26 სექტემბერს ბრუკლინში, რესტორან “ივერიას” ტერიტორიაზე გაიმართა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრა, რომელზეც ვაშაძემ თავისი გამოსვლა ემიგრაციისა და უმუშევარობის პრობლემის აღნიშვნითა და იმის დაპირებით დაწყო, რომ სანამ ცოცხალია საქართველოში მარიხუანის პლანტაციების გაშენების უფლებას არავის მისცემს.
საქართველოში ამ დროს 27 სექტემბერი იყო, სოხუმის დაცემის დღე და შეკრებილმა ადამიანებმა წუთიერი დუმილით ეს ტრაგიკული თარიღი აღნიშნეს. გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ემიგრანტ ქალებს 1990-იანების გადატანისთვის და აღნიშნა, რომ თუ საქართველოში მოვლილი ბავშვები დადიან, თუ ოჯახები და სახელმწიფო არსებობს, ეს ქართველი ქალების დამსახურებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ქალის პრობლემები, ქალის ჯანმრთელობისა და თანასწორობის საკითხი.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ მის პარტიას პოლიტიკური დევნისთვის არც დრო, არც საშუალება და არც სურვილი ექნება. “ქვეყანაში დასრულდება “სუსის”, როგორც პოლიტიკური პოლიციის თარეში. ისიც ვიცით, რომ “ქართული ოცნების” ნაცადი ხერხია იმის თაობაზე საუბარი, რომ თითქოს “ნაციონალურ მოძრაობას” შურისძიებისთვის უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა 25 წლისწინანდელ ტრაგედიაზე და იგი შეაფასა, როგორც ერის შეცდომა, როცა ქართველებმა პირველი პრეზიდენტი განდევნეს, საზოგადოება კი გაიხლიჩა, ამიტომაც ყველას მოუწოდა 2018 წლის არჩევნებზე მივიდნენ, რადგან, მისი თქმით, „სახლში დარჩენილი თითოეული ადამიანი გაყალბებულ ბიულეტენსა და ივანიშვილისთვის ხმის მიცემას ნიშნავს“. მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთ გზად დაასახელა ეროვნული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც დაეფუძნება კონსენსუსს და მოიყვანა ნიდერლანდების მაგალითი, რომელსაც 1946 წლიდან ერთპარტიული ხელმძღვანელობა არ ჰყოლია:
“როგორც ნახევრად ორსულობა არ არსებობს, ისე არ არსებობს ნახევრადდემოკრატია. ქვეყანა იმართება ან დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება. მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, იქნება ეს თამბაქოს ჯიხურის ჩადგმა თუ ინფრასტუქტურის განვითარება. არ უყვარს ქართველს დიქტატი და ზემოდან კარნახი”.
“თქვენ უნდა გაბრაზდეთ” – განაცხადა ვაშაძემ, – „გერმანიაში რომ ათასობით ბავშვი შიმშილობდეს, ჩინოვნიკს 28 ათასი ჰქონდეს თვიური ხელფასი და 200 ათასიან ჯიპში იჯდეს, ასეთ ჩინოვნიკს კაბინეტიდან ფეხებით გამოთრევდნენ. ქართველმა უნდა დაივიწყოს ლუარსაბ თათქარიძეობა და საკუთარი უფლებების დასაცავად სახლიდან გამოვიდეს”.
ვაშაძე განათლების საკითხებსაც შეეხო: „სააკშვილის დროს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეას რა ბედიც ეწია, ყველამ ვიცით. დემოკრატია განათლებული და კერძო საკუთრების მქონე მოქალაქისგან იწყება. ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შესძლო განათლების რეფორმის დასრულება, რადგანაც ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა.“
შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძეს შეკითხვა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზეც დაუსვეს. მან უპასუხა, რომ სწორედ საქართველოს აქვს აფხაზური ეთნოსის შენარჩუნების მორალური და პოლიტიკური ვალდებულება და ამის აღქმა აფხაზებმა უკვე დაიწყეს, მაგრამ ნებისმიერმა უხეშად ნათქვამმა სიტყვამ ამ ფაქიზ პროცესს შეიძლება ზიანი მიაყენოს.
კითხვაზე. თუ რამდენად სწორად მიიჩნევს ის, რომ ბიუჯეტიდან ეკლესია ფინანსდება და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, პრეზიდენტობის კანდიდატმა უპასუხა, რომ იგი მართლმადიდებელია, სამოციქულო ეკლესიის მრევლია და ამ საკითხის სადისკუსიო თემად მიიჩნევს. “ბევრს ეს მოსწონს და ჯობს ეკლესია დააფინანსო, ვიდრე მარიხუანის პლანტაციები გააშენო“ – დასძინა მან.
შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძეს თან ახლდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, თუმცა მას არაფერი უთქვამს. შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი მინისტრებიც: ალექსანდრე ლომაია და კობა სუბელიანი. რამდენიმე დღით ადრე ცნობილი იყო, რომ ვაშაძესთან ერთად იქნებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა იგი შეხვედრამდე ერთი დღის ადრე ევროპაში გაემგზავრა.
შეხვედრის ბოლოს შესაწირი ყუთიც დადგეს.