ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

როგორ ხვდებიან პანდემიის დროს აღდგომას მართლმადიდებლები საბერძნეთში – ინტერვიუ

როგორ ხვდებიან  პანდემიის დროს აღდგომას მართლმადიდებლები საბერძნეთში – ინტერვიუ

ნინო საძაგლიშვილი ათენში ცხოვრობს. იგი ათენის ი. კაპოდისრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტია

  •  ნინო, როგორ დაიხურა საბერძნეთში ეკლესია და როგორი იყო მრევლის რეაქცია?

საბერძნეთის სახელმწიფო კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, საბერძნეთში ქრისტიანობა დომინანტი [επικρατούσα θρησκεία]  რელიგიაა. ავტოკეფალური ეკლესია იმართება წმინდა სინოდის მიერ და ეფუძნება 1850 წლის 29 ივნისის საპატრიარქო ტომოსსა და 1928 წლის 4 სექტემბრის სინოდის განჩინებებს.  განჩინებებში ნათქვამია, რომ ელადის ეკლესია მოქმედებს წმინდა კანონთა თანახმად და თავისუფალი და დაუბრკოლებელია ყოველი საერო ჩარევისაგან.

ათენის არქიეპისკოპოსის გარდა, ელადის ეკლესიას 81 ეპარქია აქვს. 36 მიტროპოლიტი ე.წ „ახალ მიწებზე“ მსახურობს.  ახალ მიწებად [νέες χώρες] მოიხსენიება მსოფლიო საპატრიარქოს ის ეპარქიები, რომლებიც, 1928 წლის სინოდალური განჩინების თანახმად, ელადის ეკლესიის მიერ იმართება.

მოსახლეობაში ქრისტიანული რწმენა და ტრადიცია მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთიმეორესთან და, ამდენად, ყველა ფიქრობდა, რომ ტაძრების დახურვა და თანაც – ასეთ პერიოდში, სააღდგომო მსახურების დროს, დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

სრული სურათისთვის, მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს აქაური სამარხვო-სააღდგომო ტრადიციებიც. დიდმარხვის პირველი დღიდან მოყოლებული [ამ დღეს საზეიმოდ უშვებენ ფრანებს სულიერი ამაღლების ნიშნად და საზეიმოდ, ოჯახურ გარემოში მიირთმევენ სამარხვო პროდუქტებს, სკოლებში ბავშვებს ნახატების (ერთ-ერთზე შვიდფეხა ქალბატონია გამოსახული მარხვის კვირების აღსანიშნავად) საშუალებით ესაუბრებიან მარხვაზე] ვნების კვირას ტაძრები მრევლითაა გადავსებული, თითქმის ყველას აქვს საგანგებო გამოცემა „დიდი შვიდეული“, რომელშიც სრულადაა მოცემული ვნების კვირის საკითხავები, შესაბამისი განმარტებითურთ, რათა მრევლმა თვალის მიდევნება შეძლოს.

გარდამოხსნაზე საგანგებოდ მოჰყავთ ბავშვები ყვავილებიანი კალათებით, რათა დატირების შესრულებისას, მაცხოვრის სხეული ყვავილებით შეამკონ.  აღდგომას ტაძრები ხალხითაა გადავსებული და ზღვარი იშლება ხოლმე აქტიურ მრევლსა და პასიურ მორწმუნეს შორის, ყველა ერთობლივად მოდის ტაძარში საზეიმოდ გამოწყობილი, საგანგებოდ მორთული კელაპტრებითა და სათანადო განწყობით, ლიტურგიის შემდეგ ოჯახურად მიირთმევენ მაღირისას [პირველ სახსნილო კერძს, წვნიანს] და სიმბოლურად, პირველად ტეხენ წითელ კვერცხს.

მოკლედ რომ ვთქვათ, აღდგომა, სულიერი მნიშვნელობის გარდა, აქაც დიდი ოჯახური დღესასწაულია. შესაბამისად, ტაძრების დაკეტვა და მსახურების გაუქმება, ბუნებრივად გამოიწვევდა მრევლის უკმაყოფილებას.

მარტის ბოლოდან და აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა კიარიაკოს მიცოტაკისმა საგანგებო განცხადებების გაკეთება დაიწყო, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. იგი რამდენჯერმე შეხვდა ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმესაც.

ელადის ეკლესიის სინოდის ბოლო გადაწყვეტილებით, ტაძრები მრევლისთვის დაიხურა, მსახურებაში მონაწილეობის ნება მხოლოდ სასულიერო პირებს მიეცათ, ხოლო მრევლი, საზეიმო მსახურებას აღდგომის წარგზავნის დღეს, მაისის ბოლოს შეუერთდება [ჩვენ ვიცით, რომ ეს მსახურებაც აღდგომის მსახურების ანალოგიური და საზეიმოა], რათა მთელმა ქრისტეს ერმა ერთობით გაიზიაროს აღდგომის სიხარული.

რასაკვირველია, იყო დაუმორჩილებლობის შემთხვევებიც, როგორც ერში, ისე – ეკლესიაში, მაგრამ სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად, ზედმეტი აჟიტირების გარეშე მოახერხეს რეაგირება, ისე, რომ ამისთვის მისტიკურ-აპოკალიპტური მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესიაც, ხალხიც და სახელმწიფოც, საკმაოდ პრაგმატულად მიუდგა საკითხს და დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს:

გუშინ [16 აპრილს] ინფიცირების მხოლოდ 15 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით და თუ ასე გაგრძელდა, ტაძრებიც შესაძლოა, უფრო მალე გაიღოს ხალხისთვის.

  • როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას და როგორ ხდება მისი რეგულირება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთში მართლმადიდებლობა კონსტიტუციურადაა დომინანტი რელიგია, ეს კი, შესაბამისად, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. სასულიერო პირებს ჩვეულებრივად ეძლევათ ანაზღაურება. წინა ხელისუფლების დროს იყო საუბარი ხელფასის შეწყვეტაზეც, მაგრამ ამ ეტაპზე, მღვდლებს სახელმწიფოსგან ანაზღაურება უნარჩუნდებათ.

  •  როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული  ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საეკლესიო ელიტის, მრევლის განათლების/ფანატიზმის საკითხი? 

ზემოთ ითქვა, რომ იყო პროტესტის მაგალითებიც, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოება არსებულ სიტუაციას ადეკვატურად შეხვდა. ამაში დიდი როლი ითამაშა მეზობელი იტალიის მდგომარეობამაც.

ბერძნულმა მხარემ სრულიად გაიაზრა საფრთხის რეალურობა, აგერ, ყურისძირში რომ  იყო ჩასაფრებული. რა თქმა უნდა,  საზოგადოების ინფორმირების საქმეში დიდი როლი ენიჭება 1989 წლის თებერვალში, მართლმადიდებლობის ზეიმზე დაფუძნებულ ელადის ეკლესიის რადიოს, რომლის ეთერში გამოსვლისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე საუბრის პატივი, გასულ წელს მეც მერგო.

ათენის მახლობლად, პენდელის მონასტერში ფუნქციონირებს საბერძნეთის ეკლესიის მართლმადიდებლური საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს, საინფორმაციო ბროშურებს გამოსცემს და საღვთისმეტყველო ფაკულტეტებსა და გამომცემლობებთანაც აქტიურად თანამშრომლობს.

ოპერატიულად ითანამშრომლეს ეკლესიამ და სახელმწიფომაც: თუ ეკლესიამ დროებით  შეზღუდა მრევლის დასწრება მსახურებებზე, სახელმწიფომ საგანგებო ზომები მიიღო გარეთ გასვლის რეგულაციებიდან (საგანგებო კოდების გაგზავნა ცხელ ხაზზე ყოველი გარეთ გასვლის დროს, ჯარიმები, მარკეტებში ხალხის განსაზღვრული რაოდენობის შეშვება და ა.შ) დაწყებული, მოძრაობის სრული აკრძალვით დამთავრებული.

ფანატიზმი და რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ყველგან და, მათ შორის, საბერძნეთშიც არსებობს, მთავარია, ის არ ხალისდებოდეს და სახელმწიფო დროულად იჭერდეს სახიფათო სიგნალებს და ნამდვილი რწმენისგან მიჯნავდეს.

  • თქვენი დაკვირვებით, ჯანსაღ რეაგირებაზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა?

დღევანდელ ეპოქაში, როცა მკაფიო საზღვრები აღარ არსებობს წყობილებებსა და საზოგადოებებს შორის და ყველაფერი, რაღაცნაირად, შერეულია, ვფიქრობ, ამგვარ ექსტრემალურ სიტუაციებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ენიჭება და არა  კონკრეტულ მმართველობით სისტემას.

  • როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ნებისმიერი ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?

ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე მოვიყვანე საბერძნეთის ეკლესიის მაგალითი მღვდლების ხელფასებთან დაკავშირებით, მაგრამ გასათვალისწინებელია ცალკეული ქვეყნის გამოცდილება, მზაობა და არსებული რეალობაც. იდეალურ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ეკლესიას დააფინანსებს, ეს დაფინანსება მან არ უნდა ჩათვალოს ხელ-ფეხის გახსნად ეკლესიის მმართველობით საქმეებში ჩარევისკენ.

იდეალური ეკლესია ჩემთვის ისაა, როგორსაც ქრისტე ამბობს თავის სამღვდელმთავრო ლოცვაში (იოანეს სახარება, თავი 17): …ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

და როგორც პავლე მოციქული გვასწავლის:

„თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი!“

და აგრეთვე:

უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, – არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, – რაჲთა უშჯულონი შევიძინნე; ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე.  ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე. (კორინთ. ეპისტოლე)

ნიკოს მაცუკა, დიდი ბერძენი დოგმატიკოსი ამბობს, რომ თეოლოგი, ეს უფერული ღრუბელია, რომელიც გარემოებების მიხედვით იღებს ფერს, რათა ამ ფერით, ვითარცა მის ხელთ არსებული საშუალებით, გააცხადოს არსი და გულისგული თავისი სარწმუნოებისა. ის არც პოეტია, მაგრამ პოეტობს, არც მეცნიერია, მაგრამ მეცნიერობს, არც ამ ქვეყნისაა, მაგრამ ამ ქვეყანას ესაუბრება, რათა სახარების უწყება გადასცეს, სწორედ ისე, როგორც პავლეს ზემოთხსენებული სიტყვები გვასწავლის.

ასე რომ, ჩემთვის, იდეალური ეკლესია, მისტიური გაგებით, ქრისტეს სხეულია, საორგანიზაციო-ამქვეყნიური გაგებით კი – რადიკალიზმისგან შორს მყოფი, თანამშრომლობის სულითა და, სიყვარულით თუ ვერა, ურთიერთგაგებით აღსავსე ადამიანთა ერთობა.

აღდგომის ნათლის ცოტათი მაინც განცდას ვუსურვებ ყველას, მოციქული თომას სიხარულს ვუსურვებ ყველას, მცირედი დაეჭვების შემდგომ რომ უფრო გულწრფელი სიყვარულით შეიყვარა ქრისტე და შესძახა:

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“