„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ 25 წელი

1994 წელს ქალაქ ნიუ იორკის მერიის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა (1974–89) კონსტანტინე სიდამონ–ერისთავმა და მისმა ქართველმა და ამერიკელმა მეგობრებმა  ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” (American Friends of Georgia – AFG) დაარსეს. საქართველო მაშინ პოსტსაბჭოთა და პოსტსამოქალაქო ომის პერიოდის მძიმე ტრავმებს ვერ უმკლავდებოდა – სიღარიბე, ინფექციური დაავადებები, შიმშილობა, დემორალიზაცია. არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად AFG–მ დაიწყო საგანმანათლებლო, სოციალური, სამედიცინო და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ფინანსური დახმარება. ორგანიზაციის მისია კი მოკლედ ამ სიტყვებით გამოიხატა: “საქართველოში ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”.

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი. ფოტო: ny.audubon.org

“საქართველოს ამერიკელი მეგობრების” საქმიანობა ოფიციალურად 1996 წლით თარიღდება და იწყება ფერიცვალების მონასტრის მონაზონ მარიამთან ერთად ყოფილი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების (ძეგვის თავშესაფრის თემი) გამოკვებით. 1997 წელს დაიწყო მიტოვებული შენობების რესტავრაცია, სადაც 120 მიუსაფარი ბავშვი ცხოვრობდა. 1998 წელს ბედიანში გაიხსნა თავშესაფარი უსახლკარო მოხუცებისა და იმ მარტოხელა დედების დასახმარებლად, რომლებიც ოჯახებმა მიატოვეს. იქ ძეგვის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელებიც ცხოვრობდნენ. 2008 წელს შეიქმნა ომისგან დაზარალებულთა ფონდი, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულებს ეხმარებოდა; დაარსდა სამკერვალო საამქრო, სადაც დევნილებისთვის საბნებს კერავდნენ.

ორგანიზაციის ლოგო

2000 წლიდან დაიწყო კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციის – “ახალი სიცოცხლე” – დაფინანსება, რომელიც შშმ ბავშვების ინსტიტუციონალიზაციისგან დასაცავად შეიქმნა.  მას მერე ორგანიზაცია არაერთ ბავშვთა სახლსა და ბაღს დაეხმარა. გარდა ამისა AFG-მ საქართველოში აშშ–ის საელჩოსთან ერთად განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი გახლდათ ცხინვალის რეგიონიდან ორასი დევნილის რეაბილიტაცია. ორგანიზაცია დაეხმარა დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის შექმნას და ეს გახლდათ პირველი მსგავსი სკოლა საქართველოში. 2006 – 2016 – ში “მეგობრების” დახმარებით უმაღლესი განათლების სასტიპენდიო ფონდი 120 იმ მიუსაფარ ბავშვს დაეხმარა, რომლებიც ძეგვის ბავშვთა სახლსა და ბედიანში იზრდებოდნენ. აქედან 31 –მა უნივერსიტეტი დაამთავრა.

“მეგობრებს” არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა აქვთ განხორციელებული, მათ შორის, “საქართველოს ფონდის”, UNISEF-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იქნება ეს წამლების შესყიდვა, ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის ბავშვთა განყოფილების რემონტი; ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ტრანსპორტირება გერმანიაში; ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის საქართველოში ერთადერთი სახლის დაარსება; ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დახმარება თუ ფსიქონევროლოგიური დისპანსერის დახმარება.

AFG არაერთი კულტურული თუ სახელოვნებო პროექტის ავტორია. მაგალითად, კავკასიის რეგიონში ტექსტილის ხელობის აღორძინება, ნიუ იორკში (2001) “ბილდსტონის გალერეაში” ქართული ტექსტილის, სკულპტურის, ემალის, ფოტოგრაფიის გამოფენა; ნიუ იორკში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების აუქციონების მოწყობა; მოწყვლადი ბავშვებისთვის სახელოვნებო პროგრამებში ჩართვა; ამერიკული ფონდების მოძიება დარეჯანის სასახლის რესტავრაციისთვის და მრავალი სხვა.

ლენა კილაძე პრეზენტაციისას

“საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ხელმძღვანელმა მარუსია ჭავჭავაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისიაა “საქართველოს ყველაზე მოწყვლადი ფენების დახმარება, როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ახალი თაობისთვის იმის შანსის მიცემით, რომ ისინი ქვეყნის ძლიერი მამოძრავებელი ძალა გახდნენ.

ჩვენი ხედვა ასეთია – საქართველოში ყველა ადამიანს ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი ჩვენ სოციალური ინტეგრაციის პროექტებს (ალტერნატიული განათლება და რეაბილიტაცია, ინკლუზიური განათლება, ეკოლოგიური განათლება) ვახორციელებთ. ასევე მოვიცავთ ჯანდაცვის სფეროს – მათ შორის, ჰოსპისს, პალიატიურ მოვლას, ვახორციელებთ კულტურულ პროექტებს, რადგან გვინდა, რომ ქართულ ხელოვნებას მთელს მსოფლიოში მეტი თაყვანისმცემელი ჰყავდეს”.

მარუსია ჭავჭავაძე სტატიის ავტორთან, ია მერკვილაძესთან ერთად

ამას წინათ “საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა” მანჰეტენზე მდებარე “ამერიკის უკრაინულ ინსტიტუტში” გამართეს თავისი საქმიანობის 25 წლისთავის აღმნიშვნელი საქველმოქმედო საღამო, რომელზედაც აუქციონის წესით არა მარტო ორგანიზაციის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნაკეთობების შეძენა იყო შესაძლებელი, არამედ – მხატვრების ნამუშევრების, იუველირული ნაკეთობების, სუფრებისა და კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას მაისურისაც. საღამო ჩვეულებისამებრ ქართულ ტრადიციულ სტილში მიმდინარეობდა: ქართული ცეკვა (ანსამბლი “ფესვები”), ქართული სიმღერა (ნანა მჟავანაძე), ქართული ღვინო და კერძები (რესტორანი “ჭამა მამა “).

საქველმოქმედო საღამო. ია მერკვილაძის ფოტო

საქველმოქმედო საღამო. ია მერკვილაძის ფოტო

საქველმოქმედო საღამო. ია მერკვილაძის ფოტო

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლენა კილაძემ ისაუბრა “მეგობრების” მიმდინარე პროექტებზე: ძეგვის თავშესაფარზე, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთ დიდი მეგობრულ ოჯახად ცხოვრობენ; “მოწყალების ცენტრზე”, სადაც ადამიანები მძიმე ქრონიკული დაავადებებითა და ტერმინალურ სტადიაში მყოფნი უფასო დახმარებას/მოვლას იღებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საქართველოში მწვავედ დგას სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების საკითხი, ამიტომ ორგანიზაციის სოციალური პროგრამა ასევე მიმართულია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის კულტურის ჩამოყალიბებისკენ, ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის განვითარებისკენ.  ორგანიზაციამ შექმნა ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც მოიცავს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკუმებს, ექსკურსიებს  და ასევე – მოხალისეთა პროგრამებს.

აუქციონი. ია მერკვილაძის ფოტო

აუქციონი. ია მერკვილაძის ფოტო

“მეგობრების” არსებობის ისტორიის განმავლობაში ორგანიზაციას არაერთი კერძო პირი თავისი იდეებითა და ფინანსური რესურსით შეუერთდა. სოციოლოგი ანა ბედინეიშვილი მიყვება, რომ მისი სურვილი იყო მოეძებნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანი საქართველოს დახმარება იქნებოდა.

“მე AFG –ს საიტზე შევედი და მათი საქმიანობით აღვფრთოვანდი”, – მიყვება ანა, – “მომეწონა,  თუ როგორ ეხმარებიან ამერიკელები საქართველოში არსებულ მარგინალიზებულ და მოწყვლად მოსახლეობას. მერე გავხდი მუდმივი დონორი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე ფულის შეგროვების კამპანია წამომეწყო და ლენა კილაძეს დავუკავშირდი. ჩემი თანამშრომლობის მიზანი გახლდათ საქართველოში იმ მოხუცების დახმარება, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ. მე ვყიდი ჩემ ხელნაკეთ საყურეებს და მთელ თანხას სახლში მოვლის სამსახურსა და “მოწყალების ცენტრს” ვაძლევ, რომელიც საქართველოს ერთადერთი უფასო ჰოსპისის სამსახურია. ჩემ ამ პროექტს კი ჰქვია “ისმინე”. საყურის თითოეული სტილი ეძღვნება ერთ–ერთ მოხუცს, იმ რვათაგან, რომელსაც ვეხმარები. საყურეები  ჩვენი იმ დიდი რწმენის სიმბოლოა, რომ უბრალოდ მოსმენა  მნიშვნელოვანი ნაბიჯია განკურნებასა და ადამიანების ჩართულობაში, ხოლო თავად საყურეები “საქართველოს ამერიეკლი მეგობრების” მომხმარებელი იმ რვა ადამიანის აღმნიშვნელი, ვისაც ვესაუბრე, მოვუსმინე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი