991-93 წლებში თომს იდეა შევთავაზე – მოდი სტუდენტებისგან სემესტრის ბოლოს წიგნები შევაგროვოთ და საქართველოში უნივერსიტეტში გადავაგზავნოთ და იქ, საგნების მიხედვით ალიკა რონდელი გადაანაწილებს მეთქი. რამდენიმე ათასი წიგნი შევაგროვეთ და ამერიკის ჯარის თვითმფრინავს გამოვატანეთ. როგორც ვიცი ალიკამ მიიღო იქ, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და არ ვიცი ის წიგნები გამოადგათ თუ არა, მაგრამ ალიკა ძალიან გახარებული იყო. უმეტესად სახელმძღვანელოები იყო. თომმა ალიკა თბილისში გაიცნო და მეგობრობდა მასთან. შემდგომ ერთი წელი აიღო “საბატიკალს” (ანაზღაურებადი შვებულება) რომ ეძახიან და ერთი წელი თბილისში ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. ქართული ისე ისწავლა, რომ ინგლისურად გალაკტიონიც თარგმნა. სამწუხაროდ, თბილისიდან რომ ჩამოვიდა, გაყვითლებული მომეჩვენა და ვუთხარი ბოტკინი ხომ არ გაქვს – მეთქი? ძალით გავაგდე ექიმთან. ცუდი ამბავი მოუვიდა. ბოტკინი არა და კიბო დაუდგინეს. გაქანებული მეოთხე სტადიაში, ღვიძლი დაშლილი ჰქონდა, … 1995-ში დაგვტოვა. თომს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ამაგი მიუძღვის და, იმედია, ეს ადამიანი დღემდე ყველას ახსოვს.

შუა 1990-იანებში ერთი – ორი წელი ვაშინგტონშიც ვცხოვრობდი და მერე ისევ უკან, ნიუ ორლეანში გადავედი. კოლეჯში დიდი ხანი ვერ გავჩერდი, საქართველო ცეცხლში გაეხვა, აფხაზეთი, სამოქალაქო ომი, ბევრი მეგობარი დაიღუპა და ეს ყველაფერი გულზე დამაწვა, დეპრესიაში ვიყავი და დავრჩი ნიუ ორლეანში ასე გაურკვეველი ვადით. კოლეჯს თავი დავანებე და ნიუ ორლეანში რესტორანში დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე, ცოტა აზრზე მოვალ და მუსიკასაც ვიმეცადინებ.

უმეტესად ჩემით და ადგილობრივ მუსიკოსებთან ვისწავლე დაკვრა. 1990-იანების ბოლოს ნიუ ორლეანში ყველასთან ვუკრავდი, დავდიოდი კლუბებში და თუ ჩემი “გიგი” არ მქონდა, სხვებს მივუჯდებოდი და ვუკრავდი. იქ მუსიკოსებმა ინსტრუმენტით თუ დაგინახეს, ყველა გეუბნება – მოდი, დაუკარიო და ხელს გიწყობენ, მნიშვნელობა არ აქვს ჟანრს: ჯაზი, ფანკი, ბლუ გრასი, როკი…

ერთხელაც დავიწყე ტური ამერიკის გარშემო ერთ-ერთ ჯემ ბენდთან, New Orleans Juice-სთან ერთად, ბევრ Jam Band ფესტივალსა და დიდ კლუბებში მომიწია დაკვრა, რვა კონცერტი დავუკარით სოლთ ლეიკ სითის ოლიმპიურ თამაშებზე სულ გადაძეძგილ კლუბებში. ხშირად ამ ფესტივალებზე, ჯემებზე სხვადასხვა ცნობილ Jam Band მუსიკოსებთან ერთად მიწევდა დაკვრა, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა.

ნიუ ორლეანში ვუკრავდი ისეთ კლუბებში, როგორიცაა: Tipitinas, Snug Harbour, Dragons Dan, Cafe Brazil, Cafe Istanbul, Maple leaf, Old Point Bar, Howlin’ Wolf… ნიუ იორკში ვუკრავდი ისეთ პოპულარულ კლუბებში, როგორიცაა BB Kings, Brooklyn Bowl, The Bitter End, The Groove, Le Poison Rouge, One Eyed Jack, Kenny’s Castaways, Tribeca Rock Cub, Carnegie Club, Club Macanudo, Fifth Hammer Brewing და კიდევ ოცამდე კლუბში. ასევე დავუკარი „კარნეგი ჰოლში“ (2007), Blue Note Jazz Club – შიც მქონდა დაკვრის შანსი, მაგრამ კოვიდმა ყველაფერი გააჩერა.

  • რა იყო თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის, რთული ნიუ იორკში?

ნიუ იორკში 2003 წელს გადმოვედი. იმ ჩემ ჯემ ბენდს თავი დავანებე. მანამდე კი პრეზიდენტად ბუში აირჩიეს, აირია ქვეყანა, „ტყუპები“ ტერაქტით დაინგრა… მოკლედ, თბილისში მინდოდა დაბრუნება და, ვიფიქრე, ნიუ იორკს დავათვალიერებ – მეთქი. ამიტომ ერთი-ორი კვირით ჩემს დიდი ხნის ახლო მეგობარს, ირინა პოპიაშვილს ნიუ იორკის სანახავად ვესტუმრე და თბილისისკენ ბილეთის ყიდვას ვაპირებდი. ორი კვირა სოჰოში მასთან გავჩერდი, ჩემებთან მისგან დავრეკე და ისე აღმოჩნდა, რომ ჩემთან თბილისში სახლში რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო. მეუბნებიან – სად მოდიხარ ამ საგიჟეთში, თუ ძმა ხარ, ვის რად უნდა შენი საქსოფონი აქ, დაეტიე მანდ, სამუშაო იშოვე და ასე ა.შ…. ჰოდა, დავრჩი ნიუ იორკში, უკან, ლუიზიანაში აღარ მინდოდა, რადგან იქ პირველ მეუღლეს გავშორდი და არ მსიამოვნებდა პატარა ქალაქში დაბრუნება.

ნიკო ბერძენიშვილი მეგობრებთან ერთად

ნიუ იორკში დათო ლეჟავამ და მერიკო გუბელაძემ შემიფარეს. მითხრეს, სანამ სამსახურს იშოვი, მოეწყობი, ჩვენთან გაჩერდიო. დავრჩი და დავიწყე ისევ რესტორნებში სამუშაოს ძებნა. ერთ თვეში ასზე მეტი რეზიუმე შევიტანე, რადგან ადრე კაპიტნად [ფრანგული მომსახურების სისტემით კაპიტანი მიმტანების უფროსია] ოთხვარსკვლავიან რესტორანში ვმუშაობდი, ამიტომ სამუშაოს მაღალი კლასის რესტორნებსა და “სტეიკჰაუსებში” ვეძებდი, რადგან იქ უფრო ბევრი ფული კეთდებოდა. ბოლოს “ბენ ბენსონის სტეაკჰაუსში” მომცეს ერთი – ორი დღე და ასე ავკრიფე ნელ-ნელა სამუშაო დღეები, თან აქა – იქ ვუკრავდი ხან სად, ხან – სად.

ცნობილ ჯაზ კლუბებში მაშინ დიდი რიდით შევდიოდი, ოღონდ მოსასმენად, ამ ქალაქში ხომ უთვალავი რაოდენობის უმაღლესი დონის მუსიკოსი ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც იტყვიან, თუ ნიუ იორკში რამეს მიაღწევ, მაშინ ყველგან უფრო მეტს მიაღწევ. ბევრი დღისით მუშაობს, ზოგი მუსიკის განხრით, ზოგიც – ჩვეულებრივ სამსახურში. ცოტანი არიან ისინი, ვინც მხოლოდ მუსიკის დაკვრით ცხოვრობს. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისა, რომ მუსიკას, ნიჭის გარდა, ძალიან ბევრი მეცადინეობა სჭირდება და თუ სხვა სამუშაოთი ხარ დაკავებული, დრო სამეცადინეოდ არ გყოფნის. შესაბამისად, სასურველ შედეგს ვერ აღწევ და ამიტომ უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო ტექნიკური საშუალებით თუ არატექნიკურით. მეც დღისით კომერციული უძრავი ქონების ბროკერად ვმუშაობ. ვცდილობ გავხდე კაპიტალისტი ერთ მხრივ და, მეორე მხრივ, მუსიკით ამ კაპიტალიზმს ვებრძვი.

  • ხანდახან მგონია, რომ ჯაზის სამშობლოშიც ჯაზი უცხოათუ მეჩვენება?

ჯაზი მსოფლიოს ამერიკამ აჩუქა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მას აქ უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავს, ვიდრე მსოფლიოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით, ევროპასა და აზიაში. აქაც ჯაზ –კლუბები უმეტესად უცხოელი ტურისტებითაა სავსე.

ძველი თაობებიდან, რომელიც „გეპეის“ ჯაზორკესტრში 1950-60-იანებში უკრავდა, ბევრჯერ მსმენია, თუ როგორ მეცადინეობდნენ ჩუმად – არავის გაეგო, რომ ამერიკულ ჯაზს უკრავდნენ. ბატონ სოსო ტუღუშს, რომელმაც „გეპეის“ ჯაზ ორკესტრი დააარსა, ნათქვამი აქვს – „თავიდან ორკესტრი რომ ჩამოვაყალიბე, ვაცხადებდით, რომ ვუკრავდით ცნობილი საბჭოთა მუსიკოსის ნაწარმოებს და ამ დროს… გლენ მილერის, დიუკ ელინგტონის, ქაუნთ ბეისის, ბიგ ბენდის“ მუსიკას ვუკრავდითო”.

ჩემი თინეიჯერობის დროს, 1970-იანების მეორე ნახევარში და 80-იანების დასაწყისში თათუზას, ვაგიფ მუსტაფ ზადეს, როგორც რონ კარტერს და კიტ ჯარეტს ვუყურებდით, დათო მალაზონია ზავინული იყო, დათო ჯაფარიძე – მანოლო ბადრენა, ლავრიკა ჯინჭარაძე კი ჯაზის სწავლების გურუ.

მახსოვს, „გეპეიში“ ჩაბარების შემდგომ ლავრიკასთან მივედი გაკვეთილზე. მან ერთ გაკვეთილში იმდენი რამ ამიხსნა, ძალიან დავიბენი, შემეშინდა, რადგან ორი კვირა თავი დავაკალი ამ ინსტრუმენტს და მაინც ვერ მოვახერხე იმის დაკვრა, რაც მეგონა, რომ შემდეგ გაკვეთილზე უნდა მიმეტანა და ამიტომ აღარ მივედი… თურმე ის, რაც მან მაშინ სამეცადინოდ მომცა, მთელი ცხოვრება უნდა მემეცადინა…

შემდგომ, როცა ნიუ ორლეანში მაგისტრატურაში ვსწავლობდი, სადღაც ასე 1999 -2000 წლებში, ნიუ ორლეანის უნივერსიტეტში ჩემი საქსოფონის მასწავლებელი ედ პიტერსონი იყო. მან იგივე სავარჯიშოები მომცა, რაც ლავრიკამ იმ ორ კვირაში მომთხოვა. თან დააყოლა, ეს ყოველ დღე მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იმეცადინოო… ეჰ, თავის დროზე რომ ლავრიკასთვის მომესმინა …

  • ლავრიკას სკოლახომ არსებობს ახლა?

“ლავრიკას სკოლამ” ჩემი თაობიდან ბევრი არაჩვეულებრივი მუსიკოსი მისცა საქართველოს: ალიკა გეგეშიძე, ემზარ ხისკიაძე, ზურა მახნიაშვილი, გია მანჯგალაძე, გოგი ნაკაიძე, დათო მასტერანოვი, ზაზა ზაალიშვილი…დღეს მის საქმეს ზურა რამიშვილი აგრძელებს და მისი მოწაფეები მსოფლიო დონის მუსიკოსები გახდნენ.

  • დრო შეიცვალა და ახლა არაა საჭირო ჯაზის მალვა.

ადრე ჩვენ რომ გვიწევდა ერთი კასეტის ორი ათასჯერ გადაწერა იმისთვის, რომ მუსიკა თუ ინფორმაცია ჯაზის მოყვარულებისთვის მიგვეწვდინა, დღეს ინტერნეტში ინფორმაცია ყველგანაა და ბევრი რამ – უფასოდაც, რაც ჩვენს დროს ხელმიუწვდომელი იყო. დღეს მთავარია ინტერესი, შინაგანი მოთხოვნილება ამ მუსიკის დაკვრისა და მყარი სიბეჯითე. ჯაზიც ხომ მუსიკალური ენაა, რომელიც სიტყვებისგან, ფრაზებისგან და წინადადებებისგან შედგება და როგორც ენა, ისე ისწავლება. დიდი მონდომების შემთხვევაში მისი სწავლა ყველას შეუძლია.

ნიკო ბერძენიშვილი

ამერიკაში, მაგალითად, ნიუ ორლეანში, ბევრი მუსიკალური ოჯახი, გვარი და დინასტიაა. მაგალითად, მარსალესების ოჯახი, ბატისტების, ჯოზეფი, ბოუთე, ქონიკები, ანდრიუს…. ნიუ ორლეანი, მთელი ქალაქი ხომ მუსიკით სუნთქავს და ცხოვრობს… ჯეისონ მარსალესი ძალიან პატარა მახსოვს ელისთან მარსალესთან და დელფაიო მარსალესთან ერთად რომ უკრავდა, ტროი ანდრეუსი, იგივე “თრომბონ შორტი”, ასე ხუთი წლის იყო, როცა მის ძმას ჯეიმსს, რომელიც მესაყვირეა, გამოჰყავდა ქუჩაში და გასამრჯელოსთვის აკვრევინებდა… ერთ დღესაც მან ბათუმის ჯაზ ფესტივალზე დაუკრა.

ნიუ ორლეანის მუსიკა ცხოვრების ნაწილია. სკოლა როგორც კი მორჩება და ბავშვები სახლებისკენ ქუჩას მოეფინებიან, სულ გესმის ამ პატარა მუსიკოსების ხმები. სახლისკენ ან ჩასაბერი ინსტრუმენტებით ან “სნეარ დრამის”, ან “ბას დრამის” დაკვრა-დაკვრით მიეშურებიან. უმეტესობა პატარაობიდანვე “ბრას ბენდებით” იწყებს. ყველა სკოლას თავისი “მარჩინგ ბენდი” ანუ მარშირების ორკესტრები (სპილენძის, ხის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები) ჰყავს. შემდგომ კი ასე ბუნებრივად ვითარდებიან… სულ ეს მუსიკაა გარშემო. იქ ყველაფერი მუსიკაზე აგებული, ყველაფერი ჯაზით, მუსიკით სუნთქავს.

  • როგორ შეიძლება დღეს მუსიკოსი, ხელოვანი გადარჩეს? ხელოვანს, ფაქტობრივად, ორი პროფესია აქვს. ერთი თავისა და ოჯახის სარჩენი და მეორე – “ჰობი“. ბალანსის დაცვა როგორ ხდება?

მე ამერიკაში გეოლოგიამ ჩამომიყვანა. მამაჩემის ძმაკაცის ნაჩუქარი ასი დოლარითა [სად იყო მაშინ ეს დოლარები? არსად.] და ალიკა გეგეშიძის ნაჩუქარი, რახან–რუხუნით მჟღერი, გერმანული დანგრეული ტენორსაქსაფონით ჩამოვედი. კი გამიმართლა, რომ პროფესორ თომ ბელის შევხვდი. სწორედ ის დამეხმარა, რომ ჯაზურ ცხოვრებაში ჩავბმულიყავი, მაგრამ საქართველოში მაშინ ცუდი და მძიმე დრო იყო. ემიგრაციაში წამოსული, როდესაც საზღვრის გარეთ მარტო წიგნებით ვიყურებოდით, ნოსტალგიასთან ბრძოლა და ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა ორმაგად რთული იყო.

ყოველთვის მიწევდა მუშაობა რესტორნებში და თუ ვინმე სამუშოს შემომთავაზებდა, უარი არასდროს მითქვამს, სახლებიც მიწმენდია, ბალახიც მომიჭრია; მღებავად, მშენებლობაზე მიმუშავია… ერთი პერიოდი კარდაკარ მტვერსასრუტებს ვყიდდი, შემდგომ მანქანით გაყინულ “სტეიკებს”. ზოგმა იყიდა, ზოგმა ძაღლი მომიქსია და ზოგმაც იარაღიც მომიშვირა, მაგრამ გადავრჩი… და ისევ ვაპრუწუნებ ამ ჩემ საქსოფონს და ვაწუხებ ჩემ მეზობლებს, როცა დრო მაქვს. დღესაც, დღისით ვმუშაობ, სამუშაოთი რომ გადავიღლები, ინსტრუმენტს ავიღებ, ტვინს და სულს კი ვასვენებ, მაგრამ არა – მეზობლებს.

სხვათა შორის, 2009 წელს, იმ გეგმით, რომ ჩემ რესტორანს აუცილებლად გავხსნიდი, ნიუ იორკში “კულინარიული განათლების ინსტიტუტი” დავამთავრე, მაგრამ ამ იდეასაც შევეშვი. თუმცა ოჯახი ამ დარგში ჩემი პროფესიონალიზმით აშკარად კმაყოფილია.

ნიკო ბერძენიშვილი

  • კოვიდპანდემია, როგორც ანტიჯაზური მოვლენა, როგორ შეიძლება, რომ ეს მუსიკაში გამოიხატოს? შესაძლებელია კი?

კოვიდი მსოფლიოს ისე ეძგერა, რომ ყველაფერი გააჩერა. არავინ არ ელოდა, რომ ასეთი მოუშორებელი რამ იქნებოდა. ბევრი მუსიკოსიც ავად გახდა, ზოგიც კოვიდმა მოკლა. ბევრმა დრო იხელთა და იმეცადინა. გარდა ამისა, ბევრმა გამოსცა ახალი ჩანაწერები, რომელზეც წლებია მუშაობდნენ და მხოლოდ ასე მიეცათ კონცენტრაციის, მათი დამთავრების და გამოცემის საშუალება.

მას გარდა ბევრმა მუსიკოსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან კონტაქტები ზუმისა და ინტერნეტის მეშვეობით გააბა და ბევრი არაჩვეულებრივი თანამშრომლობის პროდუქტიც შეიქმნა.

ჩემ ოჯახში კოვიდი 2020-ის მარტში ყველამ გადავიტანეთ. მე – მძიმედ… ძალების აღსადგენად ორი–სამი თვე დამჭირდა  და სადღაც ზაფხულში ივლისის შუა რიცხვებში მეცადინეობა ისევ დავიწყე. კოვიდი რომ არა, ვემზადებოდი სტუდიაში შესასვლელად ჩემს ანსამბლთან, Boogaloo Gigolos-თან ერთად, მაგრამ გადადება მოგვიწია…დღესაც ველოდებით, რომ ნორმაში ჩადგეს ყველაფერი.

წელს სამუსიკოს სამყარო უფრო გააქტიურდა, მუსიკოსებმა მოგზაურობა და კლუბებშიც დაკვრა დაიწყეს. მანამდე უმეტესად გარეთ ვუკრავდით. ბევრი ამინდის გამოსვლასთან ერთად პარკებში და ქუჩებში უკრავს. კრის პოტერი ცენტრალ პარკში უკრავდა, ჯერი უელდონი – ქუჩაში…მუსიკოსს მსმენელის წინაშე დაკვრა და ენერგიის გაცვლა სჭირდება. ეს ხომ ერთობლივი მედიტაციაა, სულისა და გონების განსატვირთი და სამკურნალო…

  • პირადად თქვენთვის რაა მთავარი ჯაზისტრაექტორიაზე“?

ყოველთვის მთავარია მონდომება და შინაგანად დანთებული კოცონი იმისთვის, რომ ადამიანმა მიზანს მიაღწიოს. ეს ყველაფერი მოდის დიდი შრომის ფასად. ნიჭი კარგია, მაგრამ ბევრი ნიჭიერს სიზარმაცისგან ვერაფრისთვის მიუღწევია. ბევრ უნიჭოს კი დიდი ჯაფის ფასად ნიჭიც უპოვნია და წარმატებაც. ეს ზოგადად ყველაფერს ეხება.

ჯაზი არის უსასრულო, როგორც სამყარო, ნაწილობრივ ორგანიზებული და ნაწილობრივ ქაოტური… დაკვრის პერიოდში ხშირად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კოსმოსში თავისუფლად დედამიწის მიზიდულობის გარეშე მიფრინავ, შეიძლება მარტო მე ვაფრენ… ეს მეცადინების დროსაც ხდება და სხვებთან კონცერტის დროსაც, რადგან მეცადინეობაც მედიტაციაა და სუნთქვითი ვარჯიშები – განსაკუთრებით ჩასაბერ ინსტრუმენტზე.

სხვათა შორის, ერთ ერთმა ყველაზე კარგმა მასწავლებელმა მაიკლ პელერამ, რომლისგანაც ფორტეპიანოზე იმპროვიზაციის გაკვეთილებს 1991-92 წლებში “ლოიოლას კოლეჯში” ვიღებდი, მითხრა– “ფორტეპიანოზე როდესაც უკრავ, უნდა ისუნთქო ისე, როგორც ლაპარაკის დროს, რადგან პაუზა დამკრველისთვისაც აუცილებელია და მსმენელისთვისაც, ჯაზიც ხომ ენაა და ჰაერის გარეშე ვერავინ ილაპარაკებსო. როგორც ფრაზებითა და წინადადებებით ვლაპარაკობთ, ასევეა ჯაზიცო, You have to tell the story, man…[შენ უნდა მომითხრო, ძმაო], კარგ პაუზასაც კარგი ფერები აქვსო.” ყველა მუსიკა ასეა, მაგრამ ჯაზში ეს ყველაფერი მომენტალურად ხდება, იმ დროს იმ წამს თუ წუთს ხშირად დაუგეგმავად, სპონტანურად …

  • საქართველოსკენ იყურებით?

ვიყურები, მაგრამ ყველაზე დიდი და სამწუხარო ფაქტი მინდა აღვნიშნო. ამდენი ხანია საქართველომ ვითომ თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ ერთი მთავრობა არ გვეღირსა, რომელიც დღედაღამ ქვეყანაზე, ხალხზე იფიქრებს, ამ ხალხს ემსახურება და არა პირიქით და ამით სწორ გზას დაადგება. მთავრობა, რომელიც ნეპოტიზმს აღმოფხრავს, ღორობას და საკუთარი ჯიბის გასქელებას არ დაიწყებს. ქართულ მიწა-წყალს არ გაატანს საუკუნებრივ მტერს. სასულიერო პირები კი “ღმერთის შიშით” ასევე მცდარ გზას ადგანან და საწყალ ხალხს ათაყვანებენ.

ძალიან არ მიყვარს გამონათქვამი – “შიში შეიქმს სიყვარულსა”, რაც არქაული მცნებაა და არასწორი ყველა კუთხით. როგორ შეიძლება გეშინოდეს და გიყვარდეს, ან გიყვარდეს და გეშინოდეს ამავდროულად? თუ გიყვარს, რატომ უნდა გეშინოდეს და თუ გეშინია, როგორ უნდა გიყვარდეს? ღმერთის შიშს არ უნდა ნერგავდნენ ხალხში, არამედ სიყვარულს, რაც ხალხს უფრო გააკეთილშობილებდა…

რწმენა ბიზნესი არ უნდა იყოს. იესოს არ უთხოვია ეკლესიები ამიგეთ, ხარკი აკრიფეთ ჩემი და მამაჩემის სახელითო იმისთვის, რომ თქვენ, “ღმერთის მსახურებმა” გაზულუქებულად იცხოვროთო. ეს ყველაფრის გაუფასურებაა – ხალხის სიბნელეში ყოფნა, ღმერთის შიშით ცხოვრება და საიქიოში დანაპირებების იმედით ცაში ყურება, ყოველ კუთხე – კუნჭულში პირჯვრის წერა უაზროდ, “საპოკაზუხოდ”, სათვალთმაქცოდ…

ხალხის უმეტესობა საშინელ პირობებში ცხოვრობს და მათი რეაბილიტაცია დიდ დროს მოითხოვს. არ აჯობებდა სანამ ვსუნთქავთ და აქ ვართ, სიყვარულით მოვეპყროთ ბუნებას, დედამიწას, ერთმანეთს, ცხოველებს თუ ფრინველებს? ჩვენ ხომ ერთი პატარა დედამიწის ნაყოფი და ნაწილი ვართ… ნეტა არ შეეჭამა ის ვაშლი ადამს და არ დაენახა, რომ შიშველი იყო…

როდესაც 2008-ში დედაჩემი კიბოთი დაავადდა, თბილისში რამდენიმე თვით ჩავედი, რუსებმა დაგვბომბეს მაშინ. დედაჩემი გამოკვლევებზე ონკოლოგიურში დამყავდა. ძველი ონკოლოგიურის კარკასი იყო და მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილ–გადარჩენილ შენობას ჰგავდა. შენობა გადავსებული ავადმყოფი ხალხით, მათი ნათესავ-მეგობრებით. ბევრს თვალში სინათლის ნაპერწკალიც დაკარგული ჰქონდა უიმედობით, რიგებით… ყველა შიშით შეპყრობილი, დამთრგუნველი მკვდარი შენობით, კარები – მინგრეული, ფანჯრები – ბევრგან ჩამტვრეული, სიბინძურე, მიყრილ–მოყრილი ყველაფერი, ტუალეტის სუნი… მოკლედ, საშინელება… ამ დროს ყველა კარებს, თუ დამტვრეული არ იყო და ყველა კედელს “ამშვენებდა” აფიშა – „გთხოვთ შემოიტანოთ შესაწირი, რომ საავადმყოფოს ეზოში აგიშენოთ ეკლესია …“

თქვე კარგო ხალხო, რა იქნებოდა ამ ეკლესიების აშენებას ეს ონკოლოგიური გაგერემონტებინათ ჯერ სათანადო თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომ ამ საცოდავ ხალხს დაწყნარებული გონებით სათანადო ყურადღება მიქცეოდა… ბოლო კაპიკებს რომ სთხოვთ ხალხს, რომელსაც წამლის ფულიც არ აქვს?! ერი უნდა გამოფხიზლდეს საქართველოშიც და ემიგრაციაშიც. უნდა გამოვფხიზლდეთ, გამოვიხედოთ თვალებში, თავიდან ვისწავლოთ ერთმანეთის, ჩვენი მიწა-წყლის ნამდვილი სიყვარული და არა ბანალური, საბჭოური გადმონაშთი, ერთი და იგივე სადღეგრძელოების ბრახა -ბრუხი.

იმედია, ერთ დღეს მოვა ახალი, სუფთა, ერთიანი ძალა, რომელიც სიყვარულითა და რუდუნებით მოეპყრობა საქართველოს ტკივილსა და ვარამს და ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებს. ეს კი ქვეყნისა და ხალხის სამსახურისთვის მოითხოვს კარგ განათლებას, პროფესიონალიზმს, თავდადებას. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.