ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„სამსონი და დალილა“ მეტროპოლიტენ ოპერაში

„სამსონი და დალილა“ მეტროპოლიტენ ოპერაში

თუ ფრანგულად ეროტიული Mon Coeur s’ouvre à Ta Voix ოდესმე ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან წაგიმღერიათ, ცხადია, არასდროს დაგავიწყდებათ არც ავტორი/ოპერის სახელწოდება, არც მისი ფინალური ცეკვა და არც დაბრმავებული სამსონი. “ჩემი გული შენი ხმის გაგონებაზე იღება….” – მღერის მუხანათი დალილა, რომელიც გრძელთმიან შეყვარებულს სასიკვდილოდ სწირავს. მანამდე კი იგი აიძულებს კაცს, რომ თავისი ძალის საიდუმლო სასიყვარულო ალერსის დროს გაანდოს. მასკულინობის საიდუმლო კი, აქილევსის ქუსლის არ იყოს, სამსონის თმაშია.

„მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე იასამნის ფერის კაბის ქვეშ მწვანეში შემოსილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მესამე არია კამილ სენ–სანსის ნაწარმოების განსაკუთრებულად მელოდიური და ლაიტმოტივური ადგილია. “ნიუ იორკ თაიმსმა” დაწერა, რომ “აიდასა” და “ადრიანა ლეკუვრერში” სეზონის ტრიუმფალური დაწყების შემდეგ მეცო–სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მაცდუნებელი დალილას როლში “შემართული მბრძანებლობით” გამოვიდა. “სამსონი და დალილას” (დირიჟორი მარკ ელდერი) დამდგმელი რეჟისორი “ტონის” მფლობელი დარკო ტრესნიაკია, რომლისთვისაც „მეტში“ამ მითოსის სადებიუტო  პერფორმანსი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ფოტო „მეტროპოლიტენ ოპერის“ ფოტორქივიდან.

ფერდინანდ ლემაირის ლიბრეტოზე შექმნილი ოპერის პრემიერა ვაიმარში, 1877 წელს გერმანული თარგმანით, Ducan Thatre-ში შედგა. ოპერა სავსეა მრავალფეროვანი მუსიკალური ინტონაციებითა და იმ, როგორც დღეს იტყვიან, მულტიკულტურული დრამატული ნიჭით, რომელიც სენ-სანსისთვისაა დამახასიათებელი. კომპოზიტორი იყენებს  საეკლესიო მუსიკას, მათ შორის, ქორალურ არიებს და საბალეტო სცენას – ორგიულ მუსიკალურ კომპოზიციას – ვაკჰანალიას, რომელიც ისევე რჩება გონებაში, როგორც მოღალატე დალილას მაცდუნებელი სიმღერა მისი „გრძნობის სიწმინდეზე“. კოსმოპოლიტი სენ–სანსის მუსიკაში ცხადად იგრძნობა გრეგორიანული ნამღერი, ბახის, იტალიური რომანტიული ენისა და ფრანგული გრანდ–ოპერების გავლენა, ისევე როგორც – სამხრეთ აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის. და ეს უკანასკნელი, ცხადია, იმის დამსახურებაა, რომ მუსიკოსი ფრანგულ კოლონიაში, ალგერიაში ცხოვრობდა. ვაკჰანალიის „არაბული ფერებიც“ სწორედ ამის დასტურია.

სენ – სანსს თავიდან უბრალოდ უნდოდა, რომ ბიბლიური თემატიკა საოპერო ორატორიებში გადაეტანა. ერთ დღესაც ორატორიის სიტყვების დასაწერად მან ახალგაზრდა პოეტს, ფერდინანდ ლემაირს მიმართა, რომელმაც ლამის ულტიმატუმად შესთავაზა კომპოზიტორს, რომ იგი უფრო შორს უნდა წასულიყო – ოპერა შეეთხზა. სხვათა შორის, ორატორიის ოპერად ტრანსფორმაციის პროცესში ფრანც ლისტის ღვაწლიცაა. სწორედ მისი ინიციატივა იყო „სამსონი და დალილა” პირველად გერმანელებს მოესმინათ. ქალის როლი ლეგენდარული პაულინა ვიარდოსთვის დაიწერა, მაგრამ მომღერალი ასაკის გამო დალილას პარტიას ვერ იმღერებდა და იგი გერმანელმა მეცო – სოპრანომ აუგუსტინ ვონ მილერმა შეასრულა. საოპერო სცენაზე გადატანილი პალესტინაში, ღაზაში ჩვ.წ.–აღ.მდე 1 150 წელს გათამაშებული დრამა ფრაგული რომანტიზმის საუკეთესო ტრადიციებითაა შექმნილი, ხოლო თითოეული მიზანსცენა ბაცი – ნაცრისფერებიდან ეგზოტიკურ პალიტრამდე, სიუხეშიდან ფაქიზ მგრძნობელობამდე მერყეობს.

ფოტო „მეტროპოლიტენ ოპერის“ ფოტორქივიდან.

„მეტოპერაში“ (რომელშიც „სამონი და დალილას“ დადგმა 239–ედ გაიმართა) სენ–სანსის ოპერის პრემიერა 1895 წელს შედგა. მაშინ სამსონის როლი ვერდის პირველმა „ოტელომ“, ფრანჩესკო ტამანომ, ხოლო დალილას როლი ეუგენია მარტელიმ შეასრულეს. მას მერე  ნიუ იორკში სამოსნის არიებს ასრულებდნენ ენრიკო კარუზო, რაიმონ ვინეი, მარიო დელ მონაკო, პლასიდო დომინგო; დალილას როლი ლეგენდარული: რიზ სტივენსი, გრეის ბამბრი, შორლი ვარეტი და დანის გრეივისი. შარშან მეოთხედ  „მეტოპრის“ სეზონი „სამსონი და დალილათი” გაიხსნა, რომელშიც მღეროდნენ ელინა გარანჩა და რობერტო ალანია.

ფოტო „მეტროპოლიტენ ოპერის“ ფოტორქივიდან.

წელს ლიეტუვას ნაციონალური ოპერის სოლისტის კრისტიან ბენედიქტის დებიუტი „მეტოპერაში“ სწორედ „სამსონი და დალილაში“ შედგა და მისი პარტნიორი ანიტა რაჭველიშვილი გახლდათ. მანამდე ბალტიისპირელი ტენორი ვენის ოპერაში, „კოვენტ გარდენში“ და მსოფლიოს სხვა ცნობილ საოპერო სცენებზე მღეროდა.

– „ჩემი ურთიერთობა “მეტთან” 2018/2019 – ის სეზონის დასაწყისში დაიწყო“- მიყვება კრისტიან ბენედიქტი, „–მიმიწვიეს, რომ დარკო ტრესნიაკის  „სამსონ და დალილაში“ მემღერა. მუშაობა ოპერაზე აგვისტოს შუა რიცხვებიდან დავიწყე. მერე უცებ პირველ ოქტომბერს რობერტო ალანიას მაგივრად ვიმღერე, ხოლო  წელს სამ მარტს კი პირველად სცენაზე აღმოვჩნდი მსოფლიოში ყველაზე დიდებულ დალილასთან ერთად.

  • რატომაა თქვენთვის ანიტა რაჭველიშვილი განსაკუთრებული მომღერალი?

ანიტას 2016-ის შემოდგომაზე პარიზში შევხვდი. მაშინ ასევე ვმონაწილეობდი  მიჩიელეტოს „სამსონი და დალილაში“,  მაგრამ თავად ანიტასთან ერთობლივი დადგმა არ მქონია. რასაკვირველია, მის შესახებ მანამდე მსმენოდა. 8–9 წლის წინათ იგი ვილნიუსში ვერდის „რექვიემში“ მღეროდა. ვფიქრობ, რომ ანიტა მსოფლიოს მეცო–სოპრანოებს შორის ერთ–ერთი საუკეთესოა. როგორც მინიმუმი, საუკეთესო დალილაა! მიყვარს მისი ხმა და ნიჭი! იგი ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანია. იგი შორსაა ქედმაღლობისგან და ამავე დროს დიდი საოპერო ვარსკვლავია.

  • როგორ ფიქრობთ,  არტისტი უნდა იყოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის გამომხატველი?

ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ჩვენ, მომღერლები არა ვართ მხოლოდ „ხმები ფეხებზე“, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი ერისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი. ჩვენი იმიჯი დამოკიდებულია ჩვენს გეგმებზე და იმაზეც, თუ როგორ ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენც ხომ გვყავს ოჯახები, მშობლები და მეგობრები. ცხადია, ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ისევე, როგორც – პოლიტიკასა და კულტურაში.

  • თქვენ ბათუმშიც იმღერეთ. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?

ერთხელაც იანო თამარისგან მოწვევა მივიღე, რათა ბათუმში  სამუსიკო ფესტივალის (სახელად „ჯვარცმიდან აღდომამდე“) გალა კონცერტზე მემღერა. ეს იყო ფანტასტიური დრო! ძალიან ხანმოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი! იმ მიზეზითაც, რომ ქართველები ძალიან მეგობრული და თბილი ხალხია. ქართული სტუმართმოყვარეობა ხომ მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული.

გარდა გალა პროგრამისა, ასევე ვიმღერე იტალიურ –  ფრანგული არიები და დუეტი დიდ იტალიელ ბარიტონ ვიტორიო ვიტელისთან ერთად, ასევე მოვამზადე ერთი ქართული არია ბისზე გამოძახებისთვის. თბილისში გასაოცარი აუდიტორია იყო! საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა – ქართული ენა, ღვინო, “ბორჯომი” და განსაკუთრებით კი მომღერლები მსოფლიოში ყველაზე მშენიერია! ჩემი საყვარელი მომღერლები კი არიან: ანიტა რაჭველიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე. ქართველი მომღერლების უმრავლესობას აქვთ დიდი დიაპაზონის ლამაზი ხმები, ისეთივე, როგორიც მათი გულებია.

  •  აპირებთ საქართველოს კიდევ ეწვიოთ?

შემდეგი ჩემი მთავარი როლი იქნება იტალიაში, ოპერაში „ანდრეა ჩინიერ“. შემდეგ კი სამშობლოში სამსონის როლი და გალა კონცერტი მუსიკალური ფესტივალისთვის. მერე არგენტინაში მივემგზავრები და ვიმღერებ „ტურანდოტში“. შემდეგ სეზონზე „მეტში“ ვბრუნდები, მერე ლისაბონსა და ბილბაოში მივემგზავრები…  საქართველოს რაც შეეხება: ყოველთვის სიხარულით გეწვევით. უპირველესად მშვენიერი ხალხის გამო. როცა თბილისში გალა კონცერტზე ვიმღერე, თბილისის ოპერის თეატრის დირექტორს ბადრი მაისურაძეს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ უახლოეს მომავალში ვერდის „ოტელოს“ დადგმას აპირებს. მე კი დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი ჩემ ამ განსაკუთრებულ როლს თქვენი სამშობლოს გულში. სხვადასხვა რეჟისურის 17 „ოტელოში“ ვიმღერე (სულ 120 პერფორმანსი) ვენაში, პალერმოში, სტოკჰოლმში, მეხიკოში, კალგარიში, ვილნიუსში და, იმედია, ამ სიას თბილისიც შეემატება.

ფოტო „მეტროპოლიტენ ოპერის“ ფოტორქივიდან.