ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნამუშევრები ვატიკანში და 10 000 ხე აფრიკის კონტინენტზე

ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნამუშევრები ვატიკანში და 10 000 ხე აფრიკის კონტინენტზე

2016 წელს, ნიუ იორკში, სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე – Art Clash – ქართველმა მხატვარმა, პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ ანგელინა დამენიამ პირველი ადგილი და ოქროს მედალი აბსტრაქციის კატეგორიაში ნამუშევრისთვის “მთვარის ხე” აიღო. ამავე კონკურსზე მისმა მეუღლემ, გრაფიკოსმა გელა ფილაურმა პირველი ადგილი და წმინდა მიქეილის სახელობის ოქროს მედალი მიიღო რეალიზმის კატეგორიაში ნამუშევრებისთვის „სვანეთი“ და „ძველი თბილისი“.

2018 წელს, ონლაინ – კონკურსზე American art Award-ი, ანგელინა დამენიამ პირველი ადგილი დაიმსახურა აბსტაქციისთვის – „აყვავებული ზამბახი”; 2019-ში, ამავე კონკურსზე, მან  პირველი ადგილი მიიღო აბსტრაქციისთვის – „მთვარიანი ღამე“, გელა ფილაურმა კი ოქროს მედალი – „ძველი სახლისთვის“.

2019 წელს, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენამ – Art and Shadow ანგელინა მეორედ დააჯილდოვა. ამჯერად მან პირველი ადგილი და მედალი – „ოქროს პალიტრა“ მიიღო ნამუშევრისთვის „ლომი — ასტროლოგიური ავტოპორტრეტი“.

ამავე გამოფენაზე გელა ფილაურმა პირველი ადგილი და ჯილდო – „ოქროს არწივი“ დაიმსახურა ნახატისთვის – „ძველი სახლი თბილისში“.

2018 წელს, ამჯერად პარიზში ჩატარებულმა კონკურსმა Best Works გამარჯვებულები გამოავლინა: ისევ ანგელინა დამენია აბსტრაქციების ალბომით, რომელშიც 15 მისი ნამუშევარი შევიდა, ხოლო გელა ფილაური – ალბომით “ქალაქური კომპოზიციები”. და ეს არ არის მათი გამარჯვებების სრული ნუსხა. დამენია და ფილაური არაერთი სამხატვრო გაერთიანების წევრები არიან, მათ შორისაა საფრანგეთში დაფუძნებული დიზაინერების, არქიტექტორების და მხატვრების საერთაშორისო ასოციაცია Vatikam.

გელა ფილაურის “ქალაქური მოტივები”

2017 წელს, ამსტერდამში, საერთაშორისო კონკურსზე – “ახალი მიმდინარეობები თანამედროვე სახვით ხელოვნებაში“ ანგელინა დამენიამ ნამუშევრით “საყდრისის პეიზაჟი” გაიმარჯვა. 2017 – ში სახელოვნებო გამოცემამ Peripheral ARTeries Art Review-მ, რომელიც ორი წელიწადში ერთხელ გამოდის, ანგელინა დამენიას მიერ თავისივე სტილისთვის შერქმეული სახელი „ინტენსივიზმი“ უკვე ოფიციალურად გააჟღერა და მას რეცენზიის 14 გვერდი მიუძღვნა.

დამენიას სტილი – ინტენსივიზმი ასევე მოხსენიებულია შვეიცარული გალერეა Artbox Project – ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში (2017). ეს გალერა გამოფენებს სხვადასხვა ქვეყანაში აწყობს და დამენია–ფილაურთან უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს.

ანგელინა დამენიას “ზღვარს მიღმა”

ამა წლის 17–23 ოქტომბერს ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნაშრომები ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში გამოიფინა. მანამდე კი მხატვრებს ვატიკანის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გუიდო ფოლკო დაუკავშირდა და ქართველ ხელოვანებს „საიდუმლო სერობის“ ავტორის 500 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გამოფენაში – „რენესანსიდან თანამედროვეობამდე“ მონაწილეობის მიღება შესთავაზა. ნამუშევრებმა შესაბამისი კონკურსი გაიარა, ხოლო მათი ავტორები აღმოჩნდნენ ის პირველი ქართველი მხატვრები, რომლებსაც ვატიკანმა უმასპინძლა. კედლებზე ეკიდა ანგელინა დამენიას ინტენსივისტური ნამუშევრები: „ნიჟარა“, „მიქელანჯელოს დავითის პორტრეტის ფრაგმენტი“, „კენტავრის ფრენა“, „ქალი ზღვასთან“, „ჟირაფი“, „ჰამლეტის კითხვა“, „ანგელოზი“ და გელა ფილაურის გრაფიკული ნამუშევრები: „მოხეტიალე მევიოლინე“, „მეეზოვე“, „მემწვანილე“, „მეარღნე“, „უკანასკნელი მეფაიტონე“, „ძველი სახლი ავლაბარში“, „ძველი სახლები მეტეხზე“.

ანგელინა დამენიას “მფარველი ანგელოზი”

გელა ფილაურის “ლიახვის ხეობა”

ამ დღეებში ნიუ იორკში გამოვიდა ჟურნალ ArtTour International-ის მორიგი ნომერი. ამ გამოცემაში წარმოდგენილნი არიან ე.წ. „მწვანე პლანეტის არტისტები“ და, მათ შორის, ქართველი ხელოვანი ანგელინა დამენია, როგორც 2019 წლის გამარჯვებული მხატვარი, რომელსაც Artya – ს ჯილდოს გადასცემენ. ამასთან დაკავშირებით იგი 13 დეკემბერს MNN Television Studios-ში და ArtTour Show-ზე მიიწვიეს. ორივეგან მხატვრებთან ინტერვიუსთვის და ვირტუალური გამოფენისთვის თითო–თითო საათია გამოყოფილი. ჟურნალის პუბლიკაციაში ანგელინას წარმოდგენილი აქვს ორი ნამუშევარი: „ლომი — ასტროლოგიური ავტოპორტრეტი“ და „ცის კიბე“.

მაგრამ აქ ეს ამბავი არ მთავრდება. ანგელინა დამენიას ამ პროექტში მონაწილეობა ქველმოქმედებასაც მოიცავს. პროექტის შედეგად შეგროვებული თანხით ორგანიზატორებმა იყიდეს 10 000 ხე, რომელიც აფრიკაში, მთელი კონტინენტის გაყოლებაზე დაირგვება. პროექტის პარტნიორია Trees for Future, რომლის შემწეობით ხდება დეგრადირებული მიწების აღდგენა, დამუშავება, ხეების დარგვა და ა.შ., იმის დასტურად, რომ ამ ხეების დარგვაში ქართველი მხატვარიც მონაწილეობს, ორგანიზაციამ ანგელინა დამენიას შესაბამისი სერტიფიკატი გაუგზავნა.

***

ანგელინა დამენია საქართველოში მეორე ხელოვანია, რომელიც სამხატვრო აკადემიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. 1990 წელს მაშინდელი კულტურის მინისტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა, რომ უმჯობესი იქნებოდა მას თეორიული ფაკულტეტი (ხელოვნებათმცოდნეობა) დაემთავრებინა, რათა ახალგაზრდა მხატვარს თავისი ხელწერა შეენარჩუნებინა, ზეგავლენის ქვეშ არ მოხვედრილიყო და თავისი შემოქმედება დამოუკიდებლად განევითარებინა.

ანგელინას მომავალი მეუღლე გელა ფილაური იმ პერიოდში აკადემიაში უკვე ასწავლიდა და მათ გზებიც არაერთხელ გადაიკვეთა.

„ჩვენ სხვა საქმიანობით არასდროს დავკავებულვართ, მხოლოდ მხატვრობით,” – მიყვება ანგელინა დამენია, “– ბევრი წარმატებაც გვქონდა, პრობლემებიც იყო, მაგრამ თუ პრობლემას არ შეიმჩნევ — ისინი არ არსებობს. ჩვენთვის ეს ჯილდოები შემოქმედების დიდი სტიმულია და, ცხადია, მომავალ გამოწვევებსაც ერთად დაველოდებით. მე და გელა სხვადასხვა სტილში ვმუშაობთ, ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთის მუზები ვართ, არავითარი კონკურენცია. გელა რეალისტია, ოსტატია, მისი ნამუშევრები დიდი სიყვარულითაა შესრულებული. ჩემი ნახატები კი ჩემი ხედვის პროექციაა, ანარეკლია. მინდა სამყარო დაგანახოთ ისეთად, როგორადაც მას მე აღვიქვამ“.

  • რა არის თქვენი ინსპირატორი?

ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა. ცნობილია ისიც, რომ მხატვრებს უფრო ხატვა გვეხერხება, ვიდრე ლაპარაკი… სხვათა შორის, ოჯახში არავინ ხატავდა, არც ჩემთან და არც გელასთან. ორი წლის ვიყავი, როცა მზე დავხატე. ეს იყო ჩემი პირველი ნახატი. რვა წლის გელასი კი – გოგო, ბიჭი და მზე.

  • ხატვის დროს თქვენ და გელა ერთმანეთს მონახაზებს აჩვენებთ თუ ბოლომდე საიდუმლოდ ტოვებთ?

ჩვენ მუშაობა ერთ სივრცეში გვიწევს და, რა თქმა უნდა, იდეის განხორციელების პროცესი ინტერესს იწვევს. არავითარი საიდუმლო ან ჩარევა. ჩვენ ერთმანეთის მიმართ, ასე ვთქვათ. ტოლერანტულები ვართ.

გელას ჩემი “მთვარის ხე უყვარს”, მე – მისი სერია “ქალაქური მოტივები”. გვიყვარს რემბრანდტი, ველასკესი, იმპრესიონისტები; ქართველებიდან – ქობულაძე, გაბაშვილი.

  • რა თვისებები უნდა ჰქონდეს დღეს მხატვარს, რომ მხოლოდ თავისი ხელოვნებით იცხოვროს, ირჩინოს თავი?

გულწრფელობა და რისკი.

  • სამომავლო გეგმები?

2020 – ის თებერვალში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი პერსონალური გამოფენა, რომელიც ქალაქ გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება. ამ სკოლაში გელა სწავლობდა, იქ მისი ხატვის პირველი მასწავლებელი გულო ჩიტიაშვილი ახლაც მოღვაწეობს. მობრძანდით, ყველას გელით ჩვენს გამოფენაზე. დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებით.

ანგელინა დამენიას „ილუზორული ცხენი — ღრუბლებში არეკლილი მთვარის ნათება“

ანგელინა დამენიას “ჯვარცმული მთვარე”

გელა ფილაურის “დედაშვილობა”

____________

მთავარ ფოტოზე: ანგელინა დამენია და გელა ფილაური