ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდანრედაქტორის ბლოგი

პარმენ დაუშვილის “ნოველა” ნიუ იორკში

პარმენ დაუშვილის “ნოველა” ნიუ იორკში

ზამთრის მიწურულს, ცივი თებერვლის საღამოს, ლონდონურ ამინდში ანუ წვიმასა და ნისლში ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მეგობართან ერთად მანჰეტენისკენ დაიძრა და ბრიტანეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს ესტუმრო. თან თუ იცი, რომ იქაც ნისლოვანი, ატმოსფერული ტილოები დაგხვდება… მითუმეტეს, ინტროვერტი თუ ხარ, ჩათვალე, რომ დიდი მარტოობის ქალაქში მაინც და მაინც მონათესავე სული თუ არა, მასთან ოდნავ მიახლოებული მირაჟული სურათ – ხატი გიპოვია და ეგაა.

თან როცა გაიგებ, რომ იმ დღეებში პარმენ დაუშვილის (1970) ტილოები შენ ძველ სიყვარულს ალ პაჩინოს უყიდია. მერე კი – ლეონარდო დი კაპრიოს, კრის მარტინსაც და ამასობაში რიანამაც არ დააყოვნა.

„ავტოპორტრეტი“. პარმენ დაუშვილი. ფოტო: instagram

„პოლინა ბერლინის გალერეა” (2022) მყუდრო არტსივრცეა, მინის კედელს იქეთ პატარა მწვანე ბაღით, სადაც ამერიკელი ხელოვანის ენ გილენის წითელი ფერის ლითონის სკულპტურა ისევე სველდებოდა, როგორც იმ დღეს ჩვენი ქოლგები. შიგნით კი ბიბლიოთეკა, ბუხარი და კედლებზე პარმენ დაუშვილის ნამუშევრები – მისი პირველი პერსონალური გამოფენა “ნოველა”. დიდი ტილოები უკვე გაყიდული იყო, პატარები კი თავის რიგს დენდის მოთმინებით ელოდა.

“მე და ჩემი ვაჟი”, “ველოსიპედის ბრუნი”, “უმოქმედო რადიატორი”, “მოჩვენება”, “რეპტილია”, “მარატი”, “ჩაბღაუჭება”, “იუკა” და სხვები ქართველი თვითნასწავლი მხატვრის მელანქოლიური ბუნდოვანების ეპიზოდებია – თითქოს საკუთარი ოთახის ინტერიერიდან, ფანჯრიდან ან ქუჩიდან “გადახატული”, არადა ისეთია, ძილ-ბურანში გახვეულს რომ ამოგიტივტივდება, როგორც ანიმაცია და მერე ისე გაქრება, როგორც – ვერდაჭერილი სიზმრის კინოსცენარი.

„იუკა“. ია მერიკვილაძის ფოტო

ხატვა პარმენ დაუშვილმა 2003-ში დაიწყო, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფერწერა მხოლოდ ჰობი იყო, მერე კი ბრიტანეთში გადასახლდა და ხელოვნება მისი ცხოვრების მთავარ საქმედ გადაიქცა.

პარმენის ნამუშევრები გამოიფინა მხატვარ–პორტრეტისტების სამეფო საზოგადოების, ბრიტანელი მხატვრების სამეფო საზოგადოებისა და სამეფო სამხატვრო აკადემიის ყოველწლიურ გამოფენებზე. იგი 2014, 2019 და 2020 წლებში ნომინირებული იყო BP (British Petroleum) Portrait Award-ზე.

„ველოსიპედის ბრუნი“. ია მერკვილაძის ფოტო

ლონდონში მოქმედი “ნაციონალური პორტრეტის გალერეის” (1856) ვებსაიტზე ნახატის – “მე და ჩემი ვაჟი”–ის “ანოტაციაში” ვკითხულობთ: “ესაა მხატვრის პორტრეტი ვაჟთან ანდრიასთან ერთად, როცა მას მძიმე პერიოდი ჰქონდა – ანდრიას დედასთან განქორწინების შემდეგ. მამა-შვილი დროებით საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და მათ ფინანსური პრობლემების დაძლევა მოუწიათ. ანდრია სკოლაში მიდიოდა, როცა მხატვარს იდეა მოუვიდა, რომ ეს, ალბათ, დიდი პორტრეტის დახატვის ბოლო შანსი იყო. “მე დავხატე ანდრია, რადგანაც ვამაყობ მისით. ლონდონის რუკა კი აღნიშნავს ქალაქს, რომელმაც 2013 წელს თავშესაფარი მოგვცა”.

მარცნიდან მარჯვნივ – „მე და ჩემი ვაჟი“, „ტიციანი II“; „ტიციანი“. ია მერკვილაძის ფოტო

პარმენ დაუშვილის აქვს კიდეც თემატური სერია – “ჩემი ცოლი განქორწინებამდე”, “ყოფილი ცოლი და მისი ადვოკატები”… თემატურია მისი ოთახიც, სადაც არქიტექტურული დეტალები ნახატიდან ნახატში მოგზაურობს და სადაც ლონდონური სინათლე პარმენის მდუმარე, ოდნავ მომწვანო ფერის ოთახში აღწევს, “შპალერი” კი დახატულზე გადახატულის შთაბეჭდილებას ქმნის. თუ ნამუშევარს ახლოდან დააკვირდებით, მართლაც ასეა.

„ჩაბღაუჭება“. ია მერკვილაძის ფოტო

პარმენის ტილოები წარსულზე გადაღებილი, გადაფხაჭნილ–გადახეხილი და ხელახლა დამუშავებული მასალაა და ხანდახან მილტონ ეივერის, დავიდ ჰოკნიასა და ლ.ს. ლოურის ხელწერის ასოციაციას ბადებს. მის თავშეკავებულ ფუნჯს თავისებური ტემპერამენტი აქვს – სიმშვიდესა და სევდაში შფოთი, იმედი და ენერგია იგრძნობა.

“ჩემი ნახატები იქმნება ჩემი ცნობიერების ნაკადით, რომელსაც არა აქვს განსაკუთრებული წარმომავლობა ანდა განსაკუთრებული ინტერესი,“ – ამბობს პარმენ დაუშვილი, – “ჩემი პრაქტიკა იმ მომენტის დაჭერაზეა კონცენტრირებული, როცა ჩვეულებრივი საგნები ჩემთვის არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული გახდება”.