ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ვაჟა გაფრინდაშვილისა და მარგო მარტიაშვილის საქმეები გაეროს უშიშროების საბჭოზე

ვაჟა გაფრინდაშვილისა და მარგო მარტიაშვილის საქმეები გაეროს უშიშროების საბჭოზე

2019 წლის 19 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის (“შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“) ფარგლებში, სადაც მან 28 ოქტომბერს ახალგორელი მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებისა და 9 ნოემბერს ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის  დაპატიმრების ფაქტებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში; რომ 2018 წელს, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი სახელწოდებით – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიიღო; რომ ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში და მიუხედავად გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერებისა, ხალხთაშორისი კონტაქტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

– “გაერო ის ფორმატია, რომელიც ზოგადად ყველა თემის წამოწევის საშუალებას იძლევა და სადაც ყველა ყველას ელაპარაკება. ეს არის საშუალება ერთგვარი დიპლომატიური წნეხი ამოქმედდეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამდივნოს და სტრუქტურული ერთეულების თუ გაეროს ორგანოების მხრიდან, ასევე – ორმხრივ დონეზე წევრი – სახელმწიფოების მხრიდან,” – განაცხადა ჩვენთან საუბარში კახა იმნაძემ, – “სპეც-წარმომადგენლის პოსტი და მისი ხანგრძლივობა მანდატზეა დამოკიდებული. ამჟამად გვყავს გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, ქალბატონი ჯიჰან სულთანოღლუ.

გაეროში ნოემბრის თვის თავმჯდომარეობა დიდ ბრიტანეთს მოუწია, შესაბამისად ამ დებატის ინიციატორიც და თემის განმსაზღვრელიც დიდი ბრიტანეთი გახლდათ. საერთო ჯამში დაახლოებით 70-მდე გამომსვლელი იყო. ჩვენთვის განკუთვნილი სამი წუთი იმისთვის გამოვიყენეთ, რომ კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მშვიდობისა და შერიგების ხელისშემშლელ ფაქტორებზე და ამ კონტექსტში ბოლო დროის მოვლენების სამწუხარო განვითარებებზე – მარგო მარტიაშვილის ტრაგიკულ ინციდენტსა და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე“.

  • რას მოიცავს სამშვიდობო ინიციატივა?

სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით. ჯანდაცვის მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რის მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს   ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებზე ხელი მიუწვდებათ.

  • რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების, დაკავების და მცოცავი ოკუპაციის პირობებში ეს როგორაა შესაძლებელი?

ინიციატივამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში. მას ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები. წინააღმდეგობა და ხელის შეშლა იმათი მხრიდან, ვინც შერიგების და გამთლიანების, მშვიდობის წინააღმდეგია, იმასაც მოწმობს, რომ ინიციატივა სწორი, დროული და მიზანმიმართულია.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ. ამან კიდევ ერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია, როდესაც 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა. გარდა ამისა 9 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ იქნა დაკავებული სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას. მას  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ის დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და სხვა უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდებებით. ჩვენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებას და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებას მოვითხოვთ.

  • გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. გაეროში ამ მიმართვის გაკეთება მყისიერად არ შეიძლებოდა?

გაერო, უშიშროების საბჭო დადგენილი, განსაზღვრული დღის წესრიგით მუშაობს. დღის წესრიგში ესა თუ ის თემატური საკითხი სხვადასხვა პერიოდულობით დგება ხოლმე. ამ დადგენილ დღის წესრიგში ცვლილება და ახალი თემის შემოტანა მხოლოდ უაღრესად განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. ასეთი შეიძლება იყოს ომი ან შეიარაღებული კონფლიქტი, ტერაქტი, რომელსაც მსოფლიო უსაფრთხოებაზე აქვს გავლენა, ან მასშტაბური სტიქიური უბედურება, ან სხვა რამ მსგავსი მოულოდნელობა, რაც მსოფლიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ჩვენი მოქმედებებისას მნიშვნელოვანია ამ საერთო კონტექსტიდან არ ვიყოთ ამოვარდნილნი. სწორედ ამის გამო, როგორც კი გაჩნდა პირველივე შესაბამისი და ხელსაყრელი შესაძლებლობა – უშიშროების საბჭოს ღია დებატი შერიგების თემაზე, ჩვენც გამოვიყენეთ იგი და დავსვით საკითხი.

რაც მე ზემოთ ვახსენე, ეს ყველაფერი ეხება მუშაობის ღია ფორმას, უშიშროების საბჭოს დებატებს, პლენარულ განხილვებს. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. მაგრამ პარალელურად ყოველთვის მიდის ყოველდღიური, კულუარული მუშაობა, რომელიც ასე ღიად არ ჩანს. ეს მუშაობა მიდის ელჩების, მოადგილეების, ექსპერტების დონეზე. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ღია დებატზე საკითხი 19 ნოემბერს დაისვა, წევრი სახელმწიფოებს და განსაკუთრებით კი ჩვენი მეგობრებსა და პარტნიორებს, ცხადია, მომხდარის შესახებ მაშინვე ვაცნობეთ. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ხოლმე ჩემს კოლეგებთან და გაეროს სამდივნოსთან, ანალოგიურად ჩემს მოადგილეს და საჭიროებისამებრ მისიის თანამშრომლებს, მიმართულებების მიხედვით. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ჰქონდა უშუალო კომუნიკაცია გაეროს ხელმძღვანელობასთან, რომელთაც ასევე მიიღეს წერილობით მიმართვაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისგან. როგორც ზევით უკვე ვახსენე, საკმაოდ ფართო სპექტრით არის გაშლილი დიპლომატიური მუშაობა, არა მხოლოდ გაეროში, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ დედაქალაქებში.