“თბილისი ოკუპირებულია!” – ამ ფრაზითა და თბილისი–ბათუმის მატარებლის ქართველი მგზავრების დადუმება – გაშეშებით სრულდება მწერალ დათო ტურაშვილის პიესა “საქართველოს რესპუბლიკა” (მადონა თხელიძის თარგმანი), რომელიც ამერიკულმა თეატრმა, Voyage Theater Company-მ, ნიუ იოკში, მანჰეტენზე მდებარე საჯარო ბიბლიოთეკაში წარადგინა.
დამდგმელი რეჟისორი გახლდათ აიოვას „რივერსაიდ თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი ადამ ნაიტი (მანამდე იგი 14 წელი ნიუ იორკის Slant Theatre Project–ის სამხატვრო თანახელმძღვანელი იყო), რომლისთვისაც უცხო არაა ქართული რეალობა, ქართული პიესები და რომლის დამსახურებაცაა მის ქართველ პარტნიორ და კოლეგა ირინა გაჩეჩილაძესთან ერთად 2017–ში დიდი ვაშლის ქალაქში ორგანიზებული „ქართულ–ამერიკული თეატრალური ზეიმი“.
დასაწყისში ნახსენებ თავზარდამცემ ფრაზას კი წამოიძახებს ახალგაზრდა ლუკა, რომელიც, დადგმის ანოტაციის მიხედვით, პარტიის წევრი არაა და თავის შეყვარებულ, ასევე არაპარტიულ თამართან ერთად, მატარებლის სხვა მგზავრებისგან განსხვავებით, დიდად არ ებმება პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ კამათში. როგორც ჩანს, ამ ორის ერთადერთი სურვილია აბეზარ ადამიანებსა და მათ საუბრებს თავი დააღწიონ და მატარებლიდან რაც შეიძლება მალე ჩავიდეს. მატარებელში ქართველისთვის ძალიან ნაცნობ და საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვისაც უცხო თემებს მოისმენთ: 1921 წელი და ჩვენი უახლოესი ისტორია, ქართული პოლიტიკური პარტიის წევრის განმარტებები, საქართველოს ისტორიის ნაწყვეტები, პირველი ქართული რესპუბლიკის ქალი – პარლამენტარი (როგორც თავად დათო ტურაშვილმა აღნიშნა, პიესაში შეცდომით ერთი ქალია მოხსენიებული, არადა ასი წლის წინათ ისინი ხუთნი იყვნენ), საუბრებს დემოკრატიის მნიშვნელობაზე, ოკუპაციაზე, ამერიკის დახმარებაზე, სუფრასა და ღვინოზე. ქართული ისტორიული შტრიხები კი სრულყოფილი არ იქნებოდა, რომ არა ერთი „ჩვენებური“ თვისების მახასიათებელი მიზანსცენა – მსახიობები განიხილავენ თუ ვის აქვს წამყვანი როლი და რა კრიტერიუმებია ამისთვის, რათა „ლიდერი“ დემონსტრაციულად „მოინიშნოს“. აშკარაა, რომ ქართველები ამგვარი პაექრობისთვის „დროის სწორად შერჩევის“ შერჩევის პროფესიონალები ვართ. ეს კი ტკივილამდე ნაცნობ ასოციაციებს აღძრავს არაადეკვატურობასა და ერთ „ნავში“ მსხდომთა „ერთიანობაზე“. ერთგვარი მხატვრული მიგნებაც იყო ანოტაციაში მოქმედი გმირების თანაბარი დაყოფა პარტიელებად და არაპარტიელებად.
სპექტაკლის მიზანსცენები რეჟისორის სიტყვიერი შესავლით იწყებოდა, ხოლო მოქმედება 12 შავ სკამზე 12 ამერიკელი მსახიობის (მათ უმეტესობას 2017 წლის დადგმებიდან ვიცნობ) შესრულებით, ფურცლიდან მხატვრულ კითხვით.
ბიბლიოთეკის “სკამები”, უფრო სწორედ პარკეტის დიდი საფეხურები და პერფორმანსის იმ ქუჩის დონის ერთი სართულით ქვევით გათამაშება, რომლის მოპირდაპირე მხარეს „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“ მდებარეობს, ერთგვარი ირიბი ქარაგმაც იყო „ალტერნატიული“ რეალობის არსებობაზე მინიშნებით. დიდ, საკანცელარიო ნაცრისფერ ფოლდერებში ჩასმული ფურცლებიდან კითხვა აკადემიურ–საქმიან ინტონაციასაც ქმნიდა, თუმცა მსახიობების ჩახუტების დროს ერთმანეთის ზურგს უკან ამ სქელი „ჟურნალებიდან“ ტექსტის კითხვა ვიზუალურ უგერგილობასა და შესაბამისად – ხელოვნურობის განცდას…
ადამ ნაიტი ამბობს, რომ მან „ვოიაჟ თეატრის“ სერიის „უცნობი ნაწილების“ ის ღონისძიებები ნახა, რომელიც ეფუძნებოდა უცხოურ თარგმნილ პიესებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მათთან ერთად ქართველი ავტორის ნაწარმოების დადგმა. ადამი დათო ტურაშვილს რამდენიმე წელია იცნობს, უყვარს მისი ნაწარმოებები და ამიტომაც სთხოვა მისთვის რაიმე პიესა შეეთავაზებინა. მწერალმაც მას ერთაქტიანი, მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველი „საქართველოს რესპუბლიკა“ (ქართული სახელწოდება „მატარებელი“) გაუგზავნა. როგორც რეჟისორი ამბობს, „ვოიაჟის თეატრს“ დიდი გამოცდილება აქვს მთელი მსოფლიოდან მნიშვნელოვანი ხმების აჟღერებაში. მათი მხატვრული ხელმძღვანელი უან მოუგანსი 2017-ში ნიუ იორკში ქართულ ფესტივალს დაესწრო და დათოს სპექტაკლიც ნახა. ადამი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ტურაშვილთან მუშაობა და კიდევ უფრო სასიამოვნო სპექტაკლზე ამდენი მაყურებლის ყოლა. „ვთვლი, რომ “საქართველოს რესპუბლიკა” ამ თეატრის „უცნობი ნაწილების” სერიის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. თავისი კონცეფციით მატარებელი ხდება თავად რესპუბლიკის მიკრო – უფსკრული: არეულ–დარეული, ცოცხალი და ახალი დემოკრატიით” – აღნიშნა რეჟისორმა.
- რა შეგძინათ იმ ქართულმა ტექსტებმა, რომელსაც ამ ბოლო წლების განმავლობაში გაეცანით?
ჩვენ, ამერიკელები ვფიქრობთ, რომ სამყარო ჩვენ გარეშემო ტრიალებს. ქართული ტექსტების გაცნობით კი პირადად მე ჩემი ცხოვრება გავიმდიდრე, გავიფართოვე თვალსაწიერი, ჩავრთე მასში სხვა ქვეყნები და სხვა ისტორიები. საქართველო და პოსტსაბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნები ამერიკელებისთვის ერთგვარი ბრმა ზონებია. ჩვენ ისე აღვიზარდეთ, რომ გვეგონა – სსრკ ერთი ერი და ერთი ქვეყანა, ანუ რუსეთი იყო. არ გვქონდა გააზრებული, თუ რამდენი მიწა შთანთქა ამ იმპერიამ. განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს მიმართ მთელი ძალით დაბრუნდა, ამერიკელებს უნდა სცოდნოდათ დასავლეთის იმ მშვენიერი ქვეყნების შესახებ, რომელთა სუვერენიტეტსა და ქვეყნის მთლიანობას ემუქრებიან.
- რა იყო თქვენთვის ქართული თემის გაგრძელების მოტივატორი?
„ქართულ – ამერიკული თეატრალური ზეიმი”, რომელიც ირინა გაჩეჩილაძის იდეა იყო. ეს იყო ფესტივალი, რომელსაც 2017–ში მე ირინას კომპანია RedLab-თან ერთად ვპროდიუსირებდი. წარვადგინეთ ქართული ენიდან თარგმნილი ორი ახალი პიესის სრული დადგმა ცხრა ნაწარმოების კითხვასთან ერთად. ბევრმა ქართველმა, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს, ამერიკულ სცენაზე თავისი ისტორიები პირველად მოისმინა. ზოგმა თავისი შვილები მოიყვანა. მე ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩვენ შევძელით დიასპორის გაცოცხლება და, ასე ვთქვათ, შევძელით გაგვეშუქებინა შესანიშნავი ქართული კულტურა და ხელოვნება, რომელიც თქვენი ქვეყნისაა – კულტურა, რომელიც თავისი არსებობით ნიუ იორკს ამდიდრებს.
- სხვა უცხოელი ავტორების პიესების დადგმის გამოცდილებას როგორ დაახასიათებდით?
ქართველ მწერლებთან მუშაობასთან ერთად, ამერიკულ–რუსული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აქაურ Lark Theater-ში ციმბირელი მწერლის პიესა დავდგი. თარგმანი ყოველთვის რთულია – ინგლისური ამერიკული აუდიტორიისთვის გასაგები უნდა იყოს, თუმცა ამავე დროს მაინც ახლოს უნდა იყოს ენის თავისებურებასთან და კულტურასთან, რომელიც ყოველ ადამიანს უნიკალურს ხდის. ტექსტი ერთსა და იმავე დროს უნდა ჟღერდეს როგორც ნაცნობად და ასევე უცხოდაც.
- როგორც ჩანს, სამომავლოდ ქართულ ტექსტებს თქვენ კვლავ დაუბრუნდებით.
იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს შევძლებ ვიმუშაო ქართული ტექსტების თარგმანის ამერიკული ადაპტაციისთვის. სიამოვნებით შევთავაზებდი დათოს პიესაზე მუშაობს, იმისთვის, რომ ტექსტი დავაზუსტო, მით უმეტეს ახლა, როცა უკვე გვაქვს მისი ტექსტის კითხვის გამოცდილება. მე ნიუ იორკიდან წავედი და ახლა ვმუშაობ აიოვაში დამდგმელი რეჟისორის პოზიციაზე, ვგეგმავ რეპერტუარში უცხოური ნათარგმნი ნაწარმოებები შემდეგ სეზონზე ჩავრთო და იმედი მაქვს, რომ მწერალთა საერთაშორისო სემინარზეც უფრო მეტს ვიმუშავებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა თეატრმა თავისი ისტორია გაიმდიდროს იმ ამბებით, რომელსაც ჩვენ ვყვებით და იმ ხმებით, რომელსაც ჩვენ მოვიზიდავთ. ამან ჩემი მუშაობა და ცხოვრება მართლაც უფრო გაამდიდრა.
- საქართველოს გაცნობა – რას ნიშნავს თქვენთვის ეს სიტყვები ათი, ხუთი წლის წინ და ახლა?
ასეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩემ გაკვირვებას აგრძელებს. აქ იმდენი რამაა, რისი სწავლაც შეიძლება! მე ახლახანს ვიყიდე ალისა ფეირინგის წიგნი „ღვინის სიყვარულისთვის“, რომელიც ქვევრის ღვინოებზე მოგვითხრობს. მინდა ისევ ჩავუღრმავდე ქართულ ლიტერატურას, კერძებს და, რასაკვირველია, მეგობრებს. კიდევ მინდა საქართველოში ჩავიდე. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ვნებაა, რომელიც უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება.
…
დათო ტურაშვილი, რომელმაც სპექტაკლის შემდეგ მისი წიგნი “ჯინსების თაობა” (თარგმნილია 14 ენაზე და ყველა ენაზე სხვადასხვა სახელწოდებით) წარადგინა, ისაუბრა მის ერთ–ერთ საყვარელ თემაზე – ასი წლის წინანდელ ქართული სახელმწიფოებრიობის პროდავსალურობის ნიშნებზე და პრობლემებზეც. მაგალითად, იმაზე თუ როგორ წერდა ნოე ჟორდანია თავის დედას ლანჩხუთში, რომ იქნებ მის მეზობლად მოეძებნა ადამიანი, რომელიც მინისტრობას შეძლებდა… ეს სევდიანი, ეპისტოლარული ეპიზოდი მხატვრულად კონტრასტირებდა დღევანდელ ქართულ რეალობასთან. მაშინ რთული იყო ადამიანი ასეთ პოსტისთვის მოგეძებნა, საუკუნის შემდეგ კი ლამის ყოველი პირველი ქართველი ნებისმიერ მინისტრობას “გაქაჩავს”.
– „ამ პიესას ძალიან უცნაური ისტორია აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი პირველი ვერსია ძალიან ბევრი წლის წინ დავწერე“, – ამბობს დათო ტურაშვილი, – „მაგრამ შარშან წავიკითხე ბრიტანელი ისტორიკოსის, ერიკ ლიის წიგნი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (რომელსაც „ექსპერიმენტი” ჰქვია) და ამ პიესის თავიდან დაწერის სურვილი გამიჩნდა. მართალია ირინა გაჩეჩილაძემაც შემაგულიანა, მაგრამ მთავარი მაინც ერიკ ლიის წიგნი იყო, რომელმაც სულ სხვაგვარად და უფრო ობიექტურად დამანახა ასი წლის წინანდელი საქართველო, რომლის მიღწევებით თურმე შეგვიძლია ვიამაყოთ და სხვებსაც გავაცნოთ. ახალ ვერსიას სპეციალურად დავარქვი „საქართველოს რესპუბლიკა“ – ჩვენი ქვეყნის სახელი, რომელიც შევარდნაძის დროს საქართველოს წაართვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას დროს დამოუკიდებლობა სწორედ ამ სახელით აღვადგინეთ. მინდა, რომ დავიბრუნოთ ეს სახელი, მით უმეტეს ახლა, როცა საპრეზიდენტო ქვეყანა საერთოდ აღარ ვართ. „საქართველოს რესპუბლიკა“ არის ჩემი მესამე პიესა, რომელიც ნიუ იორკში წარმოადგინეს. ნებისმიერ ავტორს აინტერესებს თუ როგორ მიიღებს მის პიესას თუ წიგნს სხვა ქვეყნის მსმენელი და მკითხველი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე რომ არ ხდებოდეს, ნებისმიერი ლიტერატურა იზოლაციისთვის იქნებოდა განწირული.“
- როგორ შეარჩიეთ თემები, რომელზეც მგზავრებს უნდა ემსჯელათ?
რაც შეეხება პიესაში შერჩეულ თემებს, ეს უკვე იმ მატარებლის მგზავრების არჩევანია, რომლებიც მატარებელში ისხდნენ და 1921 წლის თებერვალში თბილისიდან ბათუმში მიდიოდნენ…
- რატომ ასრულებთ პიესას წამოძახილით – “თბილისი ოკუპირებულია!”? ეს სასოწარკვეთის ნიშანია, ქარაგმაა დღევანდელობაზე, წარსულის რემინისცენციაა თუ ერთადერთია, რამაც შეიძლება გამოაფხიზლოს ქართველი ან სულაც –არა?
ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. მე მხოლოდ მაშინ ვიცი რას რატომ ვწერ, როცა ვწერ, ხოლო დანარჩენი უკვე მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს.
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო მეტი საერთო გაჩნდეს, ვიდრე “საერთო მტერი” და ემიგრაცია?
ყველაზე მეტად რაც რომელიმე ორ ხალხსა და ქვეყანას ერთმანეთთან აახლოებს, ლიტერატურაა, თუმცა ამერიკაში (რაც ადვილი შესამჩნევია), ქართული კერძების მიმართაც დიდი ინტერესია.