ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩემთვის საქართველოს დეკონსტრუქციაა – ლევან აკინი

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩემთვის საქართველოს დეკონსტრუქციაა – ლევან აკინი

“ქართველებისთვის გეების არსებობა შოკია?” – მკითხა “სკანდინავიურ სახლში” კინოჩვენების შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, სელია ვესტონმა, როცა მას ვკითხე მოეწონა თუ არა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” (2019). ნიუ იორკში შვედი რეჟისორის ლევან აკინის კინოსურათი ჯერ ლგბტ ფილმების ფესტივალზე (NewFest. ჟიურისა და აუდიტორიის გამარჯვებული), მერე კი “სკანდინავიურ სახლში” აჩვენეს. ვესტონმა მითხრა, რომ მოეწონა; მე კი ვუპასუხე, რომ გეები საქართველოში კლოზეტში არიან. 

“და ჩვენ ვიცეკვეთ” (რომლის შექმნაშიც ქართული კომპანია Takes Film მონაწილეობს) არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე და პრიზის მფლობელია. ფილმი 2019 – ის კანის კინოფესტივალის რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში მოხვდა. იგი “ჩიკაგოს 55–ე  საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურისა და აუდიტორიის რჩეულია და საუკეთესო უცხოურ ფილმად დასახელდა; ესპანეთში გამართულმა ვალადოლიდის საერთაშორისო კინოფეტსივალმა ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად აღიარა. “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაჯილდოვდა ოდესის (უკრაინა), სლოვენიის, ფლანდერის (ბელგია) კინოფესტივალებზე; ტამპა ბეის (ფლორიდა, აშშ) გეი/ლესბოსური ფილმების ფესტივალზე; იგი IRIS ჯილდოს (გეი/ლესბოსური ფილმების კონკურსი) მფლობელია; ევროპული უნივერსიტეტის ფილმის პრიზიორია და ა.შ. ამავე დროს, დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული არაერთი აღფრთოვანებული რეცენზიის ადრესატიც. 2019–ში შვედეთმა ამერიკული კინოაკადემიის/ ოსკარის ნომინაციისთვის სამი ფილმი შეარჩია, საბოლოოდ კი ერთზე, ლევან აკინის ფილმზე შეჯერდა. კინოსურათს მსოფლიოს 36 ქვეყანაში უჩვენებენ, მათ შორის, საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ – როგორც იქნა. 

სტოკჰოლმში დაბადებული, ქართული წარმოშობის ლევან აკინი (40) შვედეთის სხავდასხვა ტელეარხებისთვის და კინოკომპანიებისთვის მუშაობს. მის ფილმოგრაფიაშია ტელესერიალები, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. New Fest – ზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შემდეგ რეჟისორი სცენიდან იმის შესახებ ყვებოდა თუ რა პრობლემები შეექმნა ამ ფილმის გადაღებისას: “თავდაპირველად ალტერნატიული ისტორია გვქონდა ფრანგი ტურისტის შესახებ, რომელიც საქართველოში ჩადის და ქართულ კულტურას ეცნობა. ეს, ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია იყო. გადაღებების დაგეგმვისას, ზოგიერთ ადგილზე მუნიციპალიტეტის ნებართვა იყო საჭირო. ინფორმაცია ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ როგორღაც გავრცელდა და მუქარებიც მივიღეთ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც. პრობლემები მაშინაც შეგვექმნა, როცა ნაციონალურ ანსამბლში ფილმისთვის მოცეკვავეს ვეძებდით და დახმარება ვთხოვეთ. ასე უფრო მარტივი იქნებოდა. მათთან შვედეთის საელჩოს შუამდგომლობით მივედი. ოფიციალური შეხვედრა იყო, მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჟეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. მისი (ნინო სუხიშვილის) სახე შეიცვალა, სრულიად თეთრი გახდა. “რატომ ბიჭები? ბიჭებს ერთმანეთი რატომ უყვარდებათ? ეს რა ისტორიაა?” – მკითხა მან და მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან. გაკვირვებული ვიყავი. მან მითხრა, რომ შეხვედრა დამთავრებულია. სხვათა შორის, იგი გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო, მაგრამ უკვე აღარაა. დაითხოვეს. ვფიქრობ, რომ მათ ფილმისთვის მხარი უნდა დაეჭირათ და ეს მათთვის სასარგებლო რამ იქნებოდა, რადგანც სხვადასხვა ქვეყნებში მეტი ტური ექნებოდათ. ვფიქრობ, მათი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო.”

“სკანდივანიურ სახლში” ფილმის წარდგენის წინ ლევან აკინმა ხაზი გაუსვა, რომ ფილმის გადაღების ძლიერი ბიძგი 2013 წლის 17 მაისის მოვლენები  იყო, როცა გააფრთებული ბრბო 15 ახალგაზრდას გადათელვას უპირებდა და ეს იყო ის მომენტი იყო, როცა მას ქართველობის შერცხვა. რეჟისორის აზრით, საქართველოში ორი ქვეყანა არსებობს. საბჭოთა პერიოდის, კონსერვატიული და ინტერნეტის საქართველო, რომელსაც ახალი ამბების სხვა წყაროები აქვს; ამ ორი ჯგუფის ადამიანებს შორის კომუნიკაცია მინიმალურია და ერთმანეთზე მთლად კარგი აზრის არ არიან. ჩვენთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ “ფილმის გადაღების მთავარი მოტივი გახლდათ საქართველოში ლგბტქ თემის მხარდადაჭერა”. – “კლოზეტიდან გამოსვლისთვისაც”? – ვკითხე რეჟისორს, რომელმაც მიპასუხა, რომ “არა, კლოზეტის მიტოვება ადამიანის პირადი არჩევანია. ფილმი კი გადაღებულია ლგბტქ თემისა და ადამიანის იდენტობის ძიების  რეპრეზენტაციისთვის, ამ ადამიანების ხილვადობისთვის. ამისთვის მე თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან ხშირად ჩავდიოდი, რათა უკეთ გავცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას არა მარტო ფილმის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ ჩემი შორეული სამშობლო უფრო ახლობელი გამხდარიყო”. 

ლევან აკინი ნიუ იორკში ფილმის ჩვენებაზე. ფოტო: ია მერკვილაძე

ლევან აკინი აღნიშნავს, რომ ფილმი ნარატივით, გადაღების სტილით არაა ქართული, არამედ შვედური, სკანდინავიური, დასავლური პროდუქტია ქართული ელემენტებით, რომელიც საქართველოში (ქართული ფილმები უფრო რევერანსულია, ერთი კადრით) გადაიღეს; მან ისაუბრა ქართულ მედიაზე, რომელიც მათი გუნდის დიდი მხარდამჭერი გახდა. რეჟისორი ბევრ გამამხნევებელ წერილებს იღებდა, მათ შორის რუსებისგან, რომლებიც სპეციალურად ფილმის ჩვენებისთვის ჩამოდიოდნენ. თუმცა იყო ასევე “ჯოჯოხეთში გამწესების” მუქარებიც, რაზეც იგი “მადლობას იხდიდა”. ლევან აკინი არაერთხელ დაუბრუნდა ქართული ეროვნული ცეკვის, როგორც კულტურული ტრადიციის არსებობის მნიშვნელობას, როგორც პირადად მისთვის, ასევე ეროვნული იდენტობისთვის. მან აღნიშნა, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ილეთი არაა და ახსენა, რომ საქართველოში არსებობდა  გეი – სუბკულტურა, მაგალითად, კინტოები. ისაუბრა ფილმის ავტობიოგრაფიულობაზე; იმაზე, რომ მასაც და მსახიობებსაც ოჯახების სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, რომ ოჯახი მისით ამაყობს; იმაზეც, რომ მსახიობები კლასიკური ქართული ცეკვის მოცეკვავეები არ იყვნენ, ხოლო ზოგიერთმა ანონიმად დარჩენა ამჯობინა. ფილმზე მუშაობისას კი მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ემოციის გადმოცემის ის სხეულებრივი ენა, რომელსაც მოცეკვავეები ფლობენ. 

ლევან აკინმა გაგვანდო, რომ თანამედროვე ცეკვის არტისტი, მორცხვი ადამიანი, ლევან გელბახიანი “ინსტრაგრამზე” გაიცნო, თავის საკასტინგო სააგენტოს შესთავაზა და მერე თითქმის ექვსი თვე აკვირდებოდა. გარდა ამისა, ბევრი სცენა, ასე ვთქვათ, დოკუმენტურია. მაგალითად, მაღაზია, სადაც მთავარი გმირი კარტოფილს ყიდულობს და სადაც შეგიძლია ტახტზე დაჯდე და სერიალს უყურო – კამერა უბრალოდ მსახიობს იქ მიჰყვება, სადაც პროტაგონისტი ბოსტნეულს რეალურ ცხოვრებაშიც ყიდულობს. თბილისის ცირკთან “არატრადიციული ორიენტაციის” სექსმუშაკებიც რეალური ცხოვრებიდანაა. რეჟისორი იმ ერთ–ერთის დაბადების დღეზეც კი მოხვდა, რომელსაც თავისი პირველი “სამუშაო დღე” ჰქონდა… აკინის თქმით, სექსის სცენები, რომელიც წმინდა ტექნიკურია, მსახიობებს მიანდო. ისინი კი ვარიაციებს თავად სთავაზობდნენ, რეჟისორი კი წაახალისებდა.

“ამ ფილმის გადაღებით მე ჩემთვის საქართველოს დეკონსტრუქცია მოვახდინე” – აღნიშნა რეჟისორმა. – “მე ვნახე რაღაცეები, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. მე საქართველოს სხვა ხედვა მაქვს. დავინახე ის, რაც სხვადასხვა კუთხით პრობლემატურია. დავინახე საზოგადოება, სადაც შენი “აქტივები” დაჩაგრულია, პირველი სქესობრივი კონტაქტები კი ძალიან პირქუში. არსებობს ლგბტქ თემის (რომლის მიმართაც ბევრი ძალადობაა) სექსუალური და ემოციური ნაწილი. ვნახე ბევრი ახალგაზრდა, რომელთა პირველი (სექსუალური) გამოცდილება ძალიან ბუნდოვანი და პრობლემატურია. 

დისციპლინის გაგება სხვადასხვაა საქართველოსა და შვედეთში… ფაქტია, რომ საქართველო რეგიონში პროგრესული ქვეყანაა. 8 ნოემბერს ფილმს საქართველოში აჩვენებენ, ვნახოთ რა მოხდება. ჩემ შემდგომ გეგმაში კი თურქეთია, ძალიან მიყვარს თურქული მუსიკა.” – დასასრულს აღნიშნა რეჟისორმა, რომლის მშობლები თურქეთში ცხოვრობდნენ.

ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს შესახებ გადაღებული  პირველი სრულმეტრაჟიანი, მნიშვნელოვანი, საეტაპო, მხატვრული “არაქართული” ფილმია. როგორც ამბობენ, ძლიერი მესიჯის შემცველი. თითქმის 125 წელი გავიდა პირველი ამერიკული ხმოვანი გეი – ფილმის (The Dickson Experimental Sound Film, სადაც ორი მამაკაცი ერთმანეთთან ცეკვავს) გადაღებიდან და მასაც საზოგადოებაში შოკის ეფექტი ჰქონდა. მას მერე ამ თემაზე სამოქალაქო უფლებების აქტივიზმის ევოლუციის თუ ჩახშობის პარალელურად უამრავი ფილმი შეიქმნა და ფოკუსირებული კინოფესტივალებიც გაიმართა. საქართველოში რეჟისორ ლია ჯაყელის ავტორობით შექმნილი ორი, ასე ვთქვათ, გეი/ქვიარ დოკუმენტური ფილმის გარდა ამ სფეროში, ფაქტობრივად, ქართული კონტექსტის ამსახველი კინოსურათები არა გვაქვს.  მაგრამ აკინის ფილმს მხოლოდ გეი/ქვიარ – დრამას ვერ დავარქმევდი, რადგანაც იგი ზოგადად სოციალური, გნებავთ, პოლიტიკური ნარატივიცაა, სადაც დროც, სივრცეც ძალიან კონკრეტულადა მონიშნული და, ცხადია, – მამებისა და შვილების თაობის კონფლიქტიც. მითითებაა ზურაბიშვილის პრეზინდეტობის ხანაზე და ამავე დროს შევარდნაძის დროის “არტეფაქტსაც”, სანთლით განათებული უშუქობაც (ამჯერად გადაუხდელობის გამო) გვახსენებენ.

ცეკვის პედაგოგის ალეკოს (კახა გოგიძე) ქართული ცეკვის უბიწოება/ულიბიდოობა/უსექსობის შესახებ ტრადიციული სადღეგრძელოს (“ქართულ ცეკვა ვაჟკაცობაზეა დაფუძნებული!”. “აქ სისუსტის ადგილი არაა!”) მსგავსი ტირადა საცეკვაო დარბაზის კედლებს გარეთ არსებულ რეალობასთან მკვეთრად კონტრასტირებს. მასკულინი პედაგოგი, როგორც ჩანს, უფრო “სუსტ სქესს” მიმართავს, ვიდრე “ძლიერს” და ამბობს – “სიწმინდე უნდა გამოდიოდეს თქვენი თვალებიდან! ქალწულებრივი სისპეტაკე!”, რასაც გოგონების კისკისი მოჰყვება. მას მერე, რაც მთავარ გმირს მერაბს (რომლის განქორწინებული, პრფესიონალი მოცეკვავე მშობლები სიღარიბეში ცხოვრობენ) უფრო მაღალი რანგის საცეკვაო გუნდში გადასავლელად შეარჩევენ, მერაბის პარტნიორი მარი (ანა ჯავახიშვილი) ამ კარგი ამბის აღსანიშნავად მერაბს დამალულად კონდომს აჩვენებს ანუ სექსს სთავაზობს, რაც ტრადიციულის რევერსია – ქალი კაცს “იმას” ქორწინებამდე სთავაზობს. ერთი წვერებიანი ანეგდოტის არ იყოს, მარი “უფრო შორს” მიდის – მერაბს ლონდონიდან ვიღაცის მიერ ჩამოტანილ სიგარეტსაც აძლევს. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმში სიგარეტის თემის ჩართვა თავად მსახიობების ინიციატივა იყო. მარის კი არასდროს ელევა ამ ბრიტანული სიგარეტების მარაგი, რადგანაც კოლოფში ადგილობრივებს ამატებს… მერაბთან ერთად ანსამბლის ახალ წევრს, “ცალსაყურიან” ირაკლის (ბაჩი ვალიშვილი) შეარჩევენ  და მათი რომანიც აქ იწყება. ფილმი კი თბილისზეა,  ახალგაზრდობაზე, სილაღეზე, შიშზე და იმაზეც თუ როგორ შეიძლება კონფრონტაცია/კონკურენციის სცენა დიალოგის/სიყვარულის ველად გადაიქცეს, ხოლო სიყვარული ჩიხი იყოს. ჩემთვის, ემიგრანტისთვის, ერთგავარად ნოსტალგიური და მტიკვნეულიც იყო მშობლიური, “მივიწყებული” უბნების ხედების გახსენება (ოპერატორი ლისაბი ფრიდელი) და  დიდ ეკრანზე ისედაც ცნობილ რეალობაში ჩაძირვა. საქართველოში დიდად არაფერი შეცვლილა გაეროს ანგარიშების რაღაც პარამეტრების/ციფრების გარდა…

მერაბი შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, ამავე ანსამბლის წვერი, მისი ძმა დავითი (გიორგი წერეთელი) კი ყალთაბანდი, პრობლემების კონაა და მას ანსამბლიდან აგდებენ კიდეც. მაგრამ “აღმოჩნდება”, რომ იგი ოჯახის შექმნისთვის მზადაა. მერაბის ძმა გოგონაზე მას მერე ქორწინდება, რაც ცნობილი ხდება, რომ იგი ფეხმძიმედაა. არ ვიცი, იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ჯვირსწერისას დედოფლის თვალები მზადაა ცრემლებად დაიღვაროს. ნეფე–დედოფალი ბედნიერებით გასხივოსნებულებს სულაც არ ჰგვანან და აქ ისევ ჩნდება  სოციალურ–კულტურული/უმწიფრობის პრობლემა – “შემთხვევითი/დაუგეგმავი ორსულობა”…

ქორწილის ღამეს “ძმის ღირსების” (მას “პიდარასტი” უწოდეს) დამცველი, დასისხლიანებული დავითი მერაბს ქვეყნიდან წასვლას სთავაზობს. აქ ყველა ერთმანეთს “პატიობს”: მარი – მერაბს, მერაბი – ირაკლის (ის, ასე ვთქვათ,  ჰეტეროობას არჩევს და ქალზე ქორწინდება, რადგანაც ოჯახში ერთადერთი შვილია), მერაბი–დავითს, დავითი–მერაბს… ფილმი გეი – რომანის კლიშეს ვერ სცდება და ცხადიცაა, რომ ქართველი მაყურებლისთვის ქართულ კინოტექსტში (სოფელი, ყანწებიანი სუფრა) ქართველი მსახიობების  ამ ამპლუაში ხილვა უფრო მეტია, ვიდრე ახალი ხილი ანდა “დასავლური ეგზოტიკა”. რადგანაც  ერთი ცნობილი გამონათქვამის არ იყოს (“საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო”), “საქართველოში გეები არ ცხოვრობენ”. 

ფილმის ბოლოს მაჩო იმიჯის ტრაიდიცინალისტი პედაგოგიც კი მერაბის “არავაჟკაცურ”, ნაზ ცეკვას თვალს ვერ წყვეტს. ბრაზობს, მაგრამ მაინც მონუსხულია. აქვეა ორი მედოლე, “ამბოხებულის” ერთგვარი “შეთქმულები”. ისინი დოლზე დაკვრას არ წყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ მერაბის მშობლების ნაცნობი, ცეკვის ვიღაც მაღალჩინოსანი პროტესტის ნიშნად დგება და დარბაზს ტოვებს… შოუ კი მაინც გრძელდება.  

ფილმის განმავლობაში არ მშორდებოდა იმის განცდა, რომ მასში, როგორც წელვად ყუთში, ქართული სოციალური პრობლემები ხელოვნურადაა ჩაყრილ–ათქვეფილი. მაგალითად, ლამის პირდაპირი ქარაგმა – ფონად გამოყენებული სიმღერა “ჯეირანი” (“პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა”). მერაბს მართლაც წითელკაპიუშონიანი მაისური აცვია. ამ სიმღერის “ჰომოსექსუალურმა ტექსტმა” ერთხანს ქართული ტელედიკუსიების ტალღაც გამოიწვია. ანდა გასახდელში გოგონების ჭორაობა (რეალურად კი სცენარის სწორხაზოვნება) ანსამბლის ყოფილ წევრზე, მოცეკვავე ზაზაზე, რომელიც ერევანში გასტროლებისას “კაცთან შეისწრეს”, გააგდეს, ახლა კი გამოსასწორებლად მონასტერშია, სადაც მას მღვდელი “ეჩალიჩება”. ფილმმა, რომელშიც პოპულარული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობები მონაწილეობენ, მსუბუქი არავთენტურობის ისეთივე განცდა გამიჩინა, როგორიც ამერიკელების გადაღებულმა “ანა კარენინამ” ანდა “დოქტორი ჟივაგომ”. განცდა, როცა გრძნობ, რომ აქა – იქ სიუჟეტების, მიზანსცენების ბმას არახელოვნური დინამიზმი და “თემატური წიწაკა” აკლია, მაგალითად, “გეი–ბარების” თემის “ჩაკვეხებით”. 

ფილმის ბოლოსკენ მოლოდინი გიჩნდება, რომ კათარზისული განმუხტვა გარდუვალია და, როგორც წესი, ბოლო აკორდები “ბალაგანის” დროს (ამ შემთხვევაში, ქორწილი იტალიურ ეზოში) ლაგდება. საყვარელს მოპარული საყურე უბრუნდება და დიდი ტკვივილით იგი წარსულში გადადის; ქართული “ღრეობისთვის” დამახასიათებელი მიზანსცენებიც სახეზეა; არსებულ ინსტიტუტთა შორის ყველაზე “ძლიერი ინსტიტუტი”, ოჯახი კი კვლავ ერთადაა. ჩემი აზრით, მერაბის ცეკვა – ფინალური  სცენაც ოდნავ გაწელილია და რაღაც მომენტში იმის შეგრძნება დამეუფლა, რომ არა კინოსცენარს, არამედ – ცეკვის სასწავლო/ საკონცერტო ფირებს ვუყურებ. აქ შეუძლებელია ფილმი “ბილი ელიოტის” ჰეპი–ენდი არ გაგახსენდეს. ბილი კრივზე დაჰყავთ, მაგრამ მას ბალეტი უყვარს, ცეკვას ირჩევს (თან გარშემომყოფებს ამშვიდებს, რომ გეი არაა) და ამიტომ “ფრენა” შეუძლია. ქართულ ვარიანტში ცეკვაა ის, რაც მთავარ გმირს საკუთარ თავს უბრუნებს და აღმოაჩენინებს. ვაჟკაცურ – ხანჯლოვან, კუთხოვან, მკვეთრად პერკუსირებულ ქართულ ცეკვაში, სადაც სინაზე, მდოვრე მოძრაობები, ნარნარი მხოლოდ ქალის პრეროგატივაა (გნებავთ, ფუნქცია), მერაბის ტვყიისმასრებიანი, შვინდისფერჩოხიანი “არატრადიციულიბისთვისაც” კუთვნილი ადგილი მოიძებნა, რომელიც სულაც არაა მკრეხელობა, განსადევნი მარგინალი, შემაშინებელი საფრთხობელა ან არაესთეტურად უცხო. ბუნებაში, სიბნელეში, სიცივეში, საქართველოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე კვერცხისებრი თიხის ჭურჭლის –  ქვევრის (რომელიც მიწისქვეშ კი არა, მიწის ზემოთაა) უკან მერაბსა და ირაკლის შორის სექსის მერე ქართული პილიფონიური “წინწყარო” ფილმის კონტექსტის ერთგვარად მკვეთრ კონტრაპუნქტად და იმავდროულად ჰარმონიად გადაიქცევა.

ერთი–ორი წლის წინათ ქართული ნაციონალური ბალეტის – “სუხიშვილების” ცეკვამ, როგორც მაშინ უწოდეს, “კლუბურმა სტილმა”, რეალურად კი ახალმა ქორეოგრაფიულმა პროდუქტმა ისეთი ვნებათა ღელვა გამოიწვია, თითქოს სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს კარგავდა. თუმცა, ალბათ, აქ არც არაფერია გასაკვირი, როცა ჩაბეტონებულის, პატრიარქალურის, მრავალსაუკუნოვანის, აკადემიურის, ძველის თავისუფალი ინტერპრეტაცია, გადახალისება კონსერვატორთა, მათ შორის, ფუნდამენტალისტი, რეალურად კი ფიზიკურად მოძალადე ინსტიტუციების მობილიზაციას და ნამდვილ ან ყალბ მორალურ პანიკას  იწვევს. ტრანსფორმაცია/რეფორმაცია, ერთი ეტაპიდან მეორეზე ან უბრალოდ, განსხვავებული ველისკენ გადაბიჯება (“სუხიშვილების” იმ ახალ ცეკვას “ნაბიჯი” ერქვა) არაა მარტივი პროცესი. ამჯერად კი თავად “სუხიშვილებს”, უფრო სწორედ, მის ხელმძღვანელს, “წითელი ხაზების” გადამკვეთი ნაბიჯის შეეშინდა. არადა ცეკვა ხომ მაცოცხლებელი ხელოვნებაა, მოცეკვავეები ხომ არტისტები, მსახიობები არიან; სცენა კი – აზრის, გრძნობის, თავისუფლების ენერგიის ყველაზე თვალხილული და ორგანული ტერიტორია საზღვრების მოსანიშნადაც და გასაქრობადაც.