“19 მაისს აფხაზეთის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე 31 წლის ქართველი კაცი, დევნილი აფხაზეთიდან, გიგა ოთხოზორია ე.წ. “საზღვრის” დამცველმა მოკლა”, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა გაეროში საქართველოს ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, რომელზეც კენჭისყრაზე “დევნილთა დაბრუნების რეზოლუცია” (A/RES/70/265) უნდა დაეყენებინათ. – ეს სასტიკი მკვლელობა სამწუხარო შეხსენებაა იმ ადამიანური ტანჯვისა, რასაც ქართველი დევნილები მუდმივად განიცდიან. და ამიტომაც დღეს აქ ვართ. ამიტომაცაა, რომ საქართველო წარადგენს ამ რეზოლუციას. ამიტომაცაა, რომ თქვენი თანამშრომლობა და საერთაშორისო ჩართულობა მნიშვნელოვანია. გიგა იყო ერთ–ერთი იმ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის 400 000 ადგილნაცვალ პირთაგან, რომელიც კონფლიქტის შედეგად ორი ქართული რეგიონიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან 1990 წლებიდან მოყოლებული რამდენიმე ძალადობრივი ქმედების ტალღის შედეგად გამოაძევეს. 16 წელია (1993–2009) გაეროს უშიშროების საბჭო თავის 40 რეზოლუციაში, უთვალავ განცხადებასა და კომუნიკეში ხაზს უსვამს “იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების საჭიროებას, რომელიც მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების პრობლემებს მოიცავს”. რეზოლუცია 876 (1993) ერთ–ერთი პირველი რეზოლუციაა, რომლითაც უშიშროების საბჭომ თავისი ღრმა შეშფოთება “რეგიონში გაჩაღებული კონფლიქტით გამოწვეული ადამიანთა ტანჯვის” გამო აღნიშნა და განაცხადა “ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევების შესახებ”.
კენჭისყრაზე აზერბაიჯანის (სუამის ორგანიზაციის სახელით), უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, კანადის წარმომადგენლებმა თავიანთ სიტყვებში საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუხატეს; მათ ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების, პოლონეთისა და ბულგარეთის დელეგაციის სახელით ლიტვის მისიის წარმომადგენელი შეუერთდა. ცხადია, რუსეთის დელეგაციამ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს მოუწოდა, რომ ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ. რეზოლუცია 76 მხარდამჭერით, 15 მოწინააღმდეგეთი და 64 თავშეკავებულით გავიდა. მოწინააღმდეგეთა სიაში გახლდნენ: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ბურუნდი, კუბა, კორეის სახალხო რემოკრატიული რესპუბლიკა, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, ლაოს სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. პირველად მხარდამჭერთა რიცხვმა გადააჭარბა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც თავი შეიკავეს. შემცირდა მოწინააღმდეგეთა რიცხვიც.
– როგორ შეაფასებდით კენჭისყრის შედეგებს? – ვკითხე გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს კახა იმნაძეს.
– სანამ კენჭისყრის სტატისტიკას მიმოვიხილავდე, მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი შედეგი ისაა, რომ რეზოლუცია გავიდა. რეზოლუცია არებობს, ხოლო სტატისტიკა მეორეხარისხოვანია. გაეროში მიღებული პრაქტიკაა, როცა რეზოლუცია გარკვეულ დონეს აღწევს, მერე მხარდამჭერების ოდნავი მატება ან კლება იწყება. მთავარი ისაა, რომ გაეროში საქართველოსთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია უშიშროების საბჭოს წვერი რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად არსებობს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ რთულ ველზე გვიწევს თამაში. ეს რეზოლუცია მხოლოდ ფარატინა ქაღალდს რომ წარმოადგენდეს, რუსეთის მხრიდან ამგვარი წინააღმდეგობა არ იარსებებდა. მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას.
– როგორ მოქმედებს ამ რეზოლუციის არსებობა გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე და რისი შეცვლა შეუძლია მას?
– გაეროში პირველად ეს რეზოლუცია 2008 წელს გავიდა და მას მერე ყოველ წელს გადის. ზოგადად არც ერთი რეზოლუცია ერთი ხელის მოსმით არაფერს ცვლის. პატარა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი, დაიცვას თავი და დარჩეს საერთაშორისო სამართლებრივ გარემოში. ეს რეზოლუცია გვეხმარება იმაში, რომ საერთაშორისო სამართლებრივ გარემოში ვიყოთ და, რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი გყავდეს. ეს იმის დადასტურებაა, რომ რეალურად ბევრი ქვეყანა საქართველოს გვერდითაა. დღეს “საქართველოს რეზოლუციას” მხარი 76 ქვეყანამ დაუჭირა, საგრძნობლად შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც თავს იკავებდნენ. შემცირდა ასევე ნეგატიური (მოწინააღმდეგე) ქვეყნებიც. მალდივმა, სენეგალმა და იამაიკამ წელს ხმა დადებითად მოგვცეს. მათ შეცვალეს პოზიცია, არადა, მოლდივებმა შარშან რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. ვანუატუმაც ხმა მოგვცა. მნიშვნელოვანია მხარდამჭერთა სიაში ჰონდურასის დაბრუნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად კენჭისყრის დროს დარბაზში ზოგიერთი მისიის წარმომადგენელი ფიზიკურად არ იმყოფება, რადგანაც პატარა ქვეყნების მისიები მცირერიცხოვანი შტატითაა დაკომპლექტებული. მაგალითად, სომალიმ შარშან ხმა მოგვცა, მაგრამ წელს მათი წარმომადგენელი უბრალოდ დარბაზში არ იყო. რასაკვირველია, სასურველია, რომ ყველა მხარდამჭერი კენჭისყრას ესწრებოდეს. წელს ამ ტექნიკური მიზეზით სამი მხარდამჭერის ხმა დაგვაკლდა.
– “დევნილთა რეზოლუციის” არსებობა რამდენადაა მიბმული არაღიარების პოლიტიკასთან და რუსეთის დელეგაციასთან თუ არსებობს რაიმე სახის დიალოგი?
– რასაკვირველია, მიბმულია. საგარეო ურთიერთობებში განყენებული თემები არ არსებობს. ავიღოთ, თუნდაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. ბრიტანეთის წარმომადგენელმაც (და არა მარტო) ისაუბრა ამ თემაზე. რუსეთის დელეგაციასთან გაეროს ფარგლებში, ისევე როგორც სხვა დელეგაციებთან თუ კოლეგებთან ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ ეხება ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ამის მანდატი არა გვაქვს. ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი და აბაშაძე–კარასინის დიალოგი.
– გინიხილება თუ არა კონფლიქტის ზონაში UNOMIG–ის აღდგენა?
– მას მერე, რაც 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოში ხმა საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების საწინააღმდეგოდ მისცა, იგი არ ფუნქციონირებს. რუსეთი იყენებს თავის უფლებას უშიშროების საბჭოზე ჩააგდოს ამა თუ იმ მისიის მუშაობა. საქართველოში რჩება გაეროს მისია, რომელიც ჰუმანიტარულ პროგრამებს ახორციელებს და მისი ანგარიში გაეროს ყოველწლიურ ანგარიშში ხვდება. რეალობა კი ისა, რომ ჩემი მოწოდება და გამოსვლები UNOMIG–ის აღდგენისკენაა მიმართული, მაგრამ უშიშროების საბჭოზე იბლოკება. გაიხსენეთ ისიც, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიუხედავად ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზის მიღმა არ უშვებენ, თუმცა შეთანხმება სულ სხვა რამეს მიუთითებს. რადგანაც პატარა ქვეყანა ვართ, ერთადერთი რაც გვიცავს, ეს არის საერთაშორისო აზრი, ამიტომ ნურავინ იტყვის, რომ საერთაშორისო წნეხს მნიშვნელობა არა აქვს. ეს აზრი რუსეთს რომ არ აინტერესებდეს, საერთოდ არც მიიღებდა მონაწილეობას ღონისძიებებში. უბრალოდ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაცნობიეროთ თუ რაა გაერო და მის ფარგლებში რისი მიღწევაა შესაძლებელი.