2015 წლის გაზაფხულზე ნიუ იორკის ორ თეატრში (Under St. Mark Theatre და Kraine Theatre )
რეჟისორმა, მსახიობმა, დრამატურგმა და პედაგოგმა ნიკოლოზ საბაშვილმა თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” წარადგინა. ერთ–ერთ სპექტაკლს ამერიკაში მოღვაწე ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “ფესვები” (ქორეოგრაფები შორენა ბარბაქაძე და ჯუხრა ლომთაძე; სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო გოდერძიშვილი) სრულად დაესწრო და სწორედ იმ დღიდან გადაწყდა, რომ მათ ერთობლივი წარმოდგენა ნიუ იორკში აუცილებლად უნდა დაედგათ.
ნიკოლოზ საბაშვილი საქართველოში რამდენიმე თეატრში მოწვეულ რეჟისორად მუშაობს, იგი ასევე არაერთი თეატრალური პრიზის მფლობელია; “ფესვები” კი ქართული კულტურის ცენტრია, რომელიც აგერ უკვე თხუთმეტი წელია სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ქართულ ცეკვასა და სიმღერას ასწავლის. 2015 წლის ზაფხულში “ფესვები” პირველად თავისი არსებობის მანძილზე საქართველოში გაემგზავრა და ეს დროებითი დაბრუნება ანსამბლის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და სტიმულის მომცემი საგასტროლო პერიოდი აღმოჩნდა.
2015 წლის მიწურულს ბროდვეიზე მდებარე არტსცენაზე Symphony Space (1978) გაიმართა მუსიკალური სპექტაკლი Legend of Georgia* (ლეგენდა საქართველოზე), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მოგვითხრობს ნიუ იორკში მცხოვრები ქართველების ოჯახზე, სკოლის მოსწავლე ბიჭზე, გიორგიზე, მის დაზე, მარიზე (სასცენო სახელები მსახიობების რეალური სახელებია) და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გიორგი, როცა მამა ოჯახს საქართველოში წასასვლელ ავიაბილეთებს ახარებს, შეყვარებულის სახლში წვეულებაზე სტუმრობას არჩევს და აეროპორტიდან გაიპარება. თუმცა გოგონას საქციელით იმედგაცრუებული მოგვიანებით ინანებს და სამშობლოში გაფრენას ინატრებს. ჰოდა, კეთილი ჯადოქარი – მთხრობელი
გიორგის საქართველოში გადაანაცვლებს, სადაც იგი რუკით ხელში სამშობლოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობს და იქაურ ტრადიციულ ცეკვასა და სიმღერას ეცნობა.
– “ფესვების” ხელმძღვანელების გაცნობისთანავე გაჩნდა იდეა, რომ ჩვენ ამერიკულ–ქართული შოუ აუცილებლად უნდა დაგვედგა. – ამბობს ნიკოლოზ საბაშვილი. – ჰოდა, მუშაობას მალევე შევუდექით და იდეის ხორცშესხმას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. გადავწყვიტე, რომ სპექტაკლში სახალისო ნომრები ჩამერთო, ბროდვეის პოპულარული შოუების ნაწყვეტების გაცოცხლებით კი ერთგვარად ბროდვეის მიუზიკლებისადმი ჩემი პოზიტიური დამოკიდებულების, ამერიკული კულტურისადმი ჩემი სიყვარულის ჩვენებაც მინდოდა. აქამდე ნიუ იორკი ჩემთვის ბრჭყვიალა ცათამბჯენები იყო და “თაიმ სქვერის” თვალისმომჭრელი ფერადოვნება, რომელიც ძალიან მიყვარს. ყოველთვის მიხაროდა ამერიკაში ჩამოსვლა. ამ სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობამ კი სულ სხვაგვარად დამანახა ეს ქალაქი. ის ჩემთვის უფრო ახლობელი, შეიძლება ითქვას, ოდნავ ქართულიც გახდა. ახლა ამ ქვეყნის სიყვარულს უფრო რაციონალური მიზეზი განაპირობებს. უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც აუცილებლად მომენტარება. “ფესვები” კი ის ორგანიზაციაა, რომელსაც ყველანი გვერდით უნდა ამოვუდგეთ. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც მათ სარეპეტიციო დარბაზში შედიხარ, იქ პატარა საქართველო დაგხვდება; ყველა ქართულად ლაპარაკობს, იციან თუ არ იციან კარგად ქართული, ქართულ ენაზე ხუმრობენ და, ასე ვთქვათ, ქართულად განიცდიან. ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ძალიან რთულია ამერიკაში ქართული კულტურა შეინარჩუნო. დარწმუნებული ვარ თუ “ფესვები” ასე გააგრძელებს, ჩვენ ნაყოფიერ შედეგს მივიღებთ, ვგულისხმობ ამერიკის მიწაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მიმასპინძლა და დაგვეხმარა.
* სპექტაკლი “ლეგენდა საქართველოზე” დაიდგა “ფესვების” მოცეკვავეების–მომღერლების მშობლების, დიანა ბაგრატიონის ფონდისა და მაკა გოგილაშვილის (ორგანიზაცია – Home Care Service) მხარდაჭერით.
2015 წლის მიწურულს ბროდვეიზე მდებარე არტ – სცენაზე Symphony Space (1978) გაიმართა მუსიკალური სპექტაკლი Legend of Georgia* (ლეგენდა საქართველოზე), ფოტო: ია მერკვილაძე
2015 წლის მიწურულს ბროდვეიზე მდებარე არტ – სცენაზე Symphony Space (1978) გაიმართა მუსიკალური სპექტაკლი Legend of Georgia* (ლეგენდა საქართველოზე), ფოტო: ია მერკვილაძე