ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

წიგნი, როგორც თამუნა სირბილაძის სევდიანი მოგონება

წიგნი, როგორც თამუნა სირბილაძის სევდიანი მოგონება

ნიუ იორკში, „ჯეიმს ფუენტეს გალერეაში”, იქ, სადაც 2015 წელს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თამუნა სირბილაძის ფერწერა  გამოიფინა, ამჯერად მისი ნამუშევრების ალბომის „თამუნა სირბილაძე” (გამომცემლობა David Zwirner Books) პრეზენტაცია გაიმართა. შარშან გარდაცვლილმა ხელოვანმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები დატოვა და ეს წიგნი, როგორც სევდიანი მოგონება, სწორედ მხატვრის შემოქმედებას მიეძღვნა.

წიგნის გარეკანი

თამუნა სირბილაძე

თამუნა სირბილაძე (1971– 2016) თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ასევე ნატიფი ხელოვნების ვენისა და ლონდონის სკოლებში სწავლობდა. 2002 წელს იგი ცნობილ ავსტრიელ ხელოვანზე ფრანც ვესტზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი შეეძინათ. ორი ხელოვანი რამდენიმე ერთობლივი პროექტის ავტორიცაა.

სიცოცხლის ბოლო წლებში თამუნა სირბილაძე და გერმანელი მწერალი, პოეტი და კრიტიკოსი ბენედიქტ ლედებური ერთად ცხოვრობდნენ. წიგნის “თამუნა სირბილაძე” წარსადგენად ბენედიქტი ვენიდან ნიუ იორკში ჩამოვიდა. ალბომში ხელოვანის ნამუშევრების გარდა შესულია ბენედიქტისა და თამუნას საუბარი (2006) და ამ წიგნის სხვა ავტორების, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების: მაქს ჰენრის,  ჯული რაიანისა და ანა კატსის ტექსტები.

თამუნა სირბილაძეს პერსონალურის გარდა, არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიუღია  მონაწილეობა. იგი ქმნიდა ინსტალაციებს, ვიდეოარტს, ხოლო მისი ნამუშევრები იფინებოდა ევროპისა და აშშ–ის ისეთ გალერეებში, როგორიცაა კიოლნის Galerie Gisela Capitain, პარიზის Colletpark, ლონდონის Jonathan Viner Gallery, მაიამის Rubell Family Collection  და სხვა.

„თამუნა სირბილაძე ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული სტილით, რომელიც ერთგვარ დიქოტომიურ დამოკიდებულებებში იხლართებოდა”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ბენედიქტ ლედებურმა, „ – მოთამაშე და სერიოზული, ენერგიული და მშვიდი, ნათელი და დაბინდული ენერგეტიკა თამუნას მოქნილობასა და ინტენსივობას ახასიათებს. სიჩქარე, როგორითაც იგი მუშაობდა, თამუნას ფანტაზიის ტემპერამენტზე მეტყველებს. ეს კი ყველაზე მეტად მის ჟესტიკულაციურ, იმპროვიზაციულ ნახატებში ვლინდება; ნახატებში, რომელიც სპეციალურად დაუსრულებლობის ხატს ქმნის. თამუნა ამბობდა, რომ მას, როგორც მხატვარს, არ უნდოდა საკუთარი წარმოსახვის კონტროლი. კატალოგისთვის შეირჩა ზეთით ნამუშევრები კოლექციიდან V Collection (2012), რომელიც შეიქმნა ისეთი ფერმწერების ნამუშევრებთან დიალოგით, როგორებიცაა კარავაჯო, ჯოტო, რაფაელი, ველასკესი. წიგნში თამუნას გვიანდელი ნახატებიცაა, სადაც ქალები ინტიმურ, უშუალო სცენებში „ფიქსირდებიან”;  ისეთ სიტუაციებში, რომელშიც ისინი სულაც არ ისურვებდნენ მათი პორტრეტები შექმნილიყო. ეს იყო სახელოვნებო სამყაროში მამაკაცების დომინირების არსებობაზე თამუნას რეაქცია”.

თამუნა სირბილაძე შვილებთან, ლაზარესთან და ემილისთან ერთად. 2013 წელი, თბილისი, ეროვნული გალერეა

წიგნში გამოქვეყნებულ დიალოგში ბენედიქტი თამუნას ეკითხება, თუ რას ნიშნავს ამ ქალების ფიგურები და მათი კაშკაშა ფერები. მხატვარი კი პასუხობს, რომ „მათი ფიგურები ძალიან ნათელია და სახალისოა, სავსეა სიცოცხლის პიკანტურობითა და სიხარულით. მგონი, ამ მომენტში ქალები უკეთესად მიგებენ, ვიდრე – კაცები. კაცები ადვილად პროეცირებენ თავიანთ იდეებს ან  ვნებებს იმაზე, რაც განსხვავებულად წარმოჩინდება. ზოგადად ხელოვნებაში ყოველთვის კაცები დომინირებენ. იყო ქალი არტისტი კი მკაცრ შეჯიბრში მონაწილეობას ნიშნავს”.

„მე მომწონს, როცა ადამიანები ჩემი ნახატების ინტერპრეტაციებს იწყებენ. ჩემი ნახატები ძალიან ჰაეროვანია, უწონოა, მათ არა აქვთ კონკრეტიკა და სიმძიმე. ნახატები შეიძლება „ცუდი ნახატების“ კუთხით დაინახო და ისიც მხოლოდ ერთი ასპექტით. ამავე დროს ფერი ძალიან ღიაა სწორედ მისი იმპრესიონისტული სიცოცხლისმოყვარულობით. ასე თუ ისე, ჩემი ნახატები  მოქნილი უნდა იყოს” – ამბობს მხატვარი.

მაქს ჰენრი წერს, რომ „თამუნასთვის ხატვა იყო განგრძობითი გარდაქმნის პროცესი, ხანდახან აგრესიული აგიტპროპი, ერთგვარი რელიეფურობისთვის არსებული ესთეტური სიამოვნების უბრალო სარგებლიანობა. მისი ინსტალირების მეთოდი გამოფენისადმი ზოგადში კონკრეტულის მიმართებებში აქცენტირდებოდა, ხოლო ხატვა ამ ყველაფრის ცენტრი იყო. სტუდიაში თამუნა სავსე იყო მოულოდნელობებით, რაც სხვადასხვა ფორმის ექსპერიმენტებში ვლინდებოდა. ბევრი აღსაფრთოვანებელი უცნაურობები იყო იმაში, რასაც იგი ქმნიდა. ჩემი საყვარელი ნახატი კი მისი იდუმალი „თეთრი სვეტებია” (2011).”

„თამუნა იყო ხელოვანი, რომელიც თავს საუკეთესო მხრიდან თავის სტუდიაში სწორედ მაშინ ავლენდა, როცა გამოცდილების ძლიერ სიმბოლოებს ქმნიდა. როცა ნამუშევარი არტისტის სიკვდილის შემდეგ გამოიფინება, რწმუნდები იმაში, რომ საგნის აურა მართლა არსებობს. აბსტრაქციების ჟესტები აძლიერებდნენ თამუნას იმპროვიზაციულ გამოვლინებებს მაშინ, როცა მისი წარმოდგენების ელემენტები და ფიგურები – ამიწებდნენ.  ცხოვრებასა და ხელოვნებაში თამუნა სირბილაძე თავისი პირადი ბანქოთი კარგად თამაშობდა. შემეცნებითი ცხოვრების დადევნებაში, შანსსა და ბოლოსწინა ბედისწერას შორის მყოფმა, მან ყველა მისთვის ძვირფასი „მოკლა” (ალუზია ბიტნიკების თაობასთან დაკავშირებულ ფრაზასთან „მოკალი შენთვის ძვირფასები”– ავტ. შენიშვნა) ისინი, ვინც ხედავდა იმას, რომ თამუნა იყო  ინდივიდუალიზმის ძალა,  აღსრულებისას კი – გმირი სტოიკი” – აღნიშნავს მაქს ჰენრი.

წიგნიდან

წიგნიდან

 

ჯული რაიანი წერს, რომ თამუნა სირბილაძე იყო უდარდელობის ხილვადობის ხერხებისა და გამოხატვის სპეციფიური ნიჭის ნაერთი; მისი ენა კი სწრაფი, პირდაპირი, ეპიკურ ხატებში გარდაქმნილი. ამის შედეგია მისი ნაშრომების ინტელექტუალობა, რომელიც  მდიდარია ალუზიებით, პროდუქტიულობით, სექსუალობით, ოჯახითა და სიკვდილით. მისი ნამუშევრები ერთგვარად ანტისტერეოტიპული იყო, არსებული წარმოდგენებისა და ხატების „მსხვრეველი”.

ჯული რაიანი (რომელიც ამჟამად ფრანც ვესტის შესახებ წიგნს წერს), ასევე აღნიშნავს, რომ თამუნა სირბილაძის ადრეული ტილოები, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას შეიქმნა, გამოცდილი ხელოვანის ხელწერის, მანერულ სტილის, შინაარსიანი ტილოებია, რომელიც შექმნის დროსა და ადგილს შეესაბამება. „მზიანი დღეები” (1990) მან ცხრამეტი წლის ასაკში დახატა და ეს ნამუშევარი ერთგვარი „გაყოფაა” ნატურმორტსა და  იმ დროის პორტრეტს შორის,” – დასძენს ხელოვნებათმცოდნე. –„ყვითელი “მზე” ჩაიღვრება ფუნჯის ცისფერ  ანარეკლის ტალღებში  (მთვარეში),  რომელიც ძალიან ჰგავს მის  ნახატებს („კანადა” და  “ენდის თმები”. 2014). ოც წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წელს თამუნამ ეს “ყვავილი” ბრუსელში  Almine Rech Gallery – ში გამოიფინა.

თამუნა სირბილაძის ნამუშევარი

თამუნა სირბილაძის ნამუშევარი

თამუნა სირბილაძის ნამუშევარი

თამუნა ექსტენსიურად ეძიებდა ქალის „უწესრიგობას“ მისი კარიერის განმავლობაში, მაგრამ უფრო მეტად 2005–2008 წლებში. სირბილაძის წარმოსახვის არსენალი ტილოს ნაჭრებზე აისახებოდა: თვალები, გულის სიმბოლოები, ბროწეულები, ფოთლები, მორევი. 1940 – იანებში ნიუ იორკი აბტსრაქტული ექსპრესიონიზმის  ცენტრი გახდა; მოძრაობისა, რომელმაც ხელოვნების კეთებიდან  ხატვის, როგორც  ფიზიკური აქტის პრიორიტეტებზე გადაინაცვლა. თამუნას უყვარდა ნიუ იორკი  და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გიგანტი  ლი კრასნერი.“

ანა კატსი აღნიშნავს, რომ თამუნა არ იყო ნატიურმორტის მხატვარი ან რომელიმე პროპორციის ტრადიციული სახე, რომელიც ბურჟუაზიულ ოჯახს ანდა ხილის განლაგებას  ასახავდა. კი, იგი ხილს ჩვეულებრივ ხატავდა, ამავე დროს ხატავდა მამაკაცის გენიტალიებს, მეგობრების პორტრეტებსა და ისტორიულ ფიგურებს; აპოკალიფსს, თავისუფალ აბსტრაქციებს–ოცნებებს, რომელსაც “სუფთა ფორმალიზმს” (2012) უწოდებდა  და უამრავ სხვა თემასაც. ყველაფერი ეს კი გენერირდებოდა თანასწორი საზომით – სიმბოლიზმის უშფოთველი სიმშვიდით, რომლის შიგთავსი  ნიდერლანდური რენესანსის ნახეტებისგან იყო ნასესხები; იყო ემოციური დრამის თაღიც და ნიუ იორკის სკოლის აბსტრაქციული ფორმალისტური იმპულსიც.  „თამუნა სირბილაძის  ტილოებმა ანდერძად  ნებისყოფა, იუმორი, შეგრძნებები და აწმყო დაგვიტოვა“ – წერს ხელოვნებთმცოდნე.

წიგნს „თამუნა სირბილაძე“ ასრულებს ქართველი მხატვრის მეუღლის, ბენედიქტ ლედებურის თხუთმეტი სონეტი (“ქარის წისქვილი. სონეტების გვირგვინი თამუნა სირბილაძისთვის”), რომელიც მან არტისტს მიუძღვნა.

„ჩვენ ოდესღაც გვინდოდა გაგვეგო, როგორ პოულობენ  სიყვარულს.

ბედისწერით გაყოფილები, ჩვენ ბოლოს და ბოლოს ერთად გავიზარდეთ.

ბანქო, რომელსაც შენ ათამაშებ, არის ის, რასაც შენ წასვლის უფლებას აძლევ.

ეს არის ცისფერი, წითელი თუ მწვანე ფერი და ეს მე უნდა მეკითხა?

ის ხატები, რომლითაც მან დამტოვა, ვერ იტყვიან

რომ არიან წარსული. ისინი მასზე დღეს საუბრობენ.”

(ინგლისურიდან თარგმნა ია მერკვილაძემ)