გეი – ოქტარონი და All You Need is Love?

2012 წლის მაისი აშშ–ის ისტორიაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის აღმნიშვნელ თვედ დამკვიდრდება. ქვეყნის პრეზიდენტმა ერთსქესიან ქორწინებას  ფედერალურ დონეზე  მხარი ოფიციალურად დაუჭირა. რეალურად კი ეს განაცხადი ჰომოფობიასთან ბრძოლის თარიღს, 17 მაისს, სულაც არ უკავშირდებოდა. როგორც ამბობენ,  „გეიმესიჯს“ ბარაკ ობამა წინასაარჩევნო ცხელი ფაზისთვის დიდი ხანია ინახავდა.

ნიუსვიკის გარეკანი
ნიუსვიკის გარეკანი

 თუმცა ვიცე–პრეზიდენტის მიერ წინმსწრები წამოცდენის გამო ობამა, ფაქტობრივად, იძულებული იყო, „პატარა“ სექსუალური რევოლუციური ძვრა მოეხდინა და თეთრი სახლიდან გეიქორწინების პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ განეცხადებინა. აკი მოხვდა კიდეც ჟურნალ Newsweek-ის გარეკანზე, როგორც პირველი „გეიპრეზიდენტი“. იგი არასოდეს მალავდა თავის ლიბერალურ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი და მისი მმართველობის პეიროდში თეთრ სახლში არაერთი ლგბტ –მიღება გამართულა, ხოლო ლესბოსელი შოუ–ქალი ლედი გაგა, ფაქტობრივად, დემპარტიის კეთილი ნების „გეიელჩად“ გადაიქცა. სენატ–კონგრესი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკვე მომწიფებული იყო, ლგბტ ოჯახის ლეგიტიმურობა/არალეგიტიმურობის თემა პოლიტიკური ტრიბუნიდან მოესმინა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სექსუალური უფლებები, გენდერული როლები თუ ოჯახის ინსტიტუტი უპირველესად საჯარო – პოლიტიკური და არა მხოლოდ „საკუჭნაოს“ (ტერმინი ივ კოსოფსკი სეჯუიკის წიგნიდან  „საკუჭნაოს ეპისტომოლოგია“) ანტი/პროჰეტერონორმატიულობის დისკურსის ველია. სატელევიზიო მედიამ არაერთი სიუჟეტი მიუძღვნა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისა და დეკლინიკიზაციის თემას. ეკრანიდან საუბრობდნენ შვილის „არასწორი“ სექსუალური ორიენტაციისგან განკურნების მანიით შეპყრობილი მშობლების მსხვერპლი ადამიანები, რომელთა ბავშვობა თუ ყმაწვილობა ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა, რადგანაც „განკურნების“ დაჟინებული მცდელობა უფრო ღრმა და მძიმე ნევროზს, დეპრესიას, დეპერსონალიზაციას, დეზორიენტაციას იწვევდა, ვიდრე გარშემომყოფთა ალმაცერი მზერა ანდა ბულინგი. საბოლოოდ ისინი ვერ გამოსწორდნენ, ვერ გახდნენ „სწორი ოჯახის სწორი შვილები“ და, შესაბამისად – „სწორი მოქალაქეები“… არაერთმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მაისის თვეში გეიაქტივისტები აღშფოთებით შეხვდნენ სასამართლოს მიერ რატგერსის უნივერსიტეტის ექსსტუდენტ დარუნ რავისთვის, უამრავი საბრალდებო პუნქტის წაყენების მიუხედავად, მხოლოდ 30–დღიანი პატიმრობის შეფარდებას. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ მან ინტერნეტში სტუდენტური ოთახის მეწყვილის ტაილერ კლემენტის გეიპარტნიორთან სასიყვარულო სცენა განათავსა. ჯერ ფარული კამერით თავად მოიწყო „უფასო კინოდარბაზი“, მერე კი  „კინოჩვენებაზე“ სხვა სტუდენტებიც დაპატიჟა…. რის შემდეგაც კლემენტმა თავი მოიკლა. საზოგადოება მსჯელობდა: სათვალთვალო კამერით ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ჰეტეროსიყვარულის „სცენები“ რომ დაფიქსირებულიყო, იქნებოდა თუ არა ეს მამაკაცის ან ქალის „დარცხვენის“ იარაღი, ანდა სასამართლოს განხილვის საგანი? ფაქტია, რომ ჭვრეტის ობიექტი მალავდა თავის სექსუალურ პერეფერენციას და ამისთვის მას წონადი არგუმენტი ჰქონდა. დარუნ რავის მიერ გადაღებულმა კადრებმა „საკუჭნაოდან“ პორნოგამოსვლა (Сoming Out) კი არა,  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და კიდევ ერთხელ  „დოკუმენტურად“ დაადსტურდა, რომ ჰომოფობია კლავს.

როცა ქვეყნის მთავარი მენეჯერი, ფაქტობრივად, დომინირებადი გენდერული წესწყობილების ცვლილებაზე საუბრობდა, ამერიკულ დედის დღეს ჩრდილოეთ კაროლინას ბაპტისტური ეკლესიის პასტორი ჩარლზ უორლი თავის ქადაგებაში გეიმოსახლეობის გარშემო ელექტრონული ღობის შემოვლებასა და მათი „ნორმალურების ტეროტორიის“ გაღმა სიკვდილს შთამომავლობის უქონლობის გამო ქადაგებდა, თან ობამას „ბავშვთა მკვლელსა“ და „გეისაყვარელს“ უწოდებდა; ერთი წლით ადრე არიზონელი ბაპტისტი პასტორი სტივენ ანდერსონი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ მას სძულს ბარაკ ობამა, რომ მისი სიკვდილისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის ილოცებს; ინდიანას სამოციქულო ჭეშმარიტების ეკლესიის ამბიონთან კი პატარა ბიჭს ჰომოფობური სიმღერა ამღერეს, მშობელმა კი მრევლის რიგებიდან ამაყად დაიძახა: „ეს ჩემი შვილიაო“. აშშ კონსტიტუციის პრიმატის ქვეყანაა, სადაც ქვეყნის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტის პირველი შესწორება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს, მათ შორის – სასულიერო პირების. აშშ–ში საერო ელექტორატი, როცა საქმე პოლიტიკურ მეინსტრიმს ეხება, სამღვდელოების „ანცობებს“ დიდ ყურადღებას არ აქცევს  და გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებად თვლის. სხვაგვარად ოთხი წლის წინათ ამერიკელები არ აირჩევდნენ ბარაკ ობამას, რომლის სულიერი მამა ჩიკაგოში ქრისტეს სამების გაერთიანებული ეკლესიის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პასტორი ჯერემი რაიტი იყო. იგი ამერიკის ჯოჯოხეთში გაშვებას ქადაგებდა. ერთი სიტყვით, ის, რაც კანონით არაა აკრძალული – დაშვებულია. მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა– წყევლა–კრულვა–გინება, ხატსა და ანათემას გადაცემა. . . . მაგრამ არა ფიზიკური ძალადობა. ერთი შეხედვით, ყველაფერი „ოკ“ იქნებოდა, ადამიანი სოციალური არსება რომ არ იყოს და… კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ღერძული „მაგრამ“. ფობიის გამოხატვის „თავისუფლება“ სულ სხვაგვარ რაკურსს იძენს, როცა საქმე ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს, მის აბუჩად აგდებას (ტაილერ კლემენტის „ქეისი“), საჯარო თუ პირად სივრცეში ღირსების შელახვას, დამცირებას ეხება. რეალურად სიძულვილის ენა არააბსტრაქტული, ეგზისტენციალური, სიკვდილ–სიცოცხლის სუბიექტი ხდება. და აქ საკმარისი სულაც არ იქნება აშშ–ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (1776წ.) დაფიქსირებული ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, რადგანაც ის, რაც ერთისთვის ბედნიერებაა, მეორისთვის ბედნიერების ანტიპოდი – უბედურება, მათ შორის ძლიერი სტრესი შეიძლება გახდეს, რომლის აფექტის ფაზაში თვითმკვლელობაც ხდება…

XVII საუკუნის ბოლოს კლასიკური ლიბერალიზმის მამა ჯონ ლოკი ინტელექტის დანიშნულებად ნამდვილი და მყარი ბედნიერებისკენ ბეჯით და განუწყვეტელ სვლას განიხილავდა. მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ფაქტია, რომ ჩვენი ნაციონალური „დონ ჟუანის“, შეთავსებით „გაბერლუსკონებული“ მწერლის,  გივი სიხარულიძის ბაქი–ბუქური ჰარამხანისგან, ანდა აფრო–ამერიკელების თეთრი კანის ცოდვისგან გაშავების (შესაბამისად – თეთრები უცოდველები ყოფილან) „ინფოს“ ფლობისგან გახარებული დეკანოზ თეოდორ გიგნაძის, ანდა ქრისტიან–დემოკრატი თეთრკანიანი პარლამენტარის გიორგი თარგამაძის მიზანთროპულ–ჰომოფობური „ზნეობრივი“ საკანონმდებლო ინიციატივის გაცხადებით ბედნიერებისკენ სწრაფვა პატრიარქალური ძალაუფლების ამ აქტიორებს იდიოტის, უმეცარისა და აგრესორის იმიჯისგან არ ათავისუფლებს, არ იცავს. პირიქით –  „ჰუმანიტარული პროფესიის“ მქონენი ისინი თავად ხდებიან არც ისე „კომიკური“ ძალადობის „კეთილი ნების ელჩები“, რადგანაც „თიხისფეხება“ ტოტალიტარული პატრიარქატის არატოლერანტურ საზოგადეობაში ძალადობა არ რჩება მხოლოდ სიმბოლური აღნიშვის ფარგლებში, არამედ ადამიანის რეალური დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის საშიშ, მიზანმიმართულ იარაღად გადაიქცევა. ერთისთვის ქალის წვივებია ინფანტილური ეგოს თავშესაფარი, მეორესთვის – არამართლმადიდებლური კანის ფერი,  მესამესთვის – პარტიის ფსევდოქრისტიანულზე დამყარებული „დემოკრატიული“ მორალი. ანუ, პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაუფარავ სექსიზმთან, მეორე შემთხვევაში –  ბოდვაზე დაფუძნებულ ქსენოფობიასთან, მესამეში – კონსტიტუციაში დისკრიმინაციული (სექსუალური ოროენტაციის გამო ერთ – ერთი ჯგუფის დისკრიმინაცია) ცვლილების შეტანის მცდელობასთან. სამივე კი ფალოცენტრულისა და ჰეტეროცენტრული წესწყობილების „გვერდითი მოვლენებია“. თავი რომ დავანებოთ ადამიანის იდენტობის დამკვიდრების მტკივნეულ საკითხებსა და უმცირესობათა „გეტოიზირების“ სამარცხვინო პრაქტიკებს, აღმოჩნდება, რომ სექსიზმის, ქსენოფობიისა და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის საკითში საეროსა და სასულიეროს უმრავლესობა, ფაქტობრივად,  საკმარისზე მეტ საერთოს პოულობს, რაც რეალურად შემაშფოთებელი ტენდენციაა. თუ აშშ–ში  სიძულვილის მქადაგებელ სასულიერო პირების რეიტინგი დაბალია, მათ დამსახურებულად „ექსტრემისტებს“ უწოდებენ, ქუჩაში საპროტესტო აქციებს უწყობენ; სამოქალაქო მედია ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, მამაოსგან განმარტებას ითხოვს და ღმერთის მაგივარად მაუწყებელნი დღის „ნიუსებში“, როგორც წესი, სისულელეების ჩამონათვალში მოიხსენიებიან, ხოლო საღამოს „კომედი შოუებში“ მათზე ირონიზირებენ, საქართველოში საქმეთა ვითარება სულ სხვაგვარად ლაგდება. ობსკურანტ მამაოებს აჯილდოვებენ (მათ შორის საბიუჯეტო თანხით), მათ საპატიო ადგილი განა მხოლოდ ამბიონთან, არამედ პარლამენტსა და ქვეყნის ჯიბეში უკავიათ; სექსისტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის თოკ–შოუში იწვევენ, ხოლო საპატრიარქოს ბაზაზე შექმნილ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჭიდაობის შემსწავლელ კლასებსა და ეთნოგენეზის, მათ შორის, ალბათ, ქართველის „ჭეშმარიტად ქართველური“ წარმოშობის დამდგენ ლაბორატორიებს ხსნიან; კონსტიტუციის გარანტი პრეზიდენტი ხალხის ობსკურანტ რჩეულს საყვედურის მაგივრად სამშენებლო მუშაკის ჩაფხუტს ჩუქნის, რითაც პირდაპირ პასუხობს კანონმდებელი „დიდი ქრისტიანისა“ და „დიდი დემოკრატის“ არა ჰომოფობურ გზავნილს, არამედ ქუთაისში 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის მშენებლობის ვერმოსწრების განცხადებას; მართლმადიდებლობის სახელით შექმნილი „მზრუნველი მშობლების“ (მმკ) სამუშტიკრივო ორგანიზაციები კი საჯარო ადგილებში დაუსჯელად იქნევენ ტლინკებს, ცნებას „გიყვარდეს მოყვასი შენი“ დემონსტრატიულად არღვევენ და თანამოქალაქეებს სახელმწიფოს დაწერილი კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში ძალადობრივად ხელს უშლიან. ფაქტობრივად, ქვეყანაში, სადაც ეკლესია და სახელმწიფო, კონსტუტუციის თანახმად, ერთმანეთისგან გამიჯნულია, სახეზე გვაქვს  ელექტორატის „სამი შტოს“ წარმომადგენლის – სიხარულიძის, გიგნაძისა და თარგამაძის პოლიტიკური ალიანსი. აქვე უპრიანი იქნებოდა, ეს სამი  სუბიექტი „მართლმადიდებელ მასკულინ კლიენტთა კავშირში“ (მმკკ) გაგვეერთიანებინა, რადგანაც ისინი „ძალადობის უფლებას“ პატრიოტიზმსა და რელიგიურ რწმენაში ინიციაციისთვის მომხმარებლურად იყენებენ, ადამიანობის/მამაკაცურობის/ქალურობის სტანდარტს აწესებენ და ამგვარ მეტაფიზიკაში ინიციაციაგავლილნი საკუთარ ისტორიულ და ზეციურ მისიის როლს უფრო  კარგად შეიგრძნობენ და თამაშობენ.

აშშ–ში სოციოლოგების, ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ერთობლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლგბტ ჯგუფის ახალგაზრდა წარმომადგენლებში ჩადენილი თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის სტატისტიკური მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ პოპულაციაში. სპეციალისტები საგანგაშო საქმეთა ვითარებას მიაწერენ არა მარტო ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ საჯარო სფეროში დამკვიდრებულ ცრურწმენისა თუ დისკრიმინაციული დამოკიდებულების არსებობას, არამედ ძალადობას ოჯახში, როცა მშობლები, ნათესაობა ვერ ეგუება მოზარდის სექსუალურ იდენტობას და ძალიან ხშირად მის შეცვლა–გამოსწორებას ძალის გამოყენებით ცდილობს. აშშ–ში არსებობს ჰომოსექსუალთა მკურნალობის მეთოდოლოგიის სახელძღვანელოები, თუმცა ისინი უკანსაკნელი 10–15 წლის განმავლობაში  ანოქრონიზმისა და მავნებლობის მომტანობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სერიოზულ სამედიცინო ლიტერატურასთან.  კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაკების მიერ „ოჯახის მიმღებლობის პროექტის“ ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო: 20 წლამდე ლგბტ ახალგაზრდებში რვაჯერ უფრო დიდია თვითმკვლელობის მცდელობა, ექვსჯერ უფრო მეტია მწვავე დეპრესიის ფორმა, სამჯერ უფრო მეტია არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებისა და შიდსი/აივ და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევები, ვიდრე ჰეტეროსექსულურად ორიენტირებულებში. გასული საუკუნის 80–იანებში ამერიკის მთავრობის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო – ლგბტ ახალგარდებში ოთხჯერ მეტია თვითმკვლელობის მცდელობა, ვიდრე არა ამ ჯგუფს მიკუთვნებულებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება  ამ მოწყვლადი „ფენის“ დახმარებას სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური დამხარების ცენტრებისა და სატელეფონო ცხელი ხაზების გახსნით ცდილობს.

უმრავლესობის თუ გარკვეული ტიპის დომირების ინტერესის მქონე სოციალური დაჯგუფების მიერ „სხვა“ ადამიანის კანის ფერზე, რელიგიური რწმენა/ურწმუნობაზე თუ სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული ძალადობისა და უგულვებელყოფების თეორიისა და პრაქტიკის შედეგად მიღებული სტრესი ერთიანდება ე.წ. უმცირესობათა სტრესში, რომელშიც მედიკოსები არაერთ ფსიქოსომატურ დაავადებას მოიაზრებენ. მათ შორის: სიმსივნეს, ფსიქოტროპულ მედიკამენეტებზე დამოკიდებულებასა და სუიციდისადმი მიდრეკილებას. ამგვარი თეორიები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ადამიანის უფლებები, უპირველესად კი მოქალაქეთა თანასწორობის იდეა, საზოგადოებაში „უცხოთა“ სრულფასოვანი ინტეგრირების პოლიტიკა არა მარტო გარემოს ფსიქიკური, არამედ ფიზიკური  სიჯანსაღის წინაპირობაცაა. სამწუხაროდ, ხშირად ზემოჩამოთვლილი დაავადებებისა და თვითმკვლელობის საბაბი  სწორედ  ქრისტიანი მამების ქადაგება,   წმინდა წერილის მათ მიერ სამოქალაქო ენაზე ინტერპრეტაციის ენა ხდება და არა სამოქალაქო მაჩოისტები, გივი სიხარულიძის „დიდი სექტის“ წევრებითურთ. სწორედ იმ ფონზე, როცა ქრისტიანობა სასოწარკვეთასა და თვითმკვლელობას ცოდვად აღიქვამს,  აღმოჩნდა, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, რომელიც სიყვარულსა და შემწყნარებლობას უნდა ქადაგებდეს, თავის მოკვლის „რიტუალის“ მაპროვოცირებელი თავად შეიძლება გახდეს. იგი, ფაქტობრივად, დომინანტური სექსუალური ორიენტაციის მქონეთ „ღვთიურ“ ძალას, ზეციურ აბონენტს აძლევს და ამით რელიგიასაც მასკულინური ნიშან–თვისებებით აჯილდოვებს. თავის მხრივ კი, მასკულინობა თავად ანტიჰომოა ანუ ჰომოფობურია. თუმცა ესეც მითოლოგური ხაფანგია, რადგანაც ყველაზე მასკულინურ ინსტიტუციებში, როგორიცაა ჯარი და პოლიცია, ჰეტეროქალებიცა და „არატრადიციული ორიენტაციის“ ადამიანები თანაბარი წარმატებით თუ წარუმატებლობით მსახურობენ. ზოგიერთ დენომინაციაში კი გაჩნდნენ ქალები, რომლებსაც „მამაოობაც“ და „დეკანოზობაც“ შეუძლიათ. ეს უკანასკნელი კი მიუთითებს არა მარტო იმას, რომ ინსტიტუციონიზირებული რელიგია  ადამისა და ევას თანასწორობას აღიარებს, არამედ იმასაც, რომ ქალი და მამაკაცი იცვლება, ანუ ღმერთის  წინაშე ადამი და ევა ჰიპოთეტურად კი არა, მართლაც  რეალურად თანსაწორნი შეიძლება გახდენენ. ამიტომაც, პირადად ჩემთვის, თბილისის მთავარ ქუჩაზე 17 მაისს გამართული მსვლელობა მხოლოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის აღნიშვნის, პოლიციის არაკომპეტენტურობის ანდა ცრუმორალიზმთან დაპირისპირება არ იყო. ეს პატრიარქალური სისტემის შეცვლის პროცესის ძალიან სპორადული, წყვეტილი და სუსტი ხმოვანი სიგნალი იყო. გნებავთ, განაცხადი, რადგანაც საზოგადოებაში, რომელშიც ადადან ბაბადან „ლარისუ ივანოვნუ ხოჩუ“ კულტივირებდა, საკუჭნაოდან გამოვიდნენ მამაკაცები, რომლებმაც თქვეს, რომ არც ქართველი და არც რუსი  ქალი, არც „ლარისა ივანოვნა“ არაა მათი სექსულაური ინტერესის სფერო; რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც არც ქართველი და არც სხვა ეთნოსის მამაკაცი, არც „გივი სიხარულიძე“ არ აინტერესებთ; რომ ისინი ეძიებენ არა „საპირისპირო სქესს“, არამედ სიყვარულს, რომელიც, როგორც ფენომენი, ჰეტერო/ჰომოს საზღვრებს გარეთ არსებობს და ზოგადადაც, სივარულის ბიოლოგიურ გამოვლინებებს რომ თავი დავანებოთ, წარმოშობით სწორედ რომ სულიერის „გენეზისიდანაა“; რომ  არსებობს მამაკაცობისა და ქალურობის სხვაგვარი სტანდარტები და ხატები, რომელსაც მმკ–ის ორგანიზაციის „მეტაფიზიკურ“ ნორმატიულობასთან საერთო არაფერი აქვს. სიხარულიძის, გიგნაძისა და თარგამაძის შფოთი კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამგვარად სექსუალობასა და ნორმატიულობაზე  ექსკლუზივს ვეღარ აცხადებენ; კონსტუტიციასა თუ ბიბლიას  უფლებამოსილი „კლიენტივით“ („კლიენტი/ლიდერი ყოველთვის მართალია“)  ვერ მოიხმარენ; ჰეტერომართლმადიდებელი პატრიოტების ჰეგემონურ რიცხოვნობას/მრევლს კარგავენ  და სწორედ  ესაა მათი მორალური პანიკის, სხვათა დემონიზაციისა და,  შესაბამისად, აგრესიული ქმედების საბაბი.

17 მაისს თბილისში გეი აქტივისტებს სცემეს
17 მაისს თბილისში გეი აქტივისტებს სცემეს

ერთ–ერთი კვლევის თანახმად, სამიდან ორი ამერიკელის აზრით, ჰომოსექსუალთა თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ეკლესიის შენობებიდან „გამოსული“ გზავნილებია, ხოლო ათიდან ოთხი ამერიკელი თვლის, რომ გეი/ლესბოსლების შესახებ ეკლესია ნეგატიურ კონოტაციას ქმნის, რაც ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ რომის კათოლიკური ეკლესია (თავის წიაღში პედოფილიის არაერთი შემთხვევის მოწმე), აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ამერიკის ბაპტისტური, რეფორმატორული და ძირითადი პროტესტანტური ეკლესები თუ ორმოცდაათიანელთა რელიგიური გაერთიანებები ჰომოსიყვარულს ცოდვად აღიქვამენ. აღარფერს ვამბობ ისლამსა და სხვა რელიგიურ მიმართულებებში „ჰომოს“  სოდომ–გომორად მიჩნევას, თუმცა ამავე დროს ხოტბაშესხმულია სოლომონ მეფის მრავალცოლიანობა ერთი ცოლის განსაკუთრებული სიყვარულით. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ძველ აღთქმასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ფაქტია, „მრავლქალიანი სიყვარულის“ ფენომენი ქრისტიანთათვის სავსებით მისაღებია, ვიდრე ერთი სქესის ორი ადამიანის ურთიერთობა, რაც, ფაქტობრივად, ეკლესიის მიერ ღვთის  ხატის განუყოფელ ნაწილზე – სქესობრივ შემადგენელზე ჰეტეროკონტროლის დაწესებას ნიშნავს. თუმცა ზოგიერთ ქრისტიანულ დენომინაციებში, როგორიცაა კანადის გაერთიანებული ეკლესია, ქრისტეს გაერთიანებული ეკლესია, სკანდინავიის ქვეყნების სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, ადამიანის იდენტობის ამგვარ სახეს მიუღებლად არ მიიჩნევს, ფინეთის ევანგელისტურ – ლუთერანულ ეკლესიაში კი ლგბტ ადამიანებისთვის სპეციალური ლოცვაც კი არსებობს. დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ „მგზნებარე მორწმუნე“ მრევლის, აშენებული თუ ასაშენებელი ეკლესიების სიმრავლის მიუხედავად ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი მხოლოდ საერო, სახელმწიფო, ცივილური, ადამიანთა ურთიერთობათა მოქალაქეობის პრინციპზე დაფუძნებული სივრცეა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონცეპტს ეყრდნობა და რომელიც  მოქალაქეებს ამ ეკლესიების (რწმენის, რელიგიური გაერთიანებების არსებობის უფლება) დაფუძნების, აშენების, თავისუფალი ქადაგების, თავიანთი შეხედულებების მედიით გავრცელების, მოღვაწეობის არეალის გაფართოების უფლებას აძლევს, მათ საქმიანობაში არ ერევა, თუ ეს კანონით განსაზვრულს არ ეწინააღმდეგება.

საერო, ისევე როგორც საეკლესიო კულტურა, ადამიანის ცნობიერებაში „სწორი“ მასკულინობისა და ფემინურობის იდეოლოგიას, თეორიებსა და პრაქტიკებს ამკვიდრებს, ხოლო მაღალი ძალაუფლებით დაჯილდოვებული იერარქიები ძლიერისა და სუსტის, უმრავლესობისა და უმცირესობის, ფობიისა და ფილიის ადგილსა და არსებობის ფორმას განსაზღვრავენ. ამიტომაცაა, რომ საქართველოში პოლიციისა და ეკლესიის რეიტინგი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ახლოს დგას, სინონიმ–ტყუპები თუ არა, ლამის ერთ დედმამიშვილად აღიქმებიან. სწორედ უმაღლეს ტახტზე მჯდომ ერთპიროვნულად „სიტყუაი იგი უფლისა“ წარმოთქმის ექსკლუზიური უფლების მფლობელს შეუძლია გასცეს მორჩილების ბრძანება, რომლის უკან  კუნთმაგრობის იდეოლოგია დგას:   ბეთლემში მეფე ჰეროდეს ბრძანება და 14 ათასი ბავშვის ამოწყვეტა (ბესლანი, ჰულა და სხვა); კალიგულას, სტალინის, ჰიტლერის (ებრაელების, ჰომოსექსუალების, ბოშების „მოშორება“), ბინ ლადენისა და ანდერს ბრეივიკის იდეოლოგია;  ჰაიტის დიქტატორ ფრანსუა დიუვალიეს დირექტივა ქვეყანაში ყველა შავბეწვიანი ძაღლის ამოხოცვის შესახებ…. კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია ჟანა’დ არკს ჯერ წვავს, მერე კი საუკუნეების შემდეგ ბოდიშს უხდის; ჯერ ბრაზობს „ბითლზე“, მერე კი სიკვდილის შემდეგ ჯონ ლენონს პატიობს (თუმცა პატიება მხოლოდ ღმერთის და არა ეკლესიის კომპეტენციაა), რომელსაც „წამოცდა“, რომ ისინი პოპულარობით ქრისტეს უსწრებენ. მაგრამ ლენონი იმასაც მღეროდა, რომ „ყველფერი, რაც თქვენ (შენ) გჭირდება, არის სიყვარული“ (All You Need Is Love) ანუ, ლენონმა, ფაქტობრივად, სეკულარულ ენაზე  კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის მიერ წარმოთქმული სიტყვები – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი“ (13,1) –გადმოთარგმა. ვატიკანი ამით, ფაქტობრივად, საერო საზოგადოებაზე ზემოქმედებისა და გავლენის მოხდენას ცდილობს, ოღონდ არა „მართლმადიდებლ მშობელთა კავშირის“ მსგავსი ორგანიზაციების ანდა  სხვა ფუნდამენტალისტური „მანქანების“ გამოყენებით, არამედ დამუნათება– დამუქრება –პატიების მანიპულაციით. ის, ვინც ამუნათებს, ძალაუფლების მატარებელია. ეკლესია „სხვა“ სექსუალობის ადამიანების მიმართ თავის შიშებსა და შფოთს სწორედ ყველაზე მარტივი სქემით –  მასკულინური, დომინანტური იერარქიულობის შენარჩუნებით ცდილობს. სწორედ ამიტომაც ეკლესია ვერ შეეგუება მამაკაცის (ქალის) ტრადიციული ხატის დეკონსტრუქციას, რასაც, ფაქტობრივად, ლგბტ მოძრაობა აკეთებს და რადგანაც ეკლესია თავისი მრევლის რაოდენობის „გამრავლებასა“ და მომავალი მორწმუნეების მოზიდვაზე ზრუნავს, მას არ აწყობს თავის გუმბათქვეშ ახალი პარადიგმების „შემოჭრა“ , თუნდაც ეს გუმბათი ლგბტ –ის წარმომადგენლის გადასახადით შენდებოდეს. მაშინაც კი, როცა ეს პარადიგმა ქრისტიანობის მეინსტრიმით – სიყვარულის არაკონიუნქტურული დემონსტრირებით მიმდინარეობს.

120 წლის წინათ აშშ–ში რასისტული პოლიტიკის არსებობის გამო ნიუ ორლეანის (ლუიზიანას შტატი) რკინიგზაზე გაჩნდა სამარცხვინო კანონი მგზავრების სეგრეგაციის შესახებ, რაც „თეთრებისა“ და „შავების“  ვაგონების არსებობას მოიაზრებდა. ამგვარი კანონის წინააღმდეგ თავად სარკინიგზო კომპანია გამოვიდა, რადგანაც მის ბიზნესს დამატებითი ვაგონების შეძენა და დამონტაჟება სულაც არ აწყობდა. ამ დროს გაჩნდა ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტების ორგანიზაცია „სამოქალაქო კომიტეტი“ (მასში ყველა კანის ფერის ადამიანები გაერთიანდნენ), რომლებმაც განაცხადეს, რომ ნიუ ორლეანის კანონი აშშ–ის  კონსტიტუციის XIII (მონობის გაუქმება)  და  XIV (ცნებების „მოქალაქეობა“ და „თანასწორობა“  განსაზღვრება) ეწინააღმდეგება. „სამოქალაქო კომიტეტმა“ იმისთვის, რომ თანასწორობის პრინციპის დარღვევის  ნიადაგზე სასამართლო განხილვის პრეცენდენტის ინიცირება გაეკეთებინა, იპოვა და დაიქირავა ვინმე ჰომერ ფლისი, რომლის სისხლში გენეტიკური ხის თუ სისხლის მერვედი „ზანგური“ ანუ შავი იყო. ამგვარ ერთის მერვედებს  ამერიკაში „ოქტარონებს“ („ოქტა“ რვას ნიშნავს)  უწოდებდნენ. ჰიტლერულ გერმანიამდე ლამის ნახევარი საუკუნით ადრე აშშ–ში მკვეთრად იყო განსაზღვრული კანის ფერის მიხედვით ადამიანის წარმომავლობის არიულობის დადგენის პროცედურა. „სამოქალაქო კომიტეტმა“ ჰომერ ფლისის ბილეთი უყიდა, ვაგონში ჩააჯინა და იმავე ვაგონში ასევე მათ მიერვე დაქირავებული კერძო დექტეტივი მიუჯინა, რომელსაც დაპატიმრების უფლება ჰქონდა. ჰომერს არასუფთასისხლობის გამო ბორკილები დაადეს და სასამართლოც გაიმართა. თუმცა სამივე დონეზე (შტატის ადგილობივი, უმაღლესი და ფედერალური სასამართლო) „სამოქალაქო კომიტეტმა“  სასამართლო ვერ მოიგო და ჰომერ ფლისის არასათანადო ადგილას ჯდომისა და მგზავრობის გამო 25 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაევალა. ანგაჟირებულმა ფედერალურმა სასამართლომ  თავად დაარღვია კონსტიტუციის XIV შესწორება და, რასაკვირველია, ოქტა თუ კვატრორონებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შემქმნელად არ გადაქცეულა, მაგრამ დისკრიმინაციული იდეოლოგიის „თანასწორი, მაგრამ განცალკევებული“ (Equal  But Separate) სამართლებრივი ბაზისის შექმნა მოახერხა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც მომდევნო საუკუნეებში გაგრძელდა. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთ კოსმოპოლიტურ ქალაქში, როგორიც ნიუ იორკია, ცალკე ებრაელური, ჩინური, იტალიური თუ რუსული დასახლებების  არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა მაინც ვერ გადაიქცა „სადნობარ ქვაბად“. 17 მაისს თბილისში ფუნდამენტალისტურმა ორგანიზაციებმა და ჯვარჩამოკიდებულმა მამაოებმა რუსთაველის გამზირზე, რომელიც კერძო საკუთრება არ გახლავთ, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეების  „ოქტარონებად“ მარკირება მოახდინეს და „არაარიელებს“ განუცხადეს, რომ მათ კონსტიტუციით სარგებლობის უფლება არა აქვთ. ვეჭვობ, საქართველოში ლბგტ ადამიანების უფლებების დაცვამ სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლოს. ამასთან დაკავშირებით  ერთი უჩვეულო სარჩელის განხილვა გამახსენდა.  ასე 10 წლის წინათ თბილისის სასამართლოში ოჯახში ძალადობის „ქეისის“ განხილვას ვესწრებოდი. საქმე იმაში გახლდათ, რომ მამა, რომელიც წლების განმავლობაში თავის შვილსა და მეუღლეს ყურადღებას არ აქცევდა (კაცი მეორედ დაოჯახდა), თავის ექსმეუღლეს ( ქალი გერმანიაში სამუშაოდ წავიდა და იქ  ცოლად გერმანელს გაჰყვა) ბავშვის გერმანიაში წაყვანის უფლებას არ აძლევდა. ქალის მხარემ წარადგინა ყველა ფინანსური თუ სხვა ლეგალური დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ იგი ბავშვის საქართველში მამასთან ვიზიტსა და  ბიოლოგიური მამის გერმანიაში ჩამოყვანასაც კი უზრუნველყოფდა, თუ კაცი შვილთან შეხვედრას საქართველოს საზღვრებს გარეთ მოინდომებდა. ქართველი მამა მალავდა თავის შემოსავალს (იგი გაეროს თბილისის ოფისში მუშაობდა და „უმწეოთა კატეგორიას“ არ განეკუთვნებოდა) და შვილისადმი უცებ მოზღვავებული „სიყვარულის“ გამო მამინაცვლის ხელში  შვილის გადაცემას კატეგორიულად  არ თანხმდებოდა. ბავშვით მანიპულირების მცდელობასა და  ექსმეუღლის მორალურად განადგურების  კუნთმაგარ სამართლებრივ სტრატეგიას რომ თავი დავანებოთ, ამ საქმეში განსაკუთრებით „საინტერესო“ იყო ბიოლოგიური მამის დაცვის (ადვოკატის) მხრის ობსკურანტული არგუმენტაცია, რომელიც აგებული იყო ქალის გერმანელი მეუღლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე; ფიზიკური სისუსტის მითითებაზე ( ქალის გერმანელი მეუღლე იძულებული იყო, თავისი ჯანმრთელობის ცნობა და სპორტულ კლუბში სიარულის დოკუმენტიც კი წარედგინა) და „ცისფერობაზე“…  ქართველი კაცის ადვოკატმა (ბუნებრივია, მას იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული) განაცხადა, რომ რახან გერმანელს 50 წლის ასაკამდე  ოფიციალური ცოლი არ ჰყოლია ე.ი.  გეია, რაც მის მშობლობის უნარსა და კარგი ქმრის, მამის ფუნქციის შეუსრულებლობისა და ამორალურობის ტოლფასი ყოფილა. თემიდას სახლში ამგვარ ცინიკურ განცხადებას ქალის მხრის მხარდამჭერებისგან სიცილნარევი საპროტესტო ხმაური მოჰყვა და  დარბაზიდან ჩვენი გაძევების მუქარით დასრულდა.  ვფიქრობ, მას შემდეგ  საქმე  უკეთესობისკენ არ შეცვლილა, საქართველოში „პიდერასტები“ კვლავ „პიდერასტებად“ რჩებიან, რასაც ემატება, ჩემი აზით,  მსოფლიოში ჰომოფობიის საფუძვლების შესწავლის არასათანადო არგუმენტი – არიან თუ არა ჰომოფობები ფარული ჰომოები. არადა ასე მარტივად სულაც არაა საქმე. საკითხისადმი ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება  ფსიქოლოგიური  ხაფანგია, რომელშიც თავად ლგბტ –ელები იმის გამო ებმებიან, რომ ამ ფობიის ახსნას უკუკავშირით „შე ფარულად ჩემნაირო“ ანდა „ტი ნა სვოი ნოს პოსმოტრი“ ცდილობენ. ჩვენი სამღვდელოება კი უცხოელი „პიდერასტების“ მოწინავე ტექნიკითა და გადაადგილების საშუალებით, მათ შორის სილიკონის ველზე მომუშავეთა ტვინის პროდუქტით არც თუ ისე ურიგოდ სარგებლობს. თუმცა ამ დროს არც სოდომი და გომორა ახსენდება და არც ის, რომ ეს ბიბლიური ქალაქი  გეენამ არა მხოლოდ  „ცოდვილი სექსის“,  არამედ ტოტალური, ძვალსა და რბილში გამჯდარი კორუმპირებულობის (ეკლესიაც შეიძლება იყოს კორუმპირებული), გაუპატიურების, როგორც დასჯის მეთოდის გამოყენების გამო შთანთქა. თუმცა სამღვდელოებას, როგორც ჩანს,  ზეციურ– საეკლესიო იმუნიტეტის გამო მარილის სვეტებად გადაქცევა  არ ემუქრება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკის შტატის დედაქალაქ ოლბანის  სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვა „ გეი“ (ჩემი ვარაუდით, ალბათ, ლგბტ–ც) აღარაა შეურაცხმყოფის მატარებელი „ეპითეტი“, რითაც, ფაქტობრივად, სასამართლო პრეცენდენტი შექმნა. საქმე იმაშია, რომ  ოლბანელი გელფრენდის მყოლი მამაკაცი სასამართლოში უჩიოდა ერთ ქალს, რომელსაც წყვილის დაშორება კაცის „დამაკნინებელი“ სექსუალურ ორიენტაციაზე ჭორების გავრცელებით უნდოდა. სასამართლომ მამაკაცის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგანაც „გეი“ საიარლიყო  დიფამაციად  არ მიიჩნია.

მას მერე, რაც ჩრდილოეთ კაროლინას ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა მსმენელებს ჰომოფობური ქადაგებით მიმართა და  ინდიანას სამოციქულო ჭეშმარიტების ტაძრის გუმბათქვეშ პატარა ბავშვს „არასწორ“  ადამიანებზე ამღერეს, არაერთი ანტიფომოფობური  საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ ქალაქში, სადაც პასტორი ჩარლზ უორლი ქადაგებდა, ფაქტობრივად, ერთი გზის ორივე მხარეს ჰომოფილების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჰომოფობების საპროტესტო აქცია გაიმართა. მას კონტიტუციურ უფლებამოსილებაზე დაფუძნებული პილიციის მახვილი თვალი აკონტროლებდა, ხოლო მოწინააღმდეგებს დიდად არც ეტყობოდათ, რომ მუშტი–კრივის გამართვის სურვილით იყვნენ ანთებულნი.  მეტიც, ისინი, ფაქტობრივად, ერთად იდგნენ, ლამის ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. ასაკოვან მამაკაცთან ძალიან ახლოს, რომელიც „გეი სექსი ცოდვაა!“–ს (ამავე შინაარსის ტრანსპარანტი ეკავა) სკანდირებდა, მისივე ასაკის ქალი დაჟინებით გაიძახდა:  „ღმერთი სიძულვილი არაა!“. ქალბატონს თავისი ტრანსპარანტი მამაკაცის ტრანსპარანტთან მაქსიმალურად ახლოს მიჰქონდა, მაგრამ არავის უმტყუნა ნერვებმა, კამათის დროს, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებთან, არავინ გადასულა ცივილიზებული ყოფისა და თანაარსებობის საზღვრებს  და, რაც მთავარია, პოლიცია თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებდა – ფილია–ფობიის კანონის ფარგლებში მოქმედი ექსპრესიის თავისუფლებას იცავდა. ანტიჰომოფობურ აქციაზე ერთი ახალგზარდა დედა თავისი პატარა შვილით იდგა  და ამბობდა:“ჩემს შვილთან ერთად იმიტომ მოვედი, რომ ჩემმა გოგონამ დაინახოს – ღმერთი სიძულვილს არ ქადაგებს“… ჰოდა,  ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა „აბრაჰამ მასლოუს სამკუთხედიანი“ დიდი იმედებისა და ჰიპების ფილოსოფიის დროინდელი “ბითლების”,  მათი და–ძმებისა და შვილების – შვილიშვილების  Love? ამიტომ სწორედ და მხოლოდ ადამიანებზეა დამოკიდებული All You Need Is Love  ამ  სამყაროს ყველაზე ლამაზი, დიდი შეცდომა, ოპიუმი – ილუზია იქნება თუ არ იქნება…

      


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე, აშშ ნიუ-იორკი