ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ანიტა რაჭველიშვილი და სტეფან კოჩანი „მეტროპოლიტენ ოპერაში“

ანიტა რაჭველიშვილი და სტეფან კოჩანი „მეტროპოლიტენ ოპერაში“

2017–2018 წლის სეზონზე „მეტროპოლიტენ ოპერა“ ვერდის „ტრუბადურის“ 650–ე დადგმას ცნობილი იტალიელი არტისტის, მარკო არმილიატოს („მეტოპერის“ ოცდაოთხი ოპერის დირიჟორი) დირიჟორობით; „ხელოვნების რაინდის“ წოდების მფლობელი, შოტლანდიელი დეივიდ მაკვიკარის რეჟისურით; 2017-ში პარიზის ოპერაში საუკეთესო ქალ მომღერლად დასახელებული ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის  („მეტოპერაში“ „კარმენი“ და „თავადი იგორი“) ბოშა აზუჩენასა და თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ცნობადი ბასის, სლოვაკი სტეფან კოჩანის ოფიცერ ფერანდოს როლებით შეხვდა.

„ტრუბადური“, რომელიც პირველად რომში, თეატრში „აპოლო“ 1853 წელს დაიდგა, ვერდის ოცდარვა ოპერიდან ყველაზე „ტურბულენტურ ტრაგედიად“ ითვლება – პირქუში მუსიკის მოჩვენება – პერსონაჟებს არა გონება, არამედ აფექტი და შურისძიება ამოძრავებთ.

ანიტა რაჭველიშვილის აზუჩენა

„ტრუბადურსა“ და მის ავტორს შექმნისთანავე დრამების კომლექსურობისა და „საკმარისზე მეტი დახოცილების“ გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ, თუმცა პირველი დადგმისთანავე ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად. იმ ხანად პოს, მატურინის, ჰოფმანისა და სკოტის გოთიკური თრილერები კონტინენტებს ნელ-ნელა იპყრობდა, „ტრუბადურმა“ კი მაშინდელ ლიტერატურულ „მეინსტრიმს“ ფეხი დროულად აუწყო და ამ ჟანრის საოპერო შედევრიც კი გახდა, ძირითადად, სწორედ აზუჩენას გამოისობით.

ანიტა რაჭველიშვილმა სცენაზე ვერდის ყაიდის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საავტორო აზუჩენა შექმნა და პარალელურ სამყაროში გამტარადაც გადაიქცა თავისი ძლიერი ტემბრით, გამოცდილი მსახიობისთვის დამახასიათებელი არტისტიზმითა და ლიბრეტოს მომცელავი ფრაზებით, განსაკუთრებით კი როცა ბოშა მღერის „ბორკილებში მოიყვანეს იგი“ (Condotta Ell’era in Ceppi) ანდა როცა მის არიაში დედის სისხლისგამყინავი ტირილი: „შური იძიეთ ჩემთვის!“(Mi Vendica!) – ისმის.

ანიტა რაჭველიშვილი [აზუჩენა] და სამხრეთ კორეელი ტენორი იონგუნ ლი [მანრიკო]

პრემიერიდან 165 წლის შემდეგ ნიუ იორკში „ტრუბადურის“ სასცენო (სცენოგრაფი– ჩარლს ედვარდსი; კოსტუმების დიზაინერი – ბრიჯიტა რეიფენსტალი) ელემენტები: ბინდი, ნაცრისფერი დეკორაციები, ნაცრისფერი სასახლე–საგუშაგოები და ასეთივე ფერის ქვის კიბეები, დარაჯები ნაცრისფერ შინელში, კუშტი მეციხოვნეები, უხმაურო ბოშათა ბანაკი, გულჩათხრობილი, ლანდებად გადაქცეული პერსონაჟები, წარსულის ბნელი მოჩვენებები, საწამლავი, კონსპირაცია, ჯადოქრობა და შურისძიების ვნება „ტრუბადურის“ ისედაც პირქუშ ანტურაჟს კიდევ უფრო ამძიმებს… სცენაზე ნგრევის წინათგრძნობა სუფევს. ფრანსისკო გოიას „ომის კატასტროფების“ ალუზიებს შორის მოხეტიალე თმაჭაღარა, შუბლშეკრული აზუჩენა, რომელმაც თავისი ცხოვრება კოცონზე დამწვარი დედისა და საბედისწერო შეცდომის გამო შურისძიებას მიუძღვნა, სპექტაკლის ყველაზე დასამახსოვრებელი, ექსპრესიული ხატია, ხოლო მისი უკანასკნელი წამოძახილი – „დედა, შური ვიძიე!” –  ძილბურანში მყოფი გოთიკური არემარის ლამის ერთადერთი ცოცხალი „განმაჯადოებელი“.

ენრიკო კარუზო, რომელიც „ტრუბადურში“ მღეროდა, ამბობდა, რომ ამ ოპერის წარსადგენად ოთხი უდიდესი  მომღერალია საჭირო. მარია კალასიც საუბრობდა ოპერის სირთულესა და ნოტების ბუნდოვანებაზე. ვერდის ამ ოთხნაწილიან ოპერაში უმღერიათ ისეთი ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ: ემა ეამესი, ლუის ჰომერი, ჯუზეპე დე ლუკა, ჯოვანი მარტინელი, ჯოან საზარლენდი, კარლო ბერგონზი, ჯულიეტა სიმიონატო, ლუჩანო პავაროტი, ევა მარტონი.

„ტრუბადური“

ანიტა რაჭველიშვილმა ერთხელ თქვა: „ზოგი ფიქრობს, რომ ოპერა მოსაწყენია. არა, იგი არაა მოსაწყენი. ზოგიერთი კი არის, მაგრამ იქ ჩემს თავს ვერ ვხედავ. კარმენი გიჟია, მე – არა“. იგივეს თქმა აზუჩენაზეც შეიძლება. ბოშა მწუხარებისა და სიბრაზისგან შეშლილი ქალია, ოღონდ დონ ხოსეს ტრაგიკული სიყვარულის სრული ანტიპოდი. „ტრუბადურში“ ანიტა კარმენის ერთგვარ კონტრაპუნქტს ქმნის, თან ისეთს, რომელიც გოიას, ალბათ, „ლოს კაპრიჩოს“ მუზას ხელახლა ასტუმრებდა.

ჟურნალმა „ვოგმა“ (1892) აღნიშნა, რომ „რთულია წარმატებით შეასრულო მანიპულატორი აზუჩენას როლი, მაგრამ მაკვიკარის დადგმაში სრულიად გამაოგნებელი, თვალებბრიალა ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული აზუჩენა დამაჯერებელი, ბუნებრივი და დამაბნელებელი ძალის ფიგურაა. რაჭველიშვილის წარმოდგენა სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში“.

გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ (1851) კი, რომელმაც 2011-ში ანიტას „კარმენს“ ასევე აღფრთოვანებული ტექსტი მიუძღვნა, თავის რეცენზიაში წერს:

„გულწრფელები ვიყოთ, ოპერის მოყვარულებო, აზუჩენას რეალურად რამდენჯერ დაურწმუნებიხართ, რომ იგი ამ დროს სიმართლეს ამბობს? ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევას გაიხსენებთ, როცა თქვენთვისაც სისხლი გაუყინავს. აი, ვენებში სისხლი ნამდვილად იყინება, როცა ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს აზუჩენას როლის შესრულებისას უყურებ და უსმენ. იგი მთელ შოუს ისაკუთრებს”;  ან “პერსონაჟის სისასტიკის, სიუხეშის გადმოცემასთან ერთად, რაჭველიშვილი ვერდის გულუხვად გრძელი ფრაზების მიმართ ხშირად დელიკატური და მგრძნობიარეა. მისი სიტყვები იკბინებიან. ხანდახან წარმოუდგენლად არაამქვეყნიურია. ხანდახან კი, ამქვეყნიური კი არა, მეტიც – ელემენტარული. გასაოცარია, რომ აზუჩენას დაუსრულებელი სასოწარკვეთის მიუხედავად, იგი მაინც ელეგანტურია”.

ანიტა რაჭველიშვილი

რამდენიმე ხნის წინათ „მეტროპოლიტენ ოპერამ“ 2018–2019 წლის სეზონის რეპერტუარი გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ანიტა რაჭველიშვილი „მეტოპერის“ სამ დადგმაში მიიღებს მონაწილეობას: ვერდის „აიდა“, ჩილეას „ადრიანა ლეკუვრიორი“ და სენ – სანსის „სამსონი და დალილა“. გარდა ამისა ამა წლის გაზაფხულზე მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი ამერიკული ჩამწერი სტუდია Sony Classical (1927) ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს, რომელშიც თორმეტ ნაწარმოებს შორის იქნება თამარ მეფის არია არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ქართულ ნაწარმოების გარდა რაჭველიშვილი შეასრულებს არიებს „კარმენიდან“, „სოფლის ღირსებიდან“, „საფოდან“, „ვერთერიდან“ და, ცხადია, „ტრუბადურიდანაც“. ვერდის ამ ოპერიდან კი – სწორედ Condotta Ell’era in Ceppi  შესრულდება.

„მეტროპოლიტენ ოპერის“ შენობაში განსაკუთრებულად ხალხმრავალი ადგილია ე.წ. დიდების კედელი, რომელზეც იატაკიდან ჭერამდე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების 1030 –მდე ფოტოა გამოფენილი. აქამდე იქ მხოლოდ ერთი ქართველის,  გიორგი გაგნიძის  ფოტო იყო. ახლა კი კედელზე ანიტა რაჭველიშვილის ფოტოცაა.

ანიტა რაჭველიშვილის ფოტო “მეტოპერის” ვარსკვლავების ფოტოკედელზე

“ჩემთვის ნომერ პირველი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდია” – მითხრა სტეფან კოჩანმა, “– იგი კარგი მაგალითია ასპროცენტიანი იტალიური ოპერისა, მისი ყველაზე საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებით. ვერდის ნამუშევრები იტალიური და არა მარტო იტალიური ოპერის ევოლუციის პიკია. რასაკვირველია, მოცარტი და ყველა ის იტალიელი ბელკანტო კომპოზიტორები, როგორებიც არიან ბელინი, დონიცეტი ოპერის ისტორიის განსაკუთრებული ხმებია. ჩემ გულში კი გამორჩეული ადგილი არიგო ბოიტოს უჭირავს. მისი “მეფისტოფელი” ერთ – ერთი ყველაზე საუკეთესო ოპერაა და არა მარტო ბასისთვის.

სტეფან კოჩანი

– მომღერლები?

– მომღერლებიდან, ცხადია, ჩეზარე სიეპი ჩემთვის იტალიური ბელკანტო ბასის იდეალია. მერე მოდიან კლასიკური ბასის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნიკოლაი გიაუროვი, ბორის ქრისტოფი, ეზიო პინზა, ჯიულიო ნერი, ჩემი მასწავლებელი ევგენი ნესტერენკო. სხვა ხმებიდან: მირელა ფრენი, გენა დიმიტროვა, ფიორენზა კოსოტო, პიერო კაპუჩილი, ენრიკო კარუზო, ჯუზეპე ჯიოცომინი და სხვები და სხვები. თითოეული მათგანი განსხვავებულია ერთმანეთისგან, მაგრამ ადამიანის ხმის სილამაზე თითოეულ მათგანში – უნიკალურია.

– დღეს ოპერის არაპოპულარობა უკვე საკმაოდ შესამჩნევი გახდა. რატომ, როგორ ფიქრობთ?

– სამწუხაროდ, ოპერა ისეთი პოპულარული აღარაა, როგორც ადრე. ადამიანები უფრო მეტად უპირატესობას მსუბუქ ხელოვნებას ანიჭებენ. მასმედიისთვის უფრო მარტივია ადამიანებს იაფფასიანი, დაბალი დონის გასართობი შესთავაზოს. მასმედია ამით თავის თავს უფრო ადვილად, უფრო კარგად ჰყიდის.

მე არ ვფიქრობ, რომ ოპერა მასებისთვის ძალიან მძიმე ჟანრია, მაგრამ ცხადი მაინც ისაა, რომ სპონსორებისთვის უკეთესია სპორტი დააფინანსონ ანდა დაბალი დონის ტელესერიალები. ყველაფრის მიუხედავად, ნიუ იორკის “მეტოპერა” მთელს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო საოპერო სცენაა. მე მიყვარს აქ მუშაობა, რადგანაც ამ სცენაზე შრომის ხელოვნება მაღალპროფესიონალურია, დადგმები – საუკეთესო და, რასაკვირველია, სცენა და თეატრიც თავისთავად დიდი, ლამაზი და ძალიან კარგი აკუსტიკით. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი, რასაც მე “მეტოპერა” მაძლევს, თვითრეალიზებად არტისტად მხდის, სცენაზე კი – მაღალპროფესიული პროდუქტია. ეს არის ის, რასაც მე ჩემს პროფესიაში ყოველთვის ვეძებდი.

– ანუ საოპერო მომღერლების ყველა გზა ნიუ იორკში მიდის. მათ შორის – სლოვაკეთიდანაც, არა?

– ჩემი გზა სლოვაკეთიდან “მეტოპერისკენ” ერთი მხრივ გრძელი, მაგრამ მეორეს მხრივ – გლუვი იყო. არ იყო ადვილი, მე მძიმე მუშაობა მუდმივად მიწევდა. თუმცა ამავე დროს კარიერისთვის დიდად არც ვილტვოდი. უბრალოდ, ჩემს სამუშაოს ვასრულებდი ანუ იმას, რაც მიყვარდა და ნაბიჯ – ნაბიჯ აგერ უკვე მეშვიდე სეზონია “მეტოპერის” სცენაზე ვდგავარ.

– “ტრუბადურში” როლი როგორ მიიღეთ?

– კარგად მახსოვს, რომ ფერანდოს როლი 2007 წლის ნოემბერში მას მერე მივიღე, რაც მაესტრო ჯეიმს ლევინმა მომისმინა. ეს “მეტოპერასთან” დადებული ერთ-ერთი კონტრაქტი გახდა. “ტრუბადური” ფერანდოს არიით/სცენით იხსნება და მარტივი არია ნამდვილად არაა. ფერანდოს არიით ასე ვთქვათ, არიაში ახალი ილეთებიც აღმოვაჩინე. “ტრუბადური”, როგორც ოპერა ჩემი კარიერისთვის არაა ღერძული, რადგანაც ფერანდოს როლი, ასე ვთქვათ, არც ისე მნიშვნელოვნად ითვლება. დასაწყისში ძალიან კარგი სცენაა, მაგრამ სინამდვილეში მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. აი, “ტრუბადური” “მეტოპერაში” კი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია – თითოეული ნაწარმოები ამ ლამაზ ოპერაში ოპერის ნამდვილი ზეიმია. სამომავლო გეგმებიც დიდი მაქვს: ვაგნერის “პარსიფალი” ანტვერპენში, ბოიტოს “მეფისტოფელი” პრაღაში, შემდეგ სეზონს კი ჩემს სამშობლოში, ბრატისლავაში “დონ კარლოსით”– ით ვიწყებთ, მერე ბოლონიაში – “დონ ჟუანი” და კვლავ დავუბრუნდები ნიუ იორკს სამი პერფორმანსით – “რიგოლეტო”, “აიდა” და “დონ ჟუანი”.

– ვიცი, რომ ქართველ მომღერლებთან აქტიურად მუშაობთ.

– “ტრუბადურში” ანიტა რაჭველიშვილი იყო უაღრესად პროფესიონალური ყველა ასპექტით: მისი ხმის ხარისხი, მისი ვოკალური ტექნიკა და მუშაობის ხელოვნება. და კიდევ მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისება – მისი ყოფნა სცენაზე დადგმის მაღალი დონის მომასწავებელია. იგი იმ ტიპის კოლეგაა, რომელიც ყოველთვის შთაგვაგონებს.

ყველა ქართველ მომღერალს, ვისთანაც კი მიმუშავია ანდა სცენიდან მომისმენია ლამაზი ხმები და ძლიერი ვოკალური ტექნიკა აქვთ. მიმუშავია პაატა ბურჭულაძესთან, გიორგი გაგნიძესთან, ქეთევან ქემოკლიძესთან, ნინო მაჩაიძესთან და ნინო სურგულაძესთან. ისინი ძალიან ძლიერი და ამაყი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ეროვნული კულტურა და ტრადიციები უყვართ. მართალი გითხრათ, ეს მე ძალიან მომწონს და ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანები სწორედ ასეთები იყვნენ.